სირია. ქურთისტანის სახალხო თავდაცვითი რაზმები YPG. ივლისი. 2018

„Global Security“ თავის ვებ-გვერდზე წერს, რომ სამხედრო შენაერთი ქურთული „სახალხო თავდაცვითი რაზმები“ (People’s Protection Units YPG) სირიის ქურთული დემოკრატიული ერთობის პარტიის (Syrian Kurdish Democratic Union Party PYD) სამხედრო ფრთას წარმოადგენს. სახალხო თავდაცვითი რაზმების ხელმძღვანელობის ინფორმაციით, 2014 წლის ზაფხულისთვის მათ რიგებში 50 ათასი მებრძოლი იყო გაერთიანებული. სხვადასხვა დამოუკიდებელი წყარო აღნიშნავდა, რომ რეალურად მათი მებრძოლების რაოდენობა დაახლოებით 30 ათასი იყო. 2016 წლისთვის კი სახალხო თავდაცვითი ძალების სამხედრო სიძლიერე დაახლოებით 65 ათასი მებრძოლით განისაზღვრებოდა. YPG-ის განცხადებით, ისინი იქნებოდნენ ნეიტრალური პარტნიორები იმ კოალიციის შემადგენლობაში, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები აყალიბებდა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საბრძოლველად. ქურთული სამხედრო შენაერთი აქტიურია სირიის იმ რეგიონებში, სადაც მოსახლეობის ძირითად ნაწილს ქურთები შეადგენენ, ძირითადად ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით. სახალხო თავდაცვითი ძალების შესახებ ბევრი რამ არ არის ცნობილი. დანაყოფის ფორმირება მოხდა 2004 წელს ქამიშლის მოვლენების შემდეგ, როდესაც ქურთული დემოკრატიული ერთობის პარტიის PYD ათასობით წევრი და მხარდამჭერი დააპატიმრა და სასტიკად აწამა სირიის დაზვერვის სამსახურმა.

2004 წლის მარტში, სირიის ქალაქ ქამიშლიში, ადგილობრივ საფეხბურთო კლუბსა და არაბულ საფეხბურთო კლუბს შორის მიმდინარე მატჩისას, გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ქურთების პროვოცირებისთვის, არაბი გულშემატკივრები სადამ ჰუსეინის პლაკატებს უჩვენებდნენ; საპასუხოდ ქურთები ქურთისტანის დროშებს აფრიალებდნენ. საბოლოოდ ორივე მხარემ ერთმანეთს ქვები დაუშინა. დაპირისპირება მალევე პოლიტიკურ კონფლიქტში გადაიზარდა – ქურთებმა ბაასის პარტიის ადგილობრივი ოფისი დაწვეს და ჰაფეზ ალ-ასადის ძეგლი დაანგრიეს. სირიის არმიამ მალევე გადადგა საპასუხო ნაბიჯები და ქალაქში ტანკებითა და ვერტმფრენებით ზურგგამაგრებული ჯარი შევიდა. ქალაქზე კონტროლის დამყარების ოპერაციისას 30-ზე მეტი ქურთი იქნა მოკლული. ათასობით სირიელი ქურთი ერაყის ქურთისტანში გაიქცა.[1]

„The Kurdish Project“ თავის ვებ-გვერდზე წერს, რომ YPG სირიის ქურთული ტერიტორიის, ცნობილი როგორც „როიავა“ (Rojava), თავდაცვითი ძალაა. სამხედრო შენაერთის ძირითად საბრძოლო ძალას ქმნიან ადგილობრივი ქურთული საზოგადოების წევრი კაცები და ქალები. YPG-ის შემადგენლობაში ასევე იბრძვიან სირიის ქურთისტანის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი არა-ქურთი მეომრებიც, მათ შორის სირიელი, ასირიელი და სომეხი ქრისტიანები. YPG-ის შემადგენლობაში მცირე ჯგუფს წარმოადგენენ ამერიკელი და ევროპელი მოხალისეები, რომლებიც დანაყოფს შეუერთდნენ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში.

სახალხო თავდაცვითი რაზმები დემოკრატიული, სოციალისტური ორგანიზაციაა, სადაც ოფიცრებს ჯარისკაცები ირჩევენ და თანასწორობა გარანტირებულია გენდერის, რელიგიისა და ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად. YPG ოპერირებს როგორც პარტიზანული ძალა და იყენებს დაარტყი-გაიქეცი ტაქტიკას, რაც მათი მხრიდან გამოცდილი და გაცილებით ეფექტურია, ვიდრე კონვენციური ძალა, რომელიც შედის და იკავებს ტერიტორიას. ისინი ავტონომიურობის მაღალი ხარისხით მოქმედებენ, ამიტომაც არიან ძალიან მობილურები და სწრაფად ადაპტირდებიან ბრძოლის ველისა და მოწინააღმდეგის მდგომარეობის შესაბამისად. ორგანიზაციის მოქმედების არეალია აფრინის, კობანესა და ჯაზირას კანტონები.[2]

„Global Security“-ის ინფორმაციით, თურქეთი და სირიის თავისუფალი ძალების ზოგიერთი წევრი სირიის ქურთული დემოკრატიული ერთობის პარტიას და სახალხო თავდაცვით რაზმებს ქურთისტანის მუშათა პარტიის PKK წინა ხაზს უწოდებს. თავად YPG, რომელიც ადრე მჭიდროდ იყო დაკავშირებული PYD-სთან, 2014 წლიდან უკვე ცდილობს, რომ თავი წარმოაჩინოს პან-ეთნიკურ ორგანიზაციად, რომლის ვალიცაა რეგიონის მოსახლეობის დაცვა როგორც ასადის რეჟიმისგან, ასევე სალაფიტურ-ჯიჰადისტური ორგანიზაციებისგან მომდინარე საფრთხისგან. YPG-ის ლიდერების მტკიცებით, ორგანიზაცია აპოლიტიკურია და თავის თავს მიაკუთვნებს უზენაეს ქურთულ კომიტეტს, რომელიც მოიცავს PYD-ს და ქოლგა ორგანიზაციას ქურთულ ეროვნულ საბჭოს (KNC). YPG თავის თავს ახასიათებს, როგორც ეროვნული ლეგიტიმაციის მქონე, მრავალეთნიკურ და მრავალეროვნულ სამხედრო ინსტიტუციას, რომელშიც საკუთარი მიწის დასაცავად ერთიანდებიან რეგიონის შვილები – ქურთები, არაბები, სირიელები, ასირიელები, თურქმენები და სომხები. YPG სასტიკად კრძალავს ბავშვთა რეკრუტირებას და აწესებს უმკაცრეს სასჯელს ასეთი ქმედებისთვის. ორგანიზაცია უშვებს გარკვეულ გამონაკლისებს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, არასრულწლოვნებს ეკრძალებათ არა მარტო სამხედრო მოქმედებებში ჩართვა, არამედ სამხედრო მოქმედებების არეალთან ახლოს ყოფნაც კი.

თურქეთი YPG-ის ტერორისტული ორგანიზაციის PKK ქურთულ ფრთად მიიჩნევს, ამიტომ, როდესაც 2017 წლის 14 იანვარს აშშ-მა განაცხადა, რომ შექმნიდა ახალ სასაზღვრო პოლიციას 30 ათასი მებრძოლის შემადგენლობით. აღნიშნული სასაზღვრო პოლიციის შემადგენლობის ფორმირება მოხდებოდა, ძირითადად, YPG-ისა და სირიის დემოკრატიულ ძალების (SDF) ბაზაზე. ოფიციალურმა ანკარამ ახალი სამხედრო დანაყოფის ფორმირება ნეგატიურად შეაფასა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ამერიკა აყალიბებდა ტერორისტულ არმიას მათ საზღვართან და ქვეყანას მოუწოდა მყისიერად გადაედგა თავდაცვითი ნაბიჯები და ჩანასახშივე გაანადგურებინა ნებისმიერი ტერორისტული წარმონაქმნი მათ საზღვართან. სწორედ ამიტომ დაიწყო თურქეთმა ფართო მასშტაბიანი სამხედრო ოპერაციები სირიის ქურთისტანის ტერიტორიაზე.[3]

[1] Global Security; Kurdish People’s Protection Unit YPG; available at: https://www.globalsecurity.org/military/world/para/ypg.htm [accessed 19 July 2018]

[2] The Kurdish Project; YPG: People’s Protection Units; available at: https://thekurdishproject.org/history-and-culture/kurdish-nationalism/peoples-protection-units-ypg/ [accessed 19 July 2018]

[3] Global Security; Kurdish People’s Protection Unit YPG; available at: https://www.globalsecurity.org/military/world/para/ypg.htm [accessed 19 July 2018]