კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა – ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარება და ქრისტიანების მდგომარეობა – ოქტომბერი, 2017

„Human Rights Watch“ – ის 2017 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2016 წლის განმავლობაში პოლიტიკურ ძალადობას და მთავრობის მხრიდან რეპრესიებს ინტენსიური ხასიათი ჰქონდა, ვინაიდან პრეზიდენტი ჯოზეფ კაბილა კონსტიტუციით გათვალისწინებული ორი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის (ვადა 2016 წლის 19 დეკემბერს ამოეწურა) და ფართოდ გავრცელებული პროტესტის მიუხედავად, კვლავ ინარჩუნებდა ძალაუფლებას. რამდენადაც, ხელისუფლებამ მიზანმიმართულად შეაჩერა არჩევნების ჩატარების გეგმა, მთავრობის ოფიციალური პირები და უსაფრთხოების ძალები აჩუმებდნენ, აშინებდნენ და ახშობდნენ კოალიციას, რომელიც მოითხოვდა სანდო და დროულ არჩევნებს.

ერთკვირიანი ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც კათოლიკური ეკლესიის შუამდგომლობით ხორციელდებოდა, მონაწილეები – კაბილას მმართველი კოალიცია, პოლიტიკური ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება, შეთანხმდნენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 2017 წლის დასასრულამდე ჩატარდებოდა, თუმცა იმ პირობით, რომ კაბილა კენჭს არ იყრიდა მესამე ვადით არჩევაზე და კონსტიტუციაში არ შეიტანდნენ ცვლილებებს, შესაბამისად არ ჩატარდებოდა რეფერენდუმი. მიუხედავად ამისა, შეთანხმებაზე ხელმომწერი მხარეები არ შეთანხმებულან აღნიშნული გეგმის განხორციელების დეტალურ თარიღებზე, ხოლო თავად კაბილას ხელი არ მოუწერია შეთანხმებაზე. ასევე, ბუნდოვანი დარჩა რეპრესიების აღმოფხვრის საკითხიც.

აღმოსავლეთ კონგოში, უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება კვლავ არასტაბილური იყო, ვინაიდან უამრავი შეიარაღებული ჯგუფი და ზოგ შემთხვევაში მთავრობის უსაფრთხოების ძალები, სასტიკად ესხმოდნენ თავს მშვიდობიან მოსახლეობას.

მთავრობის წარმომადგენლებმა და უსაფრთხოების ძალებმა ბევრჯერ აკრძალეს ოპოზიციის დემონსტრაციები, გაუშვეს ცრემლსადენი გაზი და აქციის მშვიდობიან მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს, ასევე, დახურეს მედია საშუალებები და ოპოზიციის ლიდერებს არ აძლევდნენ თავისუფალი გადაადგილების საშუალებას.

100-ზე მეტი მხარდამჭერი აქტივისტი და ოპოზიციის ლიდერი იქნა თვითნებურად დაკავებული 2016 წლის იანვარსა და დეკემბრის შუალედში, რომლებიც სულ მცირე 48 საათის განმავლობაში იყვნენ დაკავებულები. ზოგიერთი მათგანი კვირებისა და თვეების მანძილზე, „ინკომუნიკადო“ პატიმრობაში იმყოფებოდა და ცუდად ეპყრობოდნენ, ზოგს კი „შეკერილი“ ბრალდებების საფუძველზე უტარდებოდა სასამართლო პროცესები. ანგარიშის წერის მომენტისთვის, სულ მცირე 35 აქტივისტი და პოლიტიკური პატიმარი რჩებოდა დაკავების იზოლატორში.[1]

„Amnesty International“-ის 2016-2017 წლების ანგარიშში საუბარია პრეზიდენტ კაბილას საპრეზიდენტო მანდატის ამოწურვასთან დაკვშირებით დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებზე, რის გამოც საანგარიშო პერიოდი, ქვეყანაში, პოლიტიკურ არეულობით ხასიათდებოდა. დემონსტრაციებზე, უსაფრთხოების ძალების მხრიდან, ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას, ასევე, აზრის გამოხატვის, გაერთიანების და თავისუფალი შეკრების უფლებების დარღვევის ფაქტებს. შეიარაღებული კონფლიქტი გრძელდებოდა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც შეიარაღებული დაჯგუფებების მხრიდან მშვიდობიან მოქალაქეებზე ხორციელდებოდა ძალადობდა, მათ შორის მკვლელობა, გატაცება, სექსუალური ძალადობა და ქონების ძარცვა. უსაფრთხოების ძალები ახორციელებდნენ თვითნებურ მკვლელობებს და არღვევდნენ სხვა სახის ადამიანის უფლებებს. ვერც შეიარაღებულმა ძალებმა და ვერც გაეროს სამშვიდობო ძალებმა (MONUSCO) ვერ მოახერხეს მშვიდობიანი მოსახლეობის სათანადო დაცვა.

შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება

წლის განმავლობაში, ახალგაზრდული მოძრაობა „ბრძოლა ცვლილებისთვის“ (LUCHA) 11 აქტივისტი იქნა გასამართლებული დანაშაულისთვის, ვინაიდან ისინი მონაწილეობდნენ ან იყვნენ მშვიდობიანი საპროტესტო აქციის ორგანიზატორები. გარდა ამისა, LUCHA-ს და პროდემოკრატიული ახალგაზრდული მოძრაობა Filimbi-ის 100-ზე მეტი აქტივისტი იქნა დაკავებული მშვიდობიან საპროტესტო აქციამდე, აქციის მსვლელობისას, ან მის შემდეგ.

ხელისუფლებამ ასევე აკრძალა კერძო შეხვედრები, პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხების, მათ შორის არჩევნების, განსახილველად. სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური ოპოზიციის პარტიები, კონფერენციის, შეხვედრების ან სხვა სახის ღონისძიებების მოსაწყობად, ობიექტების დაქირავების კუთხით, აწყდებოდნენ სირთულეებს.

მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის ადამიანის უფლებებისა და იუსტიციის მინისტრი, დაიმუქრა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციის მარეგულირებელი კანონების შეზღუდული ინტერპრეტაციის ფარგლებში, დახურავდა ადამიანის უფლებების ორგანიზაციებს.

ძალის გადაჭარბებული გამოყენება

19 სექტემბერს, მეორე ვადის დასრულების შემდეგ პრეზიდენტ კაბილას წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციების დროს, დედაქალაქ კინშასაში, უსაფრთხოების ძალებმა მოკლეს ათობით ადამიანი. კაბილას წინააღმდეგ საპროტესტო აქციები განახლდა 19 და 20 დეკემბერს, რომლის დროსაც უსაფრთხოების ძალებმა, კინშასაში, ლუბუმბაში, ბომაში და მატადიში, მოკლეს ათობით ადამიანი, ხოლო ასობით პირი თვითნებურად დააკავეს, როგორც საპროტესტო აქციის მსვლელობისას, ისე მისი დასრულების შემდეგ.

ბარაკაში, ბენიში, იტურიში და კოლვეზიში, უსაფრთხოების ძალებმა ასევე მოკლეს ის მომიტინგეები, რომლებიც სხვა მოთხოვნების შემცველ დემონსტრაციებში იღებდნენ მონაწილეობას.

აზრის გამოხატვის თავისუფლება

ათობით ჟურნალისტი იქნა თვითნებურად დაკავებული. 19 და 20 სექტემბერს, სულ მცირე რვა, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი მედია საშუალების ჟურნალისტი დააკავეს, რომლებიც აშუქებდნენ საპროტესტო აქციებს. რამდენიმე მათგანს უსაფრთხოების ძალებმა მიაყენეს შეურაცხყოფა, გაძარცვეს და სცემეს.

ადამიანის უფლებათა დამცველები

ცნობილი ან ეჭვმიტანილი უსაფრთხოების აგენტების მიერ, მანიემას, ჩრდილოეთ კივუს და სამხრეთ კივუს პროვინციებში, სულ მცირე სამი ადამიანის უფლებათა დამცველი იქნა მოკლული. მანიემაში, ადამიანის უფლებათა დამცველის მკვლელობისთვის პოლიციის ოფიცერი იქნა მსჯავრდებული, რომელსაც სამუდამო პატიმრობა შეეფარდა, თუმცა გასაჩივრების შედეგად, სასჯელის ვადა 36 თვემდე შემცირდა.

ხელისუფლებისთვის განსაკუთრებულ სამიზნეებს ადამიანის უფლებათა დამცველები წარმოადგენდნენ, რომლებიც საჯაროდ აპროტესტებდნენ საპრეზიდენტო ვადებს ან დოკუმენტურად ადასტურებდნენ პოლიტიკურად მოტივირებულ ადამიანის უფლებათა დარღვევებს. საკუთარი აქტივობების შეწყვეტის გამო, ბევრი უფლებათა დამცველის მიმართ ხორციელდებოდა ზეწოლა და შეურაცხყოფა, ასევე ბევრი დაექვემდებარა თვითნებურ დაპატიმრებას.

თებერვალში, სამხრეთ კივუს მთავრობამ ადამიანის უფლებათა დამცველი პირების და ჟურნალისტების დაცვის მიზნით, გამოსცა განკარგულება. ეროვნულ დონეზე, გაერო, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული კომისია და ადამიანის უფლებათა დაცვის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობდა ადამიანის უფლებათა დამცველების დაცვის კანონპროექტზე, თუმცა ანგარიშის წერის მომენტისთვის აღნიშნული საკითხი პარლამენტში ჯერ კიდევ არ იყო განხილული.

ძალადობა ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ

კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რაიონებში, ასობით ქალი და გოგონა გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. დამნაშავეები იყვნენ ჯარისკაცები და სხვა სახელმწიფო მოხელეები, აგრეთვე შეიარაღებული დაჯგუფებების მებრძოლები, როგორებიც არიან რაია მუტომბოკი (კოალიციური ჯგუფები) და ჰუტუს მილიცია: FRPI და მაი-მაი ნიატურა.

ბავშვი ჯარისკაცები

ასობით ბავშვი იქნა რეკრუიტირებული შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ, მათ შორისაა FRPI, მაი-მაი ნიატურა, FDLR-ის გაერთიანებული ძალები და მისი ოფიციალური შეიარაღებული ფრთა „აბაკუნგუზის შეიარაღებული ძალები“ (FOCA), ასევე უდანაშაულოთა დაცვის პატრიოტული გაერთიანება (UDPI). ბავშვ ჯარისკაცებს იყენებდნენ როგორც მებრძოლებად, ასევე ამუშავებდნენ სამზარეულოში, ალაგებინებდნენ, აგროვებინებდნენ გადასახადებს და აზიდვინებდნენ ტვირთს.

დაუსჯელობა

ადამიანის უფლებების დარღვევისა და შეურაცხყოფის გამო, ძალიან მცირე რაოდენობის სახელმწიფო მოხელე (განსაკუთრებით მაღალი რანგის) ან შეიარაღებული ძალების მებრძოლი იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული. როგორც დაფინანსების, ისე სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ნაკლებობა, აღნიშნულ დანაშაულებზე ანგარიშვალდებულების კუთხით, წარმოადგენდა დაბრკოლებას.[2]

რელიგიური დემოგრაფია

აშშ-ს მთავრობის შეფასებით, ქვეყნის მთლიანი მოსახლეობა 81.3 მილიონ ადამიანს შეადგენს (2016 წლის ივლისის მონაცემები). ბოლო ეროვნული აღწერა განხორციელდა 1981 წელს და ბევრი არსებული დემოგრაფიული სტატისტიკა, შეფასებისა და სანდოობის კუთხით, განსხვავდება. პიუს კვლევითი ცენტრის მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობის 95,8% ქრისტიანია, 1.5% – მუსლიმი, ხოლო 1.8% -ს არ აქვს რელიგიური კუთვნილება (2010 წლის მონაცემები). ქრისტიანულ ჯგუფებს შორის, 48.1% პროტესტანტია, მათ შორისაა ევანგელისტი ქრისტიანები და მოციქულ სიმონ კიმბანგუს მეშვეობით დედამიწაზე იესო ქრისტეს ეკლესიის მიმდევრები (კიმბანგუისტები), ხოლო 47.3%-ს კათოლიკეები შეადგენენ. სხვა ქრისტიანულ ჯგუფებს წარმოადგენენ იეღოვას მოწმეები, უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია (მორმონები) და ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესია. მუსლიმი ლიდერების განცხადებით, მუსლიმების რაოდენობა დაახლოებით 5%-ს შეადგენს და არა 1,5%-ს, როგორც ეს პიუს ანგარიშშია აღნიშნული.

რელიგიური ჯგუფების უმრავლესობა მთელი ქვეყნის მასშტაბითაა წარმოდგენილი და ფართოთ გვხვდება, როგორც დიდ, ისე საშუალო სიდიდის ქალაქებში.

სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური თავისუფლებისადმი პატივისცემა

სამართლებრივი ჩარჩო

კონსტიტუცია კრძალავს რელიგიურ ნიადაგზე დისკრიმინაციას და იცავს რელიგიის თავისუფლებას და თაყვანისცემის უფლებას, რომელიც ექვემდებარება და შეესაბამება „კანონის, საზოგადოებრივი წესრიგის, საზოგადოებრივი მორალის და სხვების უფლებების დაცვას“.  კონსტიტუციის თანახმად, რელიგიის თავისუფლება არ შეიძლება გაუქმდეს მაშინაც კი, როდესაც მთავრობა აცხადებს საგანგებო მდგომარეობას ან ალყას. 

კანონი არეგულირებს რელიგიური ჯგუფების ჩამოყალიბების და მოქმედების წესებს. კანონის თანახმად, მთავრობას აქვს უფლება ლეგალურად აღიაროს, შეაჩეროს აღიარება ან დაშალოს რელიგიური ჯგუფები.

ხელისუფლების პრაქტიკა

გამომდინარე იქიდან, რომ ხდება რელიგიური და პოლიტიკური საკითხების გადაფარვა, რთულია ზოგიერთი ინციდენტის, როგორც მხოლოდ რელიგიურ ნიადაგზე განხორციელებული ფაქტის კატეგორიზაცია.

მარტში, ჩრდილოეთ კივუში, რელიგიური და ტომობრივი ლიდერების შეკრებაზე, FARDC-ის უნიფორმაში გამოწყობილმა ათობით შეიარაღებულმა კაცმა მოკლა კათოლიკე მღვდელი, რევ ვინსენტ მაჩოზი. მაჩოზი იყო ავგუსტინიანეს მიძინების  რელიგიური ორდერის წევრი და ხელმძღვანელობდა ვებ გვერდს, რომელიც აშუქებდა ეთნიკურად ნანდეს (ირა) ხალხის მიმართ ჩადენილ დანაშაულებებს. ოქტომბერში, ლუბუმბაში, შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს კიდევ ერთი კათოლიკე მღვდელი, რომელიც მანამდე მხარს უჭერდა საპრეზიდენტო ვადების შეზღუდვას და კონსტიტუციის დაცვისკენ მოუწოდებდა. ხელისუფლებამ დააკავა მკვლელობასთან კავშირის მქონე FARDC-ის ჯარისკაცები, თუმცა წლის ბოლოსთვის, არაფერი იყო ცნობილი მათი სტატუსის შესახებ. 19-20 სექტემბერს გამართულ მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე დააკავეს ორი კათოლიკე მღვდელი, მაგრამ რამდენიმე დღეში გაათავისუფლეს.

კათოლიკური ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენლის, რომლებიც საჯაროდ მოუწოდებდნენ მთავრობას შეესრულებინათ კონსტიტუციურად განსაზღვრული საარჩევნო ვადები, განცხადებით, მათ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და მთავრობის მხრიდან განხორციელებული ჩარევა განპირობებული იყო მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო.

ყველა ძირითადი რელიგიური მიმდინარეობის ლიდერის განცხადებით, მათი წევრები თავისუფლად ეწეოდნენ ღვთისმსახურებას და არც მთავრობის, და არც ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან არ განხორციელებულა რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია. საარჩევნო საკითხებზე არსებული დაძაბულობის გარდა, კათოლიკე, მუსლიმი, პროტესტანტი და კიმბანგუისტი რელიგიური ლიდერების განცხადებით, მათ კარგი ურთიერთობა აქვთ მთავრობასთან და საჯარო მომსახურების უზრუნველყოფის კუთხით, მთავრობა კვლავ ეყრდნობა რელიგიურ  ორგანიზაციებს, მაგალითად, როგორიცაა ქვეყნის მასშტაბით განათლების და ჯანდაცვის უზრუნველყოფა.[3]

 

[1] HRW – Human Rights Watch, Democratic Republic of Congo, events of 2016, available at: https://www.hrw.org/world-report/2017/country-chapters/democratic-republic-congo (accessed 9 October 2017)

[2] Amnesty International – Democratic Republic of the Congo 2016/2017, available at: https://www.amnesty.org/en/countries/africa/democratic-republic-of-the-congo/report-democratic-republic-of-the-congo/ (accessed 9 October 2017)

[3] United States Department of State, 2016 Report on International Religious Freedom – Democratic Republic of the Congo, 15 August 2017, available at: http://www.refworld.org/docid/59b7d8bb11.html [accessed 9 October 2017]