პაკისტანი. ქრისტიანების მიმართ დამოკიდებულება. მაისი, 2018

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების შესახებ წერს, რომ პაკისტანის მოსახლეობა დაახლოებით 201.2 მილიონია. მოსახლეობის 95% მუსლიმია, მათგან 75% ოფიციალურად ითვლება სუნიტად და 25% – შიიტად. პაკისტანის მთავრობის მონაცემებით, დანარჩენი 5%-ს შეადგენენ აჰმადი მუსლიმები, ინდუსები, ქრისტიანები, ზოროასტრები, ბაჰაები, სიქჰები, კალაშები, კიჰალები და იანები. პაკისტანში, დაახლოებით, 1.3 მილიონი ქრისტიანი ცხოვრობს.

პაკისტანის კონსტიტუცია ისლამს სახელმწიფო რელიგიის სტატუსს ანიჭებს და აწესებს მოთხოვნას, რომ ყველა კანონი ისლამის პრინციპებს შეესაბამებოდეს. რელიგიური უმცირესობების საზოგადოებები გამთქვამენ შეშფოთებას იმის გამო, რომ მთავრობა არ იცავს თანასწორობის პრინციპს უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით და რელიგიური უმცირესობების მიმართ დისკრიმინაცია არსებობს. ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო წლის განმავლობაში თავდამსხმელების სამიზნეს წარმოადგენდნენ ქრისტიანები, აჰმადიები, სუფისტები და შიიტები; 2016 წლის 27 მარტს, აღდგომის კვირას, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა ლაჰორის გულშენ-ე-იქბალის პარკში, რასაც 78 ადამიანის სიცოცხლე შეეწია, მათ შორის იყო 29 ბავშვი; ინციდენტის შედეგად, ასევე დაშავდა 350 ადამიანზე მეტი; მსხვერპლთა დიდი ნაწილი ქრისტიანი ოჯახები იყვნენ, რომლებიც რელიგიურ დღესასწაულზე შეიკრიბნენ, თუმცა უმრავლესობა მუსლიმები იყვნენ.[1]

აშშ-ის რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების კომისია 2017 წლის ანგარიშში პაკისტანის შესახებ წერს, რომ საანგარიშო წლის განმავლობაში, პაკისტანის მთავრობა განაგრძობდა რელიგიის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების სისტემატურ დაუსჯელობას და შემწყნარებლობას. სასიკვდილო ან სამუდამო პატიმრობის განაჩენი ღვთისგმობის ბრალდებით გამოტანილი იქნა მინიმუმ 40 პირის მიმართ, მათ შორის იყო 2 ქრისტიანი, რომელთაც სიკვდილით დასჯა მიესაჯათ. რელიგიური უმცირესობები, მათ შორის ქრისტიანები, ჰინდუსები, აჰმადიები და შიიტი მუსლიმები ასევე განიცდიდნენ რელიგიურად მოტივირებულ და კონფესიათაშორის ძალადობას როგორ ტერორისტული ორგანიზაციების, ასევე საზოგადოებაში ინდივიდების მხრიდან. გრძელდებოდა ქრისტიანებისა და ინდუსების იძულებითი კონვერტაცია და გათხოვება, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით პაკისტანის მთავრობამ გარკვეული პოზიტიური ნაბიჯები გადადგა.[2]

„Human Rights Watch“ 2018 წლის ანგარიშში პაკისტანის შესახებ წერს, რომ რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი ქალები განსაკუთრებით მოწყვლადები არიან. პაკისტანის მოძრაობა სოლიდარობისთვის ავრცელებს ინფორმაციას, რომ ყოველწლიურად მინიმუმ ათას ქრისტიან და ინდუს ქალს და გოგონას ათხოვებენ იძულებით მუსლიმ კაცზე. მთავრობამ ვერ შეძლო ასეთი იძულებითი ქორწინებების აღკვეთა.[3]

„Freedom House“ 2017 წლის ანგარიშში პაკისტანის შესახებ წერს, რომ კონსტიტუციური გარანტიები, რელიგიის თავისუფლებისა და უმცირესობების დაცვის შესახებ, არ აისახება დისკრიმინაციულ კანონმდებლობაზე, სოციალურ შეხედულებებზე და კონფესიათაშორის ძალადობაზე. ქრისტიანი საზოგადოება იყო ღვთისგმობის საქმეებისა და ბრბოს მხრიდან ძალადობის მსხვერპლი.[4]

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი 2016 წლის ანგარიშში პაკისტანში ქრისტიანებისა და კონვერტირებული ქრისტიანების შესახებ წერს, რომ ქრისტიანებს, ზოგადად, აქვთ უფლება თავიანთი რწმენა აღასრულონ, იარონ ეკლესიებში, მონაწილეობა მიიღონ რელიგიურ აქტივობებში და იქონიონ საკუთარი სკოლები და ჰოსპიტალები. ევანგელიზმი, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, გულისხმობს ქადაგების ვალდებულებას. პირი, რომელიც რწმენის პროპაგანდას ეწევა და მოუწოდებს სხვას კონვერტირდეს, შეიძლება ღვთისგმობის ბრალდების მსხვერპლი გახდეს. ევანგელისტური ქრისტიანული მოძღვრების მიმდევარი ქრისტიანები უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე ის ქრისტიანები, რომლებიც საჯაროდ არ აქტიურობენ. როგორც ევანგელისტი, ასევე არა-ევანგელისტი ქრისტიანები განიცდიან დისკრიმინაციას და არიან იერიშების სამიზნეები თავიანთი რწმენის გამო.

ქრისტიანების მიმართ დისკრიმინაცია არსებობს დასაქმებისა და განათლების სფეროში ბევრ ასპექტში. ვრცელდება ინფორმაციები ქრისტიანების და ასევე ქრისტიანების დამცველი ადვოკატების, ჟურნალისტების და ადამიანის უფლებათა აქტივისტების მიმართ შევიწროვების, ძალადობისა და მუქარების შესახებ; ასევე, თავდასხმების შესახებ არა-სახელმწიფო აქტორების მხრიდან, რასაც ზოგჯერ მსხვერპლიც ახლავს; დაბალი ფენის წარმომადგენელი ქრისტიანები უფრო დიდ დისკრიმინაციას განიცდიან, ვიდრე შედარებით მაღალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ქრისტიანები. რელიგიური უმცირესობები ღვთისგმობის შესახებ კანონის არაპროპორციული გამოყენების მსხვერპლი არიან; კანონის გამოყენება ხდება პირადი ან პოლიტიკური ნიშნით. ზოგი ქრისტიანი ქალი გაუპატიურების, სექსუალური ძალადობის, გატაცების, იძულებითი კონვერტაციის და მუსლიმ კაცზე გათხოვების მსხვერპლი გახდა.

ანგარიშში ასევე საუბარია სახელმწიფოს მხრიდან დაცვის შესაძლებლობაზე. თუ პირს საფრთხე სახელწმიფოს მხრიდან ემუქრება, ის ვერ ისარგებლებს ხელისუფლების დაცვით. იმ შემთხვევაში თუ საფრთხე არა-სახელმწიფო აქტორებისგან მომდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კონსტიტუციური გარანტიები და მოწოდება, რომ რელიგიური უმცირესობების უფლებები იყოს დაცული, ბევრი წყარო ამტკიცებს, რომ პაკისტანის მთავრობა ვერ უზრუნველყოფს ვერც სათანადო დაცვის უზრუნველყოფას რელიგიური უმცირესობებისთვის და ვერ დამნაშავეთა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას. ზოგიერთი წყარო ამტკიცებს, რომ პოლიციაში შეღწევას ახერხებენ ექსტრემისტები, რის შემდეგაც, მათ ხელი მიუწვდებათ პირთა პერსონალურ მონაცემებზე. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ვერ შეძლო ეფექტურად გამოეძიებინა, დაეკავებინა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა დამნაშავეები რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ საზოგადოების მხრიდან ჩადენილი დანაშაულების შემთხვევებში.[5]

[1] United States Department of State, 2016 Report on International Religious Freedom – Pakistan, 15 August 2017, available at:

[accessed 2 May 2018]

[2] United States Commission on International Religious Freedom, USCIRF Annual Report 2017 – Tier 1: USCIRF-recommended Countries of Particular Concern (CPC) – Pakistan, 26 April 2017, available at:

[accessed 2 May 2018]

[3] Human Rights Watch, World Report 2018 – Pakistan, 18 January 2018, available at:

[accessed 2 May 2018]

[4] Freedom House, Freedom in the World 2017 – Pakistan, 19 May 2017, available at:

[accessed 2 May 2018]

[5] United Kingdom: Home Office, Country Information and Guidance – Pakistan: Christians and Christian converts, May 2016, v 2.0, available at:

[accessed 2 May 2018]