დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 16-23 აპრილი, 2018

ინციდენტები ავღანეთში – ავღანეთში შეიარაღებულ თავდასხმას 6 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. შემთხვევა ავტომაგისტრალზე მოხდა, რომელიც გორისა და გერატის პროვინციებს ერთმანეთთან აკავშირებს. სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა ავტობუსი გააჩერეს, რომელშიც მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ და ცეცხლი გაუხსნეს. დამნაშავეებმა 2 პირი გაიტაცეს.[1]

5 ადამიანი გარდაიცვალა და ათი დაშავდა ავღანეთის ჯალალაბადში დღეს სამგზავრო მიკროავტობუსის აფეთქების დროს. მიკროავტობუსი ნანგარჰარის პროვინციაში ნაღმზე აფეთქდა. დაშავებულთა შორის არიან ქალები და ბავშვები. ფაქტს პროვინციის გუბერნატორიც ადასტურებს. ჯერჯერობით პასუხისმგებლობა მომხდარზე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.[2]

ქაბულში საარჩევნო რეგისტრაციის პუნქტთან აფეთქების შედეგად 57 ადამიანი დაიღუპა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ინციდენტამდე თავდასხმა მოხდა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ბაგლანის რაიონშიც. სამიზნე ამჯერადაც ამომრჩეველთა რეგისტრაციის ცენტრი იყო. მომხდარს აქ 7 ადამიანი ემსხვერპლა. დაიჭრა 10-ზე მეტი ადამიანი. „თალიბანმა“ მომხდართან კავშირი თავიდანვე გამორიცხა. ავღანეთში საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ არჩევნები ოქტომბერში გაიმართება. სწორედ ამიტომ ადგილობრივები საარჩევნო უბნებზე წინასწარ რეგისტრაციას გადიოდნენ, რომელიც რამდენიმე დღეა რაც დაიწყო.[3]

ავღანეთში, სულ ცოტა, 14 ჯარისკაცი და პოლიციელი დაიღუპა თალიბების ორი, თითქმის ერთდროულად მოწყობილი თავდასხმის შედეგად. დასავლეთ ავღანეთში მდებარე ბადღისის პროვინციის პოლიციის ცნობით, მეამბოხეების დიდმა ჯგუფმა იერიში მიიტანა ავღანელ ჯარისკაცებზე აბ ქამარის რაიონში. შედეგად 11 ჯარისკაცი იქნა მოკლული. ამავე დროს ყადისის რაიონში მოწყობილი თავდასხმისას დაიღუპა ხუთი პოლიციელი. ბადღისის პროვინციის გუბერნატორის პრესმდივანმა დაადასტურა ორ რაიონში მოკლულთა რაოდენობა. პოლიციამ მომხდარში თალიბანი დაადანაშაულა.[4]

დემონსტრაციები სომხეთში – ერევანში 13 აპრილიდან მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეები ეწინააღმდეგებიან სომხეთის პრემიერმინისტრად ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის არჩევას. მისი კანდიდატურა წარადგინეს სომხეთის მმართველი „რესპუბლიკური პარტიის“ და კოალიციური პარტნიორის, „დაშნაკცუტუნის“ საპარლამენტო ფრაქციებმა. კონსტიტუციაში 2015 წელს შეტანილი ცვლილებებით, სომხეთი საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა და პრეზიდენტის ნაცვლად პრემიერმინისტრი გახდა ყველაზე დიდი ძალაუფლებით აღჭურვილი პირი.

სომხეთის პოლიციის ოფიციალური ინფორმაციით დააკავეს 166 ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთში 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. საპროტესტო აქციების მსვლელობისას ვითარება რამდენჯერმე შეიცვალა და დაიძაბა. დააკავეს ოპოზიციის და გამოსვლების ლიდერი ნიკოლ პაშინიანი, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს. მას შეხვდა სომხეთის ახლად არჩეული პრემიერი სერჟ სარგსიანი, რომელმაც განუცხადა, რომ პაშინიანს ხალხის სახელით საუბრის უფლება არ ჰქონდა და პასუხისმგებლობა ოპოზიციას დააკისრა. თავად პაშინიანმა საპროტესტო აქციების გაგრძელების შესახებ განაცხადა. საბოლოოდ დემონსტრაციების შედეგად სარგსიანი გადადგა. „ნიკოლ პაშინიანი მართალი იყო. მე შევცდი. შექმნილი სიტუაციიდან არსებობს რამდენიმე გამოსავალი. თუმცა მე არცერთ მათგანს არ ავირჩევ. ეს ჩემი არ არის. ვტოვებ პრემიერმინისტრის თანამდებობას. ქუჩის მოძრაობა ჩემი დანიშვნის წინააღმდეგია. ვასრულებ თქვენს მოთხოვნას: მშვიდობას და ჰარმონიას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას“, – ნათქვამია სერჟ სარგსიანის განცხადებაში.[5]

იემენის კრიზისი – იემენში განხორციელებულ საჰაერო იერიშს სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. ინციდენტი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ქორწილში მოხდა. დაღუპულია ახლადდაქორწინებული წყვილიც. საუდის არაბეთის მეთაურობით შექმნილი არაბული ქვეყნების კოალიცია 2014 წლიდან იემენში ოპერაციას ატარებს. არაბული კოალიცია შიიტი ჰუსიტების პოზიციებს ბომბავს. შეიარაღებულ კონფლიქტს იემენში 10 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. 2 მილიონზე მეტი ადამიანი შიმშილობის ზღვარზეა.[6]

შიიტი ჰუსიტების მოძრაობის ერთერთი ლიდერი საუდის არაბეთის მეთაურობით შექმნილი არაბული ქვეყნების კოალიციის ავია იერიშს ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სალეჰ ალი ალ-სამადი ხუთშაბათს ჰუდეიდაჰის პროვინციაში იპოვეს მოკლული. გავრცელებული ინფორმაცია კოალიციის წევრებს არ დაუდასტურებიათ.[7]

აღმოსავლეთ უკრაინაში მწვავე ჰუმანიტარული მდგომარეობაა – გაეროს მიგრაციის საკითხების წარმომადგენელი ჯოელ მილმანი აცხადებს, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს მწვავე ჰუმანიტარული მდგომარეობა, რომელიც უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს სდევს თან. მილმანის თქმით, 2014 წლის შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ბრძოლების შედეგად, 10 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 24 000 დაშავდა. ჰუმანიტარული დახმარება, ჯამში, 3.4 მილიონ ადამიანს სჭირდება. უკრაინის სოციალური პოლიტიკის სამინისტროს ინფორმაციით, იძულებით გადაადგილებულ პირად ქვეყანაში 1.5 მილიონი ადამიანია დარეგისტრირებული. მილმანის თქმით, ყველაზე მეტად ადამიანებს ჯანდაცვის სისტემაზე წვდომა, სურსათი, წყალი და სამუშაო ადგილები სჭირდებათ. მან დასძინა, რომ უკრაინის კონფლიქტის შედეგად 1.2 მილიონი ადამიანი შიმშილობის ზღვარზეა, ხოლო 3 მილიონზე მეტს კი სასმელი, საჭმლის გასაკეთებელი და ჰიგიენისთვის საჭირო წყალი არ აქვს. ყველაზე რთულ სიტუაციაში ის ადამიანები არიან, რომლებიც მეამბოხეების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ.

ომი აღმოსავლეთ უკრაინაში დაიწყო 2014 წლის 6 აპრილს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, ადგილობრივ ხელისუფლებასა და რუსეთის მომხრე აჯანყებულებს შორის. ომს წინ უძღოდა 2014 წლის უკრაინის რევოლუცია და ევრომაიდანის მოძრაობა, რომელმაც დაასრულა პრორუსი ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობა. საპასუხოდ, რუსმა აქტივისტებმა დაიკავეს ადმინისტრაციული შენობები და აეროპორტები ყირიმის ნახევარკუნძულზე, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას რუსები შეადგენენ. მარტში ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე რუსეთის ფედერაციამ ყირიმის ანექსია მოახდინა. შეიარაღებულმა დაპირისპირებამ თავი იჩინა უკრაინის აღმოსავლეთშიც, სადაც რუსეთის მომხრე შეიარაღებულმა აქტივისტებმა აპრილში ადმინისტრაციული შენობების დაკავება დაიწყეს. საპასუხოდ, უკრაინის ხელისუფლებამ წამოიწყო კონტრტერორისტული ოპერაცია, რაც მალე სრულმასშტაბიან კონფლიქტად გადაიქცა.[8]

თურქეთის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მეშვიდედ გაახანგრძლივა – საგანგებო მდგომარეობა კიდევ 3 თვით გახანგრძლივდა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 2016 წლის 15 ივლისს სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ შემოიღეს. თურქეთში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 24 ივნისს იმართება. 2016 წლის 15 ივლისს, თურქეთში სამხედროებმა სახელმწიფო გადატრიალება სცადეს, რომლის დროსაც 230-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 2 ათასზე მეტი დაშავდა.[9]

ინდოეთში 12 წლამდე გოგონების გაუპატიურებისთვის სიკვდილით დასჯიან – ცვლილება სექსუალური ხასიათის დანაშაულებისგან ბავშვების დაცვის შესახებ კანონში შევიდა. ცვლილების თანახმად, მოძალადისთვის განსაზღვრული სასჯელის მინიმალური ზომა თავისუფლების 20 წლით აღკვეთაა, მაქსიმალური კი – თავისუფლების უვადო აღკვეთა, ან სიკვდილით დასჯა. ამას გარდა, გამკაცრდა სასჯელი 16 წლამდე გოგოების გაუპატიურებაზეც. სასჯელის მინიმალური ვადა 10-დან 20 წლამდე გაიზარდა. ზრდასრული ქალის გაუპატიურების გამო კი მოძალადეს სულ მცირე 10 წლით გაუშვებენ ციხეში. საკანონმდებლო ცვლილება ბოლო დროს ბავშვების მიმართ სექსუალური ხასიათის რამდენიმე რეზონანსულმა დანაშაულმა გამოიწვია. ახალი სანქციის ასამოქმედებლად პრეზიდენტის ხელმოწერაა საჭირო.

იანვარში ინდოეთის ერთერთ ქალაქში 8 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს. როგორც გაირკვა, ის ერთი კვირის განმავლობაში ერთერთ ინდუისტურ ტაძარში ჰყავდათ გამოკეტილი და აუპატიურებდნენ. გამოძიებამ დაადგინა, რომ ადგილობრივი პოლიცია ბოროტმოქმედებს ხელს აფარებდა. აპრილში კი ქალაქ სურატშიც ნახეს 9-11 წლის გოგოს ცხედარი. მას 86 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ბავშვის იდენტიფიკაცია ვერ მოხერხდა. პოლიცია ეჭვობს, რომ მკვლელობამდე მასაც აწამებდნენ და აუპატიურებდნენ.[10]

[1] Radio Free Europe / Radio Liberty; Six Afghan Civilians Said Killed In Attack In Western Province; 17 April, 2018; available at: https://www.rferl.org/a/afghanistan-civilians-said-killed-in-attack-in-western-province/29172114.html

[2] Pajhwork Afghan News; 5 civilians killed, 10 wounded in Nangarhar roadside blast; By Yousuf Zafiri; 20 April, 2018; available at: https://www.pajhwok.com/en/2018/04/20/5-civilians-killed-10-wounded-nangarhar-roadside-blast

[3] BBC; Afghanistan: Kabul voter centre suicide attack kills 57; 22 April, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-asia-43855884

[4] იმედის ახალი ამბები; ავღანეთში თალიბების თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა; 23 აპრილი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/58409/avganetshi-talibebis-tavdaskhmas-mskhverpli-mohkva

[5] იმედის ახალი ამბები; სერჟ სარგსიანი გადადგა; 23 აპრილი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/58392/serj-sargsiani-gadadga

[6] BBC; Yemen war: Saudi-led airstrike on wedding kills 20; 23 April, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-middle-east-43863608

[7] BBC; Yemen war: Houthi political leader Saleh al-Sammad killed in air raid; 23 April, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-middle-east-43872482

[8] იმედის ახალი ამბები; გაერო: აღმოსავლეთ უკრაინაში მწვავე ჰუმანიტარული მდგომარეობაა; 19 აპრილი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/57798/gaero-agmosavlet-ukrainashi-mtsvave-humanitaruli-mdgomareobaa

[9] Hurriyet Daily News; Turkey’s state of emergency extended for seventh time; 18 April, 2018; available at: http://www.hurriyetdailynews.com/state-of-emergency-in-turkey-extended-for-seventh-time-130539

[10] იმედის ახალი ამბები; ინდოეთში არასრულწლოვანის გაუპატიურებაზე სიკვდილით დასჯა შემოიღეს; 21 აპრილი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/58146/indoetshi-arasrultslovnis-gaupatiurebaze-sikvdilit-dasja-shemoiges