სუდანი. უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. იანვარი, 2018

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „Human Rights Watch“-ის მიერ 2017 წელს სუდანის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ, 2016 წელს, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება უკიდურესად მძიმეა. სამთავრობო ძალების მხრიდან, დარფურის, სამხრეთ კორდოფანის და ცისფერი ნილოსის შტატებში,  მშვიდობიანი მოქალაქეების მისამართით ხორციელდებოდა თავდასხმები. ადგილი ჰქონდა ზეწოლას სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებზე და დამოუკიდებელ მედიაზე, ასევე ფართოდ იყო გავრცელებული აქტივისტების, სტუდენტების და მომიტინგეების თვითნებური დაკავებები. ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის ბოიკოტის მიუხედავად, ეროვნული კონგრესის მმართველმა პარტიამ ახალი კონსტიტუციისა და მთავრობის შესაქმნელად (2011 წელს სამხრეთ სუდანის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ), დაიწყო ეროვნული დიალოგის პროცესი.

კონფლიქტი დარფურში

2016 წლის იანვარში, სუდანის შეიარაღებულმა ძალებმა, მათ შორის სწრაფი მხარდაჭერის ძალებმა და მოკავშირე მილიციამ, განახორციელეს კოორდინირებული სახმელეთო და საჰაერო თავდასხმები ჯებელ მარრაში მდებარე დასახლებულ სოფლებზე, რომელიც წარმოადგენს მეამბოხეთა დასაყრდენ ადგილს ცენტრალურ დარფურში. აღნიშნული თავდასხმები წლების მანძილზე გრძელდება, რომელიც, 2014-2015 წლებში, დარფურის „ზაფხულის გადამწყვეტი ოპერაციის“ კამპანიის დროს დაიწყო.

სამთავრობო ძალებმა მოკლეს სამოქალაქო პირები, გააუპატიურეს ქალები და ბავშვები და გაანადგურეს ასობით სოფელი. გაეროს შეფასებით, სექტემბერში ძალადობის შედეგად 190,000 იძულებით გადაადგილებული პირი იყო ქვეყანაში, რომელთა დახმარებაზეც ჰუმანიტარულ სააგენტოებს ხელი არ მიუწვდებოდათ. დარფურის სხვა ადგილებში, სამთავრობო ძალების მხრიდან სამოქალაქო პირებზე თავდასხმებმა და თემის შიგნით მიწებზე და რესურსებზე არსებულმა ბრძოლებმა გამოიწვია სიკვდილიანობა, განადგურება და იძულებითი გადაადგილება.

„Amnesty International“-ის ცნობით, მთავრობამ მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენა ქიმიური იარაღი, თუმცა სუდანმა, რომელიც 1999 წლიდან ქიმიური იარაღის კონვენციის წევრია, უარყო ბრალდება და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას (OPCW) შეუზღუდა გამოძიების ფარგლები.

ხელისუფლების ორგანოებმა დაბლოკეს აფრიკის კავშირის/გაეროს სამშვიდობო მისია, UNAMID, ჯებელ მარრას რეგიონიდან, რითაც მისიას ხელი შეუშალეს, განეხორციელებინათ სამოქალაქო პირების დაცვა.

კონფლიქტი და ძალადობა ცისფერ ნილოსსა და სამხრეთ კორდოფანში

ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების მიუხედავად, სამთავრობო ძალებსა და შეიარაღებულ ამბოხებულებს შორის, უკვე მეხუთე წელია მიმდინარეობს კონფლიქტი სამხრეთ კორდოფანში და ცისფერ ნილოსზე. ნუბას მთებში, სამთავრობო ძალებმა, მოკავშირე მილიციასთან ერთად, სოფლებში და სხვა დასახლებულ ადგილებში მცხოვრებ სამოქალაქო პირებზე, განახორციელეს სახმელეთო თავდასხმები და განურჩეველი დაბომბვები. თავდასხმები ძირთადად მარტიდან ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა.

მხოლოდ მაისში, თავდასხმებმა ექვსი ბავშვი იმსხვერპლა, მათი გასვენებისას კი, რამდენიმე დაიჭრა, ასევე განადგურდა ქაუდაში მდებარე სკოლა და დაიჭრა ერთი მასწავლებელი. სამთავრობო ძალებმა გადაწვეს მარცვლეული კულტურები, მოიპარეს საკვები და სამეურნეო ადგილებში მცხოვრები ხალხი გადაასახლეს. თავდასხმებმა გამოიწვია სამოქალაქო პირების გაუმართლებელი სიკვდილი, მათ შორის ბავშვების, დაიჭრა ბევრი და განადგურდა მშვიდობიანი მოსახლეობის ქონება.

მთავრობამ ჰუმანიტარულ სააგენტოებს აუკრძალა ცისფერი ნილოსის და სამხრეთ კორდოფანის ამბოხებულ ტერიტორიებზე საქმიანობა, ასევე არ დათანხმდა მეამბოხე ჯგუფებთან ჰუმანიტარული დახმარების პირობებს.

თვითნებური დაკავებები, წამება და არასათანადო მოპყრობა

სუდანის ეროვნული დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურმა (NISS) – რომელიც ცნობილია შეურაცხმყოფელი ტაქტიკით, მათ შორის, რეალური და მოაზრებული პოლიტიკური ოპონენტების მიმართ წამებით – დააკავა აქტივისტები, სტუდენტები, ადვოკატები, ექიმები და თემის/საზოგადოების ლიდერები, რომლებიც მიიჩნეოდნენ მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილ პირებად.

დაკავებულთა უმრავლესობა სცემეს და დაექვემდებარნენ არასათანადო მოპყრობის სხვადასხვა ფორმებს. ზოგიერთი ქალი აქტივისტის განცხადებით, დაკავების დროს, ეროვნული უსაფრთხოების ძალების მხრიდან სექსუალური ძალადობის  მსხვერპლნი გახდნენ. „Human Rights Watch“-ის მიხედვით, ხელისუფლება თვითნებურ დაკავებებს, სექსუალურ ძალადობას და საზოგადოებრივი წესრიგის კოდექსს იყენებს ქალი ადამიანის უფლებათა დამცველების გასაჩუმებლად.

მშვიდობიანი შეკრების, ასოციაციისა და გამოხატვის თავისუფლება

იანვარში, დასავლეთ დარფურში, უსაფრთხოების ძალებმა გამოიყენეს საბრძოლო იარაღი საპროტესტო აქციის დასაშლელად, რომლებიც იქ მდებარე ერთ-ერთ სოფელზე თავდასხმას აპროტესტებდნენ. სულ მცირე შვიდი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი იქნა მოკლული აღნიშნული ინციდენტის დროს.

აპრილში, უსაფრთხოების ძალებმა ძალადობრივად ჩაახშეს ხართუმის უნივერსიტეტთან გამართული სტუდენტების საპროტესტო აქცია, სადაც გამოიყენეს რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი, ხოლო ჩრდილოეთ კორდოფანში და ომდურმანში პროტესტის შესაჩერებლად გამოიყენეს საბრძოლო იარაღი, რომელსაც ემსხვერპლა ორი სტუდენტი და დაშავდა ათობით პირი.

2013 წლის სექტემბრის საპროტესტო აქციისას მოკლული 170 პირის საქმეზე დღემდე არავინაა მიცემული პასუხისგებაში, მსხვერპლთა უმრავლესობას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები თავისა და გულ-მკერდის არეში აქვთ მიყენებული.

უსაფრთხოების ძალები ზღუდავდნენ მედიის თავისუფლებას, ემუქრებოდნენ ჟურნალისტებს და წლის განმავლობაში, რეგულარულად ახდენდნენ გაზეთების კონფისკაციას. მაისში,  გაზეთ „ალ-ჯარიდას“ ხუთჯერ ჩამოერთვა გამოცემები, ვინაიდან მათ გააშუქეს სტუდენტთა დემონსტრაციები. ოქტომბერში, განხორციელდა გაზეთ „ალ-ვატანის“ კონფისკაცია, ვინაიდან გააშუქეს ქვეყნის მასშტაბით მომხდარი სამედიცინო მუშაკთა გაფიცვები.

სუდანი ასევე ზღუდავს რელიგიის თავისუფლებას და ადგილი აქვს სასულიერო პირების დაკავებას. 2015 წლის დეკემბრიდან, შპიონაჟის და სხვა ბრალდებებით, რომელიც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს, დაკავებულია სამი პასტორი და ერთი დარფურელი აქტივისტი.[1]

2017 წლის ოქტომბერში, აშშ-მ სუდანს ათწლეულების მანძილზე არსებული ეკონომიკური სანქციები მოუხსნა, რაც იანვარში გაკეთებული აღმასრულებელი ბრძანების შემდეგ განხორციელდა, რომელიც მიუთითებდა გაუმჯობესებებს რამდენიმე ძირითადი მიმართულებით, თუმცა ადამიანის უფლებების დაცვის რეფორმები ცალსახად არ იყო მოხსენიებული.  „Human Rights Watch“ აშშ-ს მოუწოდებს, რომ სუდანთან თანამშრომლობისას, ადამიანის უფლებები მთავარ საკითხად განიხილოს.

„Human Rights Watch“-ის აფრიკის საკითხებში უფროსი მკვლევრის, ჯეჰანნე ჰენრის თქმით, წამება და ხანგრძლივი თვითნებური დაპატიმრება, როგორც განსხვავებული აზრისა და დიალოგის დამხშობი საშუალება, რუტინული პრაქტიკაა სუდანში.[2]

[1] HWR – Human Rights Watch, World Report 2017 – Sudan, available at: https://www.hrw.org/world-report/2017/country-chapters/sudan (accessed on 09 January 2018)

[2] HRW – Human Rights Watch: Sudan: Charge or Release Rights Activists, 19 December 2017

 (accessed on 9 January 2018)