სუდანი. ერითრიელი ლტოლვილების მდგომარეობა. იანვარი, 2018

უგანდაში დაფუძნებული ერითრეის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია „Africa Monitors“-ის მიერ, 2016 წლის აგვისტოს, გამოქვეყნებულ სტატიაში აღწერილია სუდანში მცხოვრები ერითრიელი ლტოლვილების მდგომარეობა და მოყვანილია ინტერვიუ ერთ-ერთ ერითრიელ ლტოლვილთან თესფაისთან, რომელიც 2014 წელს სხვა 1,000 (UNHCR-ის სტატისტიკით, ყოველთვიურად 1,000 ერითრიელი ჩადის სუდანში) ერითრიელთან ერთად ჩავიდა სუდანში. სუდანი ერითრიელ ლტოვილებს მას შემდეგ იღებს, რაც 1968 წელს ეთიოპია-ერითრეას შორის დაიწყო კონფლიქტი. ყველაზე დიდი ლტოლვილთა ბანაკი აღმოსავლეთ სუდანში არის შაგარაბის ბანაკი, რომელიც ერთ-ერთი უძველესი ლტოლვილთა ბანაკია აფრიკაში. ერითრეიდან გაქცეული ლტოლვილების უმრავლესობას ახალგაზრდა ქალები და კაცები შეადგენენ, რომლებიც გაურბიან სამხედრო სამსახურს, ვინაიდან მისი ხანგრძლივობა წლობით და ზოგჯერ ათწლეულების მანძილზე გრძელდება.

ათწლეულების განმავლობაში, ერითრიელები თანაარსებობდნენ სუდანის თემში, სინამდვილეში აღმოსავლეთ სუდანის ორი ძირითადი ტომი ცხოვრობს საზღვრის ორივე მხარეს, რის გამოც აღმოსავლეთ სუდანელებისთვის ერითრიელი ოჯახის წევრის ყოლა ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს. უკანასკნელ წლებში, განსაკუთრებით, 2013 წლიდან, ერითრიელებისთვის სიტუაცია უფრო გართულდა, რაც გამოწვეული იყო სუდანის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებით, რის შედეგადაც გაიზარდა ანტი-მიგრაციული განწყობა. თესფაის თქმით, სუდანი მათთვის უსაფრთხო თავშესაფარს წარმოადგენდა, ახლა კი საზოგადოების ყოველი წევრი ეუბნება, რომ სუდანი მათთვის უსაფრთხო აღარაა.

ადამიანებით ვაჭრობის საკითხში სპეციალიზებული სუდანელი ჟურნალისტის, სალიჰ ამმარის, განცხადებით, ბოლო წლებში გაიზარდა ერითრიელი ლტოლვილების დეპორტაცია, ვინაიდან სუდანი სულ უფრო მეტად იყენებს „პასპორტის და იმიგრაციის კანონს“. აღნიშნული კანონის 30-ე მუხლით, ქვეყანაში არალეგალური შესვლა ისჯება დეპორტაციით,  მიუხედავად იმისა, რომ ლტოლვილები კონტრაბანდული გზით შედიან ქვეყანაში, კანონი არ არის სენსიტიური იმ პირების მიმართ, რომელთაც აქვთ ლტოლვილის სტატუსი, რაც, რიგითი მიგრანტებისაგან განსხავებით, მათ დაცვას ითვალისწინებს.

სუდანი, როგორც ლტოლვილების მიმღები და ტრანზიტული ქვეყანა, ევროპისთვის გახდა მთავარი პარტნიორი, ვინაიდან სწორედ სუდანიდან ჩადის ევროპაში ლტოლვილთა ძირითადი ნაკადი. შედეგად, 2016 წლის აპრილში, საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების საკითხებში ევროკომისარი, ნევენ მიმიკა, ჩავიდა სუდანში და მიგრაციის მართვის მოსაგვარებლად, ქვეყანას 100 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი შესთავაზა.

თესფაის განცხადებით, მას შემდეგ რაც გაიგეს, რომ ევროკავშირმა სუდანს ფული შესთავაზა, ხელისუფლების მხრიდან მათდამი დამოკიდებულება უფრო მკაცრი გახდა. გაიზარდა პოლიციის მიერ „გაწმენდითი“ სამუშაოები, დაიწყეს რეიდები ლტოლვილების სახლებში და  ეკლესიებში, ლტოლვილებს კი ქუჩიდან იყვანდნენ.

ერითრიელ ლტოლვილთა უფლებადამცველი ერითრიელ-შვედი აქტივისტის, ესტეფანოსის, თქმით, ხართუმში, ქასსალაში, ჰალფაში და სხვა ქალაქებში ხელისუფლება ატარებს რეიდებს და კარდაკარ აპატიმრებს ლტოლვილებს. მათ ვერც სახელმწიფო და ვერც UNHCR ვერ იცავს. მისივე თქმით, ერითრიელები სუდანში გადაადგილებისას, ჯიბით ყოველთვის ატარებენ გარკვეული ოდენობის თანხას, რაც მათ პოლიციის მოქრთამვისთვის გამოადგებათ, როდესაც ისინი დასაპატიმრებლად აიყვანენ. ამჟამად კი, ფულის გამოძალვამ სრულიად ახალ დონეს მიაღწია.

თესფაის განცახებით, ერითრიელები დაახლოებით 4,000 სუდანურ ფუნტს უხდიან პოლიციის ოფიცრებს, რომ თავისუფლება იყიდონ. სტატიის ავტორის თქმით, მას შემდეგ, რაც ევროკავშირი სუდანს ფულს გადაუხდის, რათა ერითრიელ ლტოლვილებს აღარ მისცეს ზღვის გავლით ევროპაში გადაადგილების საშუალება, სუდანის პოლიცია აღარ აიღებს ქრთამს ერითრიელი ლტოლვილებისგან. ესტეფანოვას შეფასებით, მესიჯი რომელიც ევროკავშირმა სუდანს გაუგზავნა არის, ევროპისკენ მიგრაციის შეჩერება ნებისმიერ ფასად.

ამმარის განცხადებით, ევროკავშირი ეხმარება სუდანის მთავრობას, სუდანის მთავრობა კი პოლიციას და სხვა ინსტიტუტებს, მიუხედავად იმისა, რომ გამოქვეყნებული ანგარიშები მიუთითებენ უსაფრთხოების ძალების და პოლიციის ოფიცრების ჩართულობას ადამიანებით ვაჭრობაში.

აღმოსავლეთ სუდანში, რომელიც, საზღვრის კვეთის შემდეგ, პირველი დანიშნულების ადგილია ერითრიელებისთვის, ლტოლვილთა ბანაკების პირობები მძიმეა და არ არის საკმარისი საკვები. ამმარის განცხადებით, როდესაც მან მოინახულა ბანაკები, ხელისუფლების წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ მათ პასუხისმგებლობას არ წარმოადგენდა ლტოლვილთა გამოკვება, არამედ მისცეს უსაფრთხო ტერიტორია და იცავენ მათ. მისივე თქმით, ბანაკში არსებული საცხოვრებელი პირობები იყო საშინელი.

ერითრიელ ლტოლვილთა მხოლოდ მცირე რაოდენობა სარგებლობს ლტოლვილთა ბანაკებით, დანარჩენები უფრო დიდ ქალაქებში მიდიან საცხოვრებლად, სადაც სხვა სახის პრობლემებს აწყდებიან. ისინი არა მხოლოდ, იძულებულნი არიან გადაიხადონ რეგულარული ქრთამი, არამედ ხელისუფლებისა და ლტოლვილთა სამთავრობო ორგანოს – ლტოლვილთა კომისიის (COR) – მხრიდან ექვემდებარებიან ძალადობას.

ლტოლვილთა საკითხებზე მომუშავე სუდანელი ადვოკატის განცხადებით, „COR“ ხელს უშლის ლტოლვილთა დაცვას, ისინი უარყოფენ მათ ლტოლვილის სტატუს და ართმევენ ლტოლვილის დამადასტურებელ მოწმობებს, რის გამოც ხდებიან მოწყვლადები და პოლიციის მხრიდან ხდება მათი დაპატიმრება. პოლიციის მხრიდან ხდება მათი ექსპლოატაცია და დაშანტაჟება, ხოლო არაფორმალურ სექტორში მომუშავე ქალები წარმოადგენენ სამიზნე ობიექტებს, მაგალითად, ქალი ჩაის გამყიდველებს საკუთარი აღჭურვილობა აქვთ ჩამორთმეული.[1]

„Human Rights Watch“-ის მიერ 2016 წლის 30 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სუდანის ხელისუფლებამ მოახდინა 442 ერითრიელის დეპორტაცია, რომელთაგან ექვსი რეგისტრირებული ლტოლვილი იყო. ლტოლვილთა საკითხებში „Human Rights Watch“-ის მკვლევარის და ადვოკატის, ჯერრი სიმფსონის, განცხადებით, სუდანი აპატიმრებს და ერითრეის რეპრესირებულ მთავრობას იძულებით გადასცემს ერითრიელებს ისე, რომ არ აძლევს მათ საშუალებას მოითხოვონ თავშესაფარი.

საერთაშორისო სააგენტოებს არ აქვთ საშუალება მონიტორინგი გაუწიონ ერითრეაში დეპორტირებული ერითრიელების მიმართ მოპყრობას.[2]

საინფორმაციო პორტალის „Reliefweb“-ის მიერ 2017 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ქასსალაში, აღმოსავლეთ სუდანის საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, პოლიციამ დააპატიმრა თხუთმეტი ერითრიელი ლტოლვილი. აღნიშნული პირები ქასსალას ციხეში იმყოფებიან და ელოდებიან სასამართლო პროცესს.

რადიო „დაბანგას“ ინფორმაციით, 2017 წლის აგვისტოში, სუდანის სასამართლომ 104 ერითრიელი ლტოლვილის დეპორტაცია მოახდინა ერითრეაში.[3]

მედია საშუალება „News 24“-ის მიერ 2018 წლის 7 იანვარს გამოქვეყნებული ინფორმაციით,  ქასსალას შტატის გამგებლის 2018 წლის 5 იანვრის ბრძანებით, სუდანმა, აღმოსავლეთით, ჩაკეტა საზღვრი ერითრეასთან.

საზღვრის ჩაკეტვის მიზეზები არ იქნა განმარტებული, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პრეზიდენტმა ომარ ალ-ბაშირმა 30 დეკემბერს ქასსალაში და ჩრდილოეთ კორდოფანში ექვსთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ოფიციალური პირების განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება იყო სამთავრობო კამპანიის ნაწილი, რომლის მიზანიცაა ზემოაღნიშნულ ორ შტატში უკანონო იარაღის ამოღება.

ქასსალასა და ჩრდილოეთ კორდოფანის გარდა, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული სუდანის საომარი მოქმედებების ზონებში: დარფურში, ცისფერ ნილოსზე და სამხრეთ კორდოფანში.[4]

 

[1] Africa Monitors – Eritrean Refugees in Sudan Coming Under Attack, 20 August 2016, available at: https://africamonitors.org/2016/08/20/eritrean-refugees-in-sudan-coming-under-attack/ (accessed on 9 January 2018)

[2] HRW – Human Rights Watch, Sudan: Hundreds Deported to Likely Abuse, 30 May 2016, available at: https://www.hrw.org/news/2016/05/30/sudan-hundreds-deported-likely-abuse (accessed on 9 January 2018)

[3] Reliefweb – Eastern Sudan police arrest Eritrean refugees, 8 September 2017, available at: https://reliefweb.int/report/sudan/eastern-sudan-police-arrest-eritrean-refugees (accessed on 9 January 2018)

[4] News24 – Sudan shuts border with Eritrea: state media, 7 January 2018, available at: https://www.news24.com/Africa/News/sudan-shuts-border-with-eritrea-state-media-20180106-2 (accessed on 9 January 2018)