ერაყი – ათეისტების მდგომარეობა – ივლისი, 2017

საინფორმაციო საშუალება „The Baghdad Post“- ის მიერ 2017 წლის 11 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ექსპერტების შეფასებით, ბოლო პერიოდში, გაიზარდა იმ ახალგაზრდა ერაყელი მამაკაცებისა და ქალების რიცხვი, რომლებიც ათეისტები ხდებიან. ექსპერტების თქმით, ისინი საკუთარ რადიკალურ მოსაზრებებს ინტერნეტის, ძირთადად კი, სოციალური ქსელის საშუალებით გამოხატავენ, სადაც მათ შესაძლებლობა აქვთ, როცა უნდათ და რაც უნდათ, ის დაწერონ. ისინი აკრიტიკებენ ალაჰს, მოციქულ მუჰამედს და მის ოჯახს.

ექსპერტების აზრით, ასეთი იდეების გავრცელება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ სუნიტი და შიიტი პოლიტიკოსები და შეიარაღებული დაჯგუფებები რელიგიას არასწორად იყენებენ თავიანთ რიგებში მხარდამჭერთა მოსაზიდად. ისინი ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ შიიტი შეიარაღებული დაჯგუფებები სახელმწიფოსა და მოქალაქეებს ძარცვავენ, იტაცებენ, კლავენ, შემდეგ კი, მათი წევრები ალაჰისთვის ლოცულობენ და გადიან ათასობით კილომეტრს იმამ ჰუსეინ იბნ ალის ტაძრის მოსალოცად.

ექსპერტების განმარტებით, სწორედ აღნიშნული წინააღმდეგობების გამო, ახალგაზრდები და ინტელექტუალები გმობენ ალაჰს, მოციქულ მუჰამედს და ისლამს.[1]

ფაისალ საიდ ალ-მუთარი, ერაყელი სატირიკოსი, ადამიანის უფლებათა დამცველი და მწერალი, საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ალ-მუსანნას უნივერსიტეტის სტუდენტი, სამირ საადი, გარიცხეს უნივერსიტეტიდან, რადგან მან სოციალურ ქსელ „Facebook“-ში გააკეთა კომენტარი, სადაც იცავდა ათეისტების სიცოცხლის უფლებას.

სამირ საადის მონათხრობით, ერთთვიანი მცდელობის შემდეგ, ალ-მუსანნას უნივერსიტეტმა მიიღო უნივერსიტეტიდან მისი გარიცხვის ბრძანება და განაცხადა, რომ ის ჩაიჭრა 2016-2017 სასწავლო წლის გამოცდებში. ყველაფერი კი „Facebook“-ზე დაწყებული დავის შედეგი იყო. მისი თქმით, უნივერსიტეტის თანამშრომლის მიერ „Facebook“-ზე გახსნილია გვერდი, რომლის ადმინისტრატორიც თავად უნივერსიტეტის კოლეგაა. აღნიშნულ გვერდზე მიმდინარეობდა დისკუსია ათეიზმის შესახებ, სადაც კომენტარების უმრავლესობა ნეგატიური იყო და ათეისტების მიმართ ძალადობრივი ქმედებებისკენ მოუწოდებდა. ძალადობრივი კომენტარების ერთ-ერთი ავტორი იყო პიროვნება, რომლის სახელის წინ დაწერილი ინიციალები “Dr.”  მიუთითებდა, რომ ის იყო დოქტორი. საადიმ აღნიშნულ პიროვნებას კომენტარით უპასუხა, რომ მსგავსი აზრების დაფიქსირება შეუფერებელი იყო უმაღლესი განათლების ხარისხის, და ზოგადად, ნებისმიერი სახის განათლების მქონე პიროვნებისთვის. საადის კომენტარმა პროვოცირება მოახდინა აღნიშნულ პიროვნებაზე, რომელიც მისი უნივერსიტეტის ლექტორი აღმოჩნდა. ამის შემდეგ, საადი დაიბარეს უნივერსიტეტში საკომიტეტო შეხვედრაზე, რომელიც მხოლოდ ერთი წევრისგან, ისიც მასწავლებლისგან, შედგებოდა. მან საადს უთხრა, ფურცელზე დაეწერა ამბავი. ცოტა ხანში კი, ისე რომ ნაწერისთვის არც კი შეუხედავს, ერთ კაციანმა კომიტეტმა გამოიტანა გადაწყვეტილება, მისი გარიცხვის თაობაზე, სასწავლო საგნებში კი ჩაჭრის ნიშნად, გაუფორმა „F” ნიშანი.

საადის განცხადებით, მას ცუდი არაფერი ჩაუდენია, მან მხოლოდ გამოხატა თავისი შეხედულება, რომლის კანონიერი უფლებაც ჰქონდა. მისივე თქმით, იგი აღნიშნულს არ იმსახურებს და არავინ არის ისეთი, ვინც გვერდში დაუდგება.[2]

მედია საშუალება “Al-Monitor”-ის მიერ 2017 წლის 22 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ ბოლო კვირების განმავლობაში, ერაყის ისლამურმა მოძრაობებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა გააძლიერეს რიტორიკა ათეიზმის წინააღმდეგ.  აღნიშნული მოძრაობები და პარტიები შიშობენ, რომ საზოგადოებრივი განწყობა ეწინააღმდეგება პოლიტიკაში არსებულ ისლამური პარტიებს, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს 2017 წლის ბოლოსა და 2018 წლის დასაწყისში დაგეგმილ არჩევნებზე.

შიიტური პარტია „ერაყის ეროვნული ალიანსის“ ხელმძღვანელმა, ამმარ ალ-ჰაქიმმა, ბაღდადში, ივნისის თვეში გამართულ ლექციაზე, ათეიზმის გავრცელების წინააღმდეგ გააფრთხილა დამსწრეები. მისი განცხადებით, ზოგიერთი ადამიანი ეწინააღმდეგება ერაყის საზოგადოების რელიგიური პრინციპებისადმი ერთგულებას და მათ კავშირს ყოვლისშემძლე ღმერთთან. მისი თქმით, მსგავს ათეისტურ იდეებს უნდა დაუპირისპირდნენ კარგი აზროვნებითა და რკინის მუშტით, რომელიც მიმართული იქნება ასეთი იდეების მხარდამჭერების წინააღმდეგ.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ჰაქიმის მოწოდება წინააღმდეგობაში მოდის ერაყის კონსტიტუციასთან, რომელიც იძლევა რწმენისა და გამოხატვის თავისუფლების გარანტიას და დანაშაულებრივ ქმედებად აღიარებს სხვების წინააღმდეგ წაქეზებას და რწმენის ძალდატანებით მიღებას ან უარყოფას.

რამადანის თვეში, ერაყის ცენტრალური და სამხრეთ ნაწილის (რომლებიც ისლამური პარტიების ძირითად ბაზას წარმოადგენენ) შიიტურ ქალაქებში ჩატარებული რელიგიური თემატიკის ლექციები პირდაპირ ეწინააღმდეგებოდნენ სეკულარული და ათეისტური იდეების გავრცელებას, რომელიც ერაყული საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველად აღიქმება.

ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ნური ალ-მალიქმა, რომელსაც ფართო გავლენა აქვს სამხედრო ორგანიზაცია „სახალხო მობილიზაციის ერთეულების“ შემადგენლობაში მყოფ პოლიტიკურად ამბიციურ პრო-ირანულ ფრაქციებს შორის, 30 მაისს, გააფრთხილა მხარდამჭერები სეკულარული და არარელიგიური მოძრაობების მხრიდან მოსალოდნელ სავარაუდო სახიფათო შეთქმულების შესახებ, რომლებმაც შესაძლოა ძალაუფლება ჩამოართვან ისლამურ პარტიებს და თავად მოიპოვონ კონტროლი.

ქურთული ახალი ამბების სააგენტო „AKnews“-მა, რომელიც ამჟამად მოქმედი აღარ არის, 2011 წელს აღმსარებლობის შესახებ ჩაატარა არა სამეცნიერო გამოკითხვა. შეკითხვაზე, სწამდათ თუ არა ღმერთი, რესპოდენტების 67%-მა უპასუხა „დიახ“, 21%-მა – „ალბათ, დიახ“, 4%-მა – „ალბათ არა“ და 1%-ს არ ჰქონდა შეკითხვაზე პასუხი.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში, სადაც სამი ათწლეულია არ ჩატარებულა აღწერა, შეუძლებელია განსხვავებული რწმენისა და აღმსარებლობის წარმომადგენლების შესახებ ზუსტი რაოდენობის ჩვენება. განსაკუთრებით რთულია იმ საზოგადოების მასშტაბების განსაზღვრა, რომლებიც, ერაყის მსგავს კონსერვატულ ქვეყანაში, ტაბუირებული რწმენის მიმდევრები არიან, გარეშე პირებად აღიქმებიან და სამხედრო ფორმირებებისა და პოლიტიკური ლიდერების მხრიდან მათი მისმართით ხორციელდება მუქარა, ზოგიერთი მათგანი კი მათ ცემას „რკინის მუშტით“ მოითხოვს. 2014 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ისლამური სახელმწიფო გაბატონდა ერაყში, სხვადასხვა პერიოდში გაკეთებული ანგარიშების მიხედვით, უფრო და უფრო მეტი ადამიანი სკეპტიკურად უყურებს ისლამურ რწმენას და მთლიანად უარყოფს ისლამს, რაც გამოწვეულია ექსტრემისტული დაჯგუფებების მხრიდან ისლამის უარყოფითი იმიჯის შექმნით.

ბაღდადის ერთ-ერთი ცნობილი წიგნების მაღაზიის მონაცემებით, სულ უფრო ბევრი ახალგაზრდა ყიდულობს ათეიზმის შესახებ წიგნებს, მაგალითად, როგორიცაა საუდის არაბეთის ცნობილი ათეისტის აბდულლაჰ ალ-ქასიმის და ბრიტანელი ფილოსოფოსის, რიჩარდ დავკინსის, წიგნები. წმინდა ქალაქ ნაჯაფში და შიიტურ რელიგიურ დაწესებულებებში, ალ-მონიტორი ესაუბრა რელიგიურ სტუდენტებს, რომლებიც არა მხოლოდ ფუნდამენტურ ისლამურ რწმენას აყენებენ კითხვის ნიშნის ქვეშ, არამედ, ზოგადად, რელიგიის ძირითად პრინციპებს. იმ შემთხვევაში, თუ ისინი თავისუფლად გამოხატავენ საკუთარ მოსაზრებას, გარიყულები იქნებიან საზოგადოების მხრიდან.

ადამიანის უფლებათა დამცველმა, მწერალმა და სატირიკოსმა, ფაისალ საიდ ალ-მუთარიმ, ალ-მონიტორს განუცხადა, რომ ერაყში, სადაც მთავრობაში ისლამური პარტიების უმრავლესობაა და საზოგადოებაზე დომინირებენ ისლამური შეიარაღებული ძალები, ათეისტები ძალიან რთულ ვითარებაში არიან.  ფაისალი, რომელიც მისდევს ერაყელი ათეისტების აქტივობებს სოციალურ ქსელში, აცხადებს, რომ ის აშკარად ხედავს, თუ როგორ იზრდება ათეისტების რიცხვი ერაყის სხვადასხვა ნაწილში. ფაისალმა დააარსა ორგანიზაცია „Ideas Beyond Borders”, რომელიც იცავს ერაყელ ათეისტებს და ეხმარება მათ საკუთარი უფლებების დაცვაში.

შევიწროებისა და მუქარების გამო, ბევრი ათეისტი იძულებული გახდა დაეტოვებინა ერაყი. ბაღდადელი ათეისტი ჯამალ ალ-ბაჰადლი, რომელიც სოციალური ქსელის საშუალებით, ხმამაღლა აცხადებდა საკუთარ შეხედულებებს, გახდა შიიტი შეიარაღებული დაჯგუფებების მხრიდან მუქარების ობიექტი, რის შედეგადაც, 2015 წელს იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა ერაყი და გერმანიაში  იმიგრირდა. ალ-მონიტორთან საუბარში, ბაჰადლიმ განაცხადა, რომ როგორც ათეისტი, ერაყში, მოკლებული იყო ყველაზე ძირითად სამოქალაქო უფლებებს და რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მას და მის თანამოაზრეებზე არ ვრცელდებოდა.

ისლამური მოძრაობის ლიდერები მუდმივად აცხადებენ, რომ ერაყში ათეისტების რიცხვი იზრდება.[3]

აშშ-ს რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო კომისიის (USCIRF) 2017 წლის ანგარიშში  ჩამოთვლილია 12 ქვეყანა, სადაც რელიგიური თავისუფლების დარღვევები მძიმეა, მაგრამ სრულად ვერ აკმაყოფილებენ „განსაკუთრებული ინტერესის ქვეშ მყოფი სახელმწიფოს“ – CPC (country of particular concern) სტანდარტს, აღნიშნულ 12 ქვეყანას შორის შეყვანილია ერაყიც. ანგარიშში ნათქვამია, რომ ზოგიერთი სახელმწიფო ცდილობდა რელიგიური თავისუფლების საკითხებისადმი რეაგირება მოეხდინა. მაგალითისთვის მოყვანილია ეგვიპტე და ერაყი, რომელთაგან ეგვიპტე 2011 წლიდან, ხოლო ერაყი 2008 წლიდან, შეყვანილი იყო CPC-ს კატეგორიის ქვეყნებში, რაც 2017 წელს შეიცვალა. ანგარიშის მიხედვით, მაშინ როცა ერაყის მთავრობა ცდილობდა რელიგიურ ნიადაგზე არსებული დაძაბულობის განეიტრალებას, ისლამური სახელმწიფო ახორციელებდა გენოციდს, რომელიც დაუნდობლად უსწორდებოდა ყველას, ვინც არ იზიარებდა მათ ექსტრემისტულ იდეოლოგიას.[4]

2017 წლის 17 მაისს, მედია საშუალება „Niqash“-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ ქალაქ ნაჯაფში მცხოვრები შიიტი სასულიერო პირის ჯაბერ ალ-მაჰმადავის განცხადებით, ბოლო თვეების განმავლობაში იმატა ახალგაზრდა ათეისტების რაოდენობამ, რომლებიც სოციალურ ქსელში გამოხატავენ თავიანთ შეხედულებებს და კამათობენ საზოგადოების სხვა წევრებთან, თუმცა, მისი თქმით, უმაღლესი რელიგიური ავტორიტეტი ალი ალ-სისტანი (შიიტი სასულიერო პირი, რომელსაც, მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით მიმდევარი ჰყავს) მტკიცედ უარყოფს ვინმეს მიმართ ძალის გამოყენებას მათი მოსაზრებების გამო. ამის მიუხედავად, არსებობენ სხვა სასულიერო პირები და რელიგიური დაჯგუფებები, რომლებიც აღვივებენ სიძულვილს და ძალადობას. ეს კი, ალ-მაჰმადავის თქმით, მიუღებელია.[5]

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, რელიგიის თავისუფლების შესახებ, ბოლოს გამოქვეყნებულ ანგარიშში, ერაყში, ათეისტების მდგომარეობის შესახებ,  არაფერია ნათქვამი.[6]

 

 

 

[1] The Baghdad Post: Iraq suffers from spread of atheism due to religious extremism, 11 January 2017, available at: http://www.thebaghdadpost.com/en/story/4938/Iraq-suffers-from-spread-of-atheism-due-to-religious-extremism (accessed 20 July 2017)

[2] Faisal al-Mutar: Iraqi College Student Kicked Out Of University For Defending The Rights For Atheists To Live, available at: http://www.faisalalmutar.com/2017/01/16/iraqi-college-student-kicked-out-of-university-for-defending-the-right-for-atheists-to-live/ (accessed 20 July 2017)

[3] Al-Monitor: Islamic parties intimidate, fear atheists in Iraq, 22 June 2017, available at: http://www.al-monitor.com/pulse/en/originals/2017/06/iraq-atheism-political-islam-human-rights.html (accessed 20 July 2017)

[4] USCIRF – U.S. Commission on International Religious Freedom: Annual report 2017, available at: http://www.uscirf.gov/news-room/press-releases/uscirf-releases-2017-annual-report (accessed 20 July 2017)

[5] Niqash: Going Against God: Iraq’s Religious Militias Push Back Against A Communist Revival, 17 May 2017, available at: http://www.niqash.org/en/articles/politics/5578/ (accessed 20 July 2017)

[6] USDOS-U.S. Department of State: 2015 Report on International Religious Freedom – Iraq, 10 August 2016, available at: https://www.state.gov/j/drl/rls/irf/2015/nea/256267.htm  (accessed 20 July 2017)