რუსეთი. სპეციალური საპატიმრო დაწესებულებები. ივნისი, 2018

„Amnesty International“ 2018 წლის ანგარიშში რუსეთის ფედერაციის შესახებ წერს, რომ კვლავ ვრცელდებოდა ინფორმაცია ციხეებსა და დაკავების ცენტრებში წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ. ზოგიერთ პატიმარს ზოგჯერ თვეების განმავლობაში უწევს მგზავრობა, რომ სასჯელის მოხდის ადგილს მიაღწიოს. მათი ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს ხშირად ინფორმაცია არ აქვთ პატიმრების ადგილსამყოფელის შესახებ.[1]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში რუსეთში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ანგარიშში წერს, რომ ციხეებსა და დაკავების ცენტრებში ვითარება მძიმეა. გადატვირთულობა, დაცვია და პატიმრების მხრიდან მომავალი ძალადობა, შეზღუდული წვდომა ჯანდაცვაზე, ჰიგიენისა და კანალიზაციის ნაკლებობა. პატიმრის მხრიდან პატიმარზე ძალადობა, რასაც ხშირად ბადრაგი ახალისებს, რჩებოდა სერიოზულ პრობლემად. ჯანდაცვა, კვება, ვენტილაცია და სანიტარული სტანდარტები სხვადასხვა დაწესებულებაში სხვადასხვაგვარი, ზოგადად კი ცუდი იყო. სისხლის სამართლის სიტემაში ხარისხიან სამედიცინო დახმარებაზე წვდომა მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. მნიშვნელოვან პრობლემად რჩებოდა, ასევე პატიმრებში გავრცელებული ტუბერკულოზი და აივ ინფექცია. ანგარიშის მიხედვით, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირებს, სხვა პატიმრებთან შედარებით, კიდევ უფრო მძიმე პირობებში ამყოფებენ და მძიმე სადამსჯელო ღონისძიებებს მიმართავენ, მაგალითად, პატიმრის იზოლაცია და ფსიქიატრიულ განყოფილებაში დასჯის მიზნით გამწესება. პატიმრებს ოფიციალურად შეუძლიათ, არსებული ცუდი პირობები გაასაჩივრონ, მაგრამ ისინი შემდგომ ზეწოლის და რეპრესიების შიშითა, ამას არ აკეთებენ. საჩივრებს მხოლოდ ის პატიმრები წერენ, ვისაც უკვე სხვა გზა აღარ აქვს.[2]

რუსეთის ფედერაციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის, თავდაცვის სამინისტროსა და პროკურატურის ყოფილი თანამშრომლებისთვის სპეციალური ციხეები მოქმედებს; ასეთი ტიპის დაწესებულება რუსეთის მასშტაბით რამდენიმეა. საინფორმაციო სააგენტო „ТАСС“ 2018 წლის 27 თებერვალს რუსეთის ფედერაციის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის კომენტარს ავრცელებს, სადაც ანატოლი რუდნი აცხადებს, რომ იზრდება იმ მსჯავრდებულთა რაოდენობა, რომლებიც ადრე სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები იყვნენ; ამიტომ, მისი თქმით, ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლებისთვის კიდევ ერთი საპატიმრო დაწესებულება აშენდება.[3]

რუსულ მედიაში ხშირად წერენ სპეციალურ ციხეებში არსებული მდგომარეობის შესახებ. საინფორმაციო სააგენტოს „MKSET“ ჟურნალისტი კონსტანტინ კლიმოვი, რომელმაც პირადად მოინახულა ბაშკირიაში მდებარე სპეციალური ციხე, წერს, რომ ყოფილი ძალოვნები მოკრძალებულად ცხოვრობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის, თავდაცვის სამინისტროსა და პროკურატურის ყოფილი თანამშრომლები ას ადამიანზე გათვლილ დიდ ოთახებში ცხოვრობენ და ორსართულიან საწოლებზე ძინავთ. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც ჩვეულებრივ კოლონიებში. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ამ ციხეში პატიმრებს პროდუქტებით სავსე მაცივარი აქვთ, რაც სხვაგან იშვიათობაა.

ამავე სტატიაში, ავტორი წერს, რომ ლაზარეთში მხოლოდ ოთხი პაციენტი დახვდა და მათთვის არ უკითხავს თუ რა აწუხებდათ. ციხის ექიმის ინფორმაციით კი, პატიმრებს შორის ძირითადად გულის დაავადებები და ჰიპერტონიაა გავრცელებული.[4]

საინფორმაციო სააგენტოს „ირკუცკი ონლაინ“ ჟურნალისტი ალინა ვოვჩეკი ირკუცკის მკაცრი რეჟიმის გამოსასწორებელი კოლონიის შესახებ, სადაც სასჯელს მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული ყოფილი ძალოვნები იხდიან, წერს, რომ ციხე სრულად შევსებულია. 1220 პატიმრიდან 640 დასაქმებულია, მათგან 120 მუშაობს ფეხსაცმლის სახელოსნოში, 140 ქსოვილებზე მუშაობს, ხოლო ხის დამუშავებით 90 ადამიანია დაკავებული. კოლონიის ხელმძღვანელობის თქმით, დაწესებულებამ ყველა წარმოებიდან 9 თვის განმავლობაში 141 მილიონი რუბლის შემოსავალი მიიღო.

ჟურნალისტი აღწერს ერთერთ საცხოვრებელ კორპუსსაც. მისი თქმით, საძინებელი ოთახები ნათელი და სუფთაა. წესრიგზე კი თავად პატიმრები ზრუნავენ. კოლონიის თანამშრომლების თქმით, ეს დაწესებულება ერთადერთია ირკუცკის ოლქში, სადაც მოწყობილია სალოცავები ქრისტიანებისთვის, მუსლიმებისთვის, იუდაიზმისა და ბუდიზმის მიმდევრებისთვის. პატიმრები ეზოში ორჯერ გაჰყავთ – დილით და საღამოს. ზაფხულში პატიმრებს ფეხბურთისა და ფრენბურთის თამაშის ნებასაც რთავენ; იმართება სხვადასხვა კულტურული ღონისძიება.[5]

[1] Amnesty International, Amnesty International Report 2017/18 – Russian Federation, 22 February 2018, available at:

[accessed 22 June 2018]

[2] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2017 – Russia, 20 April 2018

 (accessed on 22 June 2018)

[3] საინფორმაციო სააგენტო „ТАСС“; სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური გასამართლებული ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლებისთვის ახალ კოლონიას გახსნის; 2018 წლის 27 თებერვალი; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://tass.ru/obschestvo/4990722 [ნანახია 2018 წლის 25 ივნისს]

[4] საინფორმაციო სააგენტო „MKSET“; როგორ და რით ცხოვრობენ „ზონაზე“ სამართალდამცავი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლები; კონსტანტინ კლიმოვი; 2017 წლის 21 მარტი; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://mkset.ru/news/society/21-03-2017/kak-i-chem-zhivut-na-zone-byvshie-sotrudniki-pravoohranitelnyh-organov-c4a51201-3874-436b-8a17-50cbadd3c4cb [ნანახია 2018 წლის 25 ივნისს]

[5] საინფორმაციო სააგენტო „ირკუცკი ონლაინ“; კოლონიის შიგნით: ყოფილი ძალოვნების შრომა და ცხოვრება; ალინა ვოვჩეკი; 2017 წლის 24 ოქტომბერი; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.irk.ru/news/articles/20171024/prison/ [ნანახია 2018 წლის 25 ივნისს]