ეგვიპტე – ათეისტების მდგომარეობა და სახელმწიფო დაცვის შესაძლებლობა – ივნისი, 2017

აშშ-ის საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების კომისიის 2017 წლის ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერია, რომ 2016 წლის განმავლობაში ღვთისგმობის მუხლით აღძრულმა საქმეების რაოდენობამ გასულ წლებთან შედარებით იკლო. აღნიშნული ბრალდება უმეტესად მიმართულია სუნიტი მუსლიმების წინააღმდეგ, თუმცა დაპატიმრებულთა შორის ასევე არიან ქრისტიანები, შიიტი მუსლიმები და ათეისტები. სასჯელის სახით კანონში გათვალისწინებულია პატიმრობა 5 წლამდე ვადით და ჯარიმა.

ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ უკანასკნელ წლებში ეგვიპტელი ათეისტების წინააღმდეგ ღვთისგმობის ბრალდებებმა იმატა, ისევე როგორც იმატა საზოგადოების მხრიდან ძალადობამ და ათეიზმთან ბრძოლისკენ მიმართულმა ეგვიპტის მთავრობის მიერ დაფინანსებულმა სხვადასხვა ინიციატივამ. 2016 წლის თებერვალში ონლაინ აქტივისტს მუსტაფა აბდელ-ნაბის სოციალურ ქსელში „Facebook“ ათეიზმის შესახებ პოსტის გამოქვეყნების გამო დაუსწრებლად შეუფარდეს 3 წლით პატიმრობა. გასული რამდენიმე წლის განმავლობაში რელიგიის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროებმა ერთობლივად დააფინანსეს ეროვნული კამპანია ეგვიპტელ ახალგაზრდებში ათეიზმის გავრცელების წინააღმდეგ.[1]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რელიგიის თავისუფლების შესახებ 2016 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ ზოგიერთი სამთავრობო უწყება იყენებდა ანტი-შიიტურ, ანტი-ბაჰაისტურ და ანტი-ათეისტურ რიტორიკას. ზოგიერთი მედია საშუალების ინფორმაციით, ათეისტების რაოდენობა 4 მილიონია, ზოგიერთის ინფორმაციით კი მხოლოდ რამდენიმე ათასი. ზოგიერთმა სამთავრობო ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის ალ-აზარში, თავიანთ პუბლიკაციებსა და გამოსვლებში შეურაცხმყოფელი წესით ისაუბრეს შიიტებსა და ათეისტებზე.

ამავე ანგარიშში წერია, რომ ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციის ინფორმაციით, ელ-ბანა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით არის ათეისტი, დააპატიმრეს 2014 წლის ნოემბერში, მაშინ როდესაც ცდილობდა საჩივარი შეეტანა პოლიციაში თავისი მეზობლების წინააღმდეგ, რომლებიც მის წინააღმდეგ ძალადობდნენ მისი რწმენის გამო. პოლიციამ იგი დააკავა, როგორც განიმარტა პოლიციის მიერ, იმ ბრალდებით, რომელიც მისთვის საჩივრის შეტანის მცდელობამდე იყო წაყენებული პოსტების გამო. ელ-ბანას მამამ ოჯახისა და მეგობრების ზეწოლით ჩვენება მისცა შვილის წინააღმდეგ. „Human Rights Watch“-ის ინფორმაციით, ელ-ბანას ადვოკატებმა გაასაჩივრეს ვერდიქტი და სასამართლომ იგი გაათავისუფლა და დააკისრა 1000 ეგვიპტური გირვანქის (145$) გადახდა. ელ-ბანას აპელაციის პროცესი 2015 წლის ბოლოსთვის მიმდინარეობდა. ელ-ბანა საინფორმაციო სააგენტომ „Al Bawaba“ მოიხსენია, როგორც ერთერთი მათ შორის, ვინც საჯაროდ გამოხატა თავისი რწმენა სოციალურ ქსელში „Facebook“ იმ კამპანიის ფარგლებში, რომელიც მოუწოდებს ათეისტებს, საჯაროდ გამოხატონ თავიანთი რწმენა.

ამავე ანგარიშში წერია, რომ 2015 წლის 15 მარტს რელიგიის მინისტრმა ათეიზმი ტერორიზმთან გააიგივა და თქვა, რომ ორივე მათგანი მოიტანა „უხილავმა ძალამ“, რომლის მიზანია არაბული საზოგადოების ინტელექტუალური სტრუქტურის, ეკონომიკისა და შეიარაღებული ძალების განადგურება.[2]

„Freedom House“ 2017 წლის ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ ქვეყანაში ისლამი სახელმწიფო რელიგიაა და ეგვიპტელთა უმეტესობა სუნიტი მუსლიმია. ქრისტიანი კოპტები ქმნიან არსებით უმცირესობას და გარდა ამისა, ქვეყანაში არის მცირე ჯგუფები ებრაელების, შიიტი მუსლიმების, ათეისტებისა და ბაჰაისტების.[3]

„Human Rights Watch“ 2017 წლის ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ ეგვიპტურმა ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა აღბეჭდეს უკანონო ძალადობის ფაქტები რელიგიური უმცირესობების, მათ შორის შიიტი მუსლიმებისა და ათეისტების მიმართ; აღნიშნული ქმედებები მოიცავდა მოგზაურობაზე შეზღუდვის თვითნებურად დაწესებას და დაკითხვებზე გამოძახებებს.[4]

„უმცირესობათა უფლებების საერთაშორისო ჯგუფი“ 2016 წლის ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ 2015 წლის იანვარში სტუდენტს მიუსაჯეს 3-წლიანი პატიმრობა ღვთის შეურაცხყოფისთვის სოციალურ ქსელში „Facebook“ პოსტების გამოქვეყნების (ეგვიპტის ხელისუფლების აზრით, მზარდი ხასიათის საშიში აქტივობის) გამო.[5]

[1] United States Commission on International Religious Freedom, USCIRF Annual Report 2017 – Tier 2 countries – Egypt, 26 April 2017, available at:

[accessed 26 June 2017]

[2] United States Department of State, 2015 Report on International Religious Freedom – Egypt, 10 August 2016, available at:

[accessed 26 June 2017]

[3] Freedom House, Freedom in the World 2017 – Egypt, 15 April 2017, available at:

[accessed 26 June 2017]

[4] Human Rights Watch, World Report 2017 – Egypt, 12 January 2017, available at:

[accessed 26 June 2017]

[5] Minority Rights Group International, State of the World’s Minorities and Indigenous Peoples 2016 – Egypt, 12 July 2016, available at:

[accessed 26 June 2017]