ბენგაზიში პატიმრები ქუჩაში სიკვდილით დასაჯეს – 23 იანვარს ლიბიის დედაქალაქში ორი აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად 30 ადამიანზე მეტი დაიღუპა, 20-მდე კი დაშავდა. 2 დანაღმული ავტომობილი ბენგაზის უდეიდეს მეჩეთთან იმ დროს მოხდა, როდესაც მორწმუნეები ლოცვის შემდეგ მეჩეთს ტოვებდნენ. მომდევნო დღეს პატიმრები ქუჩაში, ხალხის თვალწინ დახვრიტეს. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ცისფერტანსაცმლიანი 9 კაცი, ისინი მუხლებზე დგანან. შემდეგ მათ მიწაზე სისხლში ამოსვრილებს აჩვენებენ. დასჯის შემდეგ ცხედრები პიკაპების საბარგულებით შეკრებილთა შეძახილების ფონზე წაიღეს. ადამიანების ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. პატიმრები იმ მეჩეთის გვერდით დახვრიტეს, სადაც 23 იანვარს ტერაქტი მოხდა. გაეროს მისიამ ლიბიაში შეშფოთება გამოთქვა მომხდარის გამო და განაცხადა, რომ ასეთი ქმედება საერთაშორისო სამართლით ისჯება.[1]
ავღანეთში ორგანიზაციის „Save the Children“ ოფისს თავს დაესხნენ – ავღანეთში, ჯალალაბადში საერთაშორისო ორგანიზაციის „Save the Children“ ოფისზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ოპერაცია ბრიტანეთის, შვედეთის და ავღანეთის სამთავრობო შენობებზე რამდენიმე თავდასხმას გულისხმობდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 2 და დაშავებულია 11 ადამიანი.[2]
ქაბულის დიპლომატიურ უბანში მომხდარ აფეთქებას 103 ადამიანი ემსხვერპლა – ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის დიპლომატიურ უბანში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 103-მდე გაიზარდა, დაშავებულია 235 ადამიანი. პოლიციამ ტერაქტთან კავშირის ბრალდებით 4 ადამიანი დააკავა. აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული სასწრაფო დახმარების მანქანით მოაწყო. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „თალიბანმა“ აიღო. ავღანეთის ხელისუფლებამ ქაბულში მომხდარი ტერაქტის მსხვერპლთა პატივსაცემად, 28 იანვარი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა.[3]
ტერაქტი ქაბულის სამხედრო აკადემიაში – მარშალ ფაჰიმის სახელობის სამხედრო აკადემიაზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 9 ადამიანი და დაიჭრა რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე. თავდასხმაში სულ ხუთი ტერორისტი მონაწილეობდა, მათგან ორმხრივ სროლებში სამი დაიღუპა, ხოლო ერთი დააკავეს.[4]
თურქეთის სამხედრო ოპერაცია სირიაში – თურქეთის სამხედრო კოლონამ ქურთებზე თავდასხმის მიზნით, სირიის საზღვარი გადალახა და ალეპოს პროვინციაში შევიდა. თურქეთის სატანკო შენაერთი ქურთების პოზიციებს ალეპოს პროვინციიდან დაბომბავს. პარალელურად, ქურთულმა სამხედრო ჯგუფებმა აფრინის ერთ-ერთ ოლქში თურქეთისგან მხარდაჭერილი „თავისუფალი სირიის არმიის“ შეტევა უკუაგდო, ასევე თურქეთის არმიის სამი ტანკი ააფეთქა და შეტევა გაანეიტრალა. სირიის ჩრდილოეთში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. თურქეთის საჰაერო ძალების იერიშის შედეგად, აფრინში ტერორისტული ორგანიზაციის 33 წევრი მოკლეს. წლის დასაწყისში, ანტიტერორისტული ოპერაციების დაწყებიდან დღემდე 649 ტერორისტია განადგურებული, ამის შესახებ ინფორმაცია თურქეთის გენერალურმა შტაბმა გაავრცელა. თურქეთმა სამხედრო ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ 20 იანვარს დაიწყო. თურქეთის არმია სირიის ჩრდილოეთში აფრინისა და აზაზის მიმართულებით ავითარებს შეტევას და პოტენციურ სამიზნედ მანბიჯსაც ასახელებს.[5]
ვითარება იემენში – სეპარატისტებმა სამხრეთ იემენში მდებარე ქალაქ ადენში სახელისუფლებო ძალებთან სისხლიანი შეტაკების შემდეგ სამთავრობო შენობები დაიკავეს. ქვეყნის პრემიერმა აჰმედ ბინ დაღერმა სეპარატისტები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა. ბრძოლები კვირას დაიწყო, როდესაც პოლიციამ დემონსტრანტებს აქციის ჩატარების უფლება არ მისცა. შეტაკებისას ათობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა. თვითმხილველების თქმით, აფეთქებები ქალაქის რამდენიმე უბანში ხდებოდა. სეპარატისტებს მხარს არაბთა გაერთიანებული საამიროები უჭერს, რომელიც ასევე, საუდის არაბეთის მეთაურობით შექმნილ კოალიციაშია, რომელიც ჰუსიტების წინააღმდეგ იბრძვის. იემენის პრემიერის განცხადებით, არაბთა გაერთიანებული საამიროებში „გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა“ დროულად უნდა გაატარონ ღონისძიებები, რადგან სეპარატისტების ქმედებები ჰუსიტებს ხელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს. პარალელურად, იემენის ერთერთ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე აფეთქება მოხდა. შემთხვევას 15 ჯარისკაცი ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობით, დანაღმული ავტომობილი შაბვას პროვინციაში აფეთქდა. ინციდენტი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ადგილობრივი დროით 08:30 საათზე მოხდა.[6]
ინდოეთში მუსლიმებსა და ინდუისტებს შორის დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა – ჩრდილოეთ ინდოეთში პოლიციამ 112 ადამიანი დააკავა. გამოძიება დაკავებულებს ორი რელიგიური ჯგუფის დაპირისპირებაში მონაწილეობას ედავება. მუსლიმები და ინდუისტები ერთმანეთს ძალადობაში სდებენ ბრალს. მათ ერთმანეთს ქვები დაუშინეს, მაღაზიებსა და სატრანსპორტო საშუალებებს კი ცეცხლი წაუკიდეს. დაპირისპირებას ერთი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი კრიტიკულად მძიმეა. დაპირისპირება ადგილობრივმა პოლიციამ უკვე აღკვეთა და შემდგომი ძალადობის თავიდან ასაცილებლად, რეგიონში პატრულირება დააწესა.[7]
[1] Imedi News; ბენგაზიში მომხდარი ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა; 24 იანვარი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/45349/bengazishi-momkhdari-ormagi-teraqtis-mskhverplta-ritskhvi-33mde-gaizarda
ლიბიაში პატიმრები ხალხის თვალწინ ქუჩაში სიკვდილით დასაჯეს; 25 იანვარი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/45597/libiashi-patimrebi-quchashi-khalkhis-tvaltsin-sikvdilit-dasajes
[2] Reuters; Islamic State claims attack on Jalalabad in Afghanistan; Reuters Staff; 24 January, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-afghanistan-blast-claim/islamic-state-claims-attack-on-jalalabad-in-afghanistan-idUSKBN1FD1HC?il=0
[3] BBC; Kabul attack: Taliban kill 95 with ambulance bomb in afghan capital; 28 January, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-asia-42843897
[4] National Public Radio; 11 dead in attack on army garrison in Kabul claimed by ISIS; By Scott Neuman; 29 January, 2018; available at: https://www.npr.org/sections/thetwo-way/2018/01/29/581490219/3-dead-in-attack-on-army-garrison-in-kabul-claimed-by-isis
[5] AMN; Turkish military column reportedly enters Aleppo in pursuit of Kurds; 24 January, 2018; available at: https://www.almasdarnews.com/article/turkish-military-column-reportedly-enters-aleppo-pursuit-kurds/
Imedi News; თურქეთის სამხედრო ძალებმა აფრინში ოპერაციების დაწყებიდან 649 ტერორისტი გაანადგურეს; 30 იანვარი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/46205/turqetis-samkhedro-dzalebma-aprinshi-operatsiebis-datskebidan-649-teroristi-gaanadgures
[6] BBC; Yemen crisis: Separatists seize governmental buildings in Aden; 28 January, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-middle-east-42852285
[7] BBC; India police qrrest 112 as religious clashes kill teenager; 29 January, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-asia-india-42855953