ერაყი – ქრისტიანების მდგომარება – ივლისი, 2017

2017 წლის 9 იანვარს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც ეხება უმცირესობების საკითხებში გაეროს სპეციალური წარმომადგენლის მისიას ერაყში, აღნიშნულია, რომ უძველესი დროიდან, ერაყი არის ეთნიკურად, ლინგვისტურად, რელიგიურად და კულტურულად მრავალფეროვანი ქვეყანა. ისტორიულად, ზოგიერთი ჯგუფი მთელი ერაყის მასშტაბით ცხოვრობდა მაშინ, როცა გარკვეული უმცირესობები, მათ შორის ქრისტიანები, შაბაკები, იეზიდები და თურქმენები, თავიდანვე ცხოვრობდნენ ერაყის ჩრდილოეთით და ქურთისტანის რეგიონის სამხრეთის ტეროტორიაზე, მათ შორის ნინევას დაბლობებში. ისტორიულად, დიდი ქრისტიანული თემები, ასევე, ცხოვრობდნენ  ბაღდადსა და ბასრაში.

ერაყის ქრისტიანულ თემში შედიან: სომეხი კათოლიკეები და მართლმადიდებელი ქრისტიანები, აღმოსავლეთის ასირიული ეკლესიის წევრები, ასირიული მართლმადიდებელი ქრისტიანები, ქალდეველი კათოლიკეები, ევანგელისტები, სხვა პროტესტანტები, სირიელი კათოლიკეები და მართლმადიდებელი ქრისტიანები, და სხვა გამორჩეული რელიგიური ჯგუფები, რომლებიც მიეკუთვნებიან „ქრისტიანულ“ კატეგორიას. ისტორიულად, ქრისტიანები წარმოადგენდნენ სამიზნე ობიექტებს საკუთარი სარწმუნოების და დასავლეთთან მოაზრებული კავშირების გამო. 2003 წლის მოვლენების შემდეგ, ქრისტიანულ თემზე თავდასხმებმა აიძულა მოსახლეობა, დაეტოვებინა ქვეყანა. ქრისტიანი წარმომადგენლების განცხადებით, მათი რიცხვი მკვეთრად შემცირდა. 2003 წლამდე ისინი 1.4 მილიონ ადამიანს შეადგენდნენ, ხოლო 2014 წლისთვის მხოლოდ 350,000 პირს.

2014 წლის მეორე ნახევრიდან, მოსახლეობა კიდევ უფრო შემცირდა, რაც გამოწვეული იყო ქრისტიანებით დასახლებულ ტერიტორიებზე ისლამური სახელმწიფოს (ISIL) შეჭრით, მათ შორის ნინევას დაბლობებში. ISIL-ის მიერ მოსულის დაკავების შემდეგ, ათასობით ქრისტიანმა დატოვა ტერიტორია. ისინი, ვინც დარჩნენ ან ვერ მოახერხეს გაქცევა, მოუწიათ უსაფრთხოების სანაცვლოდ ხარკის გადახდა, ნაწილი კი აიძულეს შეეცვალათ სარწმუნოება, ხოლო ვინც არ ასრულებდა მათ მოთხოვნებს, სიკვდილით სჯიდნენ. ქრისტიანების ქონება მონიშნეს არაბული ასო „ნ“-ით („ნასრაანი“ ყურანში გამოყენებულია ქრისტიანების აღსანიშნავად), რომელიც შემდგომში ჩამოართვეს, ქრისტიანებს კი წაუყენეს პირობა, რომ 2014 წლის 19 ივლისისთვის დაეტოვებინათ ქალაქი, წინააღმდეგ შემთხვევაში სიკვდილით დასჯიდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ერაყის მთავარობა ხაზს უსვამს სხვადასხვა აღმსარებლობის ჯგუფებთან კარგ ურთიერთობას, ზოგიერთი ქრისტიანი წარმომადგენლის განცხადებით, ისინი გამხდარან ანტი-ქრისტიანული განწყობის და ინციდენტის მომსწრენი. ქრისტიანმა მღვდელმა მოსულიდან განაცხადა, რომ 2005 წლის შემდეგ, მას ხალხისგან სმენია მსგავსი გამონათქვამები: „არ შეიძინოთ უმცირესობების ქონება, რადგან, მოგვიანებით, ისინი თავისუფლები გახდებიან“. მისივე თქმით, ხალხს უხარია, რაც ქრისტიანებს დაემართათ ნინევასა და მოსულში.

პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ჩართულობა

მცირე ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს აქვთ შეზღუდული საშუალება საკუთარი სურვილებისა და საჭიროებების გამოსახატავად. თემების წარმომადგენლების განცხადებით, მათ აკლიათ პოლიტიკური ჩართულობა საზოგადოებრივი საქმიანობის ყველა სფეროში, დაწყებული ადგილობრივიდან დამთავრებული ეროვნულით. მიმდინარე საარჩევნო კანონმა კი, საზოგადოებაში ეთნიკური უმცირესობების წარმოდგენილი რაოდენობის პროპორციულად, უფრო გაართულა მათი  ჩართულობა პოლიტიკაში. ისინი ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ საკუთარი საჭიროებების წინ წამოსაწევად, აუცილებელი იყო პოლიტიკაში მათი მონაწილეობა, როგორც გრძელვადიანი სოციალური ინტეგრაციის პროექტის ნაწილი. ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადებით, დღესდღეობით, უმცირესობები არ არიან ჩართულნი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. სხვა წარმომადგენლის განმარტებით კი, ნინევაში გადაწყვეტილების მიმღები პირების თანამდებობებზე ქრისტიანების და სხვა უმცირესობების წარმომადგენლების დანიშვნის კუთხით, ხდება მათი დაბლოკვა.

ეროვნული პარლამენტი არსებული 328 ადგილიდან მხოლოდ 8 ადგილს გამოყოფს უმცირესობებისთვის, საიდანაც 5 ადგილი მოდის ქრისტიანებზე, ხოლო თითო-თითო ადგილი საბიელ-მანდეველებზე, შაბაქებზე და იეზიდებზე.

უმცირესობები ქურთისტანის რეგიონში

ქურთისტანის რეგიონის ახალი კონსტიტუციის შემუშავება 2011 წლიდან დაიწყო, თუმცა ვიზიტის პერიოდში ის ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. პრემიერ მინისტრმა ბარზანიმ გაეროს  სპეციალურ წარმომადგენელს განუცხადა, რომ უმცირესობების უფლებებს სპეციალური კონსტიტუციური დაცვა მიენიჭება და ყველა ჯგუფთან გაიმართება კონსულტაციები.  ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ, საჭიროების შემთხვევაში,  მათთვის ხელსაყრელი იყო უმცირესობების დიდი ჯგუფებისთვის, როგორებიც არიან ქრისტიანები და იეზიდები, შეზღუდული ავტონომიური ტერიტორიების გამოყოფის გათვალისწინება.[1]

 დიდი ბრიტანეთის მთავარი ოფისის 2016 წლის აგვისტოს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ დანიის ფაქტების დამდგენი მისიის მიხედვით, იძულებით გადაადგილებული პირები, რომელთაც სურთ ერბილის ან დაჰუკის პროვინციებში შესვლა, საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე უნდა წარადგინონ ერბილში გაცემული მოქმედი ბინადრობის ნებართვები, არაბი დევნილები, რომელთაც არ აქვთ აღნიშნული ნებართვები, ეკრძალებათ პროვინციაში შესვლა. რაც შეეხება ქურთებს, იეზიდებს და ქრისტიანებს, მათ მსგავსი ბინადრობის ნებართვების გარეშე შეუძლიათ,  როგორც ერბილის, ისე დაჰუკის პროვინციაში შესვლა, თუმცა გაძლიერებული კონტროლის პერიოდში, აღნიშნულ  ჯგუფებზეც შესაძლოა  გავრცელდეს უსაფრთხოების კუთხით არსებული შეზღუდვები.

შვედეთში მოქმედი საქველმოქმედო ორგანიზაცია „Qandil“-ის ინფორმაციით, დოკუმენტების არმქონე პირებს, ქრთამის გადახდის შემთხვევაში, შეუძლიათ საკონტროლო გამშვები პუნქტების გავლა. მისივე თქმით, ქრისტიანებს, ქურთებს და იეზიდებს, საგუშაგოების გავლისას, არ სჭირდებათ ბინადრობის ნებართვები.[2]

საერთაშორისო ორგანიზაცია „უმცირესობათა უფლებების დაცვის ჯგუფის“ (MRG) მიერ, 2017 წლის 7 ივნისს, გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც ეხება ისლამური სახელმწიფოს შემდეგ ერაყში მცხოვრებ უმცირესობების მდგომარეობას, აღნიშნულია შემდეგი:

მომსახურების და ინფრასტრუქტურის ნაკლებობა

ისლამური სახელმწიფოსგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურა მძიმედ არის დაზიანებული. 2017 წლის თებერვლის მონაცემებით, წყალმომარაგება და ელექტროენერგია ჯერ კიდევ არ იყო აღდგენილი. იმ ადგილებში, სადაც მატერიალური ზიანი შედარებით ნაკლები იყო, მაგალითად, ქრისტიანულ ქალაქში – თალ უსკუფი (ნინევას პროვინცია), კვლავ რჩებოდა არსებითი პრობლემები. ქალაქში დაბრუნებულ რამდენიმე ოჯახთან ინტერვიუსას გამოიკვეთა, რომ ღამით მიწოდებული ელექტროენერგიის მიუხედავად, საბაზისო სერვისები ჯერ კიდევ არ იყო ფუნქციური. 2017 წლის თებერვალში, თალ უსკუფში დაბრუნებული ერთ-ერთი ქრისტიანი აღნიშნავს: „ქალაქში არ არის წყლის რეზერვუარები, ხოლო ჭების ასამუშავებლად ელექტროენერგიაა საჭირო. ჭის წყლით, წყლის რეზერვუარების შესავსებლად გენერატორებია საჭირო. უფრო მეტიც, მილები გატეხილია და იმ შემთხვევაშიც კი, თუ გენერატორი მუშაობს, წყალი თანმიმდევრობით არ მიედინება“.

უსაფრთხოება და შეიარაღებული დაჯგუფებების მანიპულაცია

ამა თუ იმ ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა პოლიტიკური და სამხედრო ძალების ინფორმაციით, გათავისუფლებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებას იცავს სხვადასხვა შეიარაღებული დაჯგუფება. ერაყის უსაფრთხოების ძალებისა და პეშმერგას გარდა, მრავალრიცხოვანი დაჯგუფებები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან  ადგილობრივებთან, პატრულირებენ შესაბამის ტერიტორიებზე. ვიზიტის დროს, ალ-ჰამდანიას (ნინევას პროვინცია) აკონტროლებდა „ნინევას დაცვის ერთეული“ (NPU), რომელიც 2014 წელს შეიქმნა, ძირითადად, ასირიელი ქრისტიანების მიერ. უმცირესობებზე დაფუძნებული დაჯგუფებების შეზღუდული ძალაუფლება მიანიშნებს იმას, რომ მათ აქვთ მხარდაჭერა ერაყის მთავრობისგან/ერაყის უსაფრთხოების ძალებისგან ან ქურთისტანის რეგიონისგან/პეშმერგასგან. აღნიშნული ასახავს პოლიტიკურ მანიპულაციას, კერძოდ, ერაყის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ქრისტიანული დაჯგუფება NPU  და იეზიდების დაჯგუფების ეზიდხანის (Êzîdxan) დაფინანსება, ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ სამხედრო სტრატეგიების დანერგვისას უმცირესობების მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი ხიდი ხელისუფლებასა და დაბრუნებულ უმცირესობებს შორის.

არსებული საკონტროლო გამშვები პუნქტები, არის ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ ნინევას დაბლობების დიდ ტერიტორიას აკონტროლებს ქურთული ძალები. მართალია, ალქუში, ბათნაია, თალ უსკუფი და შემოგარენი ადგილები ქრისტიანული ქალაქებია, ქურთისტანის მხრიდან აღნიშნულ ქალაქებში შესასვლელები პეშმერგას კონტროლის ქვეშაა.

სანამ კონტროლის კუთხით არსებული დავა გადაუჭრელი რჩება, უმცირესობები შეშფოთებულები არიან თავიანთი მიწების მომავალი ბედით. ინტერვიუსას, ერბილში მყოფი ერთ-ერთი ქრისტიანი იძულებით გადაადგილებული პირი შიშობს, რომ სამხედრო საზღვრები გახდება პოლიტიკური საზღვრები.

უმცირესობების წარომადგენლები ნინევას პროვინციიდან, აღნიშნავენ, რომ მეზობელმა თემებმა მათ უღალატეს, კერძოდ, ქურთულმა ძალებმა მიატოვეს, ხოლო ერაყის ცენტრალურმა ხელისუფლებამ ისინი უგულებელყო.

„ჩვენ ვგრძნობთ, რომ ერაყი ჩვენი სამშობლოა და მას ვემსახურებით. ქრისტიანები არიან ისინი, რომლებიც ერაყის ყველა პროვინციაში ცხოვრობენ, ეს კი იმას ამტკიცებს, რომ ერაყი ჩვენი სახლია, მაგრამ 2003 წლიდან ერაყი, როგორც პირველხარისხოვან მოქალაქეებს, ისე არ გვექცევა“. – ქრისტიანი სამხედრო მეთაური, დაჰუკი, 2017 წლის მარტი

თითოეული დღე, რომელიც გადაწყვეტილებისა და იმედის გარეშე ჩაივლის, გამოიწვევს იმას, რომ უმცირესობები გააგრძელებენ ქვეყნიდან გაქცევას“. – ქრისტიანი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი  დაჰუკი, 2017 წლის მარტი[3]

საინფორმაციო სააგენტო „Inter Press Service“-ის მიერ 2017 წლის 7 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ აღმოსავლეთ მოსულში, ისლამური სახელმწიფოსგან გათავისუფლებული მიწები ცარიელია. ერაყის ცენტრალური მთავრობა ბაღდადში და ქურთისტანის რეგიონული მთავრობა ერბილში შეთანხმებულები არიან, რომ იძულებით გადაადგილებული პირები მხოლოდ მაშინ დაბრუნდებიან კუთვნილ ტერიტორიებზე, როდესაც აღდგება სერვისები და უსაფრთხოება. იძულებით გადაადგილებული პირები კი ფიქრობენ, რომ დაბრუნების პროცესი სხვა მიზეზის გამო იწელება. ისინი შიშობენ, რომ მიწის გადანაწილების პროცესი დაწყებულია.[4]

ალ-მონიტორის მიერ, 2016 წლის 23 დეკემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ ბაღდადში შობის დღესასწაული, წინა წელთან შედარებით, უფრო მასშტაბურად იზეიმეს. სოლიდარობის ნიშნად ერაყელმა მუსლიმებმა ქრისტიანებთან ერთად აღნიშნეს შობა, თუმცა ამის მიუხედავად, ერაყელი ქრისტიანების მიგრაციის მაჩვენებელი მაინც იზრდება. ქრისტიანი და მუსლიმი სასულიერო პირები მონაწილეობას იღებენ ერთმანეთის რელიგიურ  დღესასწაულებში. ასევე, რამდენიმე მუსლიმი პოლიტიკოსი დაესწრო ეკლესიაში გამართულ ღონისძიებებს. აღნიშნული ოპტიმისტური განწყობის მიუხედავად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ერაყის ერთ-ერთი უძველესი რელიგიის ბედი.

ბევრი ქრისტიანი აქტივისტი მიიჩნევს, რომ ქრისტიანები სხვა უმცირესობებთან ერთად, ტოვებენ ქვეყანას. ჰუმმარაბის ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის კოორდინატორმა ვალიმ ვარდამ ალ-მონიტორს განუცხადა, რომ „თუ მოვლენები ასე გაგრძელდება და ხელისუფლება ასირიელებს და ქალდეველებს ვერ მისცემს უსაფრთხოების გარანტიებს, ისინი საბოლოოდ დატოვებენ ქვეყანას“. მისივე თქმით, მოსულიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ნახევარს ქრისტიანები შეადგენენ, რომლებმაც უკვე დატოვეს ერაყი, მათი რიცხვი კი სულ უფრო იზრდება.[5]

საინფორმაციო საშუალება „Reuters“-ის მიერ 2016 წლის 25 დეკემებრს გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ ბაღდადში, რომელიც ერაყის მთავრობის და ძირითადად შიიტებით დაკომპლექტებული უსაფრთოხების ძალების კონტროლის ქვეშაა, ქრისტიანებმა საშობაოდ მორთეს ეკლესიები, რათა აღენიშნათ შობის დღესასწაული. მიუხედავად ამისა, ბევრი ქრისტიანი შიშში ცხოვრობს და ფიქრობს, რომ ხელისუფლება ვერ ახდენს მათ ადეკვატურ დაცვას.[6]

 

 

[1] UN Human Rights Council, Report of the Special Rapporteur on minority issues on her mission to Iraq, 9 January 2017, A/HRC/34/53/Add.1, available at:

 [accessed 6 July 2017]

[2] United Kingdom: Home Office, Country Information and Guidance – Iraq: Return/Internal relocation , 18 August 2016, Version 3.0, available at:

 [accessed 6 July 2017]

[3] MRG – Minority Rights Group International: Crossroads: The future of Iraq’s minorities after ISIS, 7 June 2017 (available at ecoi.net)

  (accessed 6 July 2017)

[4] IPS – Inter Press Service – News Agency: Civilian Casualties Mount in Battle to Re-take Mosul, 7 June 2017
http://www.ipsnews.net/2017/06/civilian-casualties-mount-in-battle-to-re-take-mosul/?utm_source=rss&utm_medium=rss&utm_campaign=civilian-casualties-mount-in-battle-to-re-take-mosul (accessed 6 July 2017)

[5] Al-Monitor – Iraq’s Muslims celebrate Christmas in solidarity with Christians, 23 December 2016, available at: http://www.al-monitor.com/pulse/originals/2016/12/christmas-iraq-christians-minorities.html (accessed 7 July 2017)

[6] Reuters – Fearful Christmas in Baghdad after attacks on Christians, 25 December 2016, available at: http://www.reuters.com/article/us-mideast-crisis-iraq-minorities-idUSKBN14E0GG (accessed 7 July 2017)