ირანი – კონვერტირებული ქრისტიანების მდგომარეობა – ივლისი, 2017

აშშ-ის საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების კომისია 2017 წლის ანგარიშში ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ირანის მოსახლეობა 80 მილიონზე მეტია. აქედან 99% არის მუსლიმი, მათ შორის 90% შიიტი და 9% სუნიტი; რელიგიური უმცირესობა ირანში მოსახლეობის 1 პროცენტს შეადგენს და მოიცავს იარსანებს (დაახლოებით 1 მილიონი), ბაჰაებს (300 ათასზე მეტი), სხვადასხვა ქრისტიანულ დენომინაციებს (დაახლოებით 300 ათასი), ზოროასტრებს (30-35 ათასი), ებრაელებს (20 ათასი) და საბეან-მანდეანებს (5-10 ათასი).

ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ სასტიკი ძალადობის სამიზნეები არიან რელიგიური უმცირესობები, განსაკუთრებით ბაჰაები, კონვერტირებული ქრისტიანები და სუნიტი მუსლიმები. 2016 წლის მაისში 4 კონვერტირებული ქრისტიანი დააპატიმრეს ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ბრალდებებით იმ საქმიანობისთვის, რასაც ისინი ეწეოდნენ საოჯახო ეკლესიებში. მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 2016 წლის დეკემბერში ისლამიდან კონვერტირებულ ქრისტიანს, რომელსაც 4 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, პატიმრობის ვადა გაუგრძელეს 6 თვით, რადგან სწორედ ამდენი ხნით ის მკურნალობდა სამედიცინო დაწესებულებაში და იმყოფებოდა საპატიმროს გარეთ.[1]

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი 2017 წლის 27 თებერვალს გამოქვეყნებულ ანგარიშში ქრისტიანებისა და კონვერტირებული ქრისტიანების შესახებ ირანში წერს, რომ შარიათის კანონი უკრძალავს მუსლიმებს სხვა რელიგიაზე კონვერტაციას და არ არის იმის შესაძლებლობა, რომ პირმა რელიგიური კუთვნილების ცვლილება დოკუმენტებში ასახოს.

ირანის ისლამური რესპუბლიკის კონსტიტუცია დაცულ რელიგიურ უმცირესობებად აღიარებს ებრაელებს, ზოროასტრიზმის მიმდევრებს და ქრისტიანობის ზოგიერთ დენომინაციას (ძირითადად მართლმადიდებელ ქრისტიანებს, რომლებიც ეთნიკურად სომხები ან ასირიელები არიან და თავს იკავებენ ქადაგებისგან. პროტესტანტები და ის ქრისტიანული დენომინაციები, რომლებიც მოწოდებული არიან ქადაგებისთვის და აქეზებენ კონვერტაციას, ამ ჯგუფში არ შედიან). აღნიშნულ უმცირესობებს თავიანთი რელიგიური მსახურების უფლება აქვთ. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს მხრიდან ადგილი აქვს დისკრიმინაციის ფაქტებს, რადგან ყველა კანონი და რეგულაცია დაფუძნებულია შიიტური ისლამის კრიტერიუმებზე. ძალიან ბევრი ქრისტიანისთვის სირთულეს წარმოადგენს თავისუფალი და ღია ცხოვრება ირანში. ასეთი სახის დისკრიმინაცია გავრცელებულია მთელი ირანის მასშტაბით.

ქრისტიანები, რომლებიც კონვერტირდნენ ისლამიდან, არიან სახელმწიფოს მხრიდან ზიანის მიყენების რისკის ქვეშ, რადგან აღნიშნული ჯგუფის წევრები მიიჩნევიან განდგომილებად, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია ირანში. შარიათის კანონი კრძალავს ისლამიდან სხვა რელიგიაზე კონვერტაციას და შეუძლებელია რელიგიური კუთვნილების შეცვლა პირად დოკუმენტებში. კონვერტირებული ქრისტიანები წარმოადგენენ ფიზიკური თავდასხმების სამიზნეს; ისინი არიან ძალადობის, თვალთვალის, დაკავების, დაპატიმრების და საპატიმროებში წამებისა და არასათანადო მოპყრობის ობიექტები. ისლამიდან კონვერტირებული ქრისტიანები არიან დევნის რეალური რისკის ქვეშ. კონვერტირებულები, რომლებიც არიან რელიგიური ოჯახებიდან, შესაძლოა პრობლემებს წააწყდნენ თავიანთი ოჯახის მხრიდან, თუ ოჯახი გაიგებს კონვერტაციის შესახებ. აღნიშნული კატეგორიისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ არასათანადო მოპყრობის შიში დაკავშირებულია ხელისუფლებასთან, გადაადგილება ქვეყნის სხვა რეგიონში არ წარმოადგენს ეფექტურ გამოსავალს.[2]

„Amnesty International“ 2016/2017 წლების ანგარიშში ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ რელიგიური უმცირესობების წევრები, მათ შორის ბაჰაები, სუფები, იარესანები, კონვერტირებული ქრისტიანები და სუნიტი მუსლიმები აწყდებიან დისკრიმინაციას საკანონმდებლო დონეზე და პრაქტიკაში განათლების, დასაქმებისა თუ რელიგიური მსახურების კუთხით. სახლის ეკლესიების რეიდებისას, ხელისუფლებამ დააპატიმრა ათობით კონვერტირებული ქრისტიანი, რომლებიც მშვიდობიანად იყვნენ შეკრებილები სალოცავად.[3]

„Freedom House“ 2017 წლის ანგარიშში ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ირანში მოსახლეობის უმრავლესობა შიიტი მუსლიმია. კონსტიტუცია რელიგიურ უმცირესობად აღიარებს მხოლოდ ზოროასტრებს, ებრაელებს და ქრისტიანების ზოგიერთ დენომინაციას. ანგარიშში ნათქვამია, რომ კონვერტირებული ქრისტიანების დარბევა გრძელდება. გასული წლების განმავლობაში რიგი არაოფიციალური სახლის ეკლესიებში მოეწყო რეიდები და მოხდა პასტორების დაკავება.[4]

„Human Rights Watch“ 2017 წლის ანგარიშში ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ მუსლიმური წარმომავლობის მქონე კონვერტირებული ქრისტიანები კვლავ წარმოადგენენ უსაფრთხოების ძალების სამიზნეს. ასევე მათ სამიზნეს წარმოადგენენ „სახლის ეკლესიები“, სადაც ხალხი სალოცავად იკრიბება.[5]

[1] United States Commission on International Religious Freedom, USCIRF Annual Report 2017 – Tier 1: USCIRF-recommended Countries of Particular Concern (CPC) – Iran, 26 April 2017, available at:

[accessed 12 July 2017]

[2] United Kingdom: Home Office, Country Policy and Information Note – Iran: Christians and Christian converts, 27 February 2017, Version 3.0, available at:

[accessed 12 July 2017]

[3] Amnesty International, Amnesty International Report 2016/17 – Iran, 22 February 2017, available at:

[accessed 12 July 2017]

[4] Freedom House, Freedom in the World 2017 – Iran, 15 April 2017, available at:

[accessed 12 July 2017]

[5] Human Rights Watch, World Report 2017 – Iran, 12 January 2017, available at:

[accessed 12 July 2017]