ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერად აირჩიეს – მეორე ტურში, ფაშინიანის კანდიდატურა ფრაქცია „ელკმა“, „ბლოკ ცურუკიანმა“ და „დაშნაკციუთუნმა“ წარადგინა. მას ხმა 59-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 42 წავიდა. ოპოზიციის ლიდერის არჩევა ერევნის ცენტრალურ მოედანზე ათასობით ადამიანმა იზეიმა. ფაშინიანის არჩევის პირველი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, რასაც სომხეთში საპროტესტო აქციების ახალი ტალღა მოჰყვა. თუმცა შემდეგ მმართველმა „რესპუბლიკურმა პარტიამ“ პოზიცია შეცვალა.[1]
ტერაქტები ავღანეთში – ქაბულში ტერაქტები და შეირაღებული თავდასხმები გრძელდება. 9 მაისს ავღანეთში მცირე ინტერვალებით 4 აფეთქება მოხდა. პოლიციის განყოფილებაზე 2 თვითმკვლელის თავდასხმას 2 სამართალდამცველი, 4 მშვიდობიანი მოქალაქე და დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ 4 მებრძოლი ემსხვერპლა. მოგვიანებით კიდევ რამდენიმე თავდასხმა მოხდა, რასაც 3 ადამიანი ემსხვერპლა.[2]
30-ზე მეტი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა „თალიბანის“ თავდასხმას. შემთხვევა ფარას პროვინციაში მოხდა. თალიბებმა პოლიციის ბაზებზე იარაღი ჩაიგდეს ხელში. ფარას პროვინცია ჰელმანდის პროვინციასა და ირანს შორის მდებაორეობს და ამბოხებულების ბრძოლის აქტიური ზონაა. პროვინციის გუბერნატორი დაკავებული თანამდებობიდან იანვარში გადადგა. „თალიბანმა“ კი გაზაფხულის თავდასხმების დაწყების შესახებ გასულ თვეში განაცხადა, რამაც მოსახლეობის შეშფოთება გამოიწვია.[3]
აფეთქებების სერიას ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის ერთი ბავშვია. დაშავებულთა რიცხვი 30-ს აჭარბებს. ტერორისტმა ადმინისტრაციულ შენობასთან აიფეთქა თავი. ამის შემდეგ შემთხვევის ადგილზე 4 თავდამსხმელი გამოჩნდა და მშვიდობიან მოსახლეობას და სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნეს. ვარაუდობენ, რომ ტერაქტი „თალიბანის“ მოწყობილია, თუმცა მომხარზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. ერთერთი ვერსიით, ტერორისტები ასაფეთქებელ მოწყობილობას გზაზე ამონტაჟებდნენ, რა დროსაც ბომბი მოულოდნელად აფეთქდა. შემთხვევის ადგილზე 4 ტერორისტი დაიღუპა.[4]
სუდანში გოგოს, რომელმაც ქმარი გაუპატიურებისთვის მოკლა, სიკვდილით დასჯიან – 19 წლის ნაურა 15 წლის ასაკში იძულებით გაათხოვეს. როგორც ქალი ამტკიცებს, ქმარი მას სცემდა და ამის გამო სახლიდან არაერთხელ წასულა. სამი წლის განმავლობაში ის დეიდასთან ცხოვრობდა, რის შემდეგაც მამამ ისევ ძალით დააბრუნა ქმართან. მიუხედავად ამისა, ქალმა უარი თქვა, ინტიმური ურთიერთობა ჰქონოდა ქმართან. ამის გამო კაცმა ის გააუპატიურა, ქალმა კი ქმარი გულმკერდის არეში დაჭრა. ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა და კაცი მოკვდა. გოგოს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. მის გადასარჩენად პეტიცია შეადგინეს და დაიწყო კამპანია #JusticeforNoura.[5]
იემენის კრიზისი – დასავლეთ იემენში, საუდის არაბეთის მხარდამჭერ კოალიციასა და ირანის მხარდამჭერ შიიტ მეამბოხეებს შორის მომხდარ შეტაკებას 115 ადამიანი შეეწირა. ოფიციალური წყაროები, ვინც მედიას მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია დაუდასტურა, ინკოგნიტოდ რჩებიან, ხოლო ოფიციალურად, მსხვერპლის შესახებ იემენის მმართველი ჰუსიტური მოძრაობის წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ. იემენში სამოქალაქო ომი 2014 წლიდან მიმდინარეობს. საომარი მოქმედებების ერთ მხარეს არიან ჰუსიტების დაჯგუფება „ანსარ ალა“ და ყოფილი პრეზიდენტის ალი აბდალა სალეჰის არმიის ნაწილი, მეორე მხარეს კი სუნიტი პრეზიდენტი აბდ რაბა მანსურა ჰადის მხარდამჭერი არმია და არაბული ქვეყნების კოალიცია. საუდის არაბეთი უკვე წლებია, იემენში ჰუსიტებს ებრძვის, – ქვეყნის კანონიერი გზით არჩეული პრეზიდენტის ხელისუფლებაში დასაბრუნებლად.[6]
საპარლამენტო არჩევნები ერაყში – 12 მაისს ერაყში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, არაოფიციალური მონაცემებით, ქვეყნის მოქმედი პრემიერი ჰაიდერ ალ-აბადი ლიდერობს. მეორე პოზიციაზეა შიიტი მქადაგებლის მოქთადა ალ-სადრის ალიანსი. ერაყის საპარლამენტო არჩევნებში 29 საარჩევნო ბლოკი მონაწილეობდა, რომელიც 200 სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას აერთიანებს. ისლამური სახელმწიფოს დამარცხების შემდეგ ეს პირველი არჩევნებია. საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პარლამენტში 369 ადგილისთვის 7,000-ზე მეტი კანდიდატი იბრძვის.[7]
[1] იმედი; ახალი ამბები; ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერმინისტრად აირჩიეს; 8 მაისი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/60568/nikol-pashiniani-somkhetis-premierministrad-airchies
[2] იმედი; ახალი ამბები; ქაბულში ტერაქტებს 13 ადამიანი ემსხვერპლა; 10 მაისი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/60832/qabulshi-teraqtebs-13-adamiani-emskhverpla
[3] Reuters; Taliban kll dozens of police in western Afghan province; By Reuters Staff; 11 May, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-afghanistan-taliban/taliban-kill-dozens-of-police-in-western-afghan-province-idUSKBN1IC131
[4] Reuters; Multiple blasts and gun battle in eastern Afghan city; By Ahmad Sultan, Qadir Sediqi; 13 May, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-afghanistan-blast/multiple-blasts-hit-eastern-afghan-city-gun-battle-underway-idUSKCN1IE0B0
[5] CNN; She stabbed her husband as he raped her. A court sentenced her to death; By Eliza Mackintosh and Nilma Elgabir; 11 May, 2018; available at: https://edition.cnn.com/2018/05/10/africa/sudan-teen-noura-hussein-death-sentence-rape-intl/index.html?utm_source=feedburner&utm_medium=feed&utm_campaign=Feed%3A+rss%2Fcnn_latest+%28RSS%3A+CNN+-+Most+Recent%29
[6] Fox News; Yemeni officials say fighting kills 115 in western Yemen; By Ahmed Al-Haj; 12 May, 2018; available at: http://www.foxnews.com/world/2018/05/12/yemeni-officials-say-fighting-kills-115-in-western-yemen.html?utm_source=feedburner&utm_medium=feed&utm_campaign=Feed%3A+foxnews%2Fworld+%28Internal+-+World+Latest+-+Text%29
[7] Euronews; PM Abadi appears ahead in Iraq election, followed by Sadr List – initial results; 13 May, 2018; available at: http://www.euronews.com/2018/05/13/pm-abadi-appears-ahead-in-iraq-election-followed-by-sadr-list-initial-results