რუსეთი. ანტიკორუფციული საპროტესტო დემონსტრაცია. იანვარი, 2018

2017 წლის 26 მარტს, დედაქალაქ მოსკოვში გამართულ ანტიკორუფციულ საპროტესტო აქციისას, დააკავეს აქციის ორგანიზატორი და რუსეთის ოპოზიციის მთავარი ლიდერი, ალექსეი ნავალნი.

ათასობით ადამიანი შეიკრიბა ქვეყნის მასშტაბით და კორუფციის ბრალდებების საფუძველზე, მოითხოვდნენ პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის გადადგომას.

ქვეყნის მასშტაბით გამართული აქციების დროს სულ მცირე 500 მომიტინგე დააკავეს. მსვლელობათა უმრავლესობა ნებართვის გარეშე ჩატარდა.

სატელევიზიო გაშუქებისას ჩანდა, რომ დემონსტრანტები სკანდირებდნენ: „ძირს პუტინი“, „რუსეთი პუტინის გარეშე“ და „პუტინი ქურდია“.

კორესპონდენტთა თქმით, 2011-2012 წლებში მთავრობის წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციების შემდეგ, აღნიშნული მიტინგი ყველაზე მასშტაბური იყო.

ალექსეი ნავალნი დააკავეს, როდესაც ის მოსკოვში გამართულ აქციაზე მივიდა. მომიტინგეები ცდილობდნენ პოლიციისთვის ხელი შეეშალათ, რათა არ დაეკავებინათ ნავალნი.

დაკავების შემდეგ, სოციალურ ქსელ ტვიტერში, ნავალნი მომიტინგეებს მოუწოდებდა, გაეგრძელებინათ დემონსტრაცია და ებრძოლათ კორუფციის წინააღმდეგ. მისივე თქმით, პოლიცია შეიჭრა მისი ფონდის ოფისში და დააკავა თანამშრომლები.

საპროტესტო აქციები გაიმართა ასევე სანქტ-პეტერბურგში, ვლადივოსტოკში, ნოვოსიბირსკში, ტომსკში და კიდევ რამდენიმე ქალაქში, სადაც, ასევე, ადგილი ჰქონდა დაკავებებს.

აშშ-მ დაგმო ასობით მშვიდობიანი მომიტინგის დაპატიმრება რუსეთის მასშტაბით და განაცხადა, რომ აღნიშნული ფაქტი ძირითადი დემოკრატიული ღირებულებების შეურაცხყოფაა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მარკ ტონერიმ, განაცხადა, რომ აშშ შეშფოთებულია ნავალნის დაკავებით.

ალექსეი ნავალნიმ მას შემდეგ მოუწოდა ხალხს ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებისკენ, რაც მედვედევის ქონების შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც იგი ფლობდა სასახლეებს, იახტებს და ვენახებს, რისი ფლობაც მის ოფიციალურ ხელფასს აღემატებოდა. ანგარიშში ასევე ნათქვამი იყო, რომ მედვედევს, ერთ-ერთ მის საკუთრებაში, სპეციალური სახლი ჰქონდა იხვისთვის, რის საპასუხოდაც აქციისას დემონსტრანტებს ყვითელი რეზინის იხვები ეჭირათ.

მედვედევის სპიკერმა აღნიშნულ ბრალდებებს პროპაგანდისტული თავდასხმები უწოდა, თავად პრემიერ-მინისტრს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.

მოსკოვში მომიტინგეები პუშკინის მოედანზე შეიკრიბნენ, პოეტის ძეგლზე ავიდნენ და ყვიროდნენ – „იმპიჩმენტი“. პოლიციის შეფასებით, აქტივობა 7,000-დან 8,000 პირამდე იყო. მათივე თქმით, დედაქალაქში, 500 მომიტინგე იქნა დაკავებული, თუმცა ადამიანის უფლებადამცველი ჯგუფის „OVD Info“-ს შეფასებით, 800-ზე მეტი პირი იქნა დაკავებული.

საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, კრემლის მხრიდან არ გაკეთებულა კომენტარები. მან მხოლოდ განაცხადა, რომ მოსკოვში გამართული, არასანქცირებული საპროტესტო აქცია იყო უკანონო პროვოკაცია.

ალექსეი ნავალნიმ განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, აპირებს ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ იბრძოლოს, თუმცა მას არჩევნებში მონაწილეობის ნება არ მისცეს, რადგან აღმოაჩინეს, რომ იყო ნასამართლევი. ნავალნის თქმით, აღნიშნული საქმე იყო პოლიტიზირებული.

ნავალნის განცხადებით, საპროტესტო აქციები დაგეგმილი იყო 99 ქალაქში, მაგრამ 72 მათგანში ხელისუფლებამ აქციის გამართვის ნებართვა არ მისცა.[1]

საპროტესტო აქცია გაიმართა ქალაქ ვოლგოგრადშიც.[2]

რუსულენოვანი BBC-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, დედაქალაქში გამართული, ზემოაღნიშნული ანტიკორუფციული მსვლელობა, დაკავებების კუთხით, ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა ისტორიაში.

მოსკოვის რეგიონული უსაფრთხოებისა და კორუფციასთან ბრძოლის დეპარტამენტის უფროსის, ვლადიმირ ჩერნიკოვის განცხადებით, 600-ზე მეტი ადამიანი იქნა დაკავებული, ასევე აღნიშნა, რომ ეს ციფრი საბოლოო არაა და მოგვიანებით დაზუსტდება. ამასთანავე, უფლებადამცველი პროექტის “ОВД-Инфо”-ს მონაცემებით, მოსკოვში გამართულ მიტინგზე პოლიციამ დააკავა 1030 ადამიანი. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს „РИА Новости“-ის ინფორმაციითაც, დაკავებული იქნა ათასზე მეტი ადამიანი.

პოლიცია საკმაოდ მკაცრად მოქმედებდა, BBC-ის კორესპონდენტის თქმით, მან დაინახა, რამდენიმე ადამიანს თუ როგორ ურტყამდნენ თავში ხელკეტებს. „პროგრესის პარტიის“ მოსკოვის განყოფილების ხელმძღვანელი, ნიკოლაი ლასკინა, დაკავების შემდეგ გადაიყვანეს ბოტკინსკის საავადმყოფოში, რადგან ეჭვობდნენ, რომ, ცემის შედეგად, მიიღო ტვინის შერყევა. მისი თქმით, სატვირთო მანქანაში ყოფნის დროს, პოლიცია თავში ურტყამდა.

უფლებადამცველი, ოლგა რომანოვას, განცხადებით, ბევრი პირია დაშავებული და მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც. მისივე თქმით, დაზარალებულები პოლიციის განყოფილებიდან სასწრაფო დახმარების მანქანებით მიყავდათ.

ქ. ვოლგოგრადში, მიტინგის მონაწილის, პედაგოგიური უნივერსიტეტის მეხუთე კურსის სტუდენტის, წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე „ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ ძალის გამოყენების“ მუხლით. აქციის დროს ქალაქში სულ 28 პირი დაიჭირეს, რომელთაგან 12 დააჯარიმეს.[3]

[1] BBC News – Russia protests: Opposition leader Navalny and hundreds of others held, 27 March 2017, available at: http://www.bbc.com/news/world-europe-39398305 (accessed 15 January 2018)

[2] Kramola – В каких городах пройдут митинги Навального 26 марта 2017 года, 24 March 2017, available at: https://www.kramola.info/vesti/novosti/v-kakih-gorodah-proydut-mitingi-navalnogo-26-marta-2017-goda (accessed 15 January 2018)

[3] BBC News – Митинг в Москве обернулся рекордным количеством задержаний, 27 марта 2017, available at: http://www.bbc.com/russian/features-39402540 (accessed on 15 January 2018)