ნარკოპოლიტიკის შეცვლით 5000-მდე ირანელი სიკვდილით დასჯას გადაურჩა – ათასობით ირანელი, რომელთაც ნარკოდანაშაულისთვის სიკვდილი აქვთ მისჯილი, სასჯელის უმკაცრეს ზომას გადაურჩნენ. ირანში ნარკოტიკებთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები შევიდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირების საქმეები, რომლებსაც სიკვდილი აქვთ მისჯილი, უნდა გადაიხედოს. ირანში ასეთი ბრალდებულების რაოდენობა 5 ათასამდეა.[1]
ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ 15 წევრი მოკლეს – ავღანეთში სამთავრობო არმიასა და ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს შორის შეტაკების შედეგად, 15 ჯიჰადისტი მოკვდა. შეტაკებების დროს 20 რადიკალი ისლამისტი დაიჭრა. დაპირისპირება ქვეყნის აღმოსავლეთით, კუნარის პროვინციაში მოხდა. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები სამართალდამცველების საგუშაგოებს დაესხნენ თავს.[2]
თურქეთში საგანგებო მდგომარეობა 3 თვით გახანგრძლივდა – საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 2016 წლის ივლისში სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამო დაწესდა, უკვე მეხუთედ გახანგრძლივდა. 2016 წლის 15 ივლისს, თურქეთში სამხედროებმა სახელმწიფო გადატრიალება სცადეს, რომლის დროსაც 230-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 2 100-ზე მეტი დაშავდა. ამბოხში ოფიციალურმა ანკარამ აშშ-ში მცხოვრები ფეთჰულა გიულენი და მისი მოძრაობა დაადანაშაულა.[3]
სომალილენდში გაუპატიურება დასჯადი გახდა – თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ისტორიაში პირველად, გაუპატიურების წინააღმდეგ კანონი მიიღეს. აქამდე, მსხვერპლი ქალი იძულებული იყო თავის მოძალადეზე დაქორწინებულიყო, რათა „შერცხვენა თავიდან აერიდებინა“. ახალი კანონის მიხედვით, სომალიში გაუპატიურებაში მსჯავრდადებულს 30 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. სომალილენდი სომალის 1991 წელს თვითნებურად გამოეყო და დამოუკიდებლობა გამოაცხადა. სომალიში გაუპატიურების წინააღმდეგ კანონი დღემდე არ არსებობს.[4]
საუდის არაბეთში ქალები ფეხბურთის მატჩს პირველად დაესწრნენ – საუდის არაბეთში ქალებს სტადიონზე საფეხბურთო მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მიეცათ. პირველი ასეთი მატჩი ქალაქ ჯედში გაიმართა. საუდის არაბეთში სტადიონზე მისვლა ქალებს როგორც ოჯახთან ერთად, ასევე მარტოც შეეძლებათ. სპორტული ობიექტების მონახულება ქვეყნის მოდერნიზაციის პროგრამის კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელსაც მემკვიდრე პრინცი, სალმან ალ-საუდი ახორციელებს. 26 სექტემბერს, საუდის არაბეთის მეფე სალმანმა განაცხადა, რომ 2018 წლის ივნისიდან ქალები მართვის მოწმებების მიღებას და ავტომანქანების კანონიერად მართვას შეძლებენ. საუდის არაბეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ქალებს მანქანის ტარება ოფიციალურად ეკრძალებოდათ. კრონპრინცი მუჰამედ ბინ სალმანი ქვეყანაში სოციალურ და ეკონომიკურ რეფორმებს ატარებს და კონცეფციის „ხედვა – 2030“ ფარგლებში ცხოვრების ბევრ სფეროზე ზეწოლას ასუსტებს. მიუხედავად ამისა, საუდის არაბეთში დღემდე ბევრი რამ აკრძალულია.[5]
სუდანში საპროტესტო აქციის დროს ერთი სტუდენტი მოკლეს – სუდანში მოსახლეობა პურის ფასის გაორმაგებს აპროტესტებს. საპროტესტო შეტაკებებს ერთი სტუდენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, ექვსი ადამიანი კი დაშავდა. პურის გაძვირების შესახებ მთავრობამ გადაწყვეტილება ერთი თვის წინ მიიღო. ქალაქ გენეინაში დაწყებული საპროტესტო ტალღა უკვე გავრცელდა ქვეყნის რამდენიმე რეგიონში. სუდანის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბაბკარ დაქნამ სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტება უარყო. თუმცა ადგილობრივი მთავრობა, სტუდენტის დაღუპის მიზეზის დასადგენად, გამოძიებას მაინც დაიწყებს. ეს ბოლო წლებში დემონსტრანტის დაღუპვის პირველი შემთხვევა არაა. 2013 წელს, საწვავის გაძვირების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 185 ადამიანი მოკლეს.[6]
ტუნისში მოსახლეობა ფასების ზრდას აპროტესტებს – ტუნისის ქალაქებში ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციების 250-მდე დემონსტრანტი დააკავეს. მანიფესტანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაც მოხდა. დემონსტრანტები თავს დაესხნენ პოლიციის საგუშაგოებს, სამთავრობო შენობებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს. აქციის მონაწილეები გაზრდილ ფასებს და უმუშევრობას აპროტესტებენ. საპროტესტო ტალღა ტუნისში მას შემდეგ აგორდა, რაც მთავრობამ საწვავზე და პირველადი მოხმარების საგნებზე ფასები გაზარდა. 2018 წლის 1-ელი იანვრიდან ძალაში შევიდა ქვეყნის ბიუჯეტი, რომელიც საწვავის ფასების ზრდას და ახალი გადასახადების დაწესებას გულისხმობს.[7]
აქციების ფონზე ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანაში სოციალურ რეფორმებს გაატარებს. რეფორმების გატარების შესახებ ცნობილი ტუნისის მთავრობის საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ გახდა. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სამედიცინო მომსახურების რეფორმირებაზე, ასევე სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად პარლამენტში რეფორმათა პაკეტს წარადგენენ. „ეს რეფორმები 250 000-მდე ოჯახს შეეხება. რეფორმები ღარიბ და საშუალო კლასს დაეხმარება“, – განაცხადეს ტუნისის ხელისუფლების წარმომადგენლებმა.[8]
[1] BBC; Iran drug law change could spare thousands on death row; 10 January, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-middle-east-42634252
[2] Tolo News; 15 Daesh Insurgents Killed in Kunar;s Ongoing Clashes; 8 January, 2018; available at: http://www.tolonews.com/afghanistan/15-daesh-insurgents-killed-kunar%E2%80%99s-ongoing-clashes
[3] Reuters; Turkey to extend state of emergency for another three months, Duputy PM says; Reuters Stuff; 8 January, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-turkey-security-emergency/turkey-to-extend-state-of-emergency-for-another-three-months-deputy-pm-says-idUSKBN1EX1I2?il=0
[4] BBC; Somaliland passes first law against rape; 8 January, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-africa-42604496
[5] The Guardian; Saudi football stadium welcomes women for first time; Kareem Shaheen; 12 January, 2018; available at: https://www.theguardian.com/world/2018/jan/12/saudi-football-stadiums-prepare-welcome-women-first-time
[6] Aljazeera; Deadly protests grip Sudan over rising bread prices; 8 january, 2018; available at: https://www.aljazeera.com/news/2018/01/deadly-protests-grip-sudan-rising-bread-prices-180108094836363.html
[7] BBC; Tunisia protests: Hundreds arrested; 10 January, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-africa-42624639
[8] BBC; Tunisia protests: Reforms announced amid new rallies; 14 January, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-africa-42679328