ეგვიპტეში საგანგებო მდგომარეობა კიდევ 3 თვით გახანგრძლივდება – არსებული საგანგებო მდგომარეობა ძალაშია 14 ივლისამდე. პარლამენტის დადგენილებით, ის კიდევ 3 თვით გაგრძელდება. ეგვიპტეში საგანგებო მდგომარეობა 2017 წლის აპრილში სალოცავებზე განხორციელებული ტერაქტების შემდეგ გამოაცხადეს.[1]
თურქეთის ვადამდელ არჩევნებში ერდოღანმა გაიმარჯვა – ხმების 99 %-ის დათვლის შემდეგ, ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს 53%-იანი მხარდაჭერა აქვს. მის მთავარ ოპონენტს მუჰარემ ინჯეს კი მხარი ამომრჩეველების 31%-მა დაუჭირა. საპარლამენტო არჩევნებში 43%-ით ლიდერობს ერდოღანის პარტია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, მმართველი პარტიის მთავარმა კონკურენტმა, სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ 22% მიიღო. 10%-იანი ზღვარი გადალახა პროქურთულმა სახალხო დემოკრატიულმა პარტიამაც, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტია საკანონმდებლო ორგანოში იქნება წარმოდგენილი. ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებში აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ მოქალაქეობრივი ვალი, ამომრჩევლების 87%-მა მოიხადა.[2]
საზოგადოების თანადგომის გამო, სუდანელ გოგოს, რომელმაც ქმარი მოკლა, სიკვდილით აღარ დასჯიან – განაჩენი 5-წლიანი პატიმრობით შეიცვალა. გოგო 15 წლის ასაკში, ძალით გაათხოვეს. როგორც ქალი ამტკიცებს, ქმარი მას სცემდა და ამის გამო სახლიდან არაერთხელ წასულა. სამი წლის განმავლობაში ის დეიდასთან ცხოვრობდა, რის შემდეგაც მამამ ისევ ძალით დააბრუნა ქმართან. მიუხედავად ამისა, ქალმა უარი თქვა, ინტიმური ურთიერთობა ჰქონოდა ქმართან. ამის გამო კაცმა ის გააუპატიურა, ქალმა კი ქმარი გულმკერდის არეში დაჭრა. ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა და კაცი მოკვდა. გოგოს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. მის გადასარჩენად პეტიცია შეადგინეს და კამპანია დაიწყეს.[3]
ნიგერიაში მწყემსებსა და ფერმერებს შორის შეტაკებას 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა – შემთხვევა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარე პლატოს შტატში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ფერმერებს მუსლიმი მწყემსები დაესხნენ თავს, რაც დაპირისპირებაში გადაიზარდა. კონფლიქტის მიზეზები უცნობია.[4]
სამხრეთ სუდანის პრეზიდენტი და მემაბოხეების ლიდერი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ – ხელმოწერის ცერემონია სამხრეთ სუდანის დედაქალაქ ხარტუმში გაიმართა. დოკუმენტი 72 საათის განმავლობაში ამოქმედდება. შეთანხმება 6 პუნქტისგან შედგება და სამხედრო ტყვეების გათავისუფლებასაც ითვალისწინებს. კონფლიქტის მხარეებს შორის მოლაპარაკებები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ხარტუმში მიმდინარეობდა. შუამავალი კი სუდანის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი იყო. აფრიკულ სახელმწიფოში შეიარაღებული კონფლიქტი 2013 წლის ბოლოს დაიწყო, როდესაც პრეზიდენტმა სალვა კიიმმა, რომელიც დინკას ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელია, პუტჩის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ვიცეპრემიერი რიეკ მაშარი გაათავისუფლა. ეს უკანასკნელი ნუერის ჯგუფის წარმომადგენელია. მაშარის გათავისუფლებას ქვეყანაში სამოქალაქო ომი მოჰყვა, რასაც ათობით ათასი ადამიანი ემსხვერპლა, 4 მილიონამდე კი დევნილი გახდა. სამხრეთ სუდანი სუდანს 2011 წელს გამოეყო.[5]
ეთიოპიაში ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტში 10 ადამიანი დაიღუპა – სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა დასავლეთ ეთიოპიაში წარმოქმნილი ეთნიკური კონფლიქტის დროს. პოლიციამ კონფლიქტის პროვოცირებაში ეჭვმიტანილი 46 ადამიანი დააკავა. ამჟამად, კონფლიქტის რაიონებში სიმშვიდეა. კონფლიქტი სამი დღეა გრძელდება. ის ორი ადამიანის ჩხუბით დაიწყო და რეგიონის ეთნიკური ჯგუფები ჩაითრია.[6]
[1] Reuters; Egypt to extend state of emergency for three month; Reuters Staff; 24 June, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-egypt-politics-emergencylaw/egypt-to-extend-state-of-emergency-for-three-months-idUSKBN1JK0IF
[2] Anadolu Agency; Turkish election board to share final results on July 5; By Duygu Yener; 25 June, 2018; available at: https://www.aa.com.tr/en/politics/turkish-election-board-to-share-final-results-on-july-5/1186170
[3] Daily Sabah Africa; Sudan teen’s death sentence for killing rapist husband reduced to 5 years in prison; 26 June, 2018; available at: https://www.dailysabah.com/africa/2018/06/26/sudan-teens-death-sentence-for-killing-rapist-husband-reduced-to-5-years-in-prison
[4] Associated Press; Death toll more than 200 in central Nigeria weekend clashes; By Sam Olukoya; 27 June, 2018; available at: https://apnews.com/209820ce7d1c4d57af32092580abe528
[5] იმედის ახალი ამბები; სამხრეთ სუდანის პრეზიდენტი და მემაბოხეების ლიდერი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ; 27 ივნისი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/67773/samkhret-sudanis-prezidenti-da-meambokheebis-lideri-tsetskhlis-shetskvetaze-shetankhmdnen
[6] იმედის ახალი ამბები; ეთიოპიაში ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტში 10 ადამიანი დაიღუპა; 28 ივნისი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/67940/etiopiashi-etnikur-niadagze-konpliqtshi-10-adamiani-daigupa