ეთიოპია. ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება. თებერვალი, 2018

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ეთიოპიაში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ წერს, რომ ეთიოპია ოფიციალურად ფედერალური რესპუბლიკაა. მთავრობას აკონტროლებს ეთნიკური ნიშნით შექმნილი ოთხი პარტიის კოალიცია „ეთიოპიის სახალხო რევოლუციური დემოკრატიული ფრონტი“. 2015 წლის მაისის არჩევნებში ფრონტმა და მოკავშირე პარტიებმა სახალხო წარმომადგენელთა სახლის (პარლამენტი) ყველა (547) მანდატი მიიღეს და ხელისუფლებაში დარჩნენ ზედიზედ მეხუთე ხუთწლიანი ვადით. 2015 წლის ოქტომბერში პარლამენტმა ჰეილემარიამ დესალეგნი პრემიერ-მინისტრად აირჩია. მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები აფერხებს ხმის მიცემის პროცესის მონიტორინგს. აფრიკის კავშირის მისიამ, რომელიც ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო ინსტიტუცია იყო, თავის ანგარიშში აღნიშნა, რომ არჩევნები სანდო და მშვიდ გარემოში ჩატარდა. ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, საარჩევნო გარემო არ იყო სამართლიანი. გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობა იყენებდა უსამართლო ტაქტიკას, მათ შორის მიმართავდა ოპოზიციის კანდიდატებისა და მხარდამჭერების დაშინებას და ძალადობას არჩევნებამდე და შემდგომ პერიოდშიც, რამაც გამოიწვია ოფიციალურად დადასტურებული მსხვერპლი; გარდაიცვალა 6 ადამიანი.

სამოქალაქო ხელისუფლება ყოველთვის ვერ ახორციელებს ეფექტურ კონტროლს უსაფრთხოების ძალებზე და პოლიცია და ადგილობრივი შეიარაღებული ჯგუფები პერიფერიებში მოქმედებენ დამოუკიდებლად. ადამიანის უფლებათა დარღვევის ყველაზე აღსანიშნავი ფაქტები დაკავშირებული იყო დემონსტრაციების საპასუხოდ უსაფრთხოების ძალების მხრიდან ძალის გადამეტებასთან, თვითნებურ დაკავებებთან, პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასა და არასამთავრობოებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივობების შეზღუდვასთან.[1]

„Human Rights Watch“ 2018 წლის ანგარიშში ეთიოპიის შესახებ წერს, რომ 2017 წლის განმავლობაში ეთიოპიამ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ძალიან საჭირო რეფორმების განხორციელების მიმართულებით მცირე პროგრესი განიცადა. სანაცვლოდ, ხელისუფლებამ გახანგრძლივებული საგანგებო მდგომარეობა, უსაფრთხოების ძალები და რეპრესიული კანონმდებლობა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შესაზღუდად გამოიყენა. 10-თვიანი საგანგებო მდგომარეობა პირველად 2016 წლის ოქტომბერში გამოაცხადეს, რამაც მასობრივი დაპატიმრებები, არაადეკვატური მოპყრობა დაკავების ცენტრებში და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უმიზეზოდ შეზღუდვები გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო მდგომარეობა ძალიან ფართო და ძალადობრივი ხასიათის იყო, მან მისცა მთავრობას შედარებით მშვიდი პერიოდი, რომლის დროსაც მას შეეძლო ყურადღება გადაეტანა იმ საჩივრებზე, რომლებიც მოსახლეობის მხრიდან ყოველდღიურად მატულობდა. თუმცა, მთავრობამ არ გადადგა ნაბიჯები ადამიანის უფლებების კუთხით, მათ შორის შეზღუდული პოლიტიკური სივრცის, უსაფრთხოების ძალების თვითნებობისა და იძულებითი გადაადგილების კუთხით სიტუაციის გამოსწორებისთვის. სანაცვლოდ, ხელისუფლებამ ანტი-კორუფციული რეფორმა, მინისტრთა კაბინეტში გადაადგილებები, დიალოგი ოპოზიციურ პარტიებთან, ახალგაზრდობისთვის სამუშაო ადგილების შემქნა და „კარგი მმართველობის“ განვითარება დააანონსა.

ეთიოპია განაგრძობს დახურული პოლიტიკური სივრცის შენარჩუნებას. მმართველი კოალიცია აკონტროლებს ფედერალური და რეგიონული საპარლამენტო მანდატების 100 პროცენტს. ფართო შეზღუდვები სამოქალაქო საზოგადოებაზე და მედიაზე, დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიების განადგურება და იმ პირების მიმართ ძალადობა და მათი თვითნებური დაკავებები, ვინც აქტიურად არ უჭერს მხარს მთავრობას, ზღუდავს სივრცეს განსხვავებული აზრისთვის. მიუხედავად მრავალი დაპირებისა, მთავრობა არ იძიებს დარღვევებს. მთავრობასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა კომისია არ არის საკმარისად დამოუკიდებელი და მისი გამოძიება სანდოობას მოკლებულია.[2]

„Amnesty International“ თავის 2016/2017 წლების ანგარიშში ეთიოპიის შესახებ წერს, რომ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საჩივრებით მოტივირებულ საპროტესტო აქციებს ხელისუფლებამ პოლიციის მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენებით უპასუხა. პოლიტიკური ოპოზიციის დარბევას თან ახლდა მასობრივი დაკავებები, წამება და არასათანადო მოპყრობა, არასამართლიანი სასამართლო პროცესები და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უფლების დარღვევები. 2016 წლის ოქტომბერში მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რამაც ადამიანის უფლებების ახალი დარღვევები გამოიწვია.[3]

„Freedom House“ თავის 2017 წლის ანგარიშში ეთიოპიის შესახებ წერს, რომ ეთიოპია ავტორიტარული სახელმწიფოა, რომელსაც მართავს „ეთიოპიის სახალხო რევოლუციური დემოკრატიული ფრონტი“, რომელიც ხელისუფლებაშია 1991 წლიდან და ახლაც, პარლამენტში ყველა მანდატს ფლობს. ბოლო არჩევნებმა წარმოაჩინა მთავრობის სურვილი, იყოს რეპრესიული ოპოზიციისა და მისი მხარდამჭერების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების მიმართ. პოლიტიკური ოპონენტები და ასეთად მიჩნეულები მუდმივად განიცდიან ძალადობას და სისხლის სამართლებრივ დევნას, ძირითადად, ქვეყნის ძალიან ფართო ანტი-ტერორისტული პროკლამაციის გამოყენებით. ქველმოქმედებისა და საზოგადოებების შესახებ 2009 წლის პროკლამაცია რადიკალურად ზღუდავს სამოქალაქო ჯგუფების აქტივობებს.[4]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რელიგიის თავისუფლების შესახებ 2016 წლის ანგარიშში წერს, რომ ეთიოპიის მოსახლეობა დაახლოებით 102 მილიონია. მოსახლების 44% მართლმადიდებელი ქრისტიანია, 34 პროცენტი სუნიტი მუსლიმი, ხოლო 19% ევანგელისტურ და პროტესტანტულ ეკლესიებს მიაკუთვნებს თავს. მართლმადიდებლები, ძირითადად, ჩრდილოეთით მდებარე რეგიონებში – ტიგრაისა და ამჰარაში სახლობენ, ასევე ორომიაში არიან წარმოდგენილნი. მუსლიმები უმრავლესობაში არიან აფარში, ორომიასა და სომალის რეგიონებში. ქვეყანაში მცირე ჯგუფებით წარმოდგენილნი არიან კათოლიკეები, მორმონები, იეჰოვას მოწმეები, ებრაელები და ადგილობრივი ძირძველი რელიგიების მიმდევრები. ქვეყნის კონსტიტუცია ადგენს რელიგიის არჩევისა და აღმსარებლობის თავისუფლებას; კრძალავს რელიგიურ დისკრიმინაციას და ადგენს, რომ მთავრობა არ უნდა ჩაერიოს არცერთი რელიგიის საქმიანობაში.[5]

აშშ-ის რელიგიის თავისუფლების კომისია 2017 წლის ანგარიშში ეთიოპიის შესახებ წერს, რომ ქვეყანას რელიგიური ტოლერანტობისა და რელიგიათა შორის თანამშრომლობის დიდი ისტორია აქვს. ეთიოპიის კონსტიტუცია იცავს რელიგიის თავისუფლებას და აცალკევებს ერთმანეთისგან ეკლესიას და სახელმწიფოს. ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა გავრცელებულია აფრიკის რქის რეგიონის ქვეყნებში. ტერორიზმისა და რელიგიური ექსტრემიზმის გამო შეშფოთების საპასუხოდ, ეთიოპიის მთავრობას რელიგიის თავისუფლების სერიოზულ დარღვევებს უკავშირებენ.[6]

[1] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Ethiopia, 3 March 2017, available at:

[accessed 13 February 2018]

[2] Human Rights Watch, World Report 2018 – Ethiopia, 18 January 2018, available at:

[accessed 13 February 2018]

[3] Amnesty International, Amnesty International Report 2016/17 – Ethiopia, 22 February 2017, available at:

[accessed 13 February 2018]

[4] Freedom House, Freedom in the World 2017 – Ethiopia, 3 May 2017, available at:

[accessed 13 February 2018]

[5] United States Department of State, 2016 Report on International Religious Freedom – Ethiopia, 15 August 2017, available at:

[accessed 13 February 2018]

[6] United States Commission on International Religious Freedom, USCIRF Annual Report 2017 – Tier 3: Other countries/regions monitored – Ethiopia, 26 April 2017, available at:

[accessed 13 February 2018]