ამერიკის შეერთებული შტატების რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების კომისია 2017 წლის ანგარიშში პაკისტანის შესახებ წერს, რომ ქვეყანაში 50-მდე სხვადასხვა ადგილობრივი და ტრანსნაციონალური ტერორისტული და ექსტრემისტული დაჯგუფებაა აქტიური. ეს დაჯგუფებები სერიოზულ პრობლემას უქმნიან რეგიონის, ქვეყნის, მოსახლეობის და განსაკუთრებით რელიგიური უმცირესობების უსაფრთხოებას. სამთავრობო და სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის პარალელურად, ისეთი ჯგუფები, როგორებიც არიან პაკისტანის თალიბანი და „Lashkar-e-Jhangvi“, დევნიან რელიგიურ უმცირესობებს და იმ სუნიტებს, ვინც მათ რელიგიურ და პოლიტიკურ დღის წესრიგს ეწინააღმდეგება. აღნიშნულმა ჯგუფებმა, შიიტებისა და სუფისტების მიზანში ამოღებით, ღრმა კონფესიათაშორისი დაძაბულობა დათესეს. შიიტური პოლიტიკური ორგანიზაციის „Majlis Wahdat-e-Muslimeen Pakistan (MWM)“ ინფორმაციით, პაკისტანის თალიბანმა და სხვა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა გასული ათწლეულის განმავლობაში, დაახლოებით, 25 ათასი შიიტი მუსლიმი მოკლეს.
ანგარიშში ნათქვამია, რომ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, შიიტი და სუფისტი მუსლიმები პაკისტანის თალიბანისა და ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს პაკისტანური ფრთის სამიზნეს წარმოადგენდნენ. 2016 წლის ნოემბერში ისლამურმა სახელმწიფომ პასუხისმგებლობა აიღო ბალოჩისტანში, ქუეტაში, სუფისტურ სალოცავზე განხორციელებულ თავდასხმაზე, რომლის შედეგადაც 52 ადამიანი დაიღუპა და ასზე მეტი დაშავდა. 2016 წლის ივნისში აჰმად საბრი, ცნობილი პაკისტანელი სუფისტი მომღერალი, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, კარაჩიში მოკლეს. 2017 წლის 16 თებერვალს თვითმკვლელმა ტერორისტმა, რომელიც სავარაუდოდ ისლამური სახელმწიფოს წევრი იყო, თავი აიფეთქა სინდჰის პროვინციაში, ქალაქ სეჰვანში მდებარე სუფისტურ სალოცავში ლალ შაბჰაზ ქალანდარი, რის შედეგადაც 80-ზე მეტი მლოცველი დაიღუპა, მათ შორის 20 ბავშვი; ასზე მეტი ადამიანი დაშავდა. მოგვიანებით, პაკისტანის პოლიციამ და უსაფრთხოების ძალებმა გაძლიერებული რეიდი განახორციელეს და ისლამური სახელმწიფოს წევრებად მიჩნეული ასამდე შეიარაღებული პირი მოკლეს და ათობით დააპატიმრეს.[1]
„Human Rights Watch“ 2018 წლის ანგარიშში პაკისტანის შესახებ წერს, რომ შეიარაღებული დაჯგუფებების სამიზნეს წარმოადგენდნენ შიიტი და სუფისტი მუსლიმები. ამ ანგარიშშიც ნახსენებია სუფისტურ სალოცავში ლალ შაბჰაზ ქალანდარი 2017 წლის თებერვალში მომხდარი ინციდენტი.[2]
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში რელიგიის თავისუფლების შესახებ წერს, პაკისტანის მთავრობა განაგრძობდა ტერორიზმთან ბრძოლის ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელებას, მათ შორის კონფესიათაშორისი სიძულვილის ენისა და ექსტრემისტების წინააღმდეგ ბრძოლას და სამხედრო ოპერაციებს ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, აშშ-ის და სხვა მთავრობების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარებული ჯგუფები ახორციელებდნენ იერიშებს, რომელთა სამიზნეებს წარმოადგენდნენ ქრისტიანები, აჰმადია მუსლიმები, სუფისტი მუსლიმები და განსაკუთრებით შიიტი ჰაზარა საზოაგდოება.[3]
[1] United States Commission on International Religious Freedom, USCIRF Annual Report 2017 – Tier 1: USCIRF-recommended Countries of Particular Concern (CPC) – Pakistan, 26 April 2017, available at:
[accessed 8 May 2018][2] Human Rights Watch, World Report 2018 – Pakistan, 18 January 2018, available at:
[accessed 8 May 2018][3] United States Department of State, 2016 Report on International Religious Freedom – Pakistan, 15 August 2017, available at:
[accessed 8 May 2018]