დაიჯესტი – მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა – 8-15 ოქტომბერი, 2017

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ავღანეთში მისიის მნიშვნელოვნად შემცირებას გეგმავს – ორგანიზაციამ თანამშრომლების რაოდენობის შემცირება მისიაზე გახშირებული თავდასხმების გამო გადაწყვიტა. მიმდინარე წელს ავღანეთში განხორციელებული თავდასხმების შედეგად „წითელი ჯვრის“ შვიდი თანამშრომელი დაიღუპა. „ჩვენ სხვა არჩევანი არ გვრჩება, გარდა ავღანეთში ჩვენი მისიის მნიშვნელოვნად შემცირებისა“, – განაცხადა ავღანეთში „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ დელეგაციის ხელმძღვანელმა მონიკა ზანარელიმ.[1]

ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ არასრულწლოვან მეუღლესთან ინტიმური კავშირი გაუპატიურების ბრალდებას გაუთანაბრა – არასრუწლოვან ცოლს საჩივრის დაწერა ერთი წლის განმავლობაში შეუძლია. მანამდე, არსებული ზღვარი კი, რომელიც 15 წლით განისაზღვრებოდა, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო. ქვეყანაში, სადაც ქორწინებაში 23 მილიონი არასრულწლოვანი გოგონა იმყოფება, სასამართლო დადგენილება მოწინააღმდეგე ჯგუფებს არამიზნობრივად მიაჩნიათ. ინდოეთი ერთ-ერთია სამხრეთ აზიისა და აფრიკის მრავალრიცხოვანი ქვეყნებიდან, სადაც მცირეწლოვანთა ქორწინება ნორმად ითვლება და რთული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობით არის განპირობებული.[2]

ალიბებმა კანადელი ტყვეები გაათავისუფლეს – ხუთწლიანი ტყვეობის შემდეგ კანადელი ცოლ-ქმარი ჯოშუა ბოილი და კეტლინ კოლმანი ტერორისტულმა ორგანიზაცია „თალიბანმა“ გაათავისუფლა. წყვილი ტერორისტებმა 2012 წელს პაკისტანში დაატყვევეს. 34 წლის ჯოშუა ბოილს და 31 წლის კეტლინ კოლმანს ტყვეობაში სამი შვილი შეეძინათ. მათი გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები კანადისა და პაკისტანის მთავრობებს შორის წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. კანადის სპეცსამსახურმა პაკისტანის დაზვერვას კანადის მოქალაქეების გათავისუფლების შესახებ თალიბებთან შუამავლობა სთხოვა. მოლაპარაკებებში აქტიურად მონაწილეობდა ამერიკის შეერთებული შტატები. დონალ ტრამპის ადმინისტრაციამ ოფიციალურ ისლამაბადს არაერთხელ მოუწოდა, კანადის მოქალაქეების გასათავისუფლებლად ძალისხმევა არ დაეშურათ. კანადის მთავრობამ დაადასტურა, რომ წყვილი სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ტყვეობიდან გათავისუფლებულია.[3]

სომალის დედაქალაქ მოგადიშუში მომხდარ ტერაქტს 300 ადამიანზე მეტი ემსხვერპლა – დანაღმული სატვირთო ავტომობილი ხალხით სავსე ქუჩაზე შევარდა და სასტუმრო „საფარის“ მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქდა. თავდაპირველად 20 დაღუპულისა და 15 დაშავებულის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, თუმცა საბოლოოდ დაღუპულთა რაოდენობამ 300-ს გადააჭარბა; გარდა ამისა, მძიმედ დაშავდა ასობით ადამიანი. მომხდართან დაკავშირებით, ქვეყნის პრეზიდენტმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.[4]

სირიის არმიამ ქალაქ ელ-მაიადინში გამაგრებული ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები ალყაში მოაქცია – სირიელმა ჯარისკაცებმა მდინარე ევფრატის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე დასახლება მარატ ელ-ფაუკანი აიღეს. შესაბამისად, სამხედროებმა ელ-მაიადინში გამაგრებული ტერორისტები ალყაში მოაქციეს. ელ-მაიადინი, პროვინცია დეი-ელ-ზორის ცენტრალური ნაწილიდან 45 კილომეტრშია განლაგებული და ტერორისტული დაჯგუფების წევრებისთვის მნიშნელოვან სტრატეგიულ პუნქტს წარმოადგენს. აღნიშნული ქალაქი ერაყის საზღვრის სიახლოვეს არის განლაგებული. პარალელურად, თურქეთის შეიარაღებული ძალები სირიის ქალაქ იდლიბში შევიდნენ. 7 ოქტომბერს თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში სირიელ მეამბოხეებთან ერთად იდლიბის პროვინციაში გამაგრებული ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ სპეცოპერაციას დაიწყებს.[5]

რაქაში 100-მდე ჯიჰადისტი საერთაშორისო კოალიციას ჩაბარდა – „წინ დიდი და გადამწყვეტი ბრძოლა გველოდება, თუმცა ეს ბრძოლა იქნება მთავარი დარტყმა ისლამურ სახელმწიფოზე. რაქას აღება დაწყებულია, 100 ჯიჰადისტი საკუთარი ნებით ჩაგვბარდა“, – განაცხადა საერთაშორისო კოალიციის პრესსპიკერმა. სირიის დემოკრატიული ძალები და ხალხის დამცველთა ერთობა (Yekîneyên Parastina Gel) ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს თვითგამოცხადებულ დედაქალაქში უკვე შევიდნენ. ისინი ქურთ მებრძოლებთან ერთად ქალაქის შემოგარენში არიან გამაგრებულები. სირიელი ქურთების მიერ ფორმირებული, – ქურთისტანის უმაღლესი კომიტეტის სამხედრო ფრთა ხალხის დამცველთა ერთობა აცხადეს, რომ ახლო მომავალში რაქას აღება და თვითგამოცხადებული ისლამური სახელწმიფოს დამარცხება, გარდაუვალია.[6]

ტერორი

[1] Reuters; International Red Cross to “drastically” cut Afghan operations after attacks; Josh Smith; October 9, 2017; available at: https://www.reuters.com/article/us-afghanistan-icrc/international-red-cross-to-drastically-cut-afghan-operations-after-attacks-idUSKBN1CE0AG?il=0

[2] The Guardian; Sex with underage wife is rape, Indian supreme court rules; Michael Safi; October 11, 2017; available at: https://www.theguardian.com/world/2017/oct/11/sex-with-underage-wife-is-indian-supreme-court-rules

[3] CNN; Freed Taliban hostage family arrives home in Canada; Adeel Raja; October 14, 2017; available at: http://edition.cnn.com/2017/10/13/asia/taliban-family-freed-london-canada/index.html

[4] The Guardian; Mogadishu truck bomb: 500 casualties in Somalia’s worst terrorist attack; Jason Burke; October 16, 2017; available at: https://www.theguardian.com/world/2017/oct/15/truck-bomb-mogadishu-kills-people-somalia

[5] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; სირიის არმიამ ქალაქ ელ-მაიადანში გამაგრებული ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები ალყაში მოაქცია; ლევან ახალაია; 8.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/182697.html

[6] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; აშშ – რაქაში 100-მდე ჯიჰადისტი საერთაშორისო კოალიციას ჩაბარდა; ქეთი თუთბერიძე; 14.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/183752.html