ეგვიპტე. მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების მდგომარეობა. თებერვალი, 2018

საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“-ის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც ეგვიპტეში 2017 წელს განვითარებულ მოვლენებს ეხება, აღნიშნულია, რომ პრეზიდენტ აბდელ ფატა ელ-სისის მთავრობა კვლავ განაგრძობდა ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის გატარებას განსხვავებული აზრის მქონე პირთა მიმართ, რაც რეპრესიული კანონმდებლობის, კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაციათა შესახებ კანონის შემოღებაში გამოიხატებოდა; ყოველივე ამან შესაძლოა ბოლო მოუღოს ორგანიზაციების დამოუკიდებლობას, შექმნას საგანგებო მდგომარეობა და ხელი შეუწყოს უსაფრთხოების ძალების მიერ ტერორიზმთან ბრძოლის სახელით ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თითქმის სრულად დაუსჯელად გაგრძელებას.

უსაფრთხოების ძალებმა ასობით დისიდენტი დააკავა. მათ უმეტესობას აკრძალული ორგანიზაციის, მუსლიმთა საძმოს წევრობაში ადანაშაულებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების სააგენტო ჩართული იყო ადამიანთა დაკავების, გაუჩინარების და მკვლელობის საქმეებში. თვითნებური მკვლელობების უამრავი შემთხვევა დაფიქსირდა. აქ იგულისხმება ადრე დაკავებულ პირთა ორგანიზებულად ჩაცხრილვის ფაქტებიც.

ხელისუფლებამ, ასობით ადამიანი შეიყვანა ტერორისტთა სიაში და ტერორიზმთან კავშირში ეჭვმიტანილ პირებს სათანადო სამართლებრივი პროცედურის გარეშე ჩამოართვა აქტივები.

ხელისუფლებამ, ჩრდილოეთ სინაის ტერიტორიაზე ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყებისას, ყოველგვარი წვდომის შესაძლებლობა დაუბლოკა მედიასაშუალებებს. სინაის ვილაიეთში, ექსტრემისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფო საფრთხეს წარმოადგენდა როგორც მოსახლეობისათვის, ასევე უსაფრთხოების ძალებისთვის.

სამხედრო პროკურორები, პოლიტიკური დისიდენტობის ბრალდებით განაგრძობდნენ ასობით მოქალაქის სამხედრო სასამართლოებზე გასამართლებას. 2016 წლის აგვისტოში პრეზიდენტმა ელ-სისიმ 5 წლის ვადით გაახანგრძლივა 2014 წლის კანონი, რომელმაც სამოქალაქო პირების სამხედრო სასამართლოში გასამართლების საფუძვლები უპრეცედენტო მასშტაბით გააფართოვა. 2014 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის სექტემბრამდე პერიოდში, ხელისუფლებამ სულ მცირე 15,500 მოქალაქე წარუდგინა სამხედრო სასამართლოს, მათ შორის იყო 150 ბავშვი.

ხელისუფლებამ ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა ორი დამოუკიდებელი გაზეთი – Al-Borsa და Daily News Egypt, ასევე, ორი დამოუკიდებელი ვებ-გვერდი Misr al-Arabiya და Cairo Portal. ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ ზემოთ აღნიშნული მედიასაშუალებების ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეყვანას, მათი აქტივების გაყინვა და ოთხივე მათგანის სამთავრობო გაზეთის  Akhbar al-Youm-ის ხელმძღვანელობაში მოქცევა მოყვა.

2017 წლის მარტში, სააპელაციო სასამართლოებმა, ორწლიანი პატიმრობა ერთ წლამდე შეუმცირეს ჟურნალისტური სინდიკატის ყოფილ ხელმძღვანელს იეჰია ქალაშს (Yehya Qallash) და საბჭოს ორ ყოფილ წევრს ხალედ ალ-ბალშის (Khaled al-Balshy) და გამალ აბდელ რაჰიმს (Gamal Abdel Rahim). ანგარიშის წერის დროს საბოლოო გასაჩივრება უზენაეს სააპელაციო (საკასაციო) სასამართლოში განიხილებოდა.

ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ ოქტომბრისთვის, 17 ჟურნალისტი კვლავ საპატიმროში რჩებოდა. 21 ოქტომბერს, ორი წელი შესრულდა, რაც ჟურნალისტი ჰიშამ გაფარი იმყოფებოდა წინასწარი დაკავების დაწესებულებაში, ეგვიპტის კანონმდებლობით ეს არის წინასწარი პატიმრობისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ზღვარი. ჟურნალისტს ბრალად ედებოდა თავისი ინსტიტუტის, „Mada Media Foundation“-ისთვის უცხოური დაფინანსების მიღება და აკრძალულ ორგანიზაციაში გაწევრიანება. ჟურნალისტ ისმაილ ალ-ისკანდრანს, რომელიც სინაის ამბებს აშუქებდა, 2017 წლის დეკემბერში მესამე წელი შეუსრულდა, რაც წინასწარი დაკავების დაწესებულებაში იმყოფება. მას ბრალად ედება ყალბი ინფორმაციის გავრცელება და აკრძალულ დაჯგუფებაში გაწევრიანება.

2017 წლის მაისში, ხელისუფლებამ პოლიტიკური ჯგუფების და საინფორმაციო საშუალებების 21 ვებ-გვერდი დაბლოკა. ეგვიპტურმა დამოუკიდებელმა ჯგუფმა, „აზრის და გამოხატვის თავისუფლების ასოციაციამ“, განაცხადა, რომ  ოქტომბრისთვის 425-ზე მეტი ვებ-გვერდი იყო დაბლოკილი, მათ შორის უფლებადამცველი ორგანიზაციების „Human Rights Watch“-ის და „Reporters Without Borders“-ის (RSF) ვებ-გვერდები.

პრეზიდენტმა ელ-სისიმ ხელი მოაწერა საპარლამენტო ცვლილებებს საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით არსებულ 2013 წლის კანონში, რაც უზენაესი საკონსტუტიციო სასამართლოს მიერ იყო მოწოდებული, თუმცა აღნიშნულმა ცვლილებებმა რეალურად ვერ შეცვალა ამკრძალავი კანონი და ეგვიპტეში მშვიდობიანი შეკრებები კვლავ მკაცრად აკრძალული და დასჯადია.

მარტიდან ივნისამდე პერიოდში, ელ-სისიმ 705 პატიმარი შეიწყალა, უმეტესობას ბრალად ედებოდათ მშვიდობიან საპროტესტო აქციაში მონაწილეობა.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House”-ის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც ეგვიპტეში 2017 წელს განვითარებულ მოვლენებს ეხება, აღნიშნულია, რომ პრეზიდენტი აბდელ ფატა ელ-სისი, რომელიც 2013 წლის ივლისში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მოვიდა ხელისუფლებაში, განაგრძობს ეგვიპტის მართვას ავტორიტარული მანერით. 2015 წელს გამართულმა საპარლამენტო არჩევნებმა დაასრულა აღმასრულებელი განკარგულებით მმართველობის პერიოდი. სერიოზული ძალის მქონე პოლიტიკური ოპოზიცია ფაქტობრივად არ არსებობს; ლიბერალი და ისლამისტი აქტივისტები აწყდებიან სისხლის სამართლებრივ დევნას და პატიმრობას. ტერორიზმის საფრთხე კვლავ არსებობს სინაის ნახევარკუნძულზე.

ამავე ანგარიშის მიხედვით, ეგვიპტური მედიის სექტორში სამთავრობო მედიასაშუალებები დომინირებენ. ყველაზე კრიტიკული და ოპოზიციურად განწყობილი მედიასაშუალებები სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ დაიხურა. ბოლო სამი წლის მანძილზე  მთელი რიგი კერძო სატელევიზიო არხი და გაზეთი იქნა გახსნილი მთავრობის მომხრე ბიზნესმენების და იმ პირების მიერ, რომელთაც გარკვეული კავშირები აქვთ სამხედრო და დაზვერვის სამსახურებთან. ჟურნალისტები, რომლებიც ხელმძღვანელის ან მთავრობის ინტერესს არ გაითვალისწინებენ, გათავისუფლების რისკის ქვეშ არიან. კვლავ გრძელდებოდა ჟურნალისტების დაკავებები მათი საქმიანობის გამო. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ინფორმაციით, 2017 წლის დეკემბრისთვის 20 ჟურნალისტი კვლავ გისოსებს მიღმა იმყოფებოდა.

2016 წლის ბოლოს მიღებული კანონით შეიქმნა მედიის რეგულირების უმაღლესი საბჭო, რომელსაც გააჩნია ფართო დისკრეცია აკონტროლოს სამაუწყებლო, ბეჭდური და ინტერნეტ მედიასაშუალებების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის შინაარსი. 2017 წლის სექტემბერში, LGBT თემის წარმომადგენლების დარბევის დროს, საბჭომ აკრძალა ნებისმიერი მედიასაშუალების მიერ „ჰომოსექსუალიზმის“ გაშუქება.

ეგვიპტეში მოქმედი დამოუკიდებელი ორგანიზაცია, „აზრის და გამოხატვის თავისუფლების ასოციაცია“, იუწყებოდა, რომ მთავრობის მხრიდან ინტერნეტ-მედიაზე ცენზურა 2017 წლის მაისიდან მოყოლებული გაძლიერდა. დეკემბრისთვის, დაახლოებით, 500 ვებ-გვერდი დაიბლოკა. თუმცა, ხელისუფლებას დაბლოკვის საკითხი არ უღიარებია  და არც სამართლებრივი განმარტება წარმოუდგენია.[2]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ მიერ 2017 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, გასულ წელთან შედარებით, ეგვიპტეში დაკავებული ჟურნალისტების რაოდენობამ იკლო. 2016 წელს დაკავებული იყო 25 ჟურნალისტი, ხოლო 2017 წელს 20, მათ შორის მოჰამად აბუ ზეიდი, ცნობილი როგორც შავკანი (Shawcan). იგი დაკავებული იყო ეგვიპტის უსაფრთხოების ძალების მიერ საპროტესტო აქციების ძალადობრივი მეთოდებით დაშლის გაშუქებისთვის. უკვე ოთხი წელია, რაც შავკანი წინასწარი დაკავების დაწესებულებაში იმყოფება. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ინფორმაციით, მას და მასთან ერთად დადანაშაულებულ 738 პირს ბრალად ედება იარაღის ფლობა, უკანონო შეკრებაში მონაწილეობა და მკვლელობა. შავკანს ანემია აქვს და სისხლის გადასხმას საჭიროებს, მაგრამ როგორც მისმა ოჯახმა განაცხადა, მას სტაციონალურ მკურნალობაზე უარი ეთქვა. ეგვიპტის საპატიმროებში მყოფი 20 ჟურნალისტიდან 12-ისთვის ბრალი ჯერ წაუყენებიათ და არ გაუსამართლებიათ.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ინფორმაციით, ეგვიპტელი ჟურნალისტების ციხეში ხანგრძლივად ჩასმა მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტმა ელ-სისიმ წამოიწყო ბრძოლა ექსტრემიზმის წინააღმდეგ და უმუშევრობის აღმოსაფხვრელად. ქაირო და ვაშინგტონი თანამშრომლობენ უსაფრთხოების საკითხებში. მას შემდეგ, რაც ელ-სისი და ტრამპი შეხვდნენ ერთმანეთს თეთრ სახლში, ეგვიპტის მთავრობამ მიიღო დრაკონული კანონი ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ, რამაც განაპირობა პრესაზე ზეწოლის გაზრდა. როგორც საინფორმაციო წყაროები იუწყებიან, აღნიშნული კანონის გამოყენებით, ხელისუფლება ჟურნალისტებს ადანაშაულებდა ტერორიზმში და შეყავდა ისინი ტერორისტთა სიაში, რის შედეგადაც ჟურნალისტებს ფინანსური და სხვა უფლებები ეზღუდებოდათ.[3]

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა 2017 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც მოცემულია მსოფლიოს იმ ქვეყნების სია, სადაც პატიმარ ჟურნალისტთა რაოდენობა ყველაზე დიდია.  ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის აღრიცხვით, 2017 წელს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დაკავებული იყო 262 ჟურნალისტი. კომიტეტის შეფასებით, მისი შექმნის დროიდან – 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, 2017 წელს იყო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის შეფასებით, თურქეთის და ჩინეთის შემდეგ, მოდის ეგვიპტე, როგორც ყველაზე ცუდი ქვეყანა ჟურნალისტებისთვის, სადაც 20 ჟურნალისტი გისოსებს მიღმა იმყოფება. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ „მათ შორის იმყოფება, ფოტოგრაფი მაჰმუდ აბოუ ზეიდი, ცნობილი როგორც შავკანი, რომელიც დაკავებულია ეგვიპტის უსაფრთხოების ძალების მიერ საპროტესტო აქციების ძალადობრივი მეთოდებით დარბევის გაშუქებისთვის. შავკანი, წინასწარი დაკავების დაწესებულებაში იმყოფება უკვე ოთხ წელზე  მეტია“.[4] [5]

2017 წლის 20 დეკემბერს, „Al Jazeera“ აქვეყნებს ინფორმაციას, სადაც ადამიანის უფლებათა ჯგუფის „ალკამარას“ ჩრდილოეთ აფრიკის სამართლებრივი საკითხების ოფიცერი, რადიჯა ნემარი აღნიშნავს, რომ ეგვიპტის ხელისუფლების „სამიზნეს წარმოადგენს ან საინფორმაციო საშუალებები ან ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები, რომლებიც ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებს აშუქებენ“.  მისივე თქმით, 2016 წლის კანონი, რომელიც ყალბი ინფორმაციის გავრცელებას დანაშაულად თვლის, აიძულებს ჟურნალისტებს, რომ გაჩუმდნენ. აღნიშნულ კანონს, ხშირად იმ ჟურნალისტების წინააღმდეგ იყენებენ, რომლებიც „ისეთ ინფორმაციას აშუქებენ, რაც ხელისუფლების აზრით, სახელმწიფოს იმიჯს ზიანს აყენებს.“

20 დეკემბერს, სწორედ ამ ბრალდებით დააკავეს „Al Jazeera“-ს არაბული ინფორმაციის პროდიუსერი, მაჰმუდ ჰუსეინი. მას ბრალად ედებოდა „სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ წაქეზებისა და ქაოსის გავრცელებისთვის, ყალბი ინფორმაციის გამოქვეყნება“. „Al Jazeera“-მ უარყო აღნიშნული ბრალდებები და მოითხოვა ჰუსეინის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლება.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ინფორმაციით, 2015 წლის კანონმა გააფართოვა „ტერორისტული დანაშაულის“ მნიშვნელობის მასშტაბი და დანაშაულად მიიჩნია „ტერორიზმის“ და „ტერორისტული აქტების“ შესახებ იმ ინფორმაციის გავრცელება, რაც  ეგვიპტის თავდაცვის სამინისტროს  მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეწინააღმდეგება. კომიტეტის ჯგუფის თქმით, „კანონი „ტერორისტულ დანაშაულად“ მიიჩნევს ნებისმიერ აქტს, რაც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი წესრიგისთვის, სოციალური მშვიდობისა და ეროვნული ერთობისთვის ზიანის მიყენებას“.

ადამიანის უფლებათა ჯგუფის, „ალკამარას“ ჩრდილოეთ აფრიკის სამართლებრივი საკითხების ოფიცერი, რადიჯა ნემარი აღნიშნავს, რომ ჟურნალისტები, რომლებიც  სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებულ რეპრესიებს, პოლიტიკურ საკითხებს ან ადამიანის უფლებათა დარღვევებს აშუქებენ, 2013 წელს მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ იდევნებიან და პატიმრობას ექვემდებარებიან. მისი თქმით „არ არსებობს გარკვეული ზღვარი, რომლის გადალახვაც ჟურნალისტებს არ შეუძლიათ, რაც ხაზს უსვამს პროცესის ‘თვითნებურობას’. ჩვენ არ ვიცით, რის საფუძველზე ხდება მათი დაკავება ან გასამართლება“.[6]

2017 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის მაჩვენებლით, 180 ქვეყანას შორის, ეგვიპტეს 161-ე ადგილი უკავია. ტერორიზმთან ბრძოლის სახელით, ეგვიპტე გახდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ციხე ჟურნალისტებისთვის, რომელთა უმეტესობა ყალბი ბრალდებებით არის დაკავებული.[7]

[1] Human Rights Watch /World Report 2018- Egypt- Events of 2017; available at: https://www.hrw.org/world-report/2018/country-chapters/egypt [accessed 19 February 2018]

[2] Freedom House: Freedom in the World 2018/ Egypt; available at:  https://freedomhouse.org/report/freedom-world/2018/egypt [accessed 19 February 2018]

[3] Committee to Protect Journalists: Record number of journalists jailed as Turkey, China, Egypt pay scant price for repression; Published December 13, 2017. available at: https://cpj.org/reports/2017/12/journalists-prison-jail-record-number-turkey-china-egypt.php [accessed 20 February 2018]

[4] Egyptian Streets: Egypt Ranks Third Worst Jailer of Journalists in 2017: CPJ; December 14, 2017; available at: https://egyptianstreets.com/2017/12/14/egypt-ranks-third-worst-jailer-of-journalists-in-2017-cpj/ [accessed 20 February 2018]

[5] Al Jazeera: Egypt’s journalists face ‘unprecedented’ threats; 20 Dec 2017; available at:

http://www.aljazeera.com/news/2017/11/egypt-journalists-face-unprecedented-threats-171130130036948.html  [accessed 20 February 2018]

[6] Al Jazeera: Egypt’s journalists face ‘unprecedented’ threats; 20 Dec 2017; available at:

http://www.aljazeera.com/news/2017/11/egypt-journalists-face-unprecedented-threats-171130130036948.html  [accessed 20 February 2018]

[7] Reporters Without Borders: 2017 World Press Freedom Index; avaliable at:  https://rsf.org/en/ranking# [accessed 20 February 2018]