განა. ინცესტისთვის განსაზღვრული სასჯელის აღსრულება პრაქტიკაში. იანვარი, 2018

განის სისხლის სამართლის დარღვევათა აქტში, რომელიც 1960 წლით თარიღდება, 29-ე მუხლის 105-ე სექციით განმარტებულია ინცესტი და განსაზღვრულია აღნიშნული ქმედებისთვის დადგენილი სასჯელის ზომა.

105-ე სექციის პირველი ქვეპუნქტით დადგენილია, რომ 16 წლის და ზევით ასაკის მამაკაცი, რომელიც სექსუალურ კავშირს დაამყარებს ქალთან, რომელზეც იცოდა, რომ არის მისი შვილიშვილი, შვილი, და, დედა ან ბებია, ჩაიდენს დანაშაულს და მიესჯება თავისუფლების აღკვეთა არანაკლებ 3 და არაუმეტეს 25 წლისა. ამავე სექციის მეორე ქვეპუნქტი ადგენს, რომ 16 წლის და ზევით ასაკის ქალი, რომელიც სექსუალურ კავშირს დაამყარებს კაცთან, რომელზეც იცოდა, რომ არის მისი შვილიშვილი, შვილი, ძმა, მამა ან პაპა, ჩაიდენს დანაშაულს და მიესჯება თავისუფლების აღკვეთა არანაკლებ 3 და არაუმეტეს 25 წლისა.

105-ე სექციის მესამე ქვეპუნქტი ადგენს, რომ 16 წლის და ზევით ასაკის კაცი, რომელიც სექსუალური კავშირის დამყარების ნებას დართავს ქალს, რომელზეც იცოდა, რომ არის მისი შვილიშვილი, შვილი, და, დედა ან ბებია, ჩაიდენს დანაშაულს და მიესჯება თავისუფლების აღკვეთა არანაკლებ 3 და არაუმეტეს 25 წლისა. ამავე სექციის მეოთხე ქვეპუნქტი ადგენს, რომ 16 წლის და ზევით ასაკის ქალი, რომელიც სექსუალური კავშირის დამყარების ნებას დართავს კაცს, რომელზეც იცოდა, რომ არის მისი შვილიშვილი, შვილი, ძმა, მამა ან პაპა, ჩაიდენს დანაშაულს და მიესჯება თავისუფლების აღკვეთა არანაკლებ 3 და არაუმეტეს 25 წლისა.

ამავე სექციის მეხუთე ქვეპუნქტით დაზუსტებულია, რომ „და“ მათ შორის გულისხმობს ნახევარდასაც და „ძმა“ მათ შორის გულისხმობს ნახევარძმასაც.[1]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში განის შესახებ წერს, რომ კანონმდებლობა კრძალავს გარყვნილ ქმედებას (ნებით თუ ნების გარეშე სექსუალური კავშირი 16 წელზე პატარა ასაკის ბავშვთან), ინცესტს და არასრულწლოვანთა სექსუალურ შევიწროვებას.[2]

„Quora“ ფორუმზე ერთერთი კითხვა შემდეგნაირადაა ფორმულირებული – „რა არის განაში კულტურული ტაბუ?“ აღნიშნულ კითხვაზე პასუხებში ნახსენებია ინცესტიც. კუმასში მცხოვრები ქალბატონი ელორმ ტაგბორი 2016 წლის 9 მაისს წერს, რომ კულტურული ტაბუ განაში ეთნიკური ჯგუფების მიხედვით განსხვავებულია. უნივერსალური ტაბუა ინცესტი, რომელიც მიუღებელია თითქმის ყველა ეთნიკური ჯგუფისთვის, თუმცა სხვადასხვა სახით. მაგალითად, აკანებისთვის, რომლებიც მემკვიდრეობას დედის ხაზით აგრძელებენ, სექსუალური კავშირი აკრძალულია დედის მხრიდან ნათესავებთან (cousins). თუმცა ტაბუს არ წარმოადგენს მამის მხრიდან ნათესავებთან (cousins) კავშირი. სხვა მიდგომა აქვს ევის ეთნიკურ ჯგუფს, რომელიც მემკვიდრეობას მამის ხაზით აგრძელებს; მათთვის ოჯახის ნებისმიერ წევრთან კავშირი მიუღებელია.

აკრაში მცხოვრები სტუდენტი ნანა უირეკო 2016 წლის 5 მაისს წერს, რომ განა მშვენიერი ქვეყანაა, სადაც უამრავი ეთნოსი და ტომია, რომელთაც თავიანთი შეხედულებები აქვთ სხვადასხვა საკითხზე. აკანებს შორის, რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენენ, ნათესავთან ქორწინება ან ინცესტი მიუღებელია. ასეთი რამ დაშვებულია ჩრდილოეთ განაში მცხოვრები ზოგიერთი ჯგუფისთვის.

აკრაში მცხოვრები მამაკაცი ჰარი ტაკეი 2016 წლის 5 მაისს წერს, რომ ერთნაირი სქესის ხალხთა ქორწინება მკაცრად აკრძალულია ნორმებით, ტრადიციებითა და კანონით. ინცესტი ანუ ქორწინება დედმამიშვილებს შორის ტაბუა. კონკრეტულ ეთნიკურ ჯგუფებში ერთი ოჯახის ორ წარმომადგენელს შორის ქორწინება ასევე წარმოადგენს ტაბუს.[3]

საერთაშორისო უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ყოველწლიურ ანგარიშებში ინცესტის შესახებ საუბარი არ არის, თუმცა გლობალური საძიებო სისტემებით იძებნება სხვადასხვა ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციები ინცესტის ბრალდებით დაპატიმრებულ და გასამართლებულ ხალხზე.

2017 წლის 4 მარტს Ghanaweb წერს, რომ 45 მამაკაცი აკრას რაიონული სასამართლოს წინაშე წარსდგა ინცესტის ბრალდებით. იგი ყოფილმა ცოლმა დაადანაშაულა საკუთარ შვილთან სექსუალურ კავშირში, როს შედეგადაც გოგონა დაფეხმძიმდა. ქალბატონი მტკიცებით, მისი ყოფილი ქმარი სექსუალურ კავშირს ამყარებდა საკუთარ შვილთან, როდესაც ის შაბათ-კვირის გასატარებლად მასთან ჩადიოდა. გოგონას დაფეხმძიმების შემდეგ კი კაცმა იგი კლინიკაში წაიყვანა და აბორტი გაუკეთა. საბოლოოდ, მამაკაცი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ინცესტის ბრალდების ნაწილში, თუმცა დააკისრა სამივე შვილისთვის 40 ათასი ცედის გადახდა.[4]

2017 წლის 23 აგვისტოს News Ghana წერს, რომ მამაკაცს ინცესტისა და გარყვნილი ქმედებისთვის 15 წლით პატიმრობა მიესაჯა. სტატიაში ნათქვამია, რომ ამასამანთან მდებარე დასახლება მანჰიაში მამაკაცმა თავის 12 წლის შვილთან დაამყარა სექსუალური კავშირი. თავად ჯეიმს დებრა ბრალდებას უარყოფდა, თუმცა იგი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. როგორც გამოძიებამ დაადგინა, მან აღნიშნული ქმედება არაერთხელ ჩაიდინა. საბოლოოდ, ბავშვის დედამ, რომელმაც იეჭვა, რომ რაღაც უცნაური ხდებოდა, პოლიციას მიმართა.[5]

2016 წლის 8 სექტემბერს Ghana News Agency წერს, რომ 36 წლის აბუბაკარ ბედიაკოს 16 წლის შვილთან სექსუალური კავშირის გამო, ინცესტის ბრალდებით, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სტატიაში ნათქვამია, რომ ოჯახი, მათ შორის მსხვერპლი და მისი დედა აღნიშნულს ცრემლებით შეხვდნენ. ბედიაკო პოლიციაში მისმა ცოლმა დაასმინა, რომელმაც ერთხელაც აღმოაჩინა, რომ მისი შვილი ფეხმძიმედ იყო. როგორც გაირკვა მამა სექსუალურ კავშირს ამყარებდა შვილთან ყოველთვის, როდესაც მისი ცოლი სამსახურში ღამის სმენაში მუშაობდა. კაცმა ჩადენილი აღიარა.[6]

2017 წლის 9 თებერვალს Ghana Business News წერს, რომ 41 წლის ბიზნესმენი დესმონდ ოვუსუ ინცესტის და ასევე თავდასხმისა და მოკვლით მუქარის ბრალდებით კუმასის სასამართლოს წინაშე წარსდგა. თავად ბიზნესმენი ბრალდებას უარყოფდა, ხოლო ძიება ამტკიცებდა, რომ მან თავის შვილთან დაამყარა სექსუალური კავშირი. გამოძიების ინფორმაციით, განქორწინების შემდეგ, მსხვერპლი დედასთან ერთად ცხოვრობდა და როდესაც სასწავლებელში ერთერთი გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუხდა, მამას ფინანსური დახმარება სთხოვა, გამოცდაზე დაშვების საფასურის გადასახდელად. მამა მას დათანხმდა იმ პირობით, რომ გოგონა მასთან გადავიდოდა საცხოვრებლად. გოგონა აღნიშნულ პირობას დათანხმდა. მამასთან გადასვლიდან ერთი კვირის შემდეგ გოგონა მამამ გააუპატიურა და შემდეგ არაერთხელ გაიმეორა მასთან სექსუალური აქტი. ის ასევე მოკვლით დაემუქრა მსხვერპლს თუ ვინმეს გაუმხელდა მომხდარს. საბოლოოდ, გოგონამ გადაწყვიტა დუმილი დაერღვია, დედასთან გაიქცა და ყველაფერი დედას და ბიძას მოუყვა.[7]

[1] Ghana Legal; Criminal Offences Act – 1960 (Act 29); Section – 105 – Incest; available at: http://laws.ghanalegal.com/acts/id/19/section/105/Incest [accessed 17 January, 2018]

[2] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Ghana, 3 March 2017, available at:

[accessed 17 January 2018]

[3] Quora Forum; what are some cultural taboos in Ghana? 15 answers; available at: https://www.quora.com/What-are-some-cultural-taboos-in-Ghana [accessed 17 January, 2018]

[4] Ghanaweb; Man, 45, charged with incest; 4 March, 2017; available at: https://www.ghanaweb.com/GhanaHomePage/NewsArchive/Man-45-charged-with-incest-515762 [accessed 18 January, 2018]

[5] News Ghana; Farmer handed 15-years sentence for incest & defilement; 23 August, 2017; available at: https://www.newsghana.com.gh/farmer-handed-15-years-sentence-for-incest-defilement/ [accessed 18 January 2018]

[6] Ghana News Agency; Family in tears as father goes to jail over incest; By Joyce Danso; 8 September, 2016; available at: http://www.ghananewsagency.org/human-interest/family-in-tears-as-father-goes-to-jail-over-incest-107674 [accessed 18 January, 2018]

[7] Ghana Business News; Businessman in trouble over alleged incest; 9 February, 2018; available at: https://www.ghanabusinessnews.com/2017/02/09/businessman-in-trouble-over-alleged-incest/ [accessed 18 January 2018]