ეგვიპტე. შიიტი მუსლიმების მიმართ დამოკიდებულება. ივლისი, 2018

„Freedom House“ 2018 წლის ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ ქვეყნის კონსტიტუციისა და კანონების მიხედვით, ყველა მოქალაქე, განურჩევლად რელიგიური კუთვნილებისა, გენდერული იდენტობისა, რასის, ეთნიკურობის თუ სხვა ნიშნით განსხვავებისა, სარგებლობს პოლიტიკური უფლებებით. მიუხედავად ამისა, ქალები, ქრისტიანები, შიიტი მუსლიმები, სხვა რასის წარმომადგენლები და ლგბტ თემი აწყდება დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმით გამოხატულებას, რაც ზღუდავს მათ პოლიტიკურ ჩართულობას. 2014 წლის კონსტიტუციის მეორე მუხლი ადგენს, რომ ისლამი ქვეყნის ოფიციალური რელიგიაა, თუმცა 64-ე მუხლით გარანტირებულია რელიგიის თავისუფლება. ეგვიპტელთა სრული უმრავლესობა სუნიტი მუსლიმია. დიდ უმცირესობას შეადგენენ კოპტი ქრისტიანები. ასევე, უმცირესობებს წარმოადგენენ შიიტი მუსლიმები, სხვა ქრისტიანული დენომინაციები და სხვა რელიგიური ჯგუფები. რელიგიური უმცირესობები და ათეისტები აწყდებიან დევნასა და ძალადობას, კერძოდ კოპტები წლების მანძილზე არიან იძულებითი გადაადგილების, ფიზიკური თავდასხმების, აფეთქებების მსხვერპლნი; ასევე, წლების განმავლობაში მათ ხელს უშლიან ეკლესიების მშენებლობის პროცესში.[1]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ეგვიპტეში რელიგიის თავისუფლების შესახებ (საანგარიშო პერიოდი 2017 წელი) წერს, რომ ქვეყნის მოსახლეობა დაახლოებით 97 მილიონია. მოსახლეობის თითქმის 90% სუნიტი მუსლიმია. დაახლოებით 10% – კოპტი ქრისტიანი. ქვეყანაში შიიტი მუსლიმების რაოდენობა 800 ათასიდან 2 მილიონამდე მერყეობს. შიიტი მუსლიმების უფლება აღასრულონ თავიანთი რელიგიური რიტუალები ხშირად იზღუდება. კვლავ ვრცელდება ინფორმაცია რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის და იუდეველების, ქრისტიანებისა და შიიტების მიმართ რეპუტაციის შემლახავი და ცილისმწამებლური ენის გამოყენების ფაქტების შესახებ.

ანგარიშში ნათქვამია, რომ გასულ წელს, აშურას სამდღიანი დღესასწაულის დროს, მთავრობამ დახურა ძველ ქაიროში, ალ-ჰუსეინის მეჩეთის ტერიტორიაზე მდებარე იმამ ალ-ჰუსეინის (მოციქულ მუჰამედის შვილთაშვილი, რომელიც შიიტებისთვის დიად საპატივსაცემო პირია) საფლავი. აღნიშნული ქმედება მედიაში შეფასდა როგორც შიიტი მუსლიმების შეკრების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. მეჩეთის ძირითადი ტერიტორია ღია იყო; დაიხურა მხოლოდ ის ადგილი, სადაც სალოცავი აკლდამაა განთავსებული.

გარდა ამისა, გრძელდებოდა ანტი-შიიტური რიტორიკა. 2017 წლის 11 თებერვალს ერთერთმა სასულიერო პირმა ტელევიზიით ინტერვიუს დროს შიიტების შესახებ თქვა, რომ ისინი გარყვნილი ხალხია. მისი მტკიცებით, აიათოლა ჰომეინის 5 წლის ბავშვთან ჰქონდა სექსუალური კავშირი, რაც შემდეგ იმით ახსნა, თითქოს ეს ისლამში დაშვებული იყოს.

სუნიტი სასულიერო პირი სამეჰ აბდელ ჰამეედ ჰამოუდა მთავრობას ალ-ჰუსეინის მეჩეთის დანგრევისკენ მოუწოდებდა. ის ადანაშაულებდა შიიტებს, რომ ისინი იტყუებიან მეჩეთში ალ-ჰუსეინის თავის ქალის არსებობის შესახებ, რათა შეინარჩუნონ მეჩეთი და განაგრძონ იქ შიიზმის პროპაგანდა.[2]

[1] Freedom House, Freedom in the World 2018 – Egypt, 16 February 2018, available at:

[accessed 10 July 2018]

[2] USDOS – US Department of State: 2017 Report on International Religious Freedom – Egypt, 29 May 2018

 (accessed on 10 July 2018)