დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 24-30 აპრილი, 2018

პოლიტიკური კრიზისი სომხეთში – პარტიამ „აყვავებული სომხეთი“, რომელსაც პარლამენტში ყველაზე მეტი დეპუტატი ჰყავს „რესპუბლიკური პარტიის“ შემდეგ, განაცხადა, რომ სახალხო პროტესტს უერთდება. პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პარტიის თავმჯდომარის, გაგიკ ცარუკიანის ხელმძღვანელობით პოლიტსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მხარდამჭერებს მოუწოდებენ მობილიზებისა და ქუჩებში გასვლისკენ ერევანსა და სომხეთის ყველა ოლქში. „ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვართ ჩვენი ხალხის და თანამემამულეების გვერდით“ – ნათქვამია ცარუკიანის პარტიის განცხადებაში. პარტიას „აყვავებული სომხეთი“, რომლის დამფუძნებელი ბიზნესმენი გაგიკ ცარუკიანია, 131-წევრიან პარლამენტში 29 დეპუტატი ჰყავს. ლიბერალურ-კონსერვატიული პარტია ეროვნული და ტრადიციული ფასეულობების შენარჩუნების და რუსეთთან სტრატეგიული სამოკავშირეო ურთიერთობების მომხრეა.

სომხეთის რევოლუციურმა ფედერაციამ „დაშნაკცუთუნი“ მმართველი კოალიცია დატოვა. პარტიის წევრმა მინისტრებმა კი თანამდებობები დატოვეს. „ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ დიალოგი შემდგარიყო, მაგრამ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ჩვენ ვტოვებთ მმართველ კოალიციას და ვაცხადებთ, რომ პარლამენტმა პრემიერად უნდა აირჩიოს კანდიდატი, რომელიც ხალხის ნდობით სარგებლობს. ახალმა პრემიერმა უნდა შეძლოს შიდა პოლიტიკური კრიზისის მოგვარება და დემოკრატიული გზით უნდა უზრუნველყოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მმართველი კოალიცია, რომელშიც „რესპუბლიკური პარტია“ და „დაშნაკცუთუნი“ იყო გაერთიანებული, რამდენიმე დეპუტატმა უკვე დატოვა.

ნიკოლ პაშინიანს პროკურატურის თანამშრომლებმა და პოლიციელებმა დაუჭირეს მხარი. ოპოზიციის ლიდერს ძალოვანი უწყების თანამშრომლები სომხეთის დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე შეუერთდნენ. როგორც ძალოვანი უწყების თანამშრომლები განმარტავენ, მათ არ სურთ შორიდან უყურონ იმ მოვლენებს რაც ქვეყანაში ხდება. პროკურატურისა და პოლიციის ყოფილმა თანამშრომლებმა კოლეგებს პაშინიანის თანადგომისკენ მოუწოდეს.

სომხეთის პარლამენტის ოპოზიციურმა ფრაქცია „ელკმა“ პრემიერის თანამდებობაზე ოფიციალურად წარადგინა ფრაქციის ლიდერის, ნიკოლ პაშინიანის კანდიდატურა. პაშინიანი შეხვდა სიდიდით მეორე ფრაქციის, „ცარუკიანის“ წევრებს. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ფრაქცია ერთხმად დაუჭერს მხარს სომხეთის პრემიერმინისტრად ნიკოლ პაშინიანის არჩევას.

მას შემდეგ, რაც ყველა ფრაქციამ უარი განაცხადა პრემიერის პოსტზე კანდიდატურის წამოყენებაზე, პაშინიანი ერთადერთ კანდიდატად რჩება. მას პარლამენტში 105-დან 53 ხმა სჭირდება, მათ შორის უნდა იყოს რესპუბლიკელების ხმებიც. სომხეთის 105-წევრიან პარლამენტში 58 დეპუტატი ჰყავს „რესპუბლიკურ პარტიას,“ 31 ფრაქციას „ცარუკიანი,“ 9 დეპუტატი „ელკს“ და 7 „დაშნაკცუთუნს.“  პრემიერის არჩევას სჭირდება სულ მცირე 53 დეპუტატის მხარდაჭერა. პრემიერის ასარჩევად პარლამენტის სპეციალური სხდომა 1-ელ მაისს გაიმართება.[1]

ინდოელი სულიერი ლიდერი, მოზარდის გაუპატიურებისთვის, დარჩენილ ცხოვრებას ციხეში გაატარებს – ინდოეთის ქალაქ ჯოდპურის სასამართლომ 77 წლის სულიერ ლიდერს ასარამ ბაპუს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის დანაშულს არ აღიარებს. სასამართლო განხილვა 2013 წელს მოზარდის გაუპატიურების საქმეს უკავშირდებოდა. ბაპუ გასული წლის 1-ელ სექტემბერს დააკავეს. გამოძიების ვერსიით, მისი მსხვერპლი მისივე სექტის წარმომადგენლების 16 წლის შვილი გახდა. სულიერმა ლიდერმა გოგო ბოროტი ძალების გასადევნად თავისთან დაიბარა. ბაპუ დასაკითხად დიდხანს არ მიდიოდა და ჯანმრთელობის მდგომარეობას იმიზეზებდა. დაკავების დროს მისმა მხარდამჭერებმა პოლიციას სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს. სასამართლოში განაჩენის გამოცხადების დროსაც უსაფრთხოების ზომების გამკაცრება გახდა საჭირო. სასამართლოს გადაწყვეტილებით ბაპუს თანამზრახველებს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.[2]

თურქეთში გაზეთის 15 ჟურნალისტს პატიმრობა მიუსაჯეს; 2 გაამართლეს – სტამბოლის სასამართლომ გაზეთის „Cumhuriyet“ 15 ჟურნალისტს, მათ შორის მთავარ რედაქტორს, მურატ საბუნჯუს პატიმრობა მიუსაჯა. მედიის წარმომადგენლები აშშ-ში მცხოვრებ თურქ მქადაგებელ ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით დააკავეს. გაზეთის მთავარ რედაქტორს 7,5 წელი მიუსაჯეს, აღმასრულებელ დირექტორს 8 წელი, ხოლო დანარჩენ თანამშრომლებს 2,5-დან 7,5 წლამდე პატიმრობა. სასამართლომ 2 თანამშრომელი გაამართლა. თურქეთის ხელისუფლების მოსაზრებით, 2016 წლის ზაფხულში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის უკან ფეთჰულა გიულენი დგას, რომელიც ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს. გიულენი ბრალდებას უარყოფს.[3]

ინციდენტები ავღანეთში – ავღანეთის დედაქალაქში ორმაგ ტერაქტს 31 ადამიანი, მათ შორის 9 ჟურნალისტი ემსხვერპლა. მედიის ცნობით, ერთერთი თავდასხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა, რომელიც მოტოციკლით გადაადგილდებოდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ქაბულის პარალელურად, ნანგარჰარის პროვინციაში გზის პირას დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა. შედეგად 1 სამართალდამცველი დაიღუპა, 5 ადამიანი კი დაიჭრა.[4] ქალაქ ხოსტში BBC-ისა და Reuters-ის ადგილობრივ ჟურნალისტს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ის ავტომობილით სახლისკენ მიდიოდა, რა დროსაც ტყვია მოხვდა და დაიღუპა.[5]

[1] იმედის ახალი ამბები; სიახლეები სომხეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ; გამოქვეყნების პერიოდი 23-30 აპრილი, 2018; ინფორმაციები ხელმისაწვდომია ბმულებზე:

https://imedinews.ge/ge/msoflio/58688/somkhetshi-saprotesto-gamosvlebs-sheuertda-sididit-meore-saparlamento-partia

https://imedinews.ge/ge/msoflio/58740/somkhetis-revolutsiurma-pederatsiam-dashnaktsutuni-mmartveli-koalitsia-datova

https://imedinews.ge/ge/msoflio/58768/nikol-pashinians-dzalovani-utskebis-tanamshromlebma-mkhari-dauchires

https://imedinews.ge/ge/msoflio/58826/somkhetis-parlamenti-akhal-premiers-1-maiss-airchevs

https://imedinews.ge/ge/msoflio/58859/somkhetshi-dashnaktsutunis-partiis-tsevrma-ministrebma-tanamdebobebi-datoves

https://imedinews.ge/ge/msoflio/59413/nikol-pashiniani-somkhetis-premierministrobis-kandidatad-opitsialurad-daasakheles

[2] The Times of India; Asaram sentenced to life in prison after being found guilty of minor’s rape; 25 April, 2018; available at: https://timesofindia.indiatimes.com/india/asaram-sentenced-to-life-in-prison-after-being-found-guilty-of-minors-rape/articleshow/63908727.cms

[3] Hurriyet Daily News; Turkish court sentences Cumhuriyet journalists to jail time; 25 April, 2018; available at: http://www.hurriyetdailynews.com/turkish-court-sentences-cumhuriyet-journalists-to-jail-time-130903

[4] CNN; BBC reporter and famed photographer among 31 killed in Afghanistan; By Euan McKirdy and Ehsan Popalzai; 30 April, 2018; available at: https://edition.cnn.com/2018/04/30/asia/afghanistan-kabul-blasts-intl/index.html

[5] Reuters; Gunman kills journalist in Afghan province, officials say; By Reuters Staff; 30 April, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-afghanistan-journalist/gunmen-kill-journalist-in-afghan-province-officials-say-idUSKBN1I11LD