ნიგერია. კონვერტირებული ქრისტიანების მიმართ დამოკიდებულება. აპრილი, 2018

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი (EASO) 2017 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ანგარიშში ნიგერიის შესახებ წერს, რომ ქვეყნის რელიგიური დემოგრაფიის ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, ნიგერიის მოსახლეობის 50% მუსლიმია, 40% – ქრისტიანი და 10% ძირძველი რელიგიების მიმდევარი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მკვლევართა უმეტესობა ქვეყნის მოსახლეობას ორ ნაწილად ჰყოფს – მოსახლეობის 50% მუსლიმია და 50% ქრისტიანი. ბევრი ნიგერიელი ძირძველი რელიგიის პარალელურად არის ან მუსლიმი ან ქრისტიანი. ზოგადად, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრები ნიგერიელების უმეტესობა მუსლიმია, ხოლო სამხრეთ ნაწილში მცხოვრებთა უმრავლესობა ქრისტიანი. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, სადაც ჩრდილოეთისა და სამხრეთის კულტურები იკვეთება, ბევრი მომთაბარე ტომი მუსლიმია, ხოლო სხვა ტომები ქრისტიანები.

ნიგერიის კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობას ეკრძალება სახელმწიფო რელიგიის დაწესება და ინდივიდები თავისუფალნი არიან თავიანთ არჩევანში და შეუძლიათ დისკრიმინაციის გარეშე აირჩიონ და აღასრულონ ესა თუ ის რელიგია. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი რელიგიური და სხვა ჯგუფები აცხადებენ, რომ მთავრობა ყოველთვის ეფექტურად არ რეაგირებს რელიგიური მოტივით ჩადენილ დანაშაულზე, მსხვერპლთა რელიგიური კუთვნილების გამო. მუსლიმები და ქრისტიანები დისკრიმინაციაზე საუბრობენ იმ რეგიონებში, სადაც ისინი უმცირესობას წარმოადგენენ. ისინი ასევე, საუბრობენ ძალადობის საფრთხესა და სოციალურ გარიყულობაზე თუ ისინი შეიცვლიან ან უარს იტყვიან თავიანთ რწმენაზე.

ნიგერიაში კონფლიქტურ სიტუაციებს ხშირად უკავშირებენ რელიგიურ მოტივს, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი მედია, თუმცა მკვლევარის აკინოლა ეიოდამე ოლოიოს მოსაზრებით, ასეთი მიდგომა ძალიან მარტივი ხედვაა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტში შეიძლება რელიგიური ჯგუფები მონაწილეობდნენ, არ ნიშნავს იმას, რომ კონფლიქტის მიზეზი რელიგიაა. შიდა მუსლიმური დაპირისპირება და ძალადობა თითქმის ექსკლუზიურად ჩრდილოეთ ნიგერიისთვის დამახასითებელი ფენომენია, სადაც მუსლიმები უმრავლესობას წარმოადგენენ. კონფლიქტი ბოკო ჰარამთან არ არის მხოლოდ ტერორისტებისა და სახელმწიფოს შორის დაპირისპირება. ბოკო ჰარამის სამიზნეებს ასევე წარმოადგენენ მუსლიმები და მშვიდობიანი მოქალაქეები – როგორც ადგილობრივი მუსლიმები, ასევე ქრისტიანები სამხრეთის რეგიონებიდან. ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის კონფლიქტი, ძირითადად, ჩრდილოეთ და ცენტრალური შტატებისთვისაა დამახასიათებელი.[1]

„Freedom House“ 2017 წლის ანგარიშში ნიგერიის შესახებ წერს, რომ რელიგიის თავისუფლება კონსტიტუციურად და სამართლებრივად დაცულია და მთავრობა, ძირითადად, პრაქტიკაშიც პატივს სცემს აღნიშნულ უფლებას. მიუხედავად ამისა, ზოგიერთ ინსტანციაში სახელმწიფო და ადგილობრივი მთავრობები აწესებენ გარკვეულ შეზღუდვებს რელიგიურ აქტივობებზე და შემოაქვთ დომინანტი აღმსარებლობა.[2]

კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭო ნიგერიაში კონვერტირებულთა მდგომარეობის შესახებ 2012 წლის ანგარიშში წერს, რომ „ჰაუსა-ფულანი“ და მსგავსი ჯგუფები ჩრდილოეთ ნიგერიაში თავს მიიჩნევენ ქრისტიანობისა და დასავლური კულტურის ნიგერიაში გავრცელების პრევენციის ბასტიონად. გამომდინარე იქიდან, რომ ისინი დასავლური კულტურის მზარდ გავლენას მათ ხალხზე „მძიმე შეშფოთების“ საფუძვლად მიიჩნევენ, ისლამიდან ქრისტიანობაზე კონვერტაციას ღალატის ტოლფას ქმედებად მიიჩნევენ. კონვერტირებულები გარიყულები ხდებიან თავიანთი საზოგადოებისგან და ეზღუდებათ სარგებელი და პატრონაჟი როგორც მთავრობისგან, ასევე მუსლიმი ნათესავებისგან და აქედან გამომდინარე, საფრთხეში იგდებენ თავს. ანგარიშში ნათქვამია, რომ სხვა სარწმუნო ინფორმაცია კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭოს მიერ ვერ იქნა მოძიებული. მკვლევარები გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ „ჰაუსა-ფულანი“ არის მუსლიმთა ქრისტიანების მიმართ არა-ტოლერანტულობის ყველაზე მძიმე ფორმის გამომხატველი.[3]

[1] European Union: European Asylum Support Office (EASO), EASO Country of Origin Information Report: Nigeria – Country Focus, June 2017, available at:

[accessed 10 April 2018]

[2] Freedom House, Freedom in the World 2017 – Nigeria, 2 June 2017, available at:

[accessed 10 April 2018]

[3] Canada: Immigration and Refugee Board of Canada, Nigeria: Treatment of Christians who convert to Islam; treatment of Muslims who convert to Christianity; information on state protection for mistreated religious converts, 8 November 2012, NGA104211.E, available at:

[accessed 10 April 2018]