ქურთისტანი – კონვერტირებული ქრისტიანების მდგომარეობა – ივლისი, 2017

2012 წელს, ერაყის შესახებ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მიერ გაცემულ სახელმძღვანელო პრინციპებში აღნიშნულია, რომ ერაყის კონსტიტუცია აღიარებს, როგორც რელიგიის თავისუფლებას, ისე ისლამის პრინციპების დაცვას, რომელიც, ბევრი მუსლიმი მეცნიერის მიხედვით, ისლამიდან განდგომის შემთხვევაში, მოიცავს სიკვდილით დასჯას. ერაყის სისხლის სამართლის კანონმდებლობა არ კრძალავს ისლამიდან ქრისტიანობაზე (ან სხვა რელიგიაზე) კონვერტაციას, მაგრამ პირადი სტატუსის სამართალი იურიდიულად არ აღიარებს რელიგიის შეცვლას. ეს აშკარა წინააღმდეგობები ჯერ არ არის გამოცდილი სასამართლოს მიერ, რის გამოც, ისლამიდან კონვერტირების შემთხვევაში, პირის სამართლებრივი მდგომარეობა გაურკვეველია. კონვერტაციის შედეგად პირი შეიძლება წააწყდეს ისეთ სირთულეებს, როგორიცაა დოკუმენტების მიღება, დაქორწინება და ბავშვების ქრისტიანულ სკოლაში დარეგისტრირება.

ზოგადად გავრცელებული რელიგიური არა ტოლერანტობის გამო, მტრული განწყობაა მათ მიმართ, ვინც ისლამზე უარს ამბობს; შესაბამისად, მუსლიმი, რომელიც ქრისტიანობას მიიღებს, თავისი ოჯახიდან თუ თემიდან განდევნილი იქნება. ბევრ რელიგიურ და პოლიტიკურ ლიდერს კი სჯერა, რომ ისლამის  უარყოფა სიკვდილით ისჯება, მათ სწამთ, რომ ამგვარი მუსლიმების სიკვდილით დასჯა რელიგიური მოვალეობაცაა.

მაშინ როცა, ერაყში, არ არსებობს შარიათის სასამართლო, რომელიც სიკვდილით დასჯიდა ისლამიდან განდგომილებს, ინდივიდუალური პირები თავის თავზე იღებენ ინიციატივას და თავს ესხმიან კონვერტირებულ პირებს. ასევე გაუგებარია, თუ როგორ უმკლავდება ერაყის სამართლებრივი სისტემა მსგავს შემთხვევებს, რადგან ერაყის კონსტიტუცია და კანონები მოიცავენ ურთიერთსაწინააღმდეგო დებულებებს.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის 2014 წლის ინფორმაციით, პირადი სტატუსის სამართალი და რეგულაციები მუსლიმებს უკრძალავს სხვა რელიგიაზე გადასვლას და იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთმა მშობელმა მიიღო ისლამი, არასრულწლოვანი ბავშვი ავტომატურად გადადის ისლამზე. კონვერტაციის აღნიშნული  პოლიტიკის შედეგად, ერაყის ქურთისტანში, დაზარალდა რამდენიმე ქრისტიანი მარტოხელა მშობლისგან შემდგარი ოჯახი. ზოგიერთი მარტოხელა მშობელი თავის არასრულწლოვან შვილთან ერთად გაიქცა ქვეყნიდან, რათა არ მომხდარიყო ბავშვების კონვერტაცია.[1]

დანიის იმიგრაციის სამსახურის მიერ 2016 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც მოიცავს, 2015 წლის 26 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე პერიოდში, ქურთისტანის რეგიონის ქალაქ ერბილში განხორციელებულ ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშს, აღნიშნულია, რომ კონვერტაციის კუთხით კანონმდებლობა დისკრიმინაციული ხასიათისაა, ვინაიდან მუსლიმებს არ აქვთ უფლება შეიცვალონ რელიგია, თუმცა სხვა რელიგიიდან ისლამზე გადასვლა ნებადართულია. ანგარიშში ნათქვამია, რომ იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანები, კონვერტაციის გამო მოკლულნი იქნენ. როდესაც ფაქტების დამდგენმა მისიამ კონკრეტული მაგალითის შესახებ სხვადასხვა წყაროს დაუსვა კითხვა, მათ მოიყვანეს მღვდელი აბდულლაჰის მაგალითი, რომლის მოკვლაც უცხო პირებმა სამჯერ სცადეს და რომელიც, შემდეგში, დააკავა ასაიშმა (ქურთისტანის უსაფრთხოების ძალები). წყაროების თქმით, რამდენადაც მათთვის ცნობილია, საბოლოოდ, მღვდელი გაიქცა ევროპაში, რათა მოეთხოვა თავშესაფარი.

წყაროებმა ასევე განაცხადეს, რომ აღნიშნული საკითხი ძალიან აქტუალურია ერაყში, განსაკუთრებით კი, ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე, ვინაიდან ერაყის პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი, რომელიც „ეროვნული იდენტობის დამადასტურებელი მოწმობის კანონის“ ნაწილია და შერეულ ოჯახებში არსებულ ბავშვებს აიძულებს მიიღონ ისლამი.[2]

ამერიკული ახალი ამბების ვებგვერდის „CNSNews.com“-ის მიერ 2016 წლის 2 ნოემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში მოთხრობილია, კონვერტირებული ქურთი ქრისტიანი  ეკლესიის ლიდერის ამბავი, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ამჯობინა. „World Watch Monitor“-თან (მსოფლიოს მასშტაბით, აშუქებს იმ ქრისტიანების ამბებს, რომლებიც საკუთარი აღმსარებლობის გამო ზეწოლას განიცდიან) ინტერვიუში, ქრისტიანმა ეკლესიის ლიდერმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ საფრანგეთში, ლტოლვილთა ბანაკში ცხოვრებისას, მუსლიმების მხრიდან იღებდა მუქარებს, ისინი ეუბნებოდნენ: „შენ ქურთი ხარ და თან ქრისტიანი? გრცხვენოდეს! ალჟირელებს და მაროკოელებს ვეტყვით, რომ მოგკლან“.

ასევე, ცუდი იყო  კონვერტირებულთათვის ქურთისტანში ცხოვრება. მისი თქმით, ქრისტიანობის ქუჩაში ღიად ქადაგების გამო, იგი დააკავეს და სცემეს – „მეჩეთებში იმამები ჩემზე, მამაჩემზე და ჩემს პატარა ძმაზე, რომელიც ასევე ქრისტიანი გახდა, ლაპარაკობდნენ. იმამები, მეჩეთში ქადაგებისას, მიკროფონში ჩვენზე ამბობდნენ – ისინი ქაფირები (ურწმუნოები) არიან და უნდა მოკვდნენ – მამაჩემს [რომელიც მუსლიმია] ამის რცხვენოდა“. მისივე თქმით, იმამები მათ ისრაელის და ამერიკელების მონებად მოიხსენიებდნენ.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ქრისტიანი ეკლესიის ლიდერი საფრანგეთში დარჩენას არ აპირებს და თავშესაფარს, ამჟამად, ბრიტანეთში ითხოვს.[3]

2017 წლის 5 თებერვალს, ქურთული მედია საშუალება „Rudaw“-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ ქურთისტანის რეგიონში მცხოვრებმა ზოროასტრიზმის წარმომადგენლებმა, ისლამის ქურთი მქადაგებლის წინააღმდეგ, შეიტანეს ოფიციალური საჩივარი, რომელმაც, მათი თქმით, გასცა განკარგულება, რომ ისლამამდე არსებულ რელიგიებზე კონვერტირებული პირები უნდა იქნენ მოკლულნი, თუ რელიგიის შეცვლიდან რამდენიმე დღეში არ მოინანიებენ თავიანთ საქციელს. საინფორმაციო საშუალება BBC-ის სპარსულ ენოვან არხზე, მალა ჰასიბმა, რომლის მიმართაც შეტანილია აღნიშნული საჩივარი, ისაუბრა იმის თაობაზე, რომ ისლამურ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმდინარე ომის ფონზე, ზოგიერთი ქურთი ახალგაზრდა ტოვებს ისლამს და გადადის ზოროასტრიზმზე ან ქრისტიანობაზე. მისი თქმით, ისლამური სახელმწიფოს მიერ ისლამის ზოგიერთი მახასიათებლის გამოყენება არ ნიშნავს, რომ ის წარმოადგენს რელიგიას, ვინაიდან  იგი მოკლებულია სიბრძნეს. BBC-ის ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომ ასობით ქურთი მუსლიმი იცვლის რელიგიას და გადადის ან ქრისტიანობაზე, ან ზოროასტრიზმზე, ჰასიბი პასუხობს, რომ „ისლამური წესის მიხედვით, მათ აქვთ სამი დღე იმისთვის, რომ დაფიქრდნენ საკუთარ საქციელზე. თუ ისინი მოინანიებენ და უარყოფენ ახალ რელიგიას, კარგია, მაგრამ თუ არ დაუბრუნდებიან ისლამს, ისინი მიიჩნევიან სარწმუნოებიდან განდგომილებად და უნდა მოკლა. მათი სასჯელი, სიკვდილით დასჯაა“.

2015 წელს ქურთისტანის რეგიონმა მიიღო კანონი, რომელიც იცავს სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების უფლებებს და რომლის მიხედვითაც, რელიგიის მიმდევრებს აქვთ უფლება, გამოხატონ და შეასრულონ საკუთარი რელიგიური რიტუალები და ასევე, ააშენონ სალოცავები.

ქურთისტანის რელიგიურ საქმეთა სამინისტროს ზოროასტრების წარმომადგენლის ავათ ჰუსსამადდინ ტაიბის განცხადებით, სწორედ აღნიშნული კანონის მიღების გამო, ისინი თავისუფლად ასრულებენ საკუთარ რელიგიურ რიტუალებს და მათ არავისთვის შეუქმნიათ საფრთხე.

საჩივრის შეტანის შემდეგ, როგორც ტაიბმა განაცხადა, სულეიმანიაში გამართულ პრეს კონფერენციაზე, აღნიშნული კანონი არ მიემართება ერთი რელიგიიდან მეორე რელიგიაზე გადასვლის საკითხს. მიუხედავად ამისა, ქურთისტანის სასამართლოებში, არ დაფიქსირებულა რომელიმე პირის წინააღმდეგ, რელიგიის შეცვლის გამო, საქმის აღძვრის შემთხვევები.

ტაიბის განცხადებით, სწორედ სპარსულ ენოვან BBC-ზე მიცემული ინტერვიუს შემდეგ შეიტანა ჰასიბის წინააღმდეგ საჩივარი, თუმცა, მისივე თქმით, ჰასიბმა აღნიშნული მოსაზრება ბევრგან დააფიქსირა, მათ შორის მეჩეთებში ქადაგებისას და ქურთულ გაზეთებთან ინტერვიუებში. ტაიბის განცხადებით, ჰასიბის ნათქვამი იყო ტოლერანტობის და ქურთისტანში თანაარსებობის წინააღმდეგ მიმართული, რის გამოც, ქურთისტანის რელიგიურ საქმეთა სამინისტრომ მწუხარება გამოთქვა ისლამური მქადაგებლის მხრიდან მსგავსი კომენტარის გაკეთების გამო.

ტაიბი ითხოვს, რომ ჰასიბს ჩამოერთვას მეჩეთებში ქადაგების უფლება, მოიხადოს ბოდიში და შეეფარდოს სათანადო სასჯელი.[4]

საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების შესახებ აშშ-ს კომისიის (USCIRF) მიერ 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც ეხება 2016 წელს მიმდინარე მოვლენებს, აღნიშნულია, რომ ქურთისტანის რეგიონი, რელიგიის თავისუფლების კუთხით, უმცირესობებისთვის წარმოადგენს სამოთხეს. ქურთისტანის მთავრობამ უმცირესობებთან მიმართებაში გადადგა პოზიტიური ნაბიჯები, რამდენადაც მიიღო უმცირესობების უფლებების დაცვის შესახებ კანონი, რომელიც მიზნად ისახავს რელიგიის თავისუფლების დაცვას და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვას, ასევე, დანიშნა რელიგიური წარმომადგენლობები და სცადა, რელიგიური ნიშნით, პეშმერგას (ქურთული შეიარაღებული ძალების) გამრავალფეროვნება. ქურთისტანის კონსტიტუციის პროექტი მოიცავს შარიათს, როგორც კანონმდებლობის ერთ-ერთ წყაროს, მაგრამ, ერაყის კონსტიტუციისგან განსხვავებით, არ კრძალავს ისეთ კანონმდებლობას, რომელიც არღვევს ისლამს და აღიარებს არა მუსლიმთა უფლებებს. გარდა ამისა, ქურთისტანის პარლამენტის 111 წევრს შორის ხუთი ადგილი უკავია თურქმენებს, ხუთი ასირიელებს, ქალდეველებს და სირიელებს. რელიგიური უმცირესობების თქმით, მართალია ქურთისტანში არსებული კანონები არ არის აშკარად დისკრიმინაციული, თუმცა ისინი არ ავალდებულებენ უმცირესობების უფლებების დაცვას და სასამართლო სისტემა ქურთი მოსახლეობის სასარგებლოდ მოქმედებს.

ქრისტიანული თემი აღიარებს ქურთისტანის მიერ გაღებულ ძალისხმევას, რათა დაიცვას ისინი ისლამური სახელმწიფოსგან. ქურთისტანის მთავრობამ ქრისტიანულ თემს გამოუყო თანხა ეკლესიების ასაშენებლად, თუმცა აშენების ნებართვა ცენტრალური დასახლებებისგან მოშორებით მისცა. ასირიული თემის განცხადებით, ქალაქ დაჰუკში, ეთნიკურად ქურთების მხრიდან ადგილი ჰქონდა მათი კუთვნილი მიწების მითვისებას.[5]

USCIRF-ის ანგარიშში, ასევე, აღნიშნულია, რომ ქურთულ ხელისუფლებას ადანაშაულებენ სადავო ტერიტორიებზე არსებული ეთნიკურად მრავალფეროვანი ტეროტორიების „ქურთიზაციის“ მცდელობაში.[6]

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ადამიანის უფლებების შესახებ 2016 წელს  გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2015 წლის ოქტომბერში ქვეყნის პარლამენტმა მიიღო „ეროვნული იდენტობის დამადასტურებელი მოწმობის კანონი“, რომელიც ძალაში თებერვალში შევიდა. კანონი უფლებას არ აძლევს არა მუსლიმებს, რომ თავად მოახდინონ საკუთარი ეთნიკური ჯგუფისადმი კუთვნილების იდენტიფიცირება და არც მუსლიმებს რთავს ნებას შეიცვალონ აღმსარებლობა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქურთისტანის ხელისუფლების მხრიდან, უმცირესობების მისამართით, ფიქსირდებოდა დისკრიმინაციის შემთხვევები, მათ შორის იყვნენ თურქმენები, არაბები, იეზიდები, შაბაკები და ქრისტიანები, აღნიშნულ ქმედებებს ადგილი ჰქონდა, როგორც სადავო ტერიტორიებზე, ისე ქურთისტანის რეგიონის სამ პროვინციაში.[7]

 

[1] UK Home Office: Country Information and Guidance Iraq: Religious minorities, August 2016 (available at ecoi.net)

 (accessed 27 July 2017)

[2] DIS – Danish Immigration Service: The Kurdistan Region of Iraq (KRI); Access, Possibility of Protection, Security and Humanitarian Situation; Report from fact finding mission to Erbil, the Kurdistan Region of Iraq (KRI) and Beirut, Lebanon, 26 September to 6 October 2015, 12 April 2016 (available at ecoi.net)

(accessed 28 July 2017)

[3] CNS News: Kurdish Christian Reports Receiving Death Threats from Muslims in a French Refugee Camp, 2 November 2016, available at: http://www.cnsnews.com/news/article/lauretta-brown/kurdish-christian-reports-receiving-death-threats-muslims-french-refugee (accessed 25 July 2017)

[4] Rudaw: Converts must die: Kurdistan’s Zoroastrians outraged by Islamic preacher, February 5 2017, available at: http://www.rudaw.net/english/kurdistan/050220171 (accessed 25 July 2017)

[5] United States Commission on International Religious Freedom, USCIRF Annual Report 2017 – Tier 2 countries – Iraq, 26 April 2017, available at: http://www.refworld.org/docid/59072f3d130.html [accessed 27 July 2017]

[6] USCIRF – U.S. Commission on International Religious Freedom: Annual report 2017, available at: http://www.uscirf.gov/news-room/press-releases/uscirf-releases-2017-annual-report (accessed 25 July 2017)

[7] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Iraq, 3 March 2017, available at: http://www.refworld.org/docid/58ec8a234.html [accessed 27 July 2017]