სომალი. უჯეჯენის ტომი; ტომთაშორისი ქორწინება. დეკემბერი, 2017

კანადის იმიგრაციისა და ლტოლვითა საბჭომ 2016 წლის ნოემბერში, უჯეჯენის ქვე-კლანის შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც აღწერილია ტომის წარმომავლობა, მისი მახასიათებლები და კლანებს შორის იერარქია.

სახელწოდების ვარიანტები

კანადის იმიგრაციისა და ლტოლვითა საბჭოს კვლევით დირექტორატთან კორესპონდენციისას, ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის განვითარების დაგეგმვის განყოფილების უფროსი ლექტორის – რომელმაც ჩაატარა კვლევა სომალიში პოლიტიკური დასახლებების განვითარების შესახებ – ინფორმაციით, სომალის კლანების სახელწოდებები ძალიან ცვლადია. უჯეჯენის ქვე-კლანის სახელის დაწერილობა შეიძლება იყოს შემდეგნაირი: Ujejen, Ujeedeen, Ujeejeen, Ujudeen, Ujejeen, Ujeien, Ujudayn, Ujujeen და სხვა.

ადგილი სომალის კლანის გენეალოგიაში

უჯეჯენი მიეკუთვნება ჰავიეს (Hawiye) კლანის ოჯახს. უფროსი ლექტორის განცხადებით, ჰავიე წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად კლანურ ოჯახს.

ლეიდენის უნივერსიტეტის აფრიკის კვლევების ცენტრის მკვლევრის, იან აბბინკის ნაშრომის – „სომალის კლანის საერთო გენეალოგია“ – მიხედვით, უჯეჯენის ქვე-კლანი არის გურგატეს (Gurgate, ასევე იწერება, როგორც Gorgate, Gorgarte, or Gorgaate) კლანის ნაწილი, რომელიც ბაჰ გირეის (Bah Girei) კლანის ნაწილია და რომელიც, თავის მხრივ, ჰავიეს კლანის ოჯახს მიეკუთვნება.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მიერ სომალის კლანების გენეალოგიის შესახებ, 2004 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში, უჯეჯენი მუდულოდის (Mudulod) კლანის ნაწილია, რომელიც თავის მხრივ გურგატეს ნაწილია, გურგატე კი ჰავიეს ნაწილი.

სომალიში UNHCR-ის საველე რეპატრიაციის ოფიცრის, გუიდო ამბროსოს, მიერ შედგენილი გენეალოგიის მიხედვით, უჯეჯენი მუდულოდის ქვეჯგუფია, რომელიც ჰირაბის (Hirab) ნაწილია, ჰირაბი კი ეკუთვნის მოჰამუდს (Mohamud), მოჰამუდი – გორგატეს, ხოლო გორგატე – ჰავიეს.

სომალის რეგიონის საკითხებზე სპეციალიზებული სომალის ანალიტიკოსის, განცხადებით, უჯეჯენი მუდულოდის კლანის და ჰირაბის შემადგენელი ნაწილია. მისივე თქმით, ჰირაბი ჰავიეს ყველაზე დიდ კლანს წარმოადგენს.

უფროსი ლექტორის განცხადებით, უჯეჯენი, ჰაბრ გიდირისთან (Habr Gidir, ასევე Habar Gidir) და აბგაალისთან (Abgaal, ასევე Abgal) ერთად, ჰავიეს ოჯახის გორგატეს შტოს ნაწილია. იმავე წყაროს ცნობით, უჯეჯენი მართალია არ არის განსაკუთრებულად ძლიერი ქვე-კლანი, თუმცა, ზოგადად, მიიჩნევა ჰავიეს კლანის ცენტრალურ ნაწილად და ამის გამო, საკუთარ ტერიტორიებზე საკმაო რეპუტაციით სარგებლობს.

დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაცია Saferworld-სთვის სომალის პროგრამის მრჩევლის ინფორმაციით, რომელიც საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით საუბრობს, აცხადებს, რომ უჯეჯენს მჭიდრო ეთნიკური კუთვნილება აქვს აბგალ-ჰავიეს კლანთან, რომელიც რიცხობრივად და გეოგრაფიულად ყველაზე დომინანტ კლანს წარმოადგენს მოგადიშუში.

განმასხვავებელი თვისებები და რაოდენობა

სომალის პროგრამის მრჩევლის განცხადებით, უჯეჯენის ტომის წარმომადგენლებს არ აქვთ რაიმე განსაკუთრებული თვისება, რაც მათ სომალის სხვა კლანებისგან გამოარჩევს. სხვა წყაროები მიუთითებენ, რომ უჯეჯენი შედარებით პატარა ქვე-კლანია. სომალის ანალიტიკოსის თქმით, ისინი პატარა ქვე-კლანს წარმოადგენენ იმ რეგიონში, სადაც ცხოვრობენ. ინფორმაცია უჯეჯენის ტომის წევრების ზუსტ რაოდენობაზე ვერ იქნა მოძიებული. სომალის ანალიტიკოსის განცხადებით, სომალიში, სტატისტიკური მონაცემები, მოსახლეობის აღწერა და კლანების შემადგენლობა ხელმისაწვდომი არ არის.

ადგილმდებარეობა

ანგარიშში მითითებულ წყაროებზე დაყრდნობით, უჯეჯენის ტომი ცხოვრობს შემდეგ ტერიტორიებზე:

  • ჰირანის (Hiran/Hiraan) რეგიონი სომალიში.
  • ეთიოპიის მეხუთე საზღვრის ზონა.
  • მოგადიშუ
  • ეთიოპია, სომალის რეგიონში.

სომალის ანალიტიკოსის განმარტებით, უჯეჯენს ჰყავს რვაზე მეტი მეზობელი კლანი ჰირანის რეგიონში, რომელთაგან თითოეულ კლანს აქვს თავისი ჩვეულებითი კანონები და საკუთარი ურთიერთობები სხვა კლანებთან მიმართებაში. მისივე თქმით, ქვემოთ ჩამოთვლილი კლანური ოჯახები და კლანები არიან უჯეჯენის მეზობლები:

  • ჰავიე: ქსავაადლე (Xawaadle), ჰაბარ გიდირი, სეირი (Ceyr), და ჯიჯელე (Jijele);
  • დარუდი (Darood): მარეჰანი (Marehan) და ოგადენი (Ogaden);
  • დირი (Dir): აბდალლა (Abdalla);
  • ჯარეერი (Jareer): მაკანე (Makane);
  • შანტა შეიხი (Shanta Sheikh), როგორიცაა რეერ ავქსასან კალვეინე (Reer Awxasan Kalweyne).

საქმიანობა

უფროსი ლექტორის განცხადებით, ჰავიეს ქვე-კლანები და სხვა „კეთილშობილი“ გვარები, ტრადიციულად, საკუთარ თავს მიაკუთვნებენ მესაქონლეობას, თუმცა საკმაოდ დიდი რაოდენობა დასახლდა ქალაქებში და, ზოგიერთ შემთხვევაში, გადაინაცვლეს სოფლის მეურნეობაში. სომალის პროგრამის მრჩევლის განმარტებით, მიუხედავად რაოდენობრივი სიმცირისა, უჯეჯენის ტომი შედარებით გავლენიანია, რამდენადაც მისი წევრები უმეტესად ქალაქში ცხოვრობენ და შესაბამისად, კარგი განათლება აქვთ. მისივე თქმით, სომალის პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი უჯეჯენი იყო, ასევე მოგადიშუს მერიც.

მათ მიმართ მოპყრობა

უფროსი ლექტორის განცხადებით, ტრადიციულად, უჯეჯენის კლანი არ არის სუსტი და მარგინალიზებული. ისინი საკუთარ თავს მტკიცედ აყენებენ „კეთილშობილურ“ გვარებს შორის და ცენტრალურ ნაწილში ცხოვრების გამო, სადაც ჰავიეს ოჯახის სხვა ჯგუფების გარემოცვაში არიან, სარგებლობენ მნიშვნელოვანი უპირატესობით. იმავე წყარომ გამოთქვა მოსაზრება, რომ საჭიროების შემთხვევაში, უჯეჯენს შეუძლია დასახმარებლად მოუწოდოს ჰავიეს ალიანსს, თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ კლანური ალიანსები საკმაოდ მყიფეა.

სომალის პროგრამის მრჩევლის განმარტებით, უჯეჯენმა, როგორც უმცირესობის კლანის წარმომადგენელმა, შესაძლოა თავი მარგინალიზებულად იგრძნოს, რაც საერთოა სომალის პატარა კლანებისთვის.

ათ ადგილობრივი კლანის უხუცესთან ჩატარებულ ინტერვიუზე დაყრდნობით, სომალის ანალიტიკოსმა დაადგინა, რომ უჯეჯენს ზოგიერთ კლანთან აქვს საკმაოდ კეთილგანწყობილი ურთიერთობა, თუმცა ზოგიერთი კლანის მხრიდან, განსაკუთრებით კი ოგადენის (დარუდის ოჯახი) და ქსავაადლეს (ჰავიეს ოჯახი) მხრიდან, თავს მარგინალიზებულად მიიჩნევს. იმავე წყაროს ცნობით, ქსავაადლე პატივს არ სცემს უჯეჯენის ტომს და აქვთ დავა წყლისა და საძოვრების საკითხზე. სომალის ანალიტიკოსის ცნობით, დარუდი პატივს სცემს ჰავიეს ჩვეულებით სამართალს, მაგრამ როცა საქმე ეხება ტერიტორიულ ექსპანსიას, წყლის და საძოვრების უფლებებს, დარუდი აჩენს თავის სიძლიერეს უჯეჯენის ტომთან მიმართებაში და ზოგჯერ, როდესაც ადგილი აქვს ბრძოლასთან დაკავშირებულ პრობლემებს, არ იხდის დჰიიგს (Dhiig) და დიოს (Diyo), ითარგმნება როგორც „სისხლი“ და „რესტიტუცია“ (კომპენსაცია). სომალის ანალიტიკოსის თქმით, რაც შეეხება დირი/აბდალლას, მათ და უჯეჯენის ტომს შორის კეთილგანწყობილი ურთიერთობაა, თუმცა უჯეჯენი იყენებს თავის ძალას, რომ მოიპოვოს პოტენციური მხარდაჭერა ჰირააბის ქვე-კლანებისგან, რომლებიც ურთიერთქმედებენ აბდალლას, ჯარეე/მაკანასა და ჯიჯელესთან. იმავე წყაროს ცნობით, ჰაბარ გიდირი სრულად სცემს პატივს უჯეჯენს, ვინაიდან მათ ნათესაური კავშირი აქვთ. გარდა ამისა, უჯეჯენს კარგი ურთიერთობა აქვს ურბანულ შანტა შეიხის, მაკანას და სეირის კლანებთან.[1]

თუმალის (თომალის) ტომი

მიუხედავად იმისა, რომ სომალიში მცხოვრები უმცირესობათა ჯგუფის წევრთა ზუსტი რაოდენობა ჯერ-ჯერობით დადგენილი არ არის, შეფასებები მიუთითებს, რომ უმცირესობები სომალის მთლიანი მოსახლეობის ერთ მესამედს შეადგენენ; დაახლოებით 2,000,000 ადამიანს. უმცირესობათა ჯგუფებია: ბანტუ, ბრავენესე, რერჰამარი, ბაჯუნი, ეილე, გალგალა, თუმალი, იბირი და გაბოიე. აღნიშნული ჯგუფები უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ და განიცდიან მრავალი ფორმის დისკრიმინაციას. გაბოიე, თუმალი და იბირი ცხოვრობენ ჰარგეისაში.

სომალიში უმცირესობათა ჯგუფების სოციალური სეგრეგაცია 1991 წლის შეიარაღებულ კონფლიქტამდე დაიწყო, თუმცა ხელისუფლებას აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად არანაირი სახის პროგრამა არ გაუტარებია. უფრო მეტიც, ის სერიოზულად არღვევდა ადამიანის ძირითად უფლებებს და აღნიშნული ჯგუფების განვითარების უფლებას.

გაბოიე, თუმალი, იბირი და გალგალა ეთნიკურად ასოცირდება სამალესთან, რომელიც ქმნის დომინანტ კლანს სომალიში, თუმცა კულტურულმა სტიგმამ და ტრადიციებმა, ისინი გამორიცხეს სამალეს კლანიდან. აღნიშნული უმცირესობათა ჯგუფის ძირითადი საქმიანობაა მჭედლობა და მეწაღეობა, ასევე არიან მონადირეები/შემგროვებლები. ისინი ძირითადად სომალის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში ცხოვრობენ.

უმცირესობათა ჯგუფების უმრავლესობა ასიმილირდა იმ სომალურ კლანებთან, რომელთან ერთადაც ისინი ცხოვრობენ. ზოგიერთი გაბოიე, თუმალი და იბირი ასიმილირდა ისაკთან, სომალი ლენდში, ხოლო გალგადუდის რეგიონში მცხოვრები გაბოიე, თუმალი და იბირი ასიმილირდნენ ჰავადლეს, მურასადეს და მარეჰანის კლანთან.[2]

კლანებს შორის შერეული ქორწინება

2009 წლის სექტემბერში, მედია საშუალება „IRIN News“-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი ამბების ანგარიშში აღნიშნულია, რომ უმცირესობათა ჯგუფები, როგორიცაა მადიბანი, გაბოოიო და თუმალი ხშირ შემთხვევაში განიცდიან დისკრიმინაციას საკუთარი საქმიანობის გამო, ისინი არიან მეწაღეები და მჭედლები. მიუხედავად იმისა, რომ არიან სომალელები და მუსლიმები, აღნიშნული უმცირესობათა ჯგუფები, ტრადიციულად, არასოდეს დაქორწინებულან სომალის დიდი კლანების წარმომადგენლებთან და სოციალურად მათთან არ ირევიან. დომინანტი კლანის წარმომადგენელი ერთ-ერთი სომალელი ქალბატონი, ადუდი, IRIN News-თან საუბარში ამბობს, რომ 2007 წელს ჩუმად იქორწინა მის მეუღლეზე, მაჰამუდიზე, რომელიც უმცირესობათა კლანიდან, მადიბანიდან, იყო. სწორედ ამ ქორწინების შემდეგ დაეწყო პრობლემები. როცა მისმა ოჯახმა და ნათესავებმა ქორწინების შესახებ შეიტყვეს, დაუყონებლივ მოითხოვეს განქორწინება. მან უარი განაცხადა, რის გამოც მისი ძმები, ბიძაშვილები და ბიძები გამუდმებით სცემდნენ. მის ქმარს, მაჰამუდს, დაემუქრნენ და ერთხელ ესროლეს კიდეც, რის შემდეგაც გალკაიოს (ქალაქი ნაწილობრივ პუნტლენდში და ნაწილობრივ სომალის სამხრეთ-ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს) სამხრეთით გაიქცა. ადუდის განცხადებით, თუ ისინი სომალიში დაბრუნდებიან, მათ აუცილებლად მოკლავენ.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, სომალის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ უმცირესობათა ჯგუფებსა და დომინანტ კლანებს შორის შერეული ქორწინება იყო შეზღუდული. [3]

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ უმცირესობათა ჯგუფებს არ ჰყავდათ შეიარაღებული მებრძოლები, რის გამოც, დომინანტი კლანის წევრების და სხვადასხვა შეიარაღებული დაჯგუფებების მხრიდან, არაპროპორციულად ხდებოდა მათი მკვლელობა, წამება, გაუპატიურება, გამოსასყიდის გამო გატაცება და საკუთრების ჩამორთმევა. ბევრი უმცირესობათა თემის წარმომადგენელი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და მრავალი სახის დისკრიმინაციას განიცდის.[4]

„IRIN News“-ის მიერ 2008 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ უმცირესობათა ტომის წარმომადგენლები, მათ შორის გაბოიე, მიდგანი, თუმალი და იბრო, რომელთა უმრავლესობა კარჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობს, არ ირევიან და არც ქორწინდებიან სხვა თემის წარმომადგენლებზე. მათი უმრავლესობა არის მეწაღე, მჭედელი და დალაქი.[5]

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს მიერ 2017 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ სომალი ლენდში, უმცირესობათა ჯგუფის წარმომადგენლები გამოხატავდნენ უკმაყოფილებას იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებასთან ინტეგრაციის კუთხით აწყდებოდნენ სირთულეებს. ერთ-ერთ მაგალითს წარმოადგენდა შერეული ქორწინება უმცირესობათა და დომინანტ კლანებს შორის. ერთ შემთხვევაში, დაქორწინების შემდეგ, წყვილი ფარულად გაიქცა, თუმცა უმრავლესობის კლანის წარმომადგენლებმა, რომელსაც ცოლი მიეკუთვნებოდა, იპოვეს ისინი და ორივე მათგანი სცემეს. უმცირესობები კიდევ ერთ პრობლემად ასახელებდნენ, მათი წარმომადგენლების ნაკლებობას ფედერალურ პარლამენტში.[6]

[1] Canada: Immigration and Refugee Board of Canada, Somalia: Information on the Ujejen sub-clan, including distinguishing features, locations, occupations and position in the clan hierarchy; treatment (2014-November 2016), 10 November 2016, SOM105678.E, available at: http://www.refworld.org/docid/592d76800.html [accessed 19 December 2017]

[2] Reliefweb – UNCU/UN-OCHA Somalia,  August 2002, available at: https://reliefweb.int/report/somalia/study-minorities-somalia (accessed on 19 December 2017)

[3] Ireland: Refugee Documentation Centre, Somalia: Information on the treatment of people from the Tumal clan, 5 February 2010, Q11605, available at: http://www.refworld.org/docid/4b8fcb1ef.html [accessed 19 December 2017]

[4] USDOS – Country Reports on Human Rights Practices 2016 – Somalia, published 3 March 2017, available at: https://www.state.gov/j/drl/rls/hrrpt/2016/af/265300.htm (accessed on 19 December 2017)

[5] Ireland: Refugee Documentation Centre, Somalia: Information on the treatment of people from the Tumal clan, 5 February 2010, Q11605, available at: http://www.refworld.org/docid/4b8fcb1ef.html [accessed 19 December 2017]

[6] HRC – UN Human Rights Council (formerly UN Commission on Human Rights): Report of the Independent Expert on the situation of human rights in Somalia [A/HRC/36/62], 6 September 2017

 (accessed on 19 December 2017)