მასობრივი დემონსტრაციები ირანში – საპროტესტო აქციებისას გარდაცვლილთა რიცხვმა ოცს გადააჭარბა. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებებს ბოლოს 9 ადამიანი ემსხვერპლა. 6 მათგანი კაჰდარიჯანში პოლიციის შენობაზე თავდასხმისას დაიღუპა. როგორც ადგილობრივი მედია აცხადებს, ისინი შენობიდან იარაღის მოპარვას ცდილობდნენ. ჰომეინშეჰირში 11 წლის ბავშვი და 20 ბიჭი მოკლეს, ხოლო ნაჯაფაბადში დაიღუპა სამართალდამცველი. მათ სანადირო თოფიდან ესროლეს. ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, 3 დღის განმავლობაში 450-მდე ადამიანი დააკავეს.[1]
ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე განაცხადა, რომ ხელისუფლება ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მუშაობს. როუჰანმა ირანის ეკონომიკის შესახებ პარლამენტში ილაპარაკა. მისი თქმით, ირანის ამ დროისთვის არსებული ეკონომიკური მაჩვენებლები გაცილებით უკეთესია, ვიდრე საშუალო გლობალური ეკონომიკური მაჩვენებელი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება მდგომარეობით კმაყოფილია. „ირანის ეკონომიკა პირველი ექვსი თვის განმავლობაში 6 პროცენტით გაიზარდა, ხოლო სხვა ქვეყნებში საშუალო მაჩვენებელი ორი ან სამი პროცენტია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.[2]
ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანმა ალი შამხანიმ განაცხადა, რომ ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციები იმ ომის ფარგლებში იმართება, რომელიც თეირანს რამდენიმე სახელმწიფომ გამოუცხადა. მისივე თქმით, ამ აქციების უკან აშშ, დიდი ბრიტანეთი და საუდის არაბეთი დგანან. „სწორედ ეს ქვეყნები ხელმძღვანელობენ სოციალურ ქსელებში კამპანიას, რომელიც საპროტესტო აქციებზე მოქმედებს. ჩვენი ანალიზით ირკვევა, რომ ახალი ჰეშთეგების 27%, რომელიც ირანის წინააღმდეგაა მიმართული, საუდის არაბეთშია შექმნილი“, – განაცხადა ირანის ხელისუფლების წარმომადგენელმა. მანვე დასძინა, რომ საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეში დასრულდება.
აიათოლა ალი ხამენეიმ ირანში დაპირისპირება „მტრებს“ დააბრალა. „ბოლო დღეებში, ირანის მტრები იყენებენ სხვადასხვა მეთოდს, მათ შორის ფულს, იარაღსა და პოლიტიკას, რათა ისლამურ რესპუბლიკას საფრთხე შეუქმნან“, – განაცხადა ირანის უმაღლესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ. მისი თქმით, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოებას მაშინ მიმართავს, როცა ამის დრო მოვა. ხამენეის არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობს ირანის მტრებში, თუმცა ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ ცოტა ხნით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალური ქსელით გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა, სადაც ტრამპი ირანში დემონსტრანტებს მხარდაჭერას უცხადებდა.[3]
ირანში განვითარებულ მოვლენებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი გამოეხმაურა. „ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირისთვის ირანთან ურთიერთობებში ყოველთვის ძირითადი საკითხი იყო. მშვიდობიანი დემონსტრაცია და გამოხატვის თავისუფლება არის ფუნდამენტური უფლებები, რომელთა დაცვა მოეთხოვება ყველა ქვეყანას და ირანი გამონაკლისი არაა. ჩვენ მოვლენებს ყურადღებით დავაკვირდებით“, – განაცხადა მან.[4]
დემონსტრაციების საპასუხოდ, ირანში ხელისუფლების მხარდამჭერი აქციები დაიწყო. ირანის გუშაგთა საბჭოს გენერალმა მეჯ გენ მოჰამედ ალი ჯაფარმა, სახელმწიფოს მხარდამჭერ აქციაზე, „ამბოხის დამარცხების“ შესახებ განაცხადა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხელისუფლების მხარდამჭერ აქციებში ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ტელევიზიის მიერ ნაჩვენებ კადრებში ირანის სხვადასხვა ქალაქში გამართული დემონსტრაციები იყო ნაჩვენები. მომიტინგეები აშშ-ის, საუდის არაბეთისა და ისრაელის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდნენ. ირანის მთავრობაში მიიჩნევენ, რომ სწორედ ეს სამი ქვეყანა არის ირანში გამართული მრავალათასიანი ანტისამთავრობო აქციების ორგანიზატორი. მათივე მტკიცებით, ეს ქვეყნები აფინანსებენ აქციების მონაწილეებს და იარაღსაც აწვდიან. იმის, რომ ისრაელის და აშშ-ის მეთაურები ირანის ანტისახელისუფლებო აქციებს მხარს უჭერენ, ასევე სჯერა ოფიციალურ ანკარას.[5]
სამშობლოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საზღვარგარეთ მცხოვრებმა ირანელებმა აქციები გამართეს. ბერლინში ათობით ირანელი ლტოლვილი შეიკრიბა და ირანის სხვადასახვა ქალაქში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს მხარდაჭერა გამოუცხადა. რომში მდებარე ირანის საელჩოსთან კი ირანული მემარცხენე რადიკალური ორგანიზაცია „მოჯაჰედინ-ე ჰალკის“ 30-მდე წევრი შეიკრიბა. ისინი ლოზუნგებს „შეაჩერეთ დასჯა“ და „არა როუჰანის“ სკანდირებდნენ. აქცია გაიმართა აგრეთვე ლონდონში მდებარე ირანის საელჩოსთანაც.[6]
ირანმა დაწყებით კლასებში ინგლისური ენის სწავლება აკრძალა. ოფიციალურად ინგლისური ენის სწავლების აკრძალვა ირანში მასობრივ გამოსვლებს არ უკავშირდება, თუმცა როგორც აიათოლა ხამენეიმ ადრე განაცხადა, დემონსტრანტების ქმედებები საზღვარგარეთიდან იმართება.
ინგლისური ენის სწავლების აკრძალვის მიზეზი ირანის სულიერი ლიდერის განცხადება გახდა, რომელიც მიიჩნევს, რომ ინგლისური ენის ნაადრევმა სწავლებამ დასავლეთის „კულტურულ შემოჭრას“ შეუწყო ხელი. როგორც უმაღლესი განათლების სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელმა განაცხადა, ინგლისური ენის სწავლება როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლების დაწყებით კლასებში „კანონებსა და ნორმებს ეწინააღმდეგება“.[7]
ბოკო ჰარამის ტყვეობიდან 700-ზე მეტი ნიგერიელი გათავისუფლდა – ნიგერიის არმიის ცნობით, ტერორისტული დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ ტყვეობიდან 700-ზე მეტმა ადამიანმა თავის დაღწევა შეძლო. ნიგერიის არმიის პრესსპიკერის თქმით, ტყვეებმა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ბანაკიდან გაქცევა მოახერხეს და ბორნოს შტატის ქალაქ მონგუნომში ჩავიდნენ. ტყვეებმა ბანაკი არა ერთდროულად, არამედ ნაწილ-ნაწილ, სხვადასხვა დროს დატოვეს. ნიგერიის პრეზიდენტმა მუჰამადუ ბუჰარიმ წინასაახალწლო მიმართვაში განაცხადა, რომ არმიის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად „ბოკო ჰარამი“ დამარცხებულია. დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“ 2002 წელს შეიქმნა და ძირითადად ნიგერიის ტერიტორიაზე მოქმედებს. ისლამისტები ქვეყანაში შარიათის კანონების შემოღებას ითხოვენ და დასავლეთის გავლენის შესუსტებისთვის იბრძვიან. 2015 წლის აპრილში დაჯგუფებამ სახელი შეიცვალა და ახლა მას „ისლამური სახელმწიფოს დასავლეთ აფრიკული პროვინცია“ ჰქვია. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დაჯგუფების მეთაური აბუბაქარ შექაუ „ისლამურ სახელმწიფოს“ მიემხრო.[8]
თავდასხმები სალოცავებზე ნიგერიაში – ნიგერიაში უცნობი შეიარაღებული პირები ეკლესიის მრევლს თავს დაესხნენ. თავდასხმის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. მომხდარზე აქამდე პასუხისმგებლობა რეგიონში მოქმედ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.[9] ნიგერიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მეჩეთზე განხორციელებულ თავდასხმას 11 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ბორნოს შტატში მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ასაფეთქებელი ნივთიერება თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.[10]
სირიის ქალაქ ჰომსში გაეროს სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს – სამოქალაქო ომიდან თითქმის 7 წლის თავზე სირიის ქალაქ ჰომსში სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქის ცენტრში, რომელსაც ომის პერიოდში რევოლუციის დედაქალაქიც კი უწოდეს, პარკების განახლება და ბავშვებისთვის ატრაქციონების დამონტაჟება მიმდინარეობს. ჰომსის რეაბილიტაცია გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში (UNDP) ხორციელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად UNDP-ის მოხალისეები მონაწილეობენ. 2011 წლიდან 2014 წლის გაზაფხულამდე, ჰომსი ალყაში იყო მოქცეული. გაეროსა და წითელი ჯვრის ინიციატივით, სირიის მთავრობასა და მეამბოხეებს შორის დროებითი ზავი გამოცხადდა. სწორედ ამ პერიოდში ქალაქიდან ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ქალაქის ნაწილი განადგურებულია. 600 ათასზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი მშობლიურ ქალაქ ჰომსში 2017 წლის სექტემბერში დაბრუნდა.[11]
ეთიოპია ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას გეგმავს – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა ჰეილემარიამ დესალემნმა განაცხადა. პრემიერის თქმით, ასევე დაიხურება ცენტრი, რომელზეც მედიაში იწერებოდა, რომ ხელისუფლება პატიმართა წამებისთვის იყენებდა. გადაწყვეტილება შეეხება იმ ბრალდებულებსაც, რომლებზეც სასამართლოს განაჩენი ჯერ არ დაუდგენია. ადამიანის უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა ეთიოპია არაერთხელ დაადანაშაულეს მასობრივ დაპატიმრებებსა და პატიმართა უფლებების შელახვაში.[12]
სირიის არმიამ ქალაქი სინჯარი დაიკავა – სირიის სახელისუფლებო არმიამ იდლიბის პროვინციაში მდებარე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ სინჯარზე კონტროლი დაიბრუნა. სინჯარის დაბრუნებით ბაშარ ასადის არმიამ ქალაქთან მდებარე სამხედრო აეროპორტზე და მნიშვნელოვან სატრანსპორტო მაგისტრალზე წვდომა მოიპოვა. იდლიბი ბოლო პროვინციაა, რომელსაც პრაქტიკულად ასადის რეჟიმის მოწინააღმდეგეები აკონტროლებენ. პარალელურად ცნობილი გახდა, რომ აღმოსავლეთ გუტას რეგიონში 6 და 7 იანვარს განხორციელებულ ავია იერიშებს არანაკლებ 18 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები ემსხვერპლა, 60 კი დაშავდა.[13]
[1] Associated Press; Iran Protests Supreme leader blames ‘enemies’ for meddling; By Nasser Karimi and Jon Gambrell; 2 January, 2018; available at: https://www.apnews.com/0337232e446e41e49211dc71a788e152/Iran-state-TV:-9-killed-in-nationwide-protests,-unrest
[2] Trend News Agency; President Rouhani: Iran’s economy ahead of global average; 1 January, 2018; available at: https://en.trend.az/iran/society/2842960.html
[3] WBIR News; Iran’s Supreme Leader Ayatollah Ali Khameini blames ‘enemies’ for meddling in protests; By Kim Hjemgaard; 3 January, 2018; available at: http://www.wbir.com/article/news/nation-now/irans-supreme-leader-ayatollah-ali-khameini-blames-enemies-for-meddling-in-protests/465-e15055b5-4fff-4286-bc3e-434d219cdbd4
[4] Welt; EU ruft alle Seiten im Iran zu Gewaltverzicht auf; 3 January, 2018; available at: https://www.welt.de/newsticker/news1/article172118263/Proteste-EU-ruft-alle-Seiten-im-Iran-zu-Gewaltverzicht-auf.html
[5] Reuters; Iran deploys Revolutionary guards to quell ‘sedition’ in protest hotbeds; Bozorgmehr Sharefedin; 3 January, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-iran-rallies/iran-deploys-revolutionary-guards-to-quell-sedition-in-protest-hotbeds-idUSKBN1ES0FI?il=0
[6] იმედის ახალი ამბები; საზღვარგარეთ მცხოვრებმა ირანელებმა აქციები გამართეს; 3 იანვარი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/42840/sazgvargaret-mtskhovrebma-iranelebma-aqtsiebi-gamartes
[7] Reuters; Iran bans English in primary schools after leader’s warning; Reuters Staff; 7 January, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-iran-english/iran-bans-english-in-primary-schools-after-leaders-warning-idUSKBN1EW0L1
[8] BBC; Nigerian army says 700 Boko Haram captives have escaped; 1 January, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-africa-42536065
[9] Premium Times; New Year tragedy: Gunmen kill ‘21’ Rivers residents returning from church; Cletus Ukpong; 1 January, 2018; available at: https://www.premiumtimesng.com/news/headlines/254177-new-year-tragedy-gunmen-kill-21-rivers-residents-returning-church.html
[10] Reuters; Suicide bomber kills 11 people in mosque attack in northeast Nigeria; Reuters Staff; 3 January, 2018; available at: https://af.reuters.com/article/topNews/idAFKBN1ES0PR-OZATP?feedType=RSS&feedName=topNews
[11] იმედის ახალი ამბები; სირიის ქალაქ ჰომსში გაეროს სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს; 2 იანვარი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/42666/siriis-qalaq-homsshi-gaeros-sareabilitatsio-samushaoebi-mimdinareobs
[12] BBC; Ethiopia to release political prisoners, says prime minister; 3 January, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-africa-42552643
[13] იმედის ახალი ამბები; სირიის არმიამ ქალაქი სინჯარი დაიკავა; 7 იანვარი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/43216/siriis-armiam-qalaqi-sinjari-daikava