ავსტრალიის ლტოლვილთა საკითხების მიმოხილვის ტრიბუნალი 2012 წლის აპრილში მომზადებულ ინფორმაციაში წერს, რომ ეთიოპიაში ერიტრიელების მიმართ სოციუმის მხრიდან თუ სისტემური დისკრიმინაციის შესახებ უახლესი ინფორმაცია მწირია. 2010 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშში კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭო წერს, რომ ეთიოპიაში 30-დან 42 ათასამდე ერიტრიელი ლტოლვილი ცხოვრობს. ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ეთიოპია მიესალმება ერიტრიელ ლტოლვილებს, ისინი საზოგადოებაში კვლავ აწყდებიან მარგინალიზაციას.
კულტურული ორიენტაციის ცენტრი 2010 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ერიტრიელი ლტოლვილების შესახებ წერს, რომ ეთიოპიის მთავრობის პოლიტიკა უკრძალავს ბანაკში მცხოვრებ ლტოლვილებს ხელფასის სანაცვლოდ მუშაობას. ლტოლვილებს, რომელთაც ბანაკს გარეთ ნებართვის გარეშე ნახავენ, აპატიმრებენ და ციხეებში ათავსებენ. ბანაკში ცხოვრება ახალგაზრდებისთვის რთული და ხანდახან საშიშია. სკოლის შემდეგ უმაღლესი განათლებისა თუ პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობის არ არსებობის გამო, ისინი მიიჩნევენ, რომ მათი ცხოვრება უაზროდ იკარგება. ბანაკში ბევრი ქალი ცხოვრობს ოჯახის ან ნათესავის დაცვის გარეშე; ბევრი მათგანი თხოვდება, რომ ქმრისგან დაცვა მიიღოს; სხვები ცხოვრობენ მარტო ან სხვა ქალებთან ერთად.
აშშ-ის ლტოლვილთა და იმიგრანტთა კომიტეტი 2008 წლის კვლევაში წერს, რომ ლტოლვილთა ბანაკებში ჩასულ ერიტრიელებს თავშესაფრისთვის აძლევენ ევკალიპტის 4 ცალ ბოძს და პლასტიკურ გადასაფარებელს. ერიტრიელების უმეტესობას შეუძლია ჰოსპიტალებითა და სხვა საჯარო მომსახურებებით სარგებლობა, თუმცა ადგილობრივი მთავრობების ზოგიერთი ჩინოვნიკი ხელმოკლე ერიტრიელებს არ აწვდიდა სამედიცინო მომსახურებას. 2008 წელსვე ორგანიზაცია „ლტოლვილთა საერთაშორისო ჯგუფი“ (Refugee International) წერდა, რომ ეთიოპიაში მცხოვრები ერიტრიელები აწყდებოდნენ პრობლემებს ეროვნული საიდენტიფიკაციო ბარათების აღებისას. ეთიოპიის მოქალაქე ერიტრიელები აცხადებდნენ, რომ კვლავ უწევდათ წარმომავლობის დამალვა, ახლო მეგობრებისთვისაც კი. ბევრი საუბრობდა დისკრიმინაციულ მიდგომებზე დასაქმებისას.
ახალი ამბების სააგენტო IRIN 2011 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ ეთიოპიის მთავრობამ 2010 წელს ერიტრიელ ლტოლვილებს ურბანულ ზონებში დასახლების ნება დართო; აღნიშნული ნაბიჯი მიმართული იყო მათთვის სერვისებზე წვდომის გაუმჯობესებისკენ. მთავრობის ახალმა პოლიტიკამ 200 ერიტრიელ სტუდენტზე მეტს მისცა საშუალება სწავლა გაეგრძელებინათ ეთიოპიის უნივერსიტეტში. 2012 წელს ვარაუდობდნენ, რომ ასეთ საშუალებას კიდევ 700-მდე ერიტრიელი ლტოლვილი მიიღებდა. პოზიტიური შეფასება ჰქონდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსაც, რომელმაც 2010 წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ მთავრობამ გამოაცხადა ახალი პოლიტიკის შესახებ, რაც საშუალებას მისცემდა ეთიოპიაში გაქცეულ ერიტრიელებს, გამხდარიყვნენ მუდმივი კანონიერი მობინადრეები სრული უფლებებით საჯარო სერვისებზე.
2009 წელს ორგანიზაცია „იძულებითი მიგრაციის საკითხთა მიმოხილვა“ წერდა, რომ 2000-დან 2004 წლამდე ერიტრიული წარმოშობის ან შერეული ოჯახების წევრ პირებს, ვის მიმართაც გაჩნდებოდა ეჭვი, რომ ისინი ერიტრეის სასარგებლოდ ჯაშუშობდნენ ან ერიტრიასთან თანამშრომლობდნენ, აკავებდნენ, აპატიმრებდნენ, ხანდახან ცემდნენ და აუპატიურებდნენ ეთიოპიის ხელისუფლების წარმომადგენლები. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2003 წელს, მთავრობის გადაწყვეტილებით, ერიტრიელებს საშუალება მიეცათ, მიეღოთ ეთიოპიის მოქალაქეობა; მას შემდეგ, რაც ერიტრიელებმა მიიღეს ეროვნული საიდენტიფიკაციო ბარათები, ერიტრიული წარმოშობის ხალხის მიმართ მოიხსნა შეზღუდვები დასაქმებაზე, მოგზაურობაზე, განათლებასა და სხვა სოციალურ სერვისებზე. მიუხედავად ამისა, დისკრიმინაციის შიშით, ბევრი კვლავ მალავს თავის წარმომავლობას.[1]
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ეთიოპიის შესახებ წერს, რომ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის მონაცემებით, ქვეყანაში 161,615 ერიტრიელი ლტოლვილია. ერიტრიელი თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობა მატულობს. დაახლოებით, 23% თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანია. ანგარიშში ნათქვამია, რომ მთავრობა აგრძელებს პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც ერიტრიელი ლტოლვილებისთვის ნებადართულია ბანაკს გარეთ ცხოვრება; მთავრობა მათ ამ უფლებას აძლევს საგანმანათლებლო და ჯანდაცვის მიზნებიდან გამომდინარე; ასევე, ბანაკში უსაფრთხოების კუთხით ინციდენტების თავიდან ასაცილებლად.[2]
გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი 2016 წლის აგვისტოში გამოქვეყნებულ ანგარიშში ეთიოპიაში შერეული ეროვნების (ერიტრიელი/ეთიოპიელი) პირების შესახებ წერს, რომ ერიტრეის დამოუკიდებლობის შემდეგ, ეთიოპიაში მცხოვრები ერიტრიელების სტატუსის მოსაწესრიგებლად, ეთიოპიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2004 წელს გამოსცა დირექტივა „ეთიოპიაში ერიტრიელების ბინადრობის სტატუსის შესახებ“. აღნიშნული დირექტივის მიხედვით, პირი, რომელსაც აქვს ერიტრიული პასპორტი ანდა მოქალაქეობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, მიიჩნევა ერიტრიის მოქალაქედ; ერიტრიული წარმოშობის პირს, რომელსაც არ მიუღია ერიტრიის მოქალაქეობა, ჩაითვლება, რომ სურს თავისი ეთიოპიური მოქალაქეობის შენარჩუნება და მისი ეთიოპიური მოქალაქეობა გარანტირებულია. გარდა ამისა, დოკუმენტით დადგენილია, რომ თუ ერიტრიელს, რომელიც რეგისტრირებულია აღნიშნული დირექტივის შესაბამისად, სურს ეთიოპიის მოქალაქეობის დაბრუნება, მას შეუძლია დაიბრუნოს ეთიოპიის მოქალაქეობა ეროვნული პროკლამაციის 22-ე მუხლის მიხედვით.
გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი 2016 წლის აგვისტოში გამოქვეყნებულ ანგარიშში ეთიოპიაში შერეული ეროვნების (ერიტრიელი/ეთიოპიელი) პირების შესახებ წერს, რომ საშინაო საქმეთა ოფისმა ვერ მოიძია ანგარიშები, სადაც დოკუმენტირებული იქნებოდა ინფორმაცია ერიტრიული წარმოშობის ეთიოპიელების მდგომარეობის ან მათ მიმართ დამოკიდებულების შესახებ 2009 წლის შემდეგ.[3]
კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭო 2017 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ეთიოპიაში ერიტრიელების მდგომარეობის შესახებ წერს, რომ ქვეყნის კონსტიტუციის 32-ე მუხლი ადგენს, რომ ეთიოპიელებს და ქვეყანაში კანონიერად მყოფ პირებს აქვთ ეროვნულ ტერიტორიაზე გადაადგილების თავისუფლება; ასევე, მათ თავისუფლად შეუძლიათ შეარჩიონ საცხოვრებელი ადგილი და თავიანთი სურვილისებრ დატოვონ ქვეყანა. თუმცა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2015 წლის ანგარიშში ეთიოპიის შესახებ წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კანონი ადგენს შიგა გადაადგილების, საზღვარგარეთ მოგზაურობის, ემიგრაციის და რეპატრიაციის უფლებას, მთავრობა ზღუდავდა ზოგიერთ ამ უფლებას. კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭო წერს, რომ სხვა დამატებითი ან დამადასტურებელი ინფორმაცია გადაადგილების თავისუფლების შესახებ ვერ იქნა მოძიებული.
კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭო ამავე ანგარიშში წერს, რომ „ეთიოპიაში მცხოვრები ერიტრიელების ბინადრობის სტატუსის შესახებ“ 2004 წლის დირექტივით განსაზღვრულია ქონების ფლობის, სამუშაო პირობების, სოციალური სერვისების და გადასახადების საკითხები. დირექტივაში ნათქვამია, რომ სახლისა და სხვა უძრავი ქონების ფლობის უფლება გარანტირებულია; ასევე, აღიარებულია სასოფლო-სამეურნეო მიწის დამუშავების უფლება. საჯარო სამსახურში დასაქმების სურვილის შემთხვევაში ერიტრიელების მიმართ მოქმედებს იგივე კანონი, რომელიც ნებისმიერი სხვა უცხოელის მიმართ. კერძო სექტორში დასაქმებისას ერიტრიელებს არ მოეთხოვებათ ნებართვა, თუმცა ეკრძალებათ კერძო სექტორში დასაქმება თუ სამსახური დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან. ამავე დოკუმენტში ნათქვამია, რომ საგანმანათლებლო და ჯანდაცვის კუთხით ერიტრიელები სარგებლობენ იგივე უფლებებით, რაც მინიჭებული აქვთ ქვეყნის მოქალაქეებს. იგივე წესით იხდიან ისინი გადასახადებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ მათი სამართლებრივი სტატუსის გამო (ერიტრიელები ეთიოპიაში), მათი ფუნდამენტური უფლებები ირღვევა, მათ შორის მოქალაქეობასთან დაკავშირებული უფლებები (პოლიტიკური მონაწილეობა ხმის მიცემის გზით) და არა მარტო (მაგალითად, წვდომა დასაქმებასა და განათლებაზე). კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭო წერს, რომ სხვა დამატებითი ან დამადასტურებელი ინფორმაცია ვერ იქნა მოძიებული.
კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭო ამავე ანგარიშში წერს, რომ „ეთიოპიაში მცხოვრები ერიტრიელების ბინადრობის სტატუსის შესახებ“ 2004 წლის დირექტივით განსაზღვრულია ბინადრობისა და სამგზავრო დოკუმენტის საკითხები. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ეთიოპიაში მცხოვრებ ერიტრიელს ეძლევა მუდმივი ბინადრობის ნებართვა იმიგრაციის პროკლამაციის დოკუმენტის შესაბამისად. ბინადრობის ნებართვის მიღების შემდეგ თუ პირს არ შეუძლია სამგზავრო დოკუმენტი თავისი მოქალაქეობის ქვეყნისგან მიიღოს, მასზე სამოგზაურო მიზნებისთვის გაიცემა უცხოელის პასპორტი. ბინადრობა შეიძლება ჩამოერთვას პირს იმ შემთხვევაში თუ გაირკვევა, რომ ის გაცემული იქნა ყალბი ინფორმაციის საფუძველზე; ან პირი მოხვდება არასასურველი უცხოელების სიაში. კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭო წერს, რომ ვერ მოიძია ინფორმაცია ბინადრობის ნებართვის მიღების მოთხოვნებისა და პროცედურების შესახებ.[4]
[1] Australia: Refugee Review Tribunal, Ethiopia: 1. What is the situation currently for ELF supporters in Ethiopia? 2. Are Eritreans currently subject to societal or systemic discrimination in Ethiopia? 3. Can you provide any information about Karchele prison? , 30 April 2012, ETH40215, available at:
[accessed 20 March 2018][2] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Ethiopia, 3 March 2017, available at:
[accessed 20 March 2018][3] United Kingdom: Home Office, Country Information and Guidance – Ethiopia: People of mixed Eritrean/Ethiopian nationality, 31 August 2016, Version 1.0, available at:
[accessed 20 March 2018][4] Canada: Immigration and Refugee Board of Canada, Ethiopia: Information on Eritrean nationals residing in Ethiopia, including residency rights, freedom of movement and access to education, employment and social services; residency documents issued to Eritrean nationals residing in Ethiopia, including appearance, security features, and requirements and procedures for renewal (2015-January 2017), 27 January 2017, ETH105722.E, available at:
[accessed 20 March 2018]