თურქეთი. ათეისტების მიმართ დამოკიდებულება. თებერვალი, 2018

აშშ-ის რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების კომისია 2017 წლის ანგარიშში თურქეთის რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ქვეყნის 1982 წლის კონსტიტუცია ადგენს რწმენის, რელიგიური მსახურების და რელიგიური იდეების გავრცელების თავისუფლებას და კრძალავს დისკრიმინაციას რელიგიურ ნიადაგზე. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო სეკულარიზმის ინტერპრეტირებას ახდენს რელიგიური საზოგადოებების სახელმწიფო კონტროლში, მათ შორის იგულისხმება რელიგიური მსახურების და სალოცავი სახლების კონტროლი. რელიგიური საკითხთა თავმჯდომარეობა (Diyanet) აკონტროლებს თურქეთში ისლამის პრაქტიკას; ყველა დანარჩენი რელიგია ფონდების გენერალური დირექტორატის (Vakiflar) კონტროლს ექვემდებარება.[1]

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი 2016 წლის ანგარიშში თურქეთის შესახებ წერს, რომ სხვადასხვა რელიგიური დენომინაციის ჯგუფების გარდა, ქვეყანაში ასევე არიან ათეისტებიც, რომელთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. დაახლოებითი მონაცემებიც განსხვავებულია, თუმცა ყველაზე ბოლო კვლევის შედეგებით მოსახლეობის დაახლოებით 2% არის ათეისტი.[2]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების შესახებ 2016 წლის ანგარიშში წერს, რომ თურქეთის მოსახლეობა დაახლოებით 80.3 მილიონია. მთავრობის ინფორმაციით, მოსახლეობის 99 პროცენტი მუსლიმია, რომელთაგანაც 77.5% – ჰანაფი სუნიტი. სხვა რელიგიების წარმომადგენლები დაახლოებით 0.3% შეადგენენ. თუმცა, ბოლოს ჩატარებული კვლევები აჩვენებენ, რომ მოსახლეობის დაახლოებით 2% ათეისტია.

ქვეყნის კონსტიტუცია ადგენს რელიგიური და მორალური ინსტრუქციების სავალდებულო ხასიათს დაწყებით და საშუალო საჯარო სკოლებში. ინსტრუქციების შინაარსს ადგენს ეროვნული განათლების რელიგიური ინსტრუქციების სამინისტრო. მხოლოდ იმ სტუდენტებს, რომლებიც პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში მონიშნულები არიან როგორც „ქრისტიანები“ ან „ებრაელები“, შეიძლება გათავისუფლდნენ რელიგიის გაკვეთილებისგან. ასეთი უფლება არ არის გათვალისწინებული ათეისტებისთვის, აგნოსტიკებისთვის, ალევი თუ სხვა არა მუსლიმებისთვის, ბაჰაიზმის მიმდევრების, იეზიდებისა ან მათთვის ვისაც საბუთებში რელიგიური კუთვნილების გრაფა ცარიელი აქვს. 2016 წლის მარტში შარიათული ასოციაციის თავმჯდომარე დააჯარიმეს 7080 ლირით (1928$) ათეიზმის ასოციაციის თავმჯდომარის შეურაცხყოფისთვის და 6000 ლირით (1634$) მის მიმართ განხორციელებული მუქარებისთვის.[3]

ორგანიზაცია „ფორუმი 18“ 2017 წლის ნოემბერში წერს რელიგიასთან დაკავშირებით მთავრობის საგანმანათლებლო პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულების შესახებ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ საშუალო სკოლის მოსწავლეებსა და მათ მშობლებს შორის ჩატარებულ კვლევაზე. შედეგები მრავალფეროვანია. მაგალითად, მორწმუნე სუნიტი მშობლები რელიგიის გაკვეთილების კვლავ სავალდებულოდ დატოვებას ითხოვენ. ამის მიზეზი არ არის ის, რომ მათ უნდათ სხვა რელიგიის მიმდევრებს ისლამის სწავლა აიძულონ; ისინი მიიჩნევენ, შესაძლოა მათმა შვილებმა გააპროტესტონ აღნიშნულ გაკვეთილებზე სიარული თუ ის იქნება ნებაყოფლობითი. საპირისპიროდ, ათეისტები არ ეწინააღმდეგებიან რელიგიის გაკვეთილებს, მაგრამ სურთ, რომ გაკვეთილები გახდეს ნებაყოფლობითი. განათლების სამინისტრომ ისლამის სწავლების პარალელურად, მოიწვია კომისია, რომელიც ნებაყოფლობით გაკვეთილებს ჩაატარებს ქრისტიანობის შესახებ. მიუხედავად თხოვნისა, ასეთი კომისია არ მოუწვევიათ ალევი საზოგადოებისთვის. ასეთი კომისია არ მოუწვევიათ არც ათეისტებისთვის, აგნოსტიკებისა თუ სხვა რწმენის ხალხისთვის.[4]

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი (EASO) 2016 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში თურქეთის შესახებ წერს, თურქეთი აღიარებს მხოლოდ რამდენიმე არა მუსლიმურ თემს როგორც უმცირესობას (მაგალითად სომხურ მართლმადიდებლურ ქრისტიანობას, ბერძნულ მართლმადიდებლურ ქრისტიანობას და ებრაელებს); გამორიცხავს მათი რიგებიდან სხვადასხვა კულტურულ და ეთნიკურ ჯგუფს.

პოზიტიური განვითარებაა პარლამენტის მიერ 2016 წლის 6 აპრილს ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის ინსტიტუტის შესახებ კანონის მიღება, რაც მიმართულია ეთნიკურ და რასობრივ ნიადაგზე დისკრიმინაციისკენ. კანონი კრძალავს დისკრიმინაციას გენდერის, რასის, ფერის, ენის, რელიგიის, რწმენის, მსოფლმხედველობის ან პოლიტიკური მოსაზრების, ეთნიკური წარმომავლობის, ქონებრივი მდგომარეობის, სამედიცინო მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობებისა და ასაკის მიუხედავად; ასევე იმის განურჩევლად, ბავშვი ქორწინებაშია გაჩენილი თუ ქორწინების გარეშე. თუმცა ევროკომისია 2016 წლის ანგარიშში წერს, რომ ვაკუუმი მაინც არსებობს ადამიანის უფლებების დაცვის საქმეებში, რადგან ადამიანის უფლებათა და თანასწორობის ინსტიტუტი ჯერ არ შექმნილა. კომისია წერს, რომ განსაკუთრებით მოწყვლადი და უმცირესობებისადმი მიკუთვნებული ჯგუფების უფლებები სრულყოფილად უნდა იყოს დაცული. გენდერზე დაფუძნებული ძალადობა, დისკრიმინაცია, სიძულვილის ენის გამოყენება უმცირესობების მიმართ, სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული და ლგბტი პირების მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევა კვლავ სერიოზული შეშფოთების წყაროა.

ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, უმცირესობებს, მაგალითად ასირიელებს, კაფერისებს, იეზიდებს, ქურთებს, არაბებს, ბოშებს, სირკასიანებს და ლაზებს არ რთავენ იმის ნებას, რომ სრულად ისარგებლონ სოციალური, ეკონომიკური, ლინგვისტური, რელიგიური და კულტურული უფლებებით. მიუხედავად ამისა, კანონი უფლებას აძლევს კერძო ინსტიტუციებს, რომ გარკვეული პირობებით განათლება იმ ენასა და დიალექტებზე მიაწოდონ, რომელთაც ხალხი ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებს.[5]

„Freedom House“ 2018 წლის ანგარიშში თურქეთის რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია ადგენს რელიგიის თავისუფლებას, საჯარო სფეროში სუნიტური ისლამი დომინირებს. ალევი საზოგადოების სალოცავი ადგილები არ არის აღიარებული მთავრობის მიერ და მათ ხელი არ მიუწვდებათ სუბსიდიებზე, რომელიც ხელმისაწვდომია სუნიტური მეჩეთებისთვის. მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ხელში გაიზარდა სუნიტური ისლამური სწავლებების სკოლები. თურქეთის საგანმანათლებლო სისტემა გულისხმობს რელიგიის სავალდებულო გაკვეთილებს, საიდანაც არა-მუსლიმებს, როგორც წესი, ათავისუფლებენ, მაგრამ სირთულეებია ამ მხრივ ალევი საზოგადოებისა და არა-მორწმუნეებისთვის. ოფიციალურ აღიარებული სამი რელიგიური არა-მუსლიმური ჯგუფი – იუდეველები, მართლმადიდებელი ქრისტიანები და სომეხი ქრისტიანები. თუმცა კამათი ქონებისა და სასულიერო პირების სწავლების აკრძალვის საკითხებზე მაინც გრძელდება; არ აღიარებული რელიგიური ჯგუფების უფლებები უფრო შეზღუდულია.[6]

[1] United States Commission on International Religious Freedom, USCIRF Annual Report 2017 – Tier 2 countries – Turkey, 26 April 2017, available at:

[accessed 20 February 2018]

[2] United Kingdom: Home Office, Country Information and Guidance – Turkey: Background information, including actors of protection and internal relocation, February 2016, Version 1.0, available at:

[accessed 20 February 2018]

[3] United States Department of State, 2016 Report on International Religious Freedom – Turkey, 15 August 2017, available at:

[accessed 20 February 2018]

[4] Forum 18, Turkey: What do parents and pupils think?, 1 November 2017, available at:

[accessed 20 February 2018]

[5] European Union: European Asylum Support Office (EASO), EASO Country of Origin Information. Report Turkey Country Focus, November 2016, available at:

[accessed 20 February 2018]

[6] Freedom House, Freedom in the World 2018 – Turkey, 2 February 2018, available at:

[accessed 20 February 2018]