ეგვიპტე – კოპტი მქადაგებლების (პროზელიტები) მდგომარეობა – სექტემბერი, 2017

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში, მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების შესახებ, წერს, რომ ეგვიპტეში კონსტიტუციის თანახმად, ისლამი არის სახელმწიფო რელიგია, ხოლო შარიათის პრინციპები კანონმდებლობის ძირითადი წყარო. კონსტიტუცია კრძალავს რელიგიურ ნიადაგზე დისკრიმინაციას და ხელს უწყობს დანაშაულის მიმართ სიძულვილს. იგი რწმენის თავისუფლებას აღწერს, როგორც აბსოლუტურს, თუმცა ზღუდავს რელიგიური რიტუალების შესრულების თავისუფლებას და თაყვანისცემის ადგილებს მხოლოდ მუსლიმებისთვის, ქრისტიანებისთვის და იუდეველებისთვის აწესებს. კონსტიტუცია კრძალავს რელიგიურ ნიადაგზე დაფუძნებულ პოლიტიკურ აქტივობას ან პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებას.

მიუხედავად იმისა, რომ არც კონსტიტუცია და არც სამოქალაქო ან სისხლის სამართლის კოდექსი არ კრძალავს ისლამიდან განდგომას ან მუსლიმების პროზელიტიზმს და კანონი ინდივიდებს რთავს უფლებას, შეიცვალონ საკუთრი რელიგია, მთავრობა არ აღიარებს დაბადებით მუსლიმების ისლამიდან კონვერტაციას.

მთავრობამ, ზოგადად, ნება დართო უცხოელ რელიგიის მსახურებს ემსახურათ ქვეყანაში, თუმცა იმ პირობით, რომ არ დაიწყებდნენ მუსლიმთა პროზელიტიზმს. საზოგადოების წარმომადგენელთა განცხადებით, არამუსლიმი  უმცირესობები და უცხოელი რელიგიური მსახურები, ზოგადად, თავს იკავებდნენ მუსლიმთა პროზელიტიზმისგან, რათა თავიდან აერიდებინათ სამართლებრივი ჯარიმები და კანონგარეშე შედეგები, მომართული ხელისუფლებისა და ადგილობრივი საზოგადოების წევრების მხრიდან.[1]

2015 წლის 10 ივლისს, სამი ქრისტიანი მამაკაცი, მათ შორის ერთი 16 წლის, დაპატიმრებულ იქნენ ისლამის შეურაცხყოფის ბრალდებით, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი მათგანი არიგებდა ფლაერებს, რომელიც შეიცავდა ნაწყვეტს „მთაზე ქადაგებებიდან“. ადგილობრივი ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფებისა და პრესის ინფორმაციით, ზემოაღნიშნული სამი მამაკაციდან ერთ-ერთი, დააპატიმრა მუსლიმმა მამაკაცმა, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ერთ საათზე მეტი დროით ჩაკეტა მაღაზიაში და შემდეგ წაიყვანა პოლიციის განყოფილებაში. ახალგაზრდა მამაკაცმა თავის ორ ქრისტიან მეგობარს დაურეკა, რომლებიც მივიდნენ პოლიციაში და ისინიც მასთან ერთად დააკავეს. პრესის ინფორმაციით, სამივე მათგანი წარუდგინეს პროკურორებს „რელიგიური ცილისწამებისა და ახალი გზებით მუსლიმების პროზელიტიზმის“ ბრალდებით. 12 ივლისს, გირაოს სახით 10,000 ეგვიპტური ფუნტის ($1,250) გადახდის შემდეგ, სამივე პირი გაათავისუფლეს.

აშშ-ში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House, მსოფლიოში თავისუფლების შესახებ 2016 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშში (მიმოხილულია 2015 წლის მოვლენები) ეგვიპტის შესახებ წერს, რომ 2015 წლის მანძილზე გრძელდებოდა კოპტების შევიწროება, მათ შორის ფიზიკური შეურაცხყოფა, დაბომბვა და შენობების გადაწვა, ასევე, ეკლესიის მშენებლობის დაბლოკვა. აგრეთვე, ხორციელდებოდა ქრისტიანების დაკავება პროზელიტიზმის ბრალდებით.[2]

დიდი ბრიტანეთის საშინაო საქმეთა ოფისი 2017 წლის ივლისის ანგარიშში, ეგვიპტეში ქრისტიანების შესახებ წერს, რომ დიდი ბრიტანეთის უმაღლესმა ტრიბუნალმა დაადგინა, რომ „არსებობს მტკიცებულებები, რომლის თანახმადაც არსებობს ადგილები, სადაც კოპტი ქრისტიანები დადგებიან წამების ან ღირსების შემლახავი მოპყრობის რეალური რისკის ქვეშ, რაც გამოიწვევს კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას. ზოგადად ეს ადგილებია: ა) ტერიტორიები დიდი ქალაქების გარეთ; ბ) ადგილები, სადაც რადიკალ ისლამისტებს აქვთ მყარი პოზიციები და გ) სადაც, ბოლო დროს თავს დაესხნენ კოპტ ქრისტიანებსა და მათ ეკლესიებს, ბიზნესსა და საკუთრებას. ტრიბუნალის ხელთ არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მოცემულია რისკ-ჯგუფები, რომლებიც დევნის ან მესამე მუხლის დარღვევის რეალური რისკის ქვეშ ექცევიან, სულ მცირე საკუთარ საცხოვრებელ ტერიტორიაზე:

1) კოპტურ ქრისტიანობაზე კონვერტირებულები;

2) ადამიანები, რომლებიც ჩართულნი არიან იმ ეკლესიების მშენებლობაში, რეკონსტრუქციაში ან გარემონტებაში, რომლებზეც განხორციელდა თავდასხმა;

3) ისინი, ვინც ბრალდებულნი არიან პროზელიტიზმში და როდესაც ბრალდება სერიოზულია და არა შემთხვევითი;

4) ისინი, ვინც ბრალდებულნი არიან მუსლიმ ქალთან ფიზიკურ ან ემოციურ კავშირში, როდესაც ბრალდება არის სერიოზული და არა შემთხვევითი.

ზოგადად, კოპტი ქრისტიანი ქალები ეგვიპტეში დევნის ან ღირსების შემლახავი მოპყრობის რეალური რისკის ქვეშ არ არიან, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქალებისგან განსხვავებით, ისინი გარკვეულ სირთულეებს აწყდებიან, როგორიცაა იძულებითი გაუჩინარება და კონვერტაცია.[3]

 

[1] USDOS – US Department of State: 2016 Report on International Religious Freedom – Egypt, 15 August 2017 (available at ecoi.net)
http://www.ecoi.net/local_link/345218/476369_en.html  (accessed 07 September 2017)

[2] ACCORD – Austrian Centre for Country of Origin and Asylum Research and Documentation: Anfragebeantwortung zu Ägypten: Staatliche Repressionen im Falle einer Missionstätigkeit eines Kopten [a-9804-2 (9805)], 31 August 2016 (available at ecoi.net)
http://www.ecoi.net/local_link/329184/456638_en.html (accessed 07 September 2017)

[3] UK Home Office: Country Policy and Information Note Egypt: Christians, July 2017 (available at ecoi.net)

(accessed 7 September 2017)