ეგვიპტე – ქრისტიანი კოპტების მდგომარეობა ქვეყანაში – იანვარი, 2017

დიდი ბრიტანეთის საშიანო საქმეთა ოფისი 2016 წლის ნოემბრის ანგარიშში ეგვიპტეში ქრისტიანების შესახებ წერს, რომ ზოგადად, ტერმინი „კოპტი“ ყველა ეგვიპტელი ქრისტიანის აღსანიშნავად გამოიყენება და მოიცავს, როგორც კოპტური მართლმადიდებლური (ორთოდოქსული) ეკლესიის წევრებს, ასევე, ევანგელისტებსა და კათოლიკებს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ დიდი ბრიტანეთის უმაღლესმა ტრიბუნალმა დაადგინა, რომ „არსებობს მტკიცებულებები, რომლის თანახმადაც არსებობს ადგილები, სადაც კოპტი ქრისტიანები დადგებიან წამების ან ღირსების შემლხავი მოპყრობის რეალური რისკის ქვეშ, რაც გამოიწვევს კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას. ზოგადად ეს ადგილებია: ა) ტერიტორიები დიდი ქალაქების გარეთ; ბ) ადგილები, სადაც რადიკალ ისლამისტებს აქვთ მყარი პოზიციები და გ) სადაც, ბოლო დროს თავს დაესხნენ კოპტ ქრისტიანებსა და მათ ეკლესიებს, ბიზნესსა და საკუთრებას. ტრიბუნალის ხელთ არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მოცემულია რისკ-ჯგუფები, რომლებიც დევნის ან მესამე მუხლის დარღვევის რეალური რისკის ქვეშ ექცევიან, სულ მცირე საკუთარ საცხოვრებელ ტერიტორიაზე:

1) კოპტურ ქრისტიანობაზე კონვერტირებულები;

2) ადამიანები, რომლებიც ჩართულნი არიან იმ ეკლესიების მშენებლობაში, რეკონსტრუქციაში ან გარემონტებაში, რომლებზეც განხორციელდა თავდასხმა;

3) ისინი, ვინც ბრალდებულნი არიან პროზელიტიზმში და როდესაც ბრალდება სერიოზულია და არა შემთხვევითი;

4) ისინი, ვინც ბრალდებულნი არიან მუსლიმ ქალთან ფიზიკურ ან ემოციურ კავშირში, როდესაც ბრალდება არის სერიოზული და არა შემთხვევითი.

ზოგადად, კოპტი ქრისტიანი ქალები ეგვიპტეში დევნის ან ღირსების შემლახავი მოპყრობის რეალური რისკის ქვეშ არ არიან, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქალებისგან განსხვავებით, ისინი გარკვეულ სირთულეებს აწყდებიან – გაუჩინარება და იძულებითი კონვერტაცია.

მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანები განიცდიან სოციალურ დისკრიმინაციასა და ძალადობას, ზოგადად, კოპტებისა და მათი ქონების მიტაცება-განადგურების ძალადობრივი ინციდენტები შემცირდა.

მიუხედავად იმისა, რომ არსებულმა სასამართლო პრაქტიკამ დაადგინა, რომ ქრისტიანებისთვის ეფექტური სახელმწიფო დაცვა არ არსებობს, მას შემდეგ ეგვიპტეში მდგომარეობა გამოსწორდა და არის შესაბამისი მტკიცებულებები იმისა, რომ სახელმწიფოს სურს და გარკვეულ შემთხვევებში შეუძლია კიდეც აღმოუჩინოს დაცვა ქრისტიანებს! ზოგადად კი, ქრისტიანებს აქვთ შესაძლებლობა თავისუფლად გადაადგილდნენ ქვეყნის შიგნით, განსაკუთრებით კი იმ ადგილებში, სადაც ექსტრემისტები არ არიან ძლიერად წარმოდგენილნი.[1]

„Human Rights Watch“ 2017 წლის ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ 2016 წლის აგვისტოში პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც აწესებს გარკვეულ შეზღუდვებს ეკლესიების მშენებლობასა და განახლებაზე; აღნიშნული კანონი ქვეყნის ქრისტიანული მოსახლეობის მიმართ დისკრიმინაციულია.

ახალი კანონი უფლებას აძლევს მმართველებს, არ გასცენ ეკლესიების მშენებლობის ნებართვა გასაჩივრების წესის მითითების გარეშე; კანონის თანახმად, ეკლესიები უნდა აშენდეს ქრისტიანთა შესაბამისი რაოდენობის ადგილებში, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური აღწერის სტატისტიკა არ არსებობს; ამასთან, მმართველებს უფლება აქვთ უარი განაცხადონ ეკლესიის მშენებლობის ნებართვაზე, თუკი აღნიშნული დაარღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.

მაისი-ივლისში, ანტი-ქრისტიანულმა ძალადობამ, რომელიც გამოიწვია ზოგიერთ ადგილობრივ მუსლიმში ეკლესიის რეალურმა თუ სავარაუდო მშენებლობამ, გამოიწვია ერთი ადამიანის სიკვდილი, რამდენიმე დაშავდა, ხოლო ქრისტიანთა გარკვეული საკუთრება კი დაზიანდა. ოფიციალური პირები ვერ ახერხებენ ქრისტიანი უმცირესობის დაცვას ხანდახან ფატალური თავდასხმებისგან და იძულებითი „შემრიგებლური სესიებისგან“, რომლებიც მუსლიმ დამნაშავეებს აძლევს საშუალებას გაექცნენ სისხლის სამართლებრივ დევნას და აძლიერებს დაუსჯელობას.

თებერვალში არასრულწლოვანთა მცირე დანაშაულების სასამართლომ ოთხ ქრისტიან ბავშვს ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა იმის გამო, რომ მათ ინტერნეტში „ისლამური სახელმწიფოს“ დამცინავი ვიდეო განათავსეს. ბიჭებმა ეგვიპტე აპრილში დატოვეს (გაიქცნენ ქვეყნიდან). მარტში, სააპელაციო სასამართლომ, მწერალ ფატმა ნაოუტს, რელიგიის შეურაცხყოფისთვის სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ვინაიდან მან საქონლის ხოცვის მუსლიმური ტრადიცია გააკრიტიკა, რომელიც ეიდ ალ-ადჰას მსხვერპლშეწირვის სახელით არის ცნობილი.

ეგვიპტურმა ადამიანის უფლებათა ჯგუფებმა დააფიქსირეს სხვა რელიგიური უმცირესობების, მათ შორის შიიტი მუსლიმებისა და ათეისტების, დამცირების ფაქტებიც – გადაადგილების შეზღუდვა და დაკითხვებზე გამოძახება.[2]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2016 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების შესახებ წერს, რომ ეგვიპტეში კონსტიტუციის თანახმად, რწმენის თავისუფლება აბსოლუტური უფლებაა, თუმცა მხოლოდ ისლამის, ქრისტიანობისა და იუდაიზმის მიმდევრებს აქვთ თავიანთი რელიგიის თავისუფლად გამოხატვისა და სალოცავი სახლების მშენებლობის უფლება. მთავრობა არ ცნობს დაბადებით მუსლიმი მოქალაქეების კონვერტაციას ნებისმიერ სხვა რელიგიაზე და აწესებს, სამართლებრივ სასჯელს დაბადებით მუსლიმი მოქალაქეების კონვერტაციისთვის.

აშშ-ს მთავრობის სტატისტიკის თანახმად, მოსახლეობის რაოდენობა 88.4 მილიონია (2015 წლის ივლისის მონაცემები). მოსალეობის დაახლოებით 90% სუნიტი მუსლიმია, ხოლო 10% – ქრისტიანი (მონაცემები მერყეობს 5-დან 15%-მდე). ქრისტიანთა დაახლოებით 90% კოპტურ მართლმადიდებლურ ეკლესიას მიეკუთვნება.

პრეზიდენტ აბდელ ფატტაჰ ალ-სისის ქმედებები ქრისტიანმა ლიდერებმა პოზიტიურ სიგნალებად შეაფასეს და აღიქვეს ნიშნად, რომ ქრისტიანები ეგვიპტური მოსახლეობის სრულყოფილი წევრები არიან. პრეზიდენტის ქმედებები მოიცავდა მოწოდებებს იმამებისა და მკვლევარებისათვის, ხელი შეეწყოთ ტოლერანტული ისლამური სწავლებისათვის, ასევე, ვიზიტს კოპტურ მართლმადიდებლურ ტაძარში შობის ღამეს. 7 იანვარს, მართლმადიდებლური შობის ღამეს, პრეზიდენტი სისი წმინდა მარკოზის კათედრალში, რომელიც მართლმადიდებელი კოპტების მნიშნელოვანი ტაძარია, დაესწრო წირვას და გახდა ისტორიაში პირველი პრეზიდენტი, რომელიც ასე მოიქცა. აღნიშნული პოზიტიურ სიგნალად იქნა აღქმული ქრისტიანების მიერ. ვიზიტის დროს სისიმ განაცხადა, რომ ყველა ეგვიპტელი თანასწორია. მთავრობის ხარჯებით სამხედროებმა დაასრულეს 78-დან 26 ეკლესიისა და ქრისტიანთა სხვა საკუთრებების მშენებლობა/რეკონსტრუქცია, რომლებიც 2013 წელს, „მუსლიმთა საძმოს“ მიერ კონტროლირებადი მთავრობის ჩამოგდების შემდგომ ისლამისტებმა დაწვეს. პრეზიდენტმა სისიმ საჯაროდ მოიწონა იდეა და განაცხადა ლიბიაში მოკლული 20 ეგვიპტელი კოპტის სახელობის ეკლესიის მშენებლობის შესახებ.[3]

[1] United Kingdom: Home Office, Country Policy and Information Note – Egypt: Christians, 21 November 2016, Version 2.0, available at:

[accessed 16 January 2017]

[2] Human Rights Watch, World Report 2017 – Egypt, 12 January 2017, available at:

[accessed 16 January 2017]

[3] United States Department of State, 2015 Report on International Religious Freedom – Egypt, 10 August 2016, available at:

[accessed 16 January 2017]