დაიჯესტი – მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა – 1-7 ნოემბერი, 2017

ბოლო 5 წლის განმავლობაში მსოფლიოში 530 ჟურნალისტი მოკლეს – 2006 წლიდან 11 წლის განმავლობაში კი მედიის 930 წარმომადგენელი მოკლეს. ამის შესახებ საუბარია UNESCO-ს ანგარიშში. უფლებადამცველი ორგანიზაციის „რეპორტორები საზღვრებს გარეშე“ მონაცემებით, 2017 წლის დასაწყისიდან დღემდე 47 ჟურნალისტი მოკლეს. ამასთან 10-დან 9 შემთხვევაში დამნაშავე დაუსჯელია.

ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე ე.წ სამოქალაქო ჟურნალისტები არიან, რომლებიც ბლოგებსა და სოციალურ ქსელში ინფორმაციებს ისეთი რეგიონებიდან ავრცელებენ, სადაც წასვლას ბევრი მედიასაშუალების წარმომადგენელი ვერ ბედავს. 2012 წლიდან ჟურანლისტებისთვის ყველაზე სახიფათო არაბული ქვეყნებია. პირველ რიგში კი სირია, ერაყი და იემენი, სადაც შეიარაღებული კონფლიქტები მიმდინარეობს.[1]

ერაყის ქურთისტანში 183 ათასზე მეტი ადამიანი დევნილად იქცა – ოფიციალური ბაღდადის მიერ ერაყის ქურთისტანზე კონტროლის მოსაპოვებლად დაწყებული სპეცოპერაციის შემდეგ, მიგრაციის მაღალი დონე დაფიქსრიდა ერბილის რეგიონში (80 802 ადამიანი), სულეიმანიასა (46 734 ადამიანი) და დაჰუკში (17 154 ადამიანი).

ერაყის ქურთისტანის პარლამენტმა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, რომელიც 1 ნოემბერს უნდა გამართულიყო, 8 თვით გადადო. არჩევნების გადადების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატები არ დარეგისტრირებულან.

25 სექტემბერს ერაყელმა ქურთებმა რეფერენდუმზე დამოუკიდებლობას მისცეს ხმა. ამ ფაქტის გამო ერაყის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერს ქურთების მიერ კონტროლირებად პროვინციაში არმიის შეყვანა მოსთხოვა. ერაყი რეფერენდუმის შედეგებს არ ცნობს და მის გაუქმებას მოითხოვს.[2]

ნიუ-იორკში მიმხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო – 31 ოქტომბერს, ნიუ-იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრთან ახლოს, ტერაქტი მოხდა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 8 ადამიანი. ნიუ-იორკში ტერაქტი საიფულო საიპოვმა მოაწყო. ის წარმოშობით უზბეკეთიდანაა. მას ბრალდება უკვე წაუყენეს. 

29 წლის საიპოვი აშშ-ში 2010 წელს ჩავიდა. ბოლო დროს ის ცხოვრობდა ფლორიდის ქალაქ ტამპში. დაკავებისას მას აღმოაჩნდა ამ შტატის ავტომობილის მართვის მოწმობა. მან საგანგებოდ მიმართა თავისი სატვირთო მანქანა სასკოლო ავტობუსისკენ, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები ისხდნენ. ავტობუსში ორი უფროსი ადამიანი და ორიც ბავშვი დაშავდა. მათგან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. საიფულო საიპოვი პოლიციამ დაჭრა. მას სასიკვდილო განაჩენი ემუქრება.[3]

„ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებადი უკანასკნელი ქალაქი სირიის ჯარმა აიღო – ქალაქ დეირ ერ ზორს ისლამისტები 2014 წლიდან აკონტროლებდნენ. სამხედრო ოპერაციაში ჩართული იყო როგორც სირიის სამთავრობო ჯარი, ისე რუსული სამხედრო ავიაციაც. ეს ქალაქი სირიაში დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს ბოლო დასაყრდენი იყო. ამ დროისთვის ქალაქის ქუჩებში სირიის სახელისუფლებო არმიის ჯარისკაცები პატრულირებენ.[4]

იემენში ზედიზედ ორი ტერაქტი მოხდა – იემენის სამხრეთში ქალაქ ადენაში ორი ტერაქტი მოხდა. მედიის ცნობით, თვითმკვლელმა ტერორისტმა პოლიციის სამძებრო განყოფილების ადმინისტრაციულ განყოფილებაში შეაღწია და თავი აიფეთქა. შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ცოტა ხნით ადრე კი ქალაქის უსაფრთხოების სამსახურშიც მოხდა ტერაქტი. იქაც თავი ტერორისტმა აიფეთქა, რა დროსაც ხუთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. იემენში სამხედრო-პოლიტიკური კონფლიქტი 2014 წლიდან გრძელდება. საერთაშორისო ორგანიზაციების მცდელობა კონფლიქტი დაარეგულირონ, ამ დრომდე უშედეგოა.[5]

რაბულმა კოალიციამ იემენში ყველა პორტის დახურვა გადაწყვიტა – არაბულმა კოალიციამ, საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით ერ-რიადის მიმართულებით რაკეტის გაშვების გამო დახურა იემენის ყველა აეროპორტი, სახმელეთო და საზღვაო პორტები. „ეს ზომები მიღებული იქნება ჰუმანიტარული ტვირთის გადატანის აუცილებლობის შესაბამისად,“ – ნათქვამია განცხადებაში. 5 ნოემბერს საუდის არაბეთმა იემენიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა ერ-რიადის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეში გაანეიტრალა. გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტა „შეზღუდული ზომის“ იყო და არანაირი ზიანი არ გამოუწვევია.

იემენში ყველა აეროპორტის, სახმელეთო და საზღვაო პორტების დახურვაზე არაბული კოალიციის გადაწყვეტილებამ გაეროს იემენის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებაზე პრობლემები შეუქმნა. ამის შესახებ გაეროს მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფარჰან ჰაკმა განაცხადა. მისი თქმით, იემენში გაეროს მიერ გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთის ორი რეისი დროებით შეფერხდა.[6]

საუდის არაბეთში დაკავებულ პრინცებს მექრთაეობის, გაფლანგვის, ფულის გათეთრების და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდება წაუყენეს – ოფიციალურად აღნიშნული ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა. პრინც ალ ვალიდ ბინ ტალალას, რომელიც ფორბსის მდიდარი ადამიანების რეიტინგში 45-ე ადგილზეა, მექრთამეობაში, გამოძალვასა და ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ. ყოფილი მეფის აბდალას შვილი გაფლაგვაში და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაშია ეჭვმიტანილი. ერ-რიადის ყოფილი გუბერნატორის, პრინც თურქის მიმართ კი ბრალდებად მეტროპოლიტენის მშენებლობის საქმეში კორუფციული გარიგებებია წამოყენებული. ფინანსთა ყოფილი მინისტრი იბრაჰიმ ალ-ასაფი მექაში მეჩეთის გაფართოების საქმეში გაფლანგვაშია ეჭვმიტანილი. საუდის არაბეთში კორუფციის ბრალდებით 11 პრინცი დააკავეს. საუდის არაბეთის მეფემ სალმან ბინ აბდალ აზიზ ალ საუდმა განაცხადა, რომ სამეფოში მასშტაბური ანტიკორუფციული კამპანია მიმდინარეობს.[7]

[1] Georgia Today; 530 Journalists Killed Worldwide in 2012-2016; Thea Morrison; 3 November, 2017; available at: http://georgiatoday.ge/news/8064/530-Journalists-Killed-Worldwide-in-2012-2016-

[2] იმედის ახალი ამბები; ერაყის ქურთისტანში 183 ათასზე მეტი ადამიანი დევნილად იქცა; 2 ნოემბერი, 2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/34204/erakis-qurtistanshi-183-atasze-meti-adamiani-devnilad-iqtsa

[3] Independent; Isis claims responsibility for New York terror attack that killed eight people; Lizzie Dearden; 3 November 2017; available at: http://www.independent.co.uk/news/world/americas/isis-new-york-attack-responsibility-claim-terrorism-killed-people-victims-truck-sayfullo-saipov-a8030881.html

[4] CNN; ISIS ousted from last major city in Syria, state media reports; By Hamdi Alkhshali, Frederik pleitgen and Laura Smith-Spark; 3 November, 2017; available at: http://edition.cnn.com/2017/11/03/middleeast/syria-isis-deir-ezzor/index.html

[5] Al Arabiya; Suicide car bomber kills at least five Yemeni soldiers in Aden; 5 November, 2017; available at: https://english.alarabiya.net/en/News/gulf/2017/11/05/Suicide-car-bomber-kills-at-least-five-Yemeni-soldiers-in-Aden.html

[6] Arab News; Saudi-led Coalition closes land, sea and air ports in Yemen to stop Iranian arms smuggling; 6 November, 2017; available at: http://www.arabnews.com/node/1189056/saudi-arabia

[7] Reuters; Saudi princes accused of bribery, embezzlement, money laundering; 6 November, 2017; available at: https://www.reuters.com/article/us-saudi-arrests-accusations/saudi-princes-accused-of-bribery-embezzlement-money-laundering-official-idUSKBN1D516P?il=0