დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 8-15 დეკემბერი, 2017

ათეისტებს მსოფლიოს 85 ქვეყანაში დევნიან – ევროპარლამენტში წარდგენილი ახალი ანგარიშის თანახმად, არარელიგიური ადამიანები მსოფლიოს 85 ქვეყანაში სასტიკ დისკრიმინაციას განიცდიან. ანგარიშის ავტორები (საერთაშორისო ჰუმანიტარული და ეთიკური კავშირი) აღნიშნავენ, რომ ამ ქვეყნებიდან ათეისტებს ყველაზე მეტად 30 სახელმწიფოში დევნიან. ხოლო ამ 30-დან 12-ში რელიგიის შეცვლა ან მასზე უარის თქმა სიკვდილით ისჯება. ანგარიშის თანახმად, არარელიგიური ადამიანებისთვის ყველაზე საშიში შემდეგი ქვეყნებია: ბანგლადეში, ბაჰრეინი, ბრუნეი, გამბია, ეგვიპტე, ინდონეზია, იორდანია, ერაყი, ირანი, იემენი, ყატარი, ჩინეთი, კომორის კუნძულები, ქუვეითი, ლიბია, მავრიტანია, მალაიზია, მალდივები, მაროკო, ნიგერია, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ჩრდილოეთ კორეა, სირია, სომალი, სუდანი, ერიტრეა და ეთიოპია. საერთაშორისო ჰუმანიტარული და ეთიკური კავშირის ანგარიში ქვეყნებს აფასებს 60 ნიშნით 4 სფეროში. ესენია: ხელისუფლება და უფლებები, განათლება, სოციალური ურთიერთქმედება და გამოხატვის თავისუფლება.[1]

ერაყი ისლამური სახელმწიფოსგან სრულად გათავისუფლდა – ერაყის შეიარაღებული ძალების თქმით, ქვეყანა ისლამური სახელმწიფოსგან სრულად გათავისუფლებულია. პრესკონფერენციაზე ერაყის პრემიერმინისტრმა ჰაიდერ ალ-აბადიმ განაცხადა, რომ სახელისუფლებო ძალებმა სირიასთან საზღვარზე კონტროლი დაამყარეს. „ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა სრული კონტროლი დაამყარეს ერაყ-სირიის საზღვარზე და ამით ჩვენ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ომს დასრულებულად ვაცხადებთ,“ – განაცხადა პრემიერმა. „ისლამურმა სახელმწიფომ“ ერაყის რეგიონები 2014 წელს დაიპყრო, მათ შორის ქვეყანაში სიდიდით მეორე ქალაქი მოსული. 2017 წელს მასშტაბური ოპერაციის შემდეგ მოსული გაათავისუფლეს, შემდეგ კი საომარი მოქმედებები ტერორისტების მიერ კონტროლირებად სხვა რეგიონებშიც გაგრძელდა.[2]

ერაყში ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ეჭვმიტანილები სიკვდილით დასაჯეს – ერაყის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 38 პირი სიკვდილით დასაჯეს. გამოცემის ცნობით, ამ დროისთვის ერაყის ციხეებში ათი ათასობით ადამიანი იმყოფება, რომლებსაც ისლამისტებთან კავშირში ადანაშაულებენ. ქვეყნის კანონის თანახმად, მათ სიკვდილით დასჯა ან სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ. ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა ერაყის „ისლამური სახელმწიფოსგან“ სრულად გათავისუფლების შესახებ განაცხადეს.[3]

სომალიში ტერაქტს 18 ადამიანი ემსხვერპლა – სომალის დედაქალაქ მოგადიშოში პოლიციის აკადემიაში მომხდარი ტერაქტის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა. პოლიციის ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო, რომელიც პოლიციის აკადემიის შენობაში აღლუმის დროს შევიდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „აშ-შაბაბმა“ აიღო.[4]

[1] იმედის ახალი ამბები; ანგარიში: ათეისტებს მსოფლიოს 85 ქვეყანაში დევნიან; 8 დეკემბერი, 2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/39221/angarishi-ateistebs-msoplios-85-qvekanashi-devnian

[2] Reuters; Iraq declares final victory over Islamic State; By Maher Chmaytelli, Ahmed Aboulenein; 9 December, 2017; available at: https://www.reuters.com/article/us-mideast-crisis-iraq-islamicstate/iraq-declares-final-victory-over-islamic-state-idUSKBN1E30B9?il=0

[3] Independent; Iraq executes 38 Isis suspects on terrorism charges; By Bethan McKernan; 14 December, 2017; available at: http://www.independent.co.uk/news/world/middle-east/iraq-death-penalty-executions-isis-a8110071.html

[4] Reuters; Suicide bomber kills at least 18 at police academy in Somalia’s capital; By Abdi Sheikh, Feisal Omar; 14 December, 2017; available at: https://www.reuters.com/article/us-somalia-security/suicide-bomber-kills-at-least-18-at-police-academy-in-somalias-capital-idUSKBN1E80GF?il=0