ავღანეთი. ქაბულში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. ნოემბერი, 2017

ქალაქი ქაბული, 14 სხვა რაიონთან ერთად, ქაბულის პროვინციის ცალკე რაიონია. გამომდინარე იქიდან, რომ ქაბულში თავმოყრილია სამთავრობო შენობები, საერთაშორისო ორგანიზაციები, დიპლომატიური წარმომადგენლობები, საერთაშორისო და ადგილობრივი უსაფრთხოების ძალები, ქალაქს, ავღანეთის სხვა პროვინციებთან და რაიონებთან შედარებით, განსხვავებული სახის უსაფრთხოება აქვს.

ქაბული გაცილებით უფრო დიდი და მზარდი ქალაქია ავღანეთში. დაბრუნებული მოსახლეობის, იძულებით გადაადგილებული პირებისა და ეკონომიკური მიგრანტების რიცხვი სწრაფი ტემპით გაიზარდა ქაბულში. გაეროს ჰუმანიტარული კოორდინაციის ოფისის (UN OCHA) 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, ქაბულის მოსახლეობა 3,678,034 პირს შეადგენდა. სხვა მონაცემებით კი, მოსახლეობის რიცხვი 7 მილიონამდეც ადის. ქაბულის პროვინციის სამი მეოთხედი ქალაქ ქაბულში ცხოვრობს.

ქალაქი ქაბული იყოფა 17 რაიონად, რომლებიც მოიხსენიება 1-17 რაიონებად. UN OCHA-ს მიერ 2016 წლის 4 იანვარს გამოქვეყნებული რუკის მიხედვით, ქალაქში 22 პოლიციის რაიონია მითითებული.

ქაბული ეთნიკურად მრავალფეროვანი ქალაქია, სადაც თითქმის ყველა ეთნიკური ჯგუფია წარმოდგენილი. პაშტუნები, ტაჯიკები, ჰაზარები, უზბეკები, თურქმენები, ბალუჩები, სიქები და ინდუსები, ყველა ერთ ქალაქში ცხოვრობს, თუმცა რომელიმე ჯგუფი გამოკვეთილად დომინანტური არ არის. რამდენადაც ადამიანები საცხოვრებლად ირჩევენ იმ ადგილებს, სადაც ნათესავები ყავთ, ან მათი ეთნიკური ჯგუფის უმრავლესობაა წარმოდგენილი, სხვადასხვა რაიონები ასოცირდება ამა თუ იმ ეთნიკურ ჯგუფთან.

ქ. ქაბულში არსებული კონფლიქტი და მასში მონაწილე მხარეები

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) 2016 წლის აპრილში გამოქვეყნებულ სახელმძღვანელო პრინციპებში აღნიშნავს, რომ ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებმა (ANSF), ზოგადად, დაამტკიცა, რომ აქვს უნარი, დაიცვას პროვინციის დედაქალაქები და ძირითადი ურბანული ცენტრები. გამონაკლისს წარმოადგენდა, 2015 წლის სექტემბერში, თალიბანის მიერ ყუნდუზის დროებითი დაკავება. მიუხედავად ამისა, ქაბულში ძალადობას რეგულარული ხასიათი აქვს, რომელთა ძირითადი სახეობებია „მაღალი რანგის პირებზე თავდასხმები“, „კომპლექსური თავდასხმები“ ან „თვითმკვლელ ტერორისტთა თავდასხმები“. ავღანეთში გაეროს დახმარების მისიის (UNAMA) განმარტებით, კომპლექსურ თავდასხმებში მოიაზრება მიზანმიმართული და კოორდინირებული თავდასხმები, რომელიც მოიცავს თვითმკვლელ მოწყობილობას, სადაც ერთზე მეტი თავდამსხმელია და ერთზე მეტი სახეობის მოწყობილობა. კომპლექსური თავდასხმის მოდელი თითქმის ყოველთვის ერთნაირია: ასაფეთქებელი მოწყობილობა, ხშირ შემთხვევაში ბომბი, მოთავსებულია ავტომობილში, რომელიც აფეთქების შემდეგ ქმნის შესასვლელს, რომლის გავლით ამბოხებულები  შერბიან ტერიტორიაზე და ANSF-თან აწარმოებენ ცეცხლსასროლი იარაღით შეტევას, რომელიც ხშირად ერთ საათამდე გრძელდება.

აღნიშნული თავდასხმების სამიზნეებს, ავღანეთის ხელისუფლებისა და უსაფრთხოების ძალების გარდა, წარმოადგენენ მაღალი რანგის საერთაშორისო ინსტიტუტები, როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო, მათ შორის დიპლომატიური პერსონალი და დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციები.

2015 წლის 1 სექტემბრიდან 2016 წლის 31 მაისამდე, ქალაქ ქაბულში ადგილი ჰქონდა 151 ინციდენტს. აღნიშნული ინციდენტები მოიცავდა შემდეგ სახეობებს:

ინდივიდებზე მიზანმიმართული თავდასხმები 21
შეიარაღებული დაპირისპირებები და საჰაერო თავდასხმები 18
აფეთქებები 50
უსაფრთხოების დამყარება 31
კონფლიქტთან კავშირში არ მქონე თავდასხმები 28
სხვა ინციდენტები 3
ინციდენტების საერთო რაოდენობა 151  [1]

უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების მიმოხილვა

2016 წლის განმავლობაში და 2017 წლის დასაწყისშიც უსაფრთხოების კუთხით არსებული ზოგადი მდგომარება კვლავ გაუარესებული იყო. გაეროს მონაცემებით, ადგილი ჰქონდა 23,712 ინციდენტს, რაც 2015 წელთან შედარებით, 5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო წლის მანძილზე დაფიქსირებულ ინციდენტებს შორის კი ყველაზე  მაღალი, რაც UNAMA-ს ოდესმე აღურიცხავს.[2]

2016 წლის მანძილზე, ავღანეთის რვა პროვინციიდან ხუთში გაიზარდა მსხვერპლის მაჩვენებელი. შეიარაღებულმა კონფლიქტმა ძირითადად დააზარალა ქვეყნის სამხრეთი რეგიონი. ცენტრალური რეგიონი კი რიგით მეორე იყო, სადაც ყველაზე მეტი მსხვერპლი დაფიქსირდა – სულ 2,348 სამოქალაქო მსხვერპლი (534 გარდაცვლილი და 1,814 დაჭრილი) – 2015 წელთან შედარებით, აღნიშნული წარმოადგენდა 34%-იან ზრდას, რაც განპირობებული იყო ქალაქ ქაბულში განხორციელებული თვითმკვლელი ტერორისტებისა და კომპლექსური თავდასხმების შედეგად. [3]

მთლიანობაში, 2017 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრამდე პერიოდში, UNAMA-მ დააფიქსირა 8,019 სამოქალაქო მსხვერპლი (2,640 გარდაცვლილი და 5,379 დაჭრილი). აღნიშნული მაჩვენებელი, სამოქალაქო მსხვერპლის კუთხით, 2016 წლის იმავე პერიოდის მონაცემებთან შედარებით, 6%-ით ნაკლები იყო. სამოქალაქო პირების სიკვდილიანობა 1%-ით გაიზარდა, ხოლო დაჭრილი მოქალაქეების რიცხვი კი 9%-ით შემცირდა. UNAMA მიესალმება დაჭრილთა რაოდენობის შემცირებას, თუმცა აღნიშნავს, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია.

UNAMA-ს მიხედვით, მხარეებს შორის არსებული დაპირისპირების შედეგად გამოწვეული სამოქალაქო მსხვერპლის რაოდენობა, 2016 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 15%-ით შემცირდა.[4]

უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება ქაბულში

2017 წლის ოქტომბერი

ავღანელი ოფიციალური პირების განცხადებით, სულ მცირე ოთხი ადამიანი გარდაიცვალა და 13 დაიჭრა ქაბულის ცენტრალურ ნაწილში მომხდარი თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების შედეგად. მედია საშუალება  BBC-თან საუბარში ქაბულის პოლიციის სპიკერმა განაცხადა, რომ თვითმკვლელი ტერორისტი დაახლოებით 12 ან 13 წლის მოზარდი იყო. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე. წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.[5]

ავღანელი ოფიციალური პირების განცხადებით, ქაბულში მომხდარი თვითმკვლელი ტერორისტული თავდასხმის დროს, სულ მცირე 15 სამხედრო კადეტი გარდაიცვალა.  სხვადასხვა მეამბოხე დაჯგუფების თავდასხმების შედეგად, ერთი კვირის განმავლობაში, 200-მდე პირი გარდაიცვალა. თავდაცვის სამინისტროს სპიკერის, დავლათ ვაზირის, განცხადებით, მარშალ ფაჰიმის სამხედრო აკადემიის კართან მომხდარი აფეთქების შედეგად, კიდევ ოთხი კადეტი დაიჭრა, როდესაც ისინი მიკროავტობუსით ტოვებდნენ ტერიტორიას. თვითმკვლელი ტერორისტი ფეხით მოსიარულე იყო. აღნიშნული თავდასხმა საკუთარ თავზე თალიბანმა აიღო.[6]

20 ოქტომბრის თავდასხმების სამიზნეს წარმოადგენდა დედაქალაქ ქაბულში არსებული შიიტური მეჩეთი და ღურის პროვინციის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სუნიტური მეჩეთი. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერის განცხადებით, ქაბულის თავდასხმას სულ მცირე 56 ადამიანი შეეწირა, ხოლო დედაქალაქის დაშთ-ე-ბარჩის რაიონის ნაწილში მდებარე იმამ ზამანის მეჩეთთან მომხდარი თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად, დაშავდა სულ მცირე 55 მლოცველი. ქაბულში განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.[7]

2017 წლის სექტემბერი

 ქაბულში, აშურას დღესასწაულის დადგომამდე, შიიტურ მეჩეთთან მომხდარი თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა სულ მცირე ხუთი და დაშავდა 20 ადამიანი. ქაბულის პოლიციის კრიმინალური საგამოძიებო სამსახურის დირექტორის განცხადებით, თავდამსხმელი მწყემსის ფორმაში იყო გადაცმული, რათა მეჩეთს მიახლოებოდა. თავდასხმის უკან ე. წ. ისლამური სახელმწიფო დგას.[8]

ოფიციალური პირების განცხადებით, დედაქალაქ ქაბულში აშშ-ს მიერ ამბოხებულების წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმისას სარაკეტო მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ. თავდასხმა ავღანელი არმიის მხარდასაჭერად ხორციელდებოდა, რათა ერთობლივად შეეტიათ მეამბოხეებისთვის. უცნობია, თუ რამდენი მოქალაქეა გარდაცვლილი ან დაჭრილი.[9]

ავღანელი ოფიციალური პირების განცხადებით, 24 სექტემბერს, სულ მცირე სამი მოქალქე დაიჭრა, როდესაც თვითმკვლელი ტერორისტი მანქანით დაესხა თავს ქაბულში, ნატოს საერთაშორისო მისიაში მონაწილე დანიის სამხედრო კოლონას. თალიბანის სპიკერის განცხადებით, აღნიშნული თავდასხმა თალიბანის მებრძოლმა განახორციელა, რომელის შედეგადაც 16-მდე აშშ-ს ჯარისკაცი იქნა მოკლული ან დაჭრილი.[10]

ავღანელი ოფიციალური პირების განცხადებით, დედაქალაქ ქაბულში, თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების შედეგად, რომელიც კრიკეტის სტადიონზე შესვლას ცდილობდა, სულ მცირე სამი ადამიანი გარდაიცვალა. პოლიციის თქმით, ქაბულის კრიკეტის საერთაშორისო სტადიონთან მომხდარი 13 სექტემბრის აფეთქების შედეგად, ასევე დაშავდა სულ მცირე შვიდი ადამიანი.[11]

2017 წლის აგვისტო

ავღანელი ოფიციალური პირების განცხადებით, ქაბულის ცენტრში მდებარე ბანკთან თავი აიფეთქა თვითმკვლელმა ტერორისტმა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 5 და დაიჭრა 8 ადამიანი. აღნიშნულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო, რომლის განცხადებითაც, მათ სამიზნეს ავღანეთის უსაფრთხოების ძალების თანამშრომლები წარმოადგენდნენ, რომლებსაც ხელფასები უნდა აეღოთ ბანკში.[12]

მეჩეთის ლიდერების განცხადებით, თვითმკვლელი ტერორისტები და შეიარაღებული პირები, რომელთაგან ზოგიერთი პოლიციის უნიფორმაში იყო გადაცმული, პარასკევის ლოცვისას თავს დაესხნენ ქაბულში მდებარე მეჩეთს, რის შედეგადაც გარდაიცვალა 40 და დაიჭრა 100-ზე მეტი პირი. მსხვერპლთა უმრავლესობა მეჩეთის მეორე სართულზე ჩაკეტილი ქალები იყვნენ.[13]

გადაადგილება

ქალაქი ქაბული მიმზიდველი რჩება დიდი რაოდენობით იძულებით გადაადგილებული პირებისთვის. 2016 წლის პირველი მეოთხედის მონაცემებით, 3,000 ოჯახმა  მოითხოვა დახმარება. 2016 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში 2,800 იძულებით გადაადგილებული პირი იქნა რეგისტრირებული ქაბულში.

ქაბულში, იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთო რიცხვი უცნობია. დევნილი მოსახლეობის განსხვავებული კატეგორიები არსებობს: ისინი, ვინც გამოექცნენ შეიარაღებულ კონფლიქტს და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას; სამშობლოში დაბრუნებულები, რომლებიც ვერ უბრუნდებიან თავიანთ წარმოშობის რაიონებს და ცხოვრობენ მეორადი გადაადგილების პირობებში და ისინი, ვინც გამოექცნენ ბუნებრივ კატასტროფას და მომთაბარეები, როგორებიც არიან კუჩი და ჯოგი. სამშობლოში დაბრუნებულთა 40% არ ან ვერ უბრუნდება თავისი წარმოშობის ადგილს. იძულებით გადაადგილებული პირები ქალაქის მოსახლეობისგან განცალკევებით არ ცხოვრობენ, არამედ, ხშირ შემთხვევაში, სხვა მოწყვლად ჯგუფებთან ერთად ცხოვრობენ, როგორებიც არიან ქალაქის ღარიბი მოსახლეობა, სამშობლოში დაბრუნებულები და ეკონომიკური მიგრანტები.

ავღანეთში არსებული კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირებს, ქალაქ ქაბულში მეზობელი ქვეყნებიდან დაბრუნებული ლტოლვილების დიდი ნაკადიც დაემატა, რამაც ქალაქში არსებული სერვისები შეზღუდა. ამასთანავე, უკანასკნელ წლებში, შემცირდა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან არსებული ჰუმანიტარული დახმარებებიც.[14]

ავღანეთში კონფლიქტის შედეგად იძულებითი გადაადგილების შესახებ OCHA-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის 19 ნოემბრის მონაცემებით,

ფაქტობრივი გადაადგილება, 2017 წლის 1 იანვრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით, შეადგენდა 343,958 პირს, რომელთაც კონფლიქტის შედეგად დატოვეს საცხოვრებელი სახლები. ანგარიშში ქაბული მოხსენიებული არ არის, როგორც კონფლიქტის შედეგად დევნილების წარმოშობის პროვინცია, არამედ მოხსენიებულია მხოლოდ, როგორც სხვა პროვინციებიდან დევნილთა მიმღები პროვინცია. 2017 წლის 1 იანვრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით, 6,205 პირი გადაადგილდა ქაბულში. იძულებით გადაადგილებულ პირებს მიაჩნიათ, რომ უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება ქაბულში უკეთესია. შესაბამისად, აღნიშნულის გამო გადაადგილდებიან დედაქალაქში.[15]

[1]EASO – EASO Country of Origin Information Report – Afghanistan, Security Situation, November 2016, available at:

(accessed 24 November, 2017)

[2] UNGA – UN General Assembly, The situation in Afghanistan and its implications for international peace and security, 3 March 2017, available at:

(accessed 24 November, 2017)

[3] UNAMA – UN Assistance Mission in Afghanistan, Annual Report 2016 on Protection of Civilians in Armed Conflict, Kabul, Afghanistan February 2017, p. 10-12 available at:

(accessed 24 November, 2017)

[4] UNAMA – UN Assistance Mission in Afghanistan, Quarterly Report on the Protection of Civilians in Armed Conflict: 1 January to 30 September 2017, p. 1-4, available at:

(accessed 24 November, 2017)

[5] BBC – Kabul Green Zone attacked by suicide bomber, 31 October 2017, available at: http://www.bbc.com/news/world-asia-41819850 (accessed 24 November, 2017)

[6] BBC – Military cadets killed in Kabul minibus suicide bombing, 21 October 2017, available at: http://www.bbc.com/news/world-asia-41708357 (accessed 24 November, 2017)

[7] RFE/RL – Radio Free Europe/Radio Liberty, At Least 72 Dead After Two Attacks On Mosques in Afghanistan, 20 October 2017, available at: https://www.ecoi.net/local_link/348066/479738_en.html (accessed 24 November, 2017)

[8] BBC – Suicide ‘shepherd’ bomber kills several people near Kabul mosque, 29 September 2017, available at: http://www.bbc.com/news/world-asia-41445289 (accessed 24 November, 2017)

[9] BBC – Kabul air strike: US attack causes civilian casualties, 27 September 2017, available at: http://www.bbc.com/news/world-asia-41422498 (accessed 24 November, 2017)

[10] RFE/RL – Radio Free Europe/Radio Liberty, Three Civilians Wounded By Kabul Suicide Attack On Danish Military Convoy, 24 September 2017, available at: https://www.ecoi.net/local_link/346979/478515_en.html (accessed 24 November, 2017)

[11] RFE/RL – Radio Free Europe/Radio Liberty, At Least Three Killed In Suicide Blast Outside Kabul Cricket Stadium, 13 September 2017, available at: https://www.ecoi.net/local_link/346596/478004_en.html (accessed 24 November, 2017)

[12] RFE/RL – Radio Free Europe/Radio Liberty, Suicide Bombing Kills Five At Bank In Kabul, 29 August 2017, available at: https://www.ecoi.net/local_link/345875/477168_en.html (accessed 24 November, 2017)

[13] REUTERS – Afghanistan’s Shi’ites call for protection after latest mosque attack, 26 august 2017, available at: http://news.trust.org/item/20170826094946-qqwqk/ (accessed 24 November, 2017)

[14] EASO – EASO Country of Origin Information Report – Afghanistan, Security Situation, November 2016, available at:

(accessed 24 November, 2017)

[15] OCHA – Afghanistan: Conflict Induced Displacement (as of 19 November 2017) actual displacement between 1 January 2017 and 14 November 2017, available at: https://www.humanitarianresponse.info/en/operations/afghanistan/idps (accessed 24 November, 2017)