ეგვიპტე. მუსლიმთა საძმო: ორგანიზაციის იდეოლოგია და მოკლე ისტორია. მარტი, 2018

„მუსლიმთა საძმო“ 1928 წელს ისლამის მასწავლებელმა და მეცნიერმა ჰასან ალ-ბანამ ეგვიპტეში დააფუძნა. მას ჰქონდა უნივერსალური ისლამური სამართლის სისტემის ხედვა და ფიქრობდა, რომ ამის მიღწევა შესაძლებელი იყო ისლამური კანონებისა და მორალის გავრცელებითა და სოციალური სერვისების შეთავაზების გზით საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფით.

„მუსლიმთა საძმოს“ იდეოლოგია ძირითადად ფოკუსირებულია არაბულ სამყაროში მოქმედი პოლიტიკური სისტემის რეფორმაზე. აღნიშნული მოიცავს პოლიტიკურ აქტივობებსა და სოციალურ პასუხისმგებლობას, საქველმოქმედო საქმიანობის ორგანიზებას და სოციალური მხარდაჭერის პროგრამების დანერგვას, რომელიც გათვლილია დაბალი შემოსავლის მქონე საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებაზე. „მუსლიმთა საძმოს“ წევრები ჰასან ალ-ბანას თავდაპირველი იდეოლოგიის ფართო ინტერპრეტაციებს წარმოადგენენ. ბევრი მათგანი მიიჩნევს, რომ მიზნის მისაღწევად უფრო პრაგმატული იდეებია საჭირო და მოუწოდებენ პოლიტიკური ჩართულობისა და თანამშრომლობისკენ.

„მუსლიმთა საძმოს“ იდეოლოგიაში რამდენიმე ცვლილებას ჰქონდა ადგილი წლების განმავლობაში, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ ორგანიზაცია ეროვნულ მოძრაობაში აქტიური ჩართულობის შემდეგ, გადაიქცა აკრძალულ ჯგუფად, რომელსაც საქმიანობის ფარულად გაგრძელება უწევდა. თუმცა, მათ ყოველთვის ჰქონდათ იდეალი – საზოგადოება ისლამური კანონებითა და მორალით.

თავდაპირველად, „მუსლიმთა საძმო“ ეგვიპტეში ბრიტანული ოკუპაციის წინააღმდეგ იბრძოდა და აქტიურად თანამშრომლობდა მონარქიისგან ეგვიპტის გათავისუფლებისთვის მებრძოლ თავისუფალი ოფიცრების მოძრაობასთან. „მუსლიმთა საძმომ“ ოფიციალურად თქვა უარი ძალადობაზე 1970-იან წლებში, როდესაც ეგვიპტეს პრეზიდენტი ანვარ ელ-სადათი მართავდა. 1995 წელს მათ ოფიციალურად შემოიღეს დემოკრატიის მანდატი და მათი გავლენა პროფესიულ სინდიკატებსა და სოციალურ სამუშაო წრეებში აშკარა გახდა. დღეისთვის „მუსლიმთა საძმო“ ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული ეგვიპტეს, რუსეთს, საუდის არაბეთს, სირიას და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს.[1]

ჰასან ალ-ბანამ, რომელიც „მუსლიმთა საძმოს“ თანამედროვე მოძრაობის ფუძემდებლად ითვლება, დაწერა 5 წერილი თავისი ახალგაზრდა, განათლებული მხარდამჭერებისთვის. მეოთხე წერილში ასახული იდეები დღემდე წარმოადგენენ მოძრაობის სვეტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

თავის იდეოლოგიურ გზავნილებში ალ-ბანამ მოძრაობა წარმოადგინა, როგორც მორწმუნეების ჯგუფი, რომელიც მიისწრაფვის ყურანში მოწოდებული „ალაჰის კანონზე“ დაფუძნებული შარიათის სახელმწიფოს შექმნისკენ. ესაა მიზანი, რომლის მიღწევასაც ალ-ბანა იმედოვნებდა მუსლიმური სამყაროს ყველანაირი უცხოური გავლენებისგან სრული გათავისუფლებით. ასეთი სახელმწიფოს შექმნა არ იყო საბოლოო მიზანი; ახალ შარიათულ სახელმწიფოს უნდა დაეწესებინა სოციალური წესრიგი ისლამური რელიგიური კანონების შესაბამისად და გამხდარიყო მსოფლიოში ისლამის გავრცელების საფუძველი, რაც თავისთავად მიიყვანდა პროცესს კულმინაციამდე – ისლამის ჰეგემონია სამყაროში.

ალ-ბანამ დაასახელა 7 საფეხური, რომელთა გავლაც აუცილებელი იყო მიზნის მისაღწევად. საფეხურები დაყოფილია სოციალურ და პოლიტიკურ ნაწილებად: პირველი სამი საფეხური გულისხმობს მუსლიმურ სამყაროში ინდივიდის, ოჯახის და შემდეგ მთელი საზოგადოების განათლებას, რათა შარიათის კანონი დამკვიდრდეს ყოველდღიური ცხოვრების ყველა ასპექტში. შემდეგი ოთხი საფეხური თავისი ბუნებით პოლიტიკური ხასიათისაა და გულისხმობს ძალაუფლების ხელში ჩაგდებას არჩევნების გზით, შარიათის სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, ისლამური სამყაროს უცხო ქვეყნების ფიზიკური და იდეოლოგიური ოკუპაციისგან გათავისუფლებას, მათ ახალ ისლამურ ერთიანობაში, „ახალ სახალიფოში“ გაწევრიანებას და ისლამის გავრცელებას მთელ მსოფლიოში.

ალ-ბანას პრინციპები დღემდე „მუსლიმთა საძმოს“ იდეოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს. თუმცა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მნიშვნელოვან განვითარებებს ჰქონდა ადგილი. ცვლილებები, ძირითადად, გაჩნდა „მუსლიმთა საძმოს“ რადიკალური ფრაქციისგან, რაც მოჰყვა ეგვიპტეში ნასერის რეჟიმის მიერ ორგანიზაციის წევრების მასობრივ დაკავებებს 1950-იან და 1960-იან წლებში და 1970-იანი წლებიდან მოყოლებული, ისლამურ ქვეყნებში ორგანიზაციისთვის პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობაზე დაწესებულ შეზღუდვებს.

„მუსლიმთა საძმოში“ რადიკალური ფრაქციის ზრდა დაკავშირებულია საიიდ ქუტბის სახელთან, რომელიც მოძრაობის ეგვიპტური ფილიალის ერთერთი იდეოლოგი იყო. 1950-იან და 1960-იან წლებში ქუტბმა რამდენიმე წიგნი დაწერა, სადაც ალ-ბანას იდეებს რადიკალური სული შემატა. ის მიიჩნევდა, რომ თანამედროვე მმართველებს არაბულ სამყაროში რელიგიურობა და ღვთიური ლეგიტიმაცია აკლიათ და საჯაროდ მოუწოდებდა ასეთი რეჟიმების წინააღმდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ ქუტბი არ მოუწოდებდა რეჟიმის წინააღმდეგ ძალადობრივი მეთოდების გამოყენებისთვის, მან შექმნა ღია სივრცე ასეთი აქტივობებისთვის, დააწესა რა ჯიჰადი, როგორც ყველა მუსლიმის ვალი მუსლიმურ საზოგადოებაში რელიგიური კანონების (შარიათი) გავრცელებისთვის. 1966 წელს ქუტბი სიკვდილით დასაჯეს; ბევრმა მისი სიკვდილი შაჰიდად – ალაჰის გულისთვის წამებად მიიღო. ქუტბის სიკვდილი მისი იდეების შემდეგი გავრცელებისა და განმტკიცების საფუძველი გახდა. 1970-აინი წლებიდან მოყოლებული, ქუტბის იდეებმა უფრო მეტი პოპულარობა მოიპოვა, რაც მისი მხარდამჭერების საგანმანათლებლო საქმიანობის დამსახურებაც იყო. ისინი ჩავიდნენ საუდის არაბეთში და ქუტბის პრინციპები დაუკავშირეს სალაფიზმსა და ვაჰაბიზმს. მოგვიანებით, ამ კავშირმა ტრამპლინი შექმნა გლობალური ჯიჰადის და ტაკფირის (სხვების ურწმუნოების გამო დადანაშაულება) იდეისთვის.

ქუტბისა და მისი მემკვიდრეების რადიკალური იდეოლოგიის პარალელურად, ახალი ფრაქცია ჩამოყალიბდა 1980-იანი წლების შუა პერიოდიდან, რომელიც ასევე მუსლიმთა საძმოს იდეოლოგიიდან იღებდა სათავეს. ახალი ფრაქცია დაკავშირებული იყო კარგად ცნობილი ეგვიპტური წარმოშობის კატარელი სასულიერო პირის – იუსუფ ალ-ქარადავის სახელთან. ფრაქცია მხარს უჭერს ისლამის თანამედროვე რეალობაზე მორგებას და რელიგიურ ტოლერანტობას; კატეგორიულად ეწინააღმდეგება გლობალურ ჯიჰადს. მიუხედავად იმისა, რომ ფრაქცია სხვადასხვა ლიბერალურ იდეას ატარებს, ის აღიარებს შარიათის ფუნდამენტურ პრინციპებს. ფრაქცია მხარს უჭერს ტერორიზმს, მათ შორის თვითმკვლელთა აფეთქებებს და მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობებს, „მხოლოდ“ ისრაელისა და ერაყის ოკუპაციის წინააღმდეგ; მაშინ როდესაც, ზოგად ბრძოლაში შუა აღმოსავლეთისა და დასავლეთის რეჟიმებთან უარყოფენ ძალის გამოყენებას და ადგენენ სწავლების მეთოდის უპირატესობას.

გამომდინარე იქიდან, რომ „მუსლიმთა საძმო“ მხარს უჭერს სუნიტური ისლამის გავრცელებას, ის იზიარებს დებატებს სუნიზმისა და შიიზმის თაობაზე. თავდაპირველად, „მუსლიმთა საძმო“ შიიტურ მიმართულებას ისლამის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევდა და ირანში ისლამურ რევოლუციას მხარს უჭერდა. შემდგომში, „მუსლიმთა საძმოს“ დამოკიდებულება ირანის მიმართ უფრო მტრული გახდა, რაც განაპირობა ირანის სურვილმა, რევოლუციის ექსპორტი მოეხდინა სუნიტურ სამყაროში.[2]

1970-იანი წლებიდან მოყოლებული 1990-იან წლებამდე, სხვადასხვა ისლამური სამხედრო დაჯგუფება გახდა გამოწვევა რეჟიმისთვის ეგვიპტის შიდა უსაფრთხოების კუთხით. ასეთი ჯგუფების რაოდენობა რამდენიმე ათეულს აღწევდა, მათგან ყველაზე მსხვილი და მნიშვნელოვანი იყო ალ-ჯამა ალ-ისლამია (Al-Jama’ah Al-Islamiyya) და ალ-ჯიჰადი (Al-Jihad). ზოგიერთი მათგანი „მუსლიმთა საძმოს“ გამოეყო მიზნის მისაღწევად საჭირო მეთოდების შესახებ განსხვავებული შეხედულებების გამო – თუ როგორი გზებით უნდა შეექმნათ ეგვიპტეში ისლამური შარიათის სახელმწიფო და როგორ დაემკვიდრებინათ ისლამური კანონი ყოველდღიურ ცხოვრებაში. სხვა ჯგუფები იდეოლოგიურად და ორგანიზაციულად იყო შთაგონებული „მუსლიმთა საძმოთი“ და მისი ლიდერებით. „მუსლიმთა საძმოში“ დაიწყეს თავიანთი საქმიანობა შემდეგში „ალ-ქაიდას“ ორმა უმნიშვნელოვანესმა წევრმა: დოქტორი აბდულა იუსუფ მუსტაფა აზამი; პალესტინელი, რომელიც ალ-ქაიდას იდეოლოგი და ოსამა ბინ ლადენის სულიერი წინამძღვარი იყო. ის იბრძოდა საბჭოეთის წინააღმდეგ ავღანეთში და დაიღუპა პეშავარში 1989 წლის 24 ნოემბერს, როდესაც მისი მანქანა ნაღმზე აფეთქდა. აიმან ალ-ზავაჰირი ასევე იყო ალ-ქაიდას ერთერთი ლიდერი; ის ბინ ლადენის სარდლობაში მეორე პოზიციას იკავებდა. ის 14 წლის იყო, როდესაც „მუსლიმთა საძმოს“ შეუერთდა და თავი საიიდ ქუტბის იდეებს მიუძღვნა.

სხვადასხვა შეიარაღებული დაჯგუფება მკაცრად ეწინააღმდეგება დასავლეთს ზოგადად და ისრაელს და იუდეველებს, მიიჩნევს რა, რომ სწორედ ისინი არიან დამნაშავეები იმაში, რომ საზოგადოებამ უარყო ისლამი თანამედროვე სამყაროში. თუმცა მათ უპირველეს პრიორიტეტს არ წარმოადგენს დასავლეთთან და სიონიზმთან ბრძოლა; ისრაელში ომი დაიწყება მას შემდეგ, რაც განადგურდება უმთავრესი მტერი – ეგვიპტური რეჟიმი.[3]

„BBC“ ახალი ამბების პროფილში, 2013 წლის 25 დეკემბერს ეგვიპტეში მუსლიმთა საძმოს შესახებ წერს, რომ მუსლიმთა საძმო (არაბულად – al-Ikhwan al-Muslimun) მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახდენდა გავლენას ისლამურ მოძრაობებზე პოლიტიკური აქტივობების საკუთარი მოდელით, რომელიც კომბინირებული იყო ისლამურ საქველმოქმედო საქმიანობასთან. თავიდან მოძრაობა მოწოდებული იყო, უბრალოდ ისლამური მორალი და კარგი საქმე გაევრცელებინა, მაგრამ მალევე აღმოჩნდა პოლიტიკურ პროცესებში, კერძოდ ეგვიპტის ბრიტანეთის კოლონიური კონტროლისა და ზოგადად დასავლური გავლენებისგან გათავისუფლებისთვის ბრძოლაში, ჩართული. მაშინ როცა საძმო ამბობს, რომ ისინი მხარს უჭერენ დემოკრატიის პრინციპებს, მათი ჯგუფის ერთერთი გაცხადებული მიზანია ისლამური კანონებით ან შარიათით მართული სახელმწიფოს შექმნა. მათი ყველაზე ცნობილი სლოგანია „ისლამი არის გადაწყვეტა” (Islam is the solution).[4]

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ 2015 წლის 17 დეკემბერს გამოქვეყნებულ მიმოხილვაში „მუსლიმთა საძმო: ძირითადი მიგნებები“ ნათქვამია, რომ ჯგუფი დაიშალა 1954 წელს, რასაც მოჰყვა დაპატიმრებები, წამებები და ბევრი წევრის სიკვდილით დასჯა. მიუხედავად ამისა, 20 წლის შემდეგ, პრეზიდენტ სადათის მმართველობისას, მუსლიმთა საძმოს რეაბილიტაცია მოხდა. 1970-იან წლებში მუსლიმთა საძმო ეგვიპტეში გაფართოვდა, შექმნა დასაყრდენი ეგვიპტურ პოლიტიკურ სისტემაში და გააერთიანა სტუდენტური ორგანიზაციები, პროფესიული სინდიკატები და სავაჭრო გაერთიანებები. მათ ასევე შექმნეს კომერციული მეწარმეების, მცირე ბიზნესებისა და ქველმოქმედთა დიდი, დახვეწილი და ხშირად საიდუმლო ქსელი.[5]

მუსლიმთა საძმომ გააფართოვა სუნიტური ისლამისტური ჯგუფები არაბული სამყაროს მასშტაბით. მას შემდეგ, რაც ნაადრევად სცადეს ეგვიპტის მთავრობის დამხობა, მათ აეკრძალათ პოლიტიკური აქტივობა, რის გამოც მუსლიმთა საძმომ 1970-იან წლებში ძალადობრივი ქმედებების შესახებ გამოაცხადა და ამავდროულად ხალხის მხარდაჭერა მოიპოვა ისეთი სოციალური სერვისების მიწოდებით, როგორიც იყო მედიკამენტები, ჰოსპიტალები და სკოლები.[6]

„The Guardian“ 2013 წლის 2 აპრილის სტატიაში წერს, რომ მუსლიმთა საძმოს ინფორმაციით, მათი წევრთა რაოდენობა მილიონს აჭარბებს. ძირითადი ნაწილი დაბალი და საშუალო კლასის წარმომადგენლები არიან; ლიდერები კი ხშირად ექიმები და ბიზნესმენებიც არიან. თითოეული მათგანი თავისი შემოსავლის ნაწილს იხდის მოძრაობის ბიუჯეტში.[7]

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი მუსლიმთა საძმოს შესახებ 2017 წლის 26 ივლისს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ მუსლიმთა საძმოს აქტივობები არის სოციალური, ეკონომიკური, საქველმოქმედო და პოლიტიკური. მხარდამჭერები ხშირად მიუთითებენ ორგანიზაციის „სოციალურ“ მხარეზე. ჯგუფი ხაზს უსვამს ისლამური იდეების სოციალური მხარდაჭერის და თავისი მსუბუქი ძალის ზრდას იმ ეტაპამდე, ვიდრე მოიპოვებენ მმართველობის სადავეებს. მათი ურთიერთობა სახელმწიფოსთან ისტორიულად მერყეობს პირდაპირ სამხედრო კონფლიქტს, მხარდაჭერასა და მდუმარე ოპოზიციაში ყოფნას შორის. მუსლიმთა საძმო მოვიდა ხელისუფლებაში 2011 წელს, მაგრამ მალევე სამხედრო გადატრიალების შედეგად, ისინი მმართველობას ჩამოაშორეს; ამან გამოიწვია მიმდინარე კონფრონტაცია სახელმწიფოსა და მუსლიმთა საძმოს შორის; ახალგაზრდა ფრთამ დააწესა ტერორისტული ტაქტიკა სახელმწიფოსა და მასთან დაკავშირებული საერთაშორისო ინტერესების წინააღმდეგ; ხოლო უფროსმა თაობამ უფრო მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის ფორმა აირჩია. ორგანიზაცია ამჟამად აკრძალულია. მის წევრებს ეკრძალებათ პოლიტიკურ პროცესებში საჯაროდ მონაწილეობა და მათი აქტივები ექსპროპრიაციის (ქონების ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ) სამიზნეა. პარტიები „ალ-ვასატი“ და „ძლიერი ეგვიპტის პარტია“ წარმოადგენენ მუსლიმთა საძმოს განშტოებებს. ძალადობრივი მიდგომის მომხრეები მიზანშეწონილად მიიჩნევენ იმ კამპანიის გაგრძელებას, რომლის მიზანიცაა სახელმწიფო ოფიციალური პირების მკვლელობები იქამდე, ვიდრე სამხედროები უარს აცხადებენ მოლაპარაკებებზე.[8]

ალ-ჯაზირა 2017 წლის 15 თებერვალს აქვეყნებს დოჰას ინსტიტუტის პოლიტიკური მეცნიერებების ასოცირებული პროფესორის სტატიას მუსლიმთა საძმოს შესახებ, სადაც ავტორი წერს, რომ 2013 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ საძმომ განიცადა დიდი რაოდენობით ორგანიზაციული, პოლიტიკური და იდეოლოგიური დაყოფა. პრეზიდენტ სისის რეპრესიებმა მოძრაობა დაყო და შექმნა მნიშვნელოვანი აზრთა სხვადასხვაობები წევრებს შორის სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, დაწყებული რეჟიმის მიმართ მათი დამოკიდებულებიდან, დამთავრებული მათი პოლიტიკური, იდეოლოგიური და რელიგიური ხედვებით.

ამ დაყოფებმა განსაზღვრა სისის რეპრესიებზე საძმოს პასუხის სტრატეგიისა და ტაქტიკის ფორმა. ორგანიზაციულად, როდესაც ბევრი მაღალი რანგის წევრი ან ციხეშია ან გაქცეულია, საძმო ხელმძღვანელობის კრიზისის წინაშეა. ნაპრალი ახალგაზრდა და უფროს ლიდერებს შორის იზრდება, რაც გავლენას ახდენს მოძრაობის სტრატეგიაზე.

გასული სამი წლის განმავლობაში საძმო ორ ბანაკად დაიყო: უფროსი და კონსერვატორი ლიდერები ახალგაზრდა და რევოლუციონერი წევრების წინააღმდეგ. ახალგაზრდებმა მოახერხეს მოძრაობაზე გავლენის მოპოვება რაც რეჟიმის წინააღმდეგ კონფრონტაციით შეძლეს. ახალმა და შედარებით ახალგაზრდა ხელმძღვანელობამ შექმნა „მაღალი ადმინისტრაციული კომიტეტი“, რომელსაც მუსლიმთა საძმოს ხელმღვანელთა ბიუროს ყოფილი წევრი მოჰამედ კამალი ჩაუდგა სათავეში. ის უსაფრთხოების ძალებმა 2016 წლის ოქტომბერს მოკლეს.

კომიტეტმა თავი მოძრაობის ხელმძღვანელად გამოაცხადა და წავიდა ისეთი ვეტერანი ლიდერების წინააღმდეგ, როგორიცაა საძმოს მოქმედი გენერალური ხელმძღვანელი მაჰმუდ ეზატი, რომელზეც ამბობენ, რომ ეგვიპტეში იმალება; მოძრაობის გენერალური მდივანი მაჰმუდ ჰოსეინი და იბრაჰიმ მუნირი, რომელიც გენერალური ხელმძღვანელის მოადგილედ დანიშნეს; ის 1980-იანი წლებიდან ლონდონში იმყოფება.

2016 წლის დეკემბერში მაღალი ადმინისტრაციული კომიტეტი დაიშალა და შეიქმნა ახალი სახელმძღვანელო ბიურო, რომელიც უფროსი თაობის ხელმძღვანელობამ უარყო. ასევე, პირველად ისტორიაში, საძმო გაიყო შიგა და გარე ხელმძღვანელობას შორის. მაღალი რანგის წევრებმა, რომლებიც თურქეთში გაიქცნენ, შექმნეს ახალი ოფისი, რომელსაც საგარეო ოფისი დაარქვეს; მათი მიზანი საძმოს წევრებისა და მათი აქტივობების ზედამხედველობაა.

პოლიტიკურად, საძმო გაყოფილია და ვერ თანხმდება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი ტაქტიკითა და სტრატეგიით უნდა უპასუხოს რეჟიმის რეპრესიებს. ახალი ხელმძღვანელობა კონფრონტაციულ და უკომპრომისო პოზიციას ირჩევს, უფროსი ხელმძღვანელობის სურვილია, ღია დატოვოს კარი რეჟიმთან ვაჭრობისა და შერიგებისთვის. ახალი თაობის ხელმძღვანელობა მხარდაჭერას ახალგაზრდებისგან იღებს, რომლებიც რევოლუციური სცენარისკენ იხრებიან და რეჟიმის გამოწვევის სურვილი აქვთ.[9]

საინფორმაციო ვებ-გვერდი „Alaraby“ 2017 წლის 10 ივნისს ქრისტიანულ ტაძარში ბზობის კვირას მომხდარი აფეთქების შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ როგორც მინიმუმ მუსლიმთა საძმოს ერთი ნაწილი, მომხდარზე მთავრობას აკისრებს პასუხისმგებლობას და ადანაშაულებს მათ მიმდინარე ძალადობაში: „ეგვიპტის მმართველი რეჟიმის ხელი ურევია ბზობის კვირას ეკლესიებში მომხდარ აფეთქებაში, რომელთაც ათობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლეს“. ისლამისტურმა ჯგუფმა ეგვიპტის მთავრობა ასევე დაადანაშაულა ნილოსის დელტას ქალაქებში – ტანტასა და ალექსანდრიაში მომხდარ აფეთქებებში თანამონაწილეობაში; აფეთქებებს 44 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აკრძალულმა ჯგუფმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ „ფაშისტურმა რეჟიმმა ერთიანი მიდგომა აირჩია თავის გადასარჩენად და შექმნა წარმოსახვითი მტერი ტერორიზმის სახით და ასე ცდილობს თავისი წარუმატებლობის დაფარვას და რიგითი ხალხის სიმპათიის მოპოვებას. ჩვენ ვადანაშაულებთ რეჟიმს ორი ინციდენტის დირიჟორობისა თუ ხელშეწყობისთვის.“ ამავე განცხადებაში მუსლიმთა საძმო გმობს მომხდარს და ამტკიცებს, რომ ბრალი არ მიუძღვის უდანაშაულო ხალხის დაღვრილ სისხლში.[10]

[1] Al Jazeera; Article “What is Muslim Brotherhood?” published: 18 June, 2017; available at: https://www.aljazeera.com/indepth/features/2017/06/muslim-brotherhood-explained-170608091709865.html [accessed 1 march 2018]

[2] Crethi Plethi; Middle East Affairs Information Center; The Muslim Brotherhood – Chapter 2: The ideology of the Muslim Brotherhood; 19 June, 2011; available at: http://www.crethiplethi.com/the-ideology-of-the-muslim-brotherhood/global-islam/2011/ [accessed 1 March 2018]

[3] Crethi Plethi; Middle East Affairs Information Center; The Muslim Brotherhood – Chapter 12: Islamic jihadist organizations in Egypt ideologically originating in the Muslim Brotherhood; 19 June, 2011; available at: http://www.crethiplethi.com/islamic-jihadist-organizations-in-egypt-ideologically-originating-in-the-muslim-brotherhood/global-islam/2011/ [accessed 1 March 2018]

[4] BBC News Profile; Egypt’s Muslim Brotherhood; 25 December, 2013; available at: http://www.bbc.co.uk/news/world-middle-east-12313405 [accessed 19 February, 2018]

[5] UK Government; Muslim Brotherhood Review: Main Findings, para 10; 17 December, 2015; available at:

. [accessed 19 February, 2018]

[6] Council on Foreign Affairs – CFA Backgrounder; Egypt’s Muslim Brotherhood; January 2014; available at: http://www.cfr.org/egypt/egypts-muslim-brotherhood/p23991 [accessed 19 February, 2018]

[7] The Guardian; Who are the Muslim Brotherhood?; 2 April, 2013; available at: http://www.theguardian.com/world/2013/apr/02/who-are-the-muslim-brotherhood [accessed 19 February, 2018]

[8] United Kingdom: Home Office, Country Policy and Information Note – Egypt: Muslim Brotherhood , 26 July 2017, v 3.0, available at:

[accessed 19 February 2018]

[9] Al Jazeera; What happened to Egypt’s Muslim Brotherhood? By Khalil al-Anani, Associate Professor of Political Science at the Dohar Institute for Graduate Studies; 15 February, 2017; available at: http://www.aljazeera.com/indepth/opinion/2017/02/happened-egypt-muslim-brotherhood-170212130839987.html [accessed 19 February 2018]

[10] AlAraby; Muslim Brotherhood denounces Egypt church bombings, blames Sisi regime; 10 June, 2017; available at: https://www.alaraby.co.uk/english/news/2017/4/10/muslim-brotherhood-denounces-egypt-church-bombings-blames-sisi-regime [accessed 19 February 2018]