ეგვიპტე. მუსლიმთა საძმოს მხარდამჭერების მიმართ დამოკიდებულება. დეკემბერი, 2017

„Human Rights Watch“ 2017 წლის ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ოფიცრები რუტინულად აწამებდნენ და აუჩინარებდნენ რამდენიმე ნიშნით ეჭვმიტანილებს. ასეთი მოპყრობის მსხვერპლი დაკავებულების დიდი ნაწილის მიმართ ბრალდება მუსლიმი საძმოს წევრობა იყო. მუსლიმთა საძმო 2013 წელს მთავრობამ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, მაგრამ ის რჩებოდა ქვეყნის უდიდეს ოპოზიციურ მოძრაობად.[1]

„Freedom House“ 2017 წლის ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ მთავრობა სისტემატურად დევნის ოპოზიციურ პარტიებს და პოლიტიკურ მოძრაობებს. მუსლიმთა საძმოს წევრთა და მხარდამჭერთა დიდი რაოდენობა, მათ შორის მაღალი რანგის პირები თითქმის სრული შემადგენლობით, დააპატიმრეს სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ; დაკავებები გაგრძელდა 2016 წელსაც. საძმოს ზოგიერთი წევრი გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს პოლიციასთან შეტაკებისას. სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაცემებით, 2016 წლისთვის 40 ათასამდე ადამიანი დააკავეს პოლიტიკური მოტივებით; მათი უმრავლესობა მუსლიმ საძმოსთან დადასტურებული ან სავარაუდო კავშირის გამო.[2]

„Amnesty International“ 2016/2017 წლების ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო პერიოდულად ავრცელებდა ინფორმაციას უსაფრთხოების ძალების მიერ რეიდებისას ეჭვმიტანილების, მათ შორის მუსლიმთა საძმოს წევრების და შეიარაღებული დაჯგუფებების სავარაუდო წევრების, მოკვლის შესახებ. მთავრობის კრიტიკოსები და ოპონენტები ხშირად ხდებიან თვითნებური დაკავებისა და დაპატიმრების მსხვერპლნი მუსლიმთა საძმოს ან 6 აპრილის მოძრაობისადმი კუთვნილების ბრალდებით.[3]

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი 2017 წლის 26 ივლისს გამოქვეყნებულ ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ მუსლიმთა საძმო ეგვიპტის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული და მისი წევრები შესაძლოა გასამართლდნენ ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით. ბევრი მაღალი და საშუალო რგოლის ლიდერი და წევრი დააპატიმრეს და მიუსაჯეს ხანგრძლივი ვადით პატიმრობა და რიგ შემთხვევებში სიკვდილით დასჯაც. უსაფრთხოების სამსახურმა ათასობით წევრი და მხარდამჭერი დააპატიმრა, ძირითადად დემონსტრაციებისას. ზოგიერთი წევრი და მხარდამჭერი დემონსტრაციების მსვლელობისას დაშავდა და ზოგიერთი დაიღუპა კიდეც.

მაღალი პროფილის პირები, რომლებიც პოლიტიკურად აქტიურები იყვნენ ან იქცევდნენ ხელისუფლების ყურადღებას, ძირითადად დემონსტრაციებისას, სავარაუდოდ, იქნებიან დაკავებულნი ან დაპატიმრებულნი, რა დროსაც მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის და არაპროპორციული სასჯელის რისკი არსებობს, რაც უტოლდება დევნას ან სერიოზულ ზიანს. ასევე, დევნის ან სერიოზული რისკის ქვეშ არიან ის პირები, ვინც არ არიან წევრები, მაგრამ არიან მაღალი პროფილის მქონე მხარდამჭერები, მაგალითად ჟურნალისტები.

ამავე დოკუმენტში ნათქვამია, რომ მუსლიმთა საძმოს დაბალი რანგის, აპოლიტიკური ან არა აქტიური წევრები და მხარდამჭერები, ასევე, მხარდამჭერებად მიჩნეული პირები, ძირითადად არ არიან სამიზნეები და ნაკლებად სავარაუდოა, რომ დევნის რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ.[4]

[1] Human Rights Watch, World Report 2017 – Egypt, 12 January 2017, available at:

[accessed 29 December 2017]

[2] Freedom House, Freedom in the World 2017 – Egypt, 15 April 2017, available at:

[accessed 29 December 2017]

[3] Amnesty International, Amnesty International Report 2016/17 – Egypt, 22 February 2017, available at:

[accessed 29 December 2017]

[4] United Kingdom: Home Office, Country Policy and Information Note – Egypt: Muslim Brotherhood , 26 July 2017, v 3.0, available at:

[accessed 29 December 2017]