ნეპალი. უსაფრთხოების და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული ვითარება. ივნისი, 2018

ქვეყნის სრული სახელწოდება: ნეპალის ფედერალურ დემოკრატიული რესპუბლიკა; სახელმწიფო წყობა: ფედერალური საპარლამენტო რესპუბლიკა; დედაქალაქი: კატმანდუ; ადმინისტრაციული დაყოფა: 14 ნაწილი: ბეგმატი, ბერი, დავალაგირი, განდაკი, ჯანაკპური, კარნალი, კოსი, ლუმბინი, მაჰაკალი, მეჩი, ნარაიანი, რაპტი, საგარმათა, სეტი. მოსახლეობა: 29,384,297;

ეთნიკური ჯგუფები: ჩეტრი 16.6%, ბრაჰმან-ჰილი 12.2%, მაგარი 7.1%, თარუ 6.6%, თამანგი 5.8%, ნევარი 5%, კამი 4.8%, მუსლიმები 4.4%, იადავი 4%,  რაი 2.3%, გურუნგი 2%, დამაი/დოლიი 1.8%, თაკური 1.6%, ლიმბუ 1.5%, სარკი 1.4%, ტელი 1.4%, ჩამარ/ჰარიჯან/რამ 1.3%, კოირჯ/კუშვაჰა 1.2%, სხვები 19%;

რელიგიები: ინდუსები 81.3%, ბუდისტები 9%, მუსლიმები 4.4%, კირანტები 3.1%, ქრისტიანები 1.4%, სხვები 0.5%, დაუზუსტებელი 0.2%;

ენები: ნეპალური (ოფიციალური) 44.6%, მაითალი 11.7%, ბოჯპური 6%, თარუ 5.8%, თამანგი 5.1%, ნევარი 3.2%, მაგარი 3%, ბაჯიკა 3%, ურდუ 2.6%, ავადი 1.9%, ლიმბუ 1.3%, გურუნგი 1.2%, სხვები 10.4%, დაუზუსტებელი 0.2%.[1]

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის ოფისის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მოგზაურთათვის აღწერილია ამა თუ იმ ქვეყანაში მოგზაურობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებული რჩევები. რუქაზე წითლად აღნიშნულია ზონა, სადაც ტურისტებს ურჩევენ საერთოდ არ იმოგზაურონ;

ყვითლად აღნიშნულია ზონა, სადაც ტურისტებს ურჩევენ იმოგზაურონ მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში;

მწვანე ფრად აღნიშნულია ზონა, სადაც მოგზაურობა ნებადართულია რჩევების გათვალისწინებით. ნეპალის შესახებ არსებულ ინფორმაციაში, რუქაზე მთელი ქვეყანა მწვანე ფერშია, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, რჩევების გათვალისწინებით ნებადართულია მოგზაურობა.[2]

ორი ათწლეულის მანძილზე პირველად გაიმართა ადგილობრივი არჩევნები. საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები გაიმართა ნოემბერსა და დეკემბერში. ოქტომბერში, ნეპალი არჩეული იქნა გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა საბჭოში.

“Amnesty International”- ის მიერ 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში, სადაც საუბარია 2017 წელს ნეპალში განვითარებული მოვლენების შესახებ, აღნიშნულია, რომ 2015 წელს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დაახლოებით 70% უსახლკაროდ დარჩა, რომლებიც საანგარიშო პერიოდში კვლავ თავშესაფრებში რჩებოდნენ. თარაის რეგიონში, მომხდარი ძლიერი ქარის და წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ ათასობით ადამიანს, კვლავ არ ჰქონდა მიღებული შესაბამისი დახმარება, რაც ასევე მათ გასახლებას გულისხმობს.

2015 წელს შეშფოთებას გამოხატავდნენ აბორიგენი მედჰესი ხალხი, ისინი მიიჩნევენ, რომ კონსტიტუცია დისკრიმინაციულია მათ მიმართ, თუმცა მათ ყურადღება არავინ მიაქცია. ტარაიში საპროტესტო აქციის დროს ძალის გადამეტებული გამოყენების ფაქტის გამოძიება ეფექტურად არ მიმდინარეობდა. ათწლეულების მანძილზე მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის დროს ათასობით მსხვერპლის მიმართ ადამიანის უფლებათა დარღვევების გამოძიებისთვის და სამართლიანობის აღდგენისთვის მიმართული ძალისხმევა არ იყო შესაბამისი. ნეპალის მიგრანტი მუშები კვლავ ხდებოდნენ  გამოძალვის, თაღლითობის  და კაბალური შრომის მსხვერპლნი.

ძალის გადამეტებით გამოყენება

უსაფრთხოების ძალები კვლავ განაგრძობდნენ ძალის გადამეტებით გამოყენებას, თარაიში კონსტიტუციასთან დაკავშირებით გამართული საპროტესტო აქციების დროს. მარტში, საპროტესტო აქციის ხუთი მონაწილე იქნა მოკლული, ხოლო 16 დაიჭრა, მას შემდეგ, რაც პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა სიფთარის რაიონში მადჰესი ხალხის მიერ გამართული საპროტესტო აქციის დასაშლელად.

წამება და არაადამიანური მოპყრობა

სისხლის სამართლის გამოძიების სისტემა კვლავ არქაული და დრაკონულია. წინასწარი დაკავების დაწესებულებაში იძულებითი აღიარებების (ჩვენებების) მისაღებად, წამება და სხვა სახის არაადამიანური მოპყრობა ფართოდ იყო გავრცელებული. აგვისტოში პარლამენტის მიერ მიღებული სისხლის სამართლის ახალი  კოდექსი წამებას და არაადამიანურ მოპყრობას სისხლის სამართლებრივ დანაშაულად მიიჩნევს, რაც მაქსიმუმ 5 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წამების საწინააღმდეგო სპეციალური კანონი, რომელიც საანგარიშო პერიოდში, ჯერ კიდევ პარლამენტში განიხილებოდა, არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სამართლებრივ მოთხოვნებს.

დისკრიმინაცია

გენდერის, კასტის, კლასის, ეთნიკური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის და რელიგიის საფუძველზე დისკრიმინაცია კვლავ პრობლემას წარმოადგენდა. საკონსტიტუციო ცვლილებებმა ვერ უზრუნველყო, მოქალაქეობასთან დაკავშირებით, ქალთა თანაბარი უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა, ვერც მარგინალიზებული ჯგუფების დისკრიმინაციისგან დაცვა, მათ შორის იგულისხმებიან დელიტები, უმცირესობაში მყოფი კასტები და ეთნიკური ჯგუფები, LGBTI თემის წევრები. ახალ სისხლის სამართლის კოდექსში ასახული გაუპატიურების შესახებ სასჯელის და ნორმატიული შეზღუდვების დებულებები, ჯერ კიდევ შორსაა საერთაშორისო სამართლის სტანდარტებისგან.[3]

ქალთა და გოგონათა უფლებები

აზიაში ბავშვთა ქორწინების მაჩვენებლის მიხედვით ნეპალი მესამე ადგილზეა. გოგონების 37% 18 წლამდე არიან დაოჯახებულები, ხოლო 10% 15 წლამდე. 2016 წელს, მთავრობამ შემოიღო ეროვნული სტრატეგია 2030 წლისთვის ბავშვთა ქორწინების აღმოსაფხვრელად, მაგრამ მათ კვლავ არ გამოუცხადებიათ სამოქმედო გეგმის შესახებ.

ადგილობრივ არჩევნებში ქალებმა ადგილების 41% მოიპოვეს, რაც სავალდებულო კვოტირების შედეგი იყო. მაღალ თანამდებობებზე კვლავ  უმეტესად მამაკაცები ინიშნებიან. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციით პარლამენტში ადგილების 1/3 ქალებისთვისაა გათვალისწინებული, პირდაპირ ასარჩევ კანდიდატთა მხოლოდ 7% იყო ქალი.[4]

[1] Central Intelligence Agency/ The World Factbook: Nepal; Page last updated on June 04, 2018 https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/np.html [accessed Jun 11, 2018]

[2] UK Home Office: Foreign travel advice: Nepal; available at: https://www.gov.uk/foreign-travel-advice/nepal [accessed Jun 11, 2018]

[3] Amnesty International Report: NEPAL 2017/2018 https://www.amnesty.org/en/countries/asia-and-the-pacific/nepal/report-nepal/ [accessed Jun 11, 2018]

[4] Human Rights Watch: World Report 2018: Nepal; Events of 2017https://www.hrw.org/world-report/2018/country-chapters/nepal [accessed Jun 11, 2018]