სომალი. სამართალდამცავი ორგანოები და სასამართლო. ივნისი, 2018

საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია ARC-ის („Asylum Research Consultancy“) 2018 წლის ანგარიშში სომალის შესახებ მითითებულია ავსტრალიის საგარეო ურთიერთობებისა და ვაჭრობის სამინისტროს (DFAT) 2017 წლის ინფორმაცია სომალის შესახებ, რომლის მიხედვითაც, პრაქტიკაში სომალიში არსებულ სიტუაციას უსაფრთხოებისა და სამართლის კუთხით, არ შეუძლია უზრუნველყოს ეფექტიანი დაცვა საზოგადოების უმრავლესობისთვის და ზოგ შემთხვევაში ისეთი აქტორები, როგორიცაა სომალის ეროვნული არმია (SNA) და პოლიცია არღვევენ ადამიანის უფლებებს. ხელისუფლებას არ აქვს საკმარისი კონტროლი უსაფრთხოების ძალებზე და სომალიში ფართოდაა გავრცელებული დაუსჯელობა და კორუფცია. დასაცავად, კლანების უმრავლესობა იყენებს თავიანთ მილიციასა და სხვა კლანებთან ალიანსებს. DFAT-ის ინფორმაციით, შეიარაღებული ძალები და პოლიცია (ეროვნული და რეგიონული) სომალიში ძირითადად არის არაეფექტიანი, ცუდად გადამზადებული და კორუფციის მიმართ მიდრეკილი. წყაროს მიხედვით, პოლიციელები ხშირად იკავებენ თავიანთ პოსტებს კლანებთან კავშირების საფუძველზე და მიდრეკილები არიან იყვნენ უფრო ლოიალურები თავიანთი კლანის ან ოჯახის წევრების მიმართ, ვიდრე მთავრობის მიმართ.[1]

ARC-ის აღნიშნულ ანგარიშში ასევე აღნიშნულია გაეროს 2017 წლის სექტემბრის ანგარიში სომალიში ადამიანის უფლებების შესახებ, რომლის მიხედვითაც სომალიში აუცილებელია შესაძლებლობების ზრდა სასამართლოსა და კანონის უზენაესობის კუთხით მომუშავე სპეციალისტებისთვის.[2]

ორგანიზაცია „Human Rights Watch“-მა 2017 წლის მაისში განაცხადა, რომ პოლიცია კვლავ განაგრძობს სომალის ყველაზე მოწყვლადი მოქალაქეების უფლებების დარღვევას. ორგანიზაციისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია სომალიში კომპეტენტური და სანდო პოლიციის ჩამოყალიბება, რომელსაც შესაძლებლობა ექნება უზრუნველყოს ძირითადი უსაფრთხოება და დახმარება, მათ შორის ყველაზე მოწყვლადი მოქალაქეებისთვისაც.[3]

2017 წლის რეკომენდაციებში, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა აღნიშნა, რომ საჭიროა უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტიანი საგამოძიებო და სასამართლო საქმის წარმოება სომალიში აფრიკის კავშირის მისიის (AMISOM) და სხვა საერთაშორისო შენაერთების წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებების მიმართ, დააკავოს დამნაშავეები და დაზარალებულებისთვის უზრუნველყოს ადეკვატური დახმარება და ეფექტიანი დაცვა.[4]

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის 2016 წლის პოზიციის ფურცელში სამხრეთ და ცენტრალურ სომალიში დაბრუნების შესახებ, აღნიშნულია, რომ პოლიცია და უსაფრთხოების ძალები ნაკლებად უნარიანები არიან. ხელისუფლება ვერ ინარჩუნებს ეფექტიან კონტროლს უსაფრთხოების ძალებზე. კანონის აღმასრულებელი ინსტიტუტები ვერ უზრუნველყოფენ ძალადობის ინციდენტების პრევენციასა და გამოძიებას. მთელ ქვეყანაში არ ფუნქციონირებს სასამართლო სისტემა.[5]

გაერთიანებული სამეფოს მიერ 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში სამხრეთ და ცენტრალურ სომალიში უმრავლესობის კლანებისა და უმცირესობის ჯგუფების შესახებ, აღნიშნულია, რომ სტრუქტურული სისუსტე შეინიშნება სამხრეთ და ცენტრალურ სომალიში (მოგადიშუს ჩათვლით) უშიშროების ძალებში, მათ შორის, შეინიშნება უდისციპლინობა, სუსტი მეთაურობა და დაუსჯელობა ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის. ამასთან ერთად, უფუნქციო სასამართლო სისტემა დაკავებისთვის, გამოძიებისთვის და სასჯელისთვის იმ ქმედებაზე, რომელიც უტოლდება დევნას ან სერიოზულ ზიანს, ასევე ფართოდ გავრცელებული კორუფცია სახელმწიფო ინსტიტუტებში ნიშნავს, რომ ზოგადად, უმრავლესობის კლანებისა და უმცირესობის ჯგუფის წევრებს, რომლებიც არიან რისკის ქვეშ, არ აქვთ შესაძლებლობა ჰქონდეთ წვდომა სახელმწიფოს მხრიდან ეფექტიან დაცვაზე. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, კლანისგან დაცვის მიღების მნიშვნელობა შემცირებულია, განსაკუთრებით მოგადიშუში, თუმცა, ამ მხრივ სიტუაცია განსხვავდება კლანებისა და არეალების მიხედვით. წარსულში ნებისმიერი დევნა ან ეფექტიანი დაცვის ნაკლებობა შეიძლება მიანიშნებდეს, რომ ეფექტიანი დაცვა არ იქნება ხელმისაწვდომი მომავალშიც. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, ამ მხრივ მტკიცების ტვირთი ეკისრება პიროვნებას, რომელმაც უნდა აჩვენოს, რომ მისთვის არ არის ხელმისაწვდომი დაცვა.[6]

აღნიშნულ ანგარიშში ასევე მოყვანილია „Bertelsmann Stiftung’s Transformation Index“-ის (BTI) 2016 წლის ანგარიში სომალის შესახებ, რომლის მიხედვითაც სომალიში არ არსებობს უნიტარული სასამართლო სისტემა და ის ეყრდნობა სეკულარული კანონების კომბინაციას, ტრადიციულ სამართალს (xeer) და შარიათის კანონებს. ტრადიციული სამართლის მიხედვით, კლანებში უხუცესები კონფლიქტში არიან  შუამავლები, რომლებიც აწარმოებენ სამშვიდობო მოლაპარაკებებს და თუ საჭიროა თანხმდებიან ფულად კომპენსაციებზე კლანებს შიგნით და კლანებს შორის. ისლამური სამართალი არეგულირებს საოჯახო და პირად თემებს (ქორწინება, განქორწინება, მემკვიდრეობა). უკანასკნელ წლებში ქალაქებში გავლენა მოიპოვა შარიათის კანონებმა, თუმცა, შარიათის სასამართლოები არ არიან თავისუფლები ტომობრივი პოლიტიკისგან და სასამართლოს გადაწყვეტილებებზე ხშირად გავლენა აქვს კლანებს.[7]

გაერთიანებული სამეფოს აღნიშნულ ანგარიშში ასევე მოცემულია EASO-ის 2016 წლის ანგარიში სომალიში უსაფრთხოების მხრივ არსებული სიტუაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც სასამართლო სისტემა წარმოადგენს სახელმწიფოს კანონმდებლობის, კლანზე დაფუძნებული ჩვეულებითი სამართლისა (xeer) და ისლამური სამართლის ნაზავს. კონფლიქტებისა და დანაშაულების უმრავლესობა ირჩევა კლანზე დაფუძნებული ჩვეულებითი სამართლის (xeer) მიხედვით, რომლის მიხედვითაც მნიშვნელოვანია ფულადი კომპენსაცია (diya). ანგარიშის მიხედვით, მთავარ გამოწვევას წარმოადგენს კვალიფიკაციური კადრების ნაკლებობა და დაგროვილი საქმეების მენეჯმენტი. ალ-შაბააბის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ ფუნქციონირებს ფორმალური სასამართლო სისტემა, აღნიშნულ ადგილებში მოქმედებს შარიათის კანონების მკაცრი ინტერპრეტაცია.[8]

გაერთიანებული სამეფოს ამავე ანგარიშში აღნიშნულია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2017 წლის ანგარიში, რომლის მიხედვითაც სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია მთავრობის საკანონმდებლო და აღმასრულებელი შტოებისგან, თუმცა, ქვეყნის მასშტაბით სასამართლო სისტემა კვლავ უფუნქციოა. ზოგიერთ რეგიონში დაფუძნებულია ადგილობრივი სასამართლოები, რომელიც დამოკიდებულია ადგილობრივ დომინანტურ კლანზე. ზოგ ადგილებში ეფუძნებიან ტრადიციული და ჩვეულებითი სამართლის, შარიათისა და ოფიციალური კანონმდებლობის კომბინაციას. სასამართლო სისტემა განიცდის ზეგავლენას და შეინიშნება კორუფცია, ასევე ზეწოლა კლანებზე დაფუძნებული პოლიტიკის მხრიდან.[9]

რაც შეეხება ქალების მდგომარეობას, სომალიში ქალები ცხოვრობენ პატრიარქალურ სისტემაში, სადაც არსებობს რიგი დისკრიმინაციული სტრუქტურები მათ წინააღმდეგ. კლანისგან დაცვის მიღების ფარგლებში, ქალები ფართოდ არიან დამოკიდებულები მამრობითი სქესის პირებთან არსებულ კონტაქტებზე, რომლებიც წარმოადგენენ მათ ჩვეულებითი სამართლის (xeer) მოლაპარაკებების დროს, რადგან ქალები მოკლებულნი არიან ამ ტიპის მოლაპარაკებებში გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. ქალები, რომლებიც ცხოვრობენ თავიანთი კლანების გეოგრაფიულ არეალებში, როგორც წესი უზრუნველყოფილნი არიან თავიანთი კლანის მიერ დაცვაზე წვდომით, თუმცა, დაცვის ხარისხი განსხვავდება და დამოკიდებულია ასევე იმაზე, თუ რომელ კლანს მიეკუთვნება პიროვნება. ქალები სუსტი კლანებიდან, რომლებიც ცხოვრობენ ლტოლვილთა ბანაკებში ძირითადად არიან მოწყვლადები და განიცდიან დაცვის ნაკლებობას ძალადობის, მათ შორის სექსუალური ძალადობის შემთხვევებში.[10]

დამატებითი კომენტარი: წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის საერთაშორისო მონაცემთა ბაზებში, ასევე ისეთ ანგარიშებში, რომელსაც პერიოდულად აქვეყნებს გაერთიანებული სამეფო, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი; EASO; Amnesty International; Human Rights Watch და სხვა საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციები, წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ ვერ მოიძებნა ინფორმაცია კონკრეტულად სომალეს ტომის წარმომადგენელ პირებს, მათ შორის ქალებს აქვთ თუ არა შესაძლებლობა ისარგებლონ სამართალდამცავებისა და სასამართლოს მხრიდან ეფექტიანი დაცვით. ყველა აღნიშნული წყაროს ანგარიშებში საუბარია ზოგადად ეფექტიანი დაცვის ხელმისაწვდომობაზე და არ არის კონკრეტულად გამოყოფილი სომალეს ტომის წარმომადგენლებისთვის, მათ შორის ქალებისთვის ეფექტიანი დაცვის ხელმისაწვდომობა.

[1] Asylum Research Consultancy (ARC), Situation in South and Central Somalia (including Mogadishu), 25 January 2018, available at:

[accessed 22 May 2018]

[2] Ibid

[3] Ibid

[4] UN Office of the High Commissioner for Human Rights (OHCHR), Protection of Civilians: Building the Foundation for Peace, Security and Human Rights in Somalia, December 2017, available at:

[accessed 22 May 2018]

[5] United Kingdom: Home Office, Country Policy and Information Note Somalia: Majority clans and minority groups in south and central Somalia, June 2017, v 2.0, available at:

[accessed 23 May 2018]

[6]  Ibid

[7] United Kingdom: Home Office, Country Policy and Information Note Somalia: Majority clans and minority groups in south and central Somalia, June 2017, v 2.0, available at:

[accessed 23 May 2018]

[8] Ibid

[9] Ibid

[10] Lifo: Somalia: kvinnors position i klansystemet, April, 2018, available at:

[accessed 23 May 2018]