ეგვიპტე – კოპტების მდგომარეობა და სახელმწიფოს რეაგირება ძალადობაზე – ივნისი, 2017

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2017 წლის 3 მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშში 2016 წელს მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკის შესახებ წერს, რომ 2016 წლის 11 დეკემბერს, კოპტურ მართლმადიდებლურ ეკლესია „ბოუტრისიაზე“ ტერორისტული თავდასხმის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა, უმეტესობა მათ შორის ქალები და ბავშვები. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ თვითმკვლელი ამფეთქებელი მუსლიმურ საძმოსთან თანამშრომლობდა. აღნიშნული ბრალდება მუსლიმური საძმოს სპიკერმა უარყო. მოგვიანებით, ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ოფიციალური სტატისტიკა ტერორისტული აქტების შედეგად დაღუპულთა რაოდენობის შესახებ არ გამოქვეყნებულა. ადგილობრივი მედია ანგარიშების მიხედვით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ტერაქტებს ასობით ადამიანი შეეწირა. 2016 წლის ოქტომბრის ბოლოს, სინაიში, შეიარაღებული დაჯგუფების მხრიდან ძალადობის შედეგად მინიმუმ 230 მშვიდობიანი მოქალაქე და უსაფრთხოების ძალების 299 წევრი (პოლიციელი და სამხედრო) დაიღუპა. ოფიციალური სტატისტიკით, ამავე პერიოდის განმავლობაში, სინაიში მთავრობამ 2,436 ტერორისტის ლიკვიდაცია მოახდინა.

ანგარიშში ასევე საუბარია კოპტების მიმართ ბრბოს მიერ ჩადენილ ძალადობაზე. 2016 წლის 20 მაისს, დაახლოებით, 300 შეიარაღებული მუსლიმი სოფელ ელ-კარმში, მინიაში, თავს დაესხა შვიდ ქრისტიან ოჯახს, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ხმა ქრისტიან კაცსა და მუსლიმ ქალს შორის სავარაუდო ურთიერთობის შესახებ.[1]

აშშ-ის საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების კომისია 2017 წლის 26 აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშში „ყოველწლიური ანგარიში 2017 – 2 საფეხურის ქვეყნები“, ეგვიპტის შესახებ წერს, რომ მიუხედავად მთავრობის მხრიდან ადამიანის უფლებების შეზღუდვისა, რელიგიის თავისუფლების მხრივ არსებული მდგომარეობა გაუმჯობესდა სხვადასხვა მიმართულებით. პრეზიდენტმა აბდელ ფატაჰ სისიმ თანმიმდევრულად დაგმო რელიგიური თავდასხმები და მსხვერპლებს დახმარება აღუთქვა, რელიგიური დისკურსის რეფორმა წაახალისა და ზედიზედ მესამედ დაესწრო კოპტურ საშობაო ლოცვას. 2016 წლის აგვისტოში ახალმა პარლამენტმა მიიღო კანონი ეკლესიების რეკონსტრუქციისა და შენარჩუნების შესახებ და 2017 წლის დასაწყისისთვის მთავრობას დასრულებული ჰქონდა ექსტრემისტების მიერ 2013 წელს დანგრეული 50-ზე მეტი ეკლესიის აღდგენის და ხელახლა აშენების პროცესი. რელიგიურ ნიადაგზე ჩადენილმა თავდასხმებმა იფეთქა ქრისტიანების წინააღმდეგ, განსაკუთრებით ზემო ეგვიპტეში (Upper Egypt) და ჩრდილო სინაიში; კაიროში, წმინდა მარკოზის კოპტური ეკლესიის სიახლოვეს თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. პარალელურად კი ეგვიპტის სასამართლომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია იმ პირების გასამართლების კუთხით, რომელთაც წარსულში ჩაიდინეს დანაშაულები. 2016 წელს, ღვთისგმობის გამო სისხლისსამართლებრივი დევნისა და თავისუფლების აღკვეთის ფაქტებმა იკლო. გარკვეული ხასიათის დისკრიმინაციული და რელიგიის თავისუფლების შემზღუდველი კანონმდებლობა კვლავ ძალაშია, მაგრამ რელიგიის თავისუფლების საკითხებზე საჯარო დებატები აქტიურად იმართებოდა პარლამენტსა და სამოქალაქო საზოგადოებაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, აშშ-ის საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების კომისიამ ეგვიპტე „განსაკუთრებული შეშფოთების ქვეყნების“ სიიდან მეორე საფეხურის ქვეყნების სიაში გადაიყვანა.

2016 წლის დეკემბერში ისლამურმა სახელმწიფომ პასუხისმგებლობა აიღო 11 დეკემბერს წმინდა პავლესა და წმინდა პეტრეს ეკლესიებზე მიტანილ იერიშებზე. წმინდა მარკოზის კოპტური ეკლესიის სიახლოვეს 29 ადამიანი იმსხვერპლა აღნიშნულმა აფეთქებამ. 2017 წლის იანვრისთვის 4 პირი იყო დაკავებული და გამოძიება გრძელდებოდა. კოპტურმა საზოგადოებამ პრეზიდენტი სისი შეაქო იმის გამო, რომ პრეზიდენტმა მოუწოდა მთავრობას აღედგინა დაზიანებული ეკლესიები.[2]

„Amnesty International“ თავის 2016-2017 წლების ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ რელიგიური უმცირესობები, მათ შორის კოპტი ქრისტიანები, შიიტი მუსლიმები და ბაჰაის მიმდევრები კვლავ აწყდებიან დისკრიმინაციას საკანონმდებლო დონეზე და პრაქტიკაში. პრეზიდენტ სისის მიერ ხელმოწერილი ახალი კანონი ეკლესიების შესახებ, რომელსაც სისიმ ხელი 28 სექტემბერს მოაწერა, თვითნებურად ზღუდავს ეკლესიების მშენებლობას, განახლებასა და გაფართოებას.[3]

„Freedom House“ თავის 2017 წლის ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ კონსტიტუცია კრძალავს რელიგიური ან რელიგიაზე დაფუძნებული პარტიების საქმიანობას. კოპტი ქრისტიანები, რომლებიც მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს შეადგენენ, პარლამენტის 120 პარტიული სიის ადგილიდან 24 იკავებენ. 2015 წელს არჩეული იქნა 36 ქრისტიანი, დამატებით 3 დაინიშნა პრეზიდენტის მიერ.[4]

დიდი ბრიტანეთის საშინაო საქმეთა ოფისი 2016 წლის ნოემბრის ანგარიშში ეგვიპტეში ქრისტიანების შესახებ წერს, რომ ზოგადად, ტერმინი „კოპტი“ ყველა ეგვიპტელი ქრისტიანის აღსანიშნავად გამოიყენება და მოიცავს, როგორც კოპტური მართლმადიდებლური (ორთოდოქსული) ეკლესიის წევრებს, ასევე, ევანგელისტებსა და კათოლიკებს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ დიდი ბრიტანეთის უმაღლესმა ტრიბუნალმა დაადგინა, რომ „არსებობს მტკიცებულებები, რომლის თანახმადაც არსებობს ადგილები, სადაც კოპტი ქრისტიანები დადგებიან წამების ან ღირსების შემლახავი მოპყრობის რეალური რისკის ქვეშ, რაც გამოიწვევს კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას. ზოგადად ეს ადგილებია: ა) ტერიტორიები დიდი ქალაქების გარეთ; ბ) ადგილები, სადაც რადიკალ ისლამისტებს აქვთ მყარი პოზიციები და გ) სადაც, ბოლო დროს თავს დაესხნენ კოპტ ქრისტიანებსა და მათ ეკლესიებს, ბიზნესსა და საკუთრებას. ტრიბუნალის ხელთ არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მოცემულია რისკ-ჯგუფები, რომლებიც დევნის ან მესამე მუხლის დარღვევის რეალური რისკის ქვეშ ექცევიან, სულ მცირე საკუთარ საცხოვრებელ ტერიტორიაზე:

1) კოპტურ ქრისტიანობაზე კონვერტირებულები;

2) ადამიანები, რომლებიც ჩართულნი არიან იმ ეკლესიების მშენებლობაში, რეკონსტრუქციაში ან გარემონტებაში, რომლებზეც განხორციელდა თავდასხმა;

3) ისინი, ვინც ბრალდებულნი არიან პროზელიტიზმში და როდესაც ბრალდება სერიოზულია და არა შემთხვევითი;

4) ისინი, ვინც ბრალდებულნი არიან მუსლიმ ქალთან ფიზიკურ ან ემოციურ კავშირში, როდესაც ბრალდება არის სერიოზული და არა შემთხვევითი.

ზოგადად, კოპტი ქრისტიანი ქალები ეგვიპტეში დევნის ან ღირსების შემლახავი მოპყრობის რეალური რისკის ქვეშ არ არიან, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქალებისგან განსხვავებით, ისინი გარკვეულ სირთულეებს აწყდებიან – გაუჩინარება და იძულებითი კონვერტაცია.

მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანები განიცდიან სოციალურ დისკრიმინაციასა და ძალადობას, ზოგადად, კოპტებისა და მათი ქონების მიტაცება-განადგურების ძალადობრივი ინციდენტები შემცირდა.

მიუხედავად იმისა, რომ არსებულმა სასამართლო პრაქტიკამ დაადგინა, რომ ქრისტიანებისთვის ეფექტური სახელმწიფო დაცვა არ არსებობს, მას შემდეგ ეგვიპტეში მდგომარეობა გამოსწორდა და არის შესაბამისი მტკიცებულებები იმისა, რომ სახელმწიფოს სურს და გარკვეულ შემთხვევებში შეუძლია კიდეც აღმოუჩინოს დაცვა ქრისტიანებს! ზოგადად კი, ქრისტიანებს აქვთ შესაძლებლობა თავისუფლად გადაადგილდნენ ქვეყნის შიგნით, განსაკუთრებით კი იმ ადგილებში, სადაც ექსტრემისტები არ არიან ძლიერად წარმოდგენილნი.[5]

„Human Rights Watch“ 2017 წლის ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ 2016 წლის აგვისტოში პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც აწესებს გარკვეულ შეზღუდვებს ეკლესიების მშენებლობასა და განახლებაზე; აღნიშნული კანონი ქვეყნის ქრისტიანული მოსახლეობის მიმართ დისკრიმინაციულია.

ახალი კანონი უფლებას აძლევს მმართველებს, არ გასცენ ეკლესიების მშენებლობის ნებართვა გასაჩივრების წესის მითითების გარეშე; კანონის თანახმად, ეკლესიები უნდა აშენდეს ქრისტიანთა შესაბამისი რაოდენობის ადგილებში, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური აღწერის სტატისტიკა არ არსებობს; ამასთან, მმართველებს უფლება აქვთ უარი განაცხადონ ეკლესიის მშენებლობის ნებართვაზე, თუკი აღნიშნული დაარღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.

მაისი-ივლისში, ანტი-ქრისტიანულმა ძალადობამ, რომელიც გამოიწვია ზოგიერთ ადგილობრივ მუსლიმში ეკლესიის რეალურმა თუ სავარაუდო მშენებლობამ, გამოიწვია ერთი ადამიანის სიკვდილი, რამდენიმე დაშავდა, ხოლო ქრისტიანთა გარკვეული საკუთრება კი დაზიანდა. ოფიციალური პირები ვერ ახერხებენ ქრისტიანი უმცირესობის დაცვას ხანდახან ფატალური თავდასხმებისგან და იძულებითი „შემრიგებლური სესიებისგან“, რომლებიც მუსლიმ დამნაშავეებს აძლევს საშუალებას გაექცნენ სისხლის სამართლებრივ დევნას და აძლიერებს დაუსჯელობას.

თებერვალში არასრულწლოვანთა მცირე დანაშაულების სასამართლომ ოთხ ქრისტიან ბავშვს ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა იმის გამო, რომ მათ ინტერნეტში „ისლამური სახელმწიფოს“ დამცინავი ვიდეო განათავსეს. ბიჭებმა ეგვიპტე აპრილში დატოვეს (გაიქცნენ ქვეყნიდან). მარტში, სააპელაციო სასამართლომ, მწერალ ფატმა ნაოუტს, რელიგიის შეურაცხყოფისთვის სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ვინაიდან მან საქონლის ხოცვის მუსლიმური ტრადიცია გააკრიტიკა, რომელიც ეიდ ალ-ადჰას მსხვერპლშეწირვის სახელით არის ცნობილი.

ეგვიპტურმა ადამიანის უფლებათა ჯგუფებმა დააფიქსირეს სხვა რელიგიური უმცირესობების, მათ შორის შიიტი მუსლიმებისა და ათეისტების, დამცირების ფაქტებიც – გადაადგილების შეზღუდვა და დაკითხვებზე გამოძახება.[6]

„The Guardian“ 2017 წლის 27 მაისს ავრცელებს ინფორმაციას, რომ ეგვიპტემ საჰაერო იერიში მიიტანა ლიბიაში ტერორისტების ბანაკზე. აღნიშნული ქმედება იყო პასუხი იმ ტერაქტზე, რომელიც კაიროში მოხდა – ავტობუსს, რომელსაც კოპტი ქრისტიანები გადაჰყავდა, თავს დაესხნენ შეიარაღებული პირები და 26 ადამიანი, ძირითადად ბავშვები დახოცეს, 25 ადამიანი კი დაშავდა. დაღუპულებს შორის იყვნენ 2 და 4 წლის ბავშვები. პრეზიდენტმა სისიმ საჯარო გამოსვლისას განაცხადა, რომ „ეგვიპტე არ მოერიდება ტერორისტების ბანაკების დაბომბვას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში“. მიმართვის შემდეგ ეგვიპტის საჰაერო ძალებმა 6 იერიში მიიტანეს დერნას სიახლოვეს მდებარე ბანაკებზე, სადაც, ტერაქტში ეჭვმიტანილებს წვრთნიდნენ.

ეგვიპტეში კოპტურ ეკლესიებზე განხორციელებული ტერაქტების გამო პრეზიდენტმა სისიმ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.[7]

[1] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Egypt, 3 March 2017, available at:

[accessed 12 June 2017]

[2] United States Commission on International Religious Freedom, USCIRF Annual Report 2017 – Tier 2 countries – Egypt, 26 April 2017, available at:

[accessed 12 June 2017]

[3] Amnesty International, Amnesty International Report 2016/17 – Egypt, 22 February 2017, available at:

[accessed 12 June 2017]

[4] Freedom House, Freedom in the World 2017 – Egypt, 15 April 2017, available at:

[accessed 12 June 2017]

[5] United Kingdom: Home Office, Country Policy and Information Note – Egypt: Christians, 21 November 2016, Version 2.0, available at:

[accessed 16 January 2017]

[6] Human Rights Watch, World Report 2017 – Egypt, 12 January 2017, available at:

[accessed 16 January 2017]

[7] The Guardian; Egypt launches raids in Libya after attack on Coptic Christians kills 26; 26 May 2017; available at: https://www.theguardian.com/world/2017/may/26/several-killed-in-attack-on-bus-carrying-coptic-christians-in-egypt