ქურთისტანში შესვლის წესები – ერაყის შესახებ გაერთიანებული სამეფოს მიერ 2017 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში მოყვანილია სამი წყარო, რომლებიც აცხადებენ, რომ ეთნიკურად ქურთებს, მათ შორის ქურთებს კირკუკიდან, თავისუფლად შეუძლიათ ერაყის ქურთისტანის რეგიონში შესვლა, მათ ასევე არ მოეთხოვებათ სპონსორის ყოლა. „Human Rights Watch“-მა განაცხადა, რომ ეთნიკურად ქურთი პირები, რომლებსაც კირკუკში ხანგრძლივი ბინადრობა გააჩნიათ, ადვილად შეუძლიათ ერაყის ქურთისტანის რეგიონში შესვლა. მათ არა მხოლოდ შესვლა, არამედ, ერაყის ქურთისტანში დასახლების შესაძლებლობაც აქვთ. ჰუმანიტარულმა ორგანიზაცია ქანდილმა (Qandil) აღნიშნა, რომ ეთნიკურ ქურთებს ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეუძლიათ ერაყის ქურთისტანის რეგიონში დასახლება. საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ეთნიკურად ქურთი პირებისთვის ერაყის ქურთისტანის რეგიონზე წვდომის შესაძლებლობა დამოკიდებულია ინდივიდის ამა თუ იმ პოლიტიკურ კუთვნილებაზე და ეს პროცესი შეიძლება გართულებული იყოს. აზაიშის უსაფრთხოების დირექტორატის ხელმძღვანელის, ესმათ არგუშის თქმით, ეთნიკურად ქურთებმა, რომლებიც კირკუკში ხანგრძლივად ცხოვრობდნენ, ერაყის ქურთისტანის რეგიონში შესვლის დროს უნდა დააკმაყოფილონ ყველა ის მოთხოვნა, რაც ერაყის სხვა მოქალაქეებს მოეთხოვებათ.
გლუკის განმარტებით, ქურთებს, რომლებიც კირკუკში არიან დარეგისტრირებულები, არ შეუძლიათ ერაყის ქურთისტანის რეგიონის სხვა ნაწილში დარეგისტრირება და უძრავი ქონების შეძენა.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) განაცხადა, რომ ქურთები, მათ შორის ქურთები კირკუკიდან, თავისუფალი არიან სპონსორის ყოლის აუცილებლობისგან. საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ არსებობს ზოგიერთი გამონაკლისი, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირებს სპონსორის ყოლის აუცილებლობისგან ათავისუფლებს, მაგალითად როდესაც იძულებით გადაადგილებულ პირს ესაჭიროება შესვლის ნებართვა სამედიცინო მიზნებისთვის, ან იძულებით გადაადგილებული პირი მარტოხელა ქალია, ან ქალია, რომელსაც თან ახლავს ბავშვები.
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტის განცხადებით, ერბილის და დოჰუკის პროვინციებში შესვლის წესები დიდად განსხვავდება სულეიმანიის პროვინციაში შესვლის წესებისგან: იძულებით გადაადგილებული პირები, ერბილისა და დოჰუკის პროვინციებში შესვლისას უნდა წარდგნენ გამშვებ პუნქტებთან, ხოლო არაბ იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებიც აღარ ფლობენ ერბილის მოქმედ ბინადრობის დოკუმენტებს, გამშვებ პუნქტებზე უარს ეუბნებიან რეგიონში შესვლაზე. ამავე ორგანიზაციის იურისტის თქმით, ქურთებს, იეზიდებს და ქრისტიანებს, როგორც წესი, ბინადრობის დოკუმენტის წარდგენის გარეშე აძლევენ ერბილის და დოჰუკის პროვინციებში შესვლის უფლებას. თუმცა, უსაფრთხოების კუთხით შეზღუდვებს შეიძლება ჰქონდეს ადგილი უსაფრთხოების დაცვის გაძლიერების შემთხვევებში.
რაც შეეხება იმ იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებსაც სულეიმანიაში შესვლა სურთ, არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტის თქმით, მათ გამშვებ პუნქტზე უნდა წარადგინონ მოთხოვნილი დოკუმენტები და შესვლის ნებართვას მიიღებენ ტურისტული ვიზის სახით, რომელსაც 30-დღიანი ვადა აქვს. ამ 30 დღის განმავლობაში, იძულებით გადაადგილებული პირი უნდა დარეგისტრირდეს მიგრაციის და გადაადგილების ბიუროში და ადგილობრივ მუხთარში, მან ასევე უნდა მოიძიოს სპონსორი.
ქანდილმა აღნიშნა, რომ გამშვები პუნქტების გადალახვისას, ბინადრობის ბარათი ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს არაბებისთვის. მაშინ როდესაც ქრისტიანები, ქურთები და იეზიდები არ საჭიროებენ ბინადრობის ბარათებს. გლუკის თქმით, თურქმენებს და ქრისტიან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეუძლიათ მოკლევადიანი ბინადრობის ბარათით გადალახონ გამშვები პუნქტები. ჟურნალისტი ოსამა ალ ჰაბაჰბეჰი განმარტავს, რომ სუნიტებს აუცილებლად უნდა ჰყავდეთ სპონსორი ერაყის ქურთისტანში შესვლისთვის.[1]
იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ არსებული დამოკიდებულება ქურთისტანში
საინფორმაციო სააგენტო, „Kurdistan24“-ის მიერ 2018 წლის მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მას შემდეგ, რაც 2017 წელს, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ დამარცხდა, დაახლოებით 3.5 მილიონი ერაყელი დაუბრუნდა თავის წარმოშობის ადგილს, თუმცა 2 მილიონამდე ადამიანი კვლავ იძულებით გადაადგილებულია. სტატიაში აღნიშნულია, რომ შემუშავებულია გეგმა, რომელიც ფოკუსირებულია დაბრუნებული ოჯახების მხარდაჭერასა და დახმარებაზე, რაც მოიცავს გადაუდებელი საჭიროებებისთვის ფულად დახმარებას და ასევე სხვა დამატებით მხარდამჭერ პროგრამებს.[2]
მედია კავშირი „Rudaw“ 2018 წლის 28 ივნისს აქვეყნებს ინფორმაციას, სადაც აღნიშნულია, რომ ერაყის ქურთისტანი – ერბილი და ბაღდადი შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშავებდნენ იძულებით გადაადგილებული ერაყელების თავიანთ სახლში დაბრუნების უზრუნველსაყოფად. დელეგაციამ ბაღდადიდან, რომელსაც ერაყის პრემიერ-მინისტრის ჰაიდარ ალ-აბადის წარმომადგენელი, მაჰდი ალ-ალაქი ხელმძღვანელობდა, შეხვედრა გამართა ერბილში ქურთისტანის რეგიონულ მთავრობის დელეგაციასთან შინაგან საქმეთა მინისტრის კარიმ სინჯარის მეთაურობით. ამ დროისთვის, ერაყიდან იძულებით გადაადგილებულ პირთაგან 1.1 მილიონი ადამიანი ქურთისტანის რეგიონშია. ქურთისტანის ბანაკებში მცხოვრები ერაყელი დევნილების უმეტესობა ნინევას პროვინციიდან – მოსულიდან და სინჯარიდანაა – რომლებიც ომის შედეგად კვლავ განადგურებულია. აღდგენის პროცესი ნელა მიმდინარეობს, თუმცა, როგორც სტატიაშია აღნიშნული, ბოლო ქმედებებიდან გამომდინარე შესაძლებელია, რომ მალე დასრულდეს პროცესი. მოსულში გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს 300 სპეციალური მანქანა. ივნისის დასაწყისში, ბაღდადმა განაცხადა სინჯარის აღდგენითი სამუშაოების დაწყების შესახებ. ერბილი და ბაღდადი ასევე შეთანხმდნენ ქურთისტანის რეგიონსა და ერაყს შორის დამაკავშირებელი გზების გახსნაზე, რომლებიც გასული წლის ოქტომბერში, ერაყის ცენტრალური ხელისუფლების ძალების მიერ სადაო ტერიტორიების დაკავების შემდეგ დაკეტილი იყო.[3]
ქურთისტანში მდებარე ბანაკები
მთლიანობაში 800,000 ადამიანი ცხოვრობს ქურთისტანში მდებარე ბანაკებში, რაც მთელი მოსახლეობის 20%-ს შეადგენს. აღნიშნული ბანაკები სხვადასხვა ზომისაა და განთავსებულია ქალაქებისგან მოშორებით და ასევე გარეუბნებში. ისინი იმართებიან ქურთისტანის მთავრობის მიერ, ხოლო მხარდაჭერილია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გლუკის) მიერ. ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ ბანაკებში, სადაც მცხოვრებ ადამიანებს სთავაზობენ სხვადასხვა სახის სერვისებს (წყალი, სანიტარული და ჰიგიენის საგნებს, ასევე აწვდიან ფულად დახმარებებს და ეხმარებიან განათლების მიმართულებითაც…). ახლად მისული დევნილები კარვებში არიან განთავსებულები, ხოლო ადრე მისული დევნილები წარმოდგენილები არიან პატარა ქალაქებში, სადაც განთავსებულია მაღაზიები, სკოლები და ყველაფერი, რაც საჭიროა ყოველდღიური ცხოვრებისთვის. მათ, ვინც ახლოს ცხოვრობენ ქალაქებთან, ხშირად უწევთ მუშაობა ქალაქგარეთ, ფლობენ ავტომობილებს და ხშირად დადიან ქალაქში.[4]
დასაქმების კუთხით არსებული ვითარება
დანიის იმიგრაციის სამსახურის მიერ 2016 წელს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, რომელიც ეყრდნობა ამავე სამსახურის ფაქტების დამდგენი მისიის მიერ 2015 წლის 26 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე პერიოდში ქურთისტანის რეგიონში განხორციელებულ ვიზიტს და იქ არსებული ვითარების შესწავლის ანალიზს, აღნიშნულია, რომ ერაყის ქურთისტანის რეგიონში დასაქმების შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია, როგორც მასპინძელი მოსახლეობისთვის, ასევე, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე ადგილობრივი მოსახლეობაც კარგავს სამსახურებს. როგორც ადგილობრივი წყაროები იუწყებიან, კერძო სექტორზეც აისახა ფინანსური კრიზისი, რაც მოიცავს სამშენებლო და ნავთობის ბიზნესსაც. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ნავთობის ბიზნესში ძირითადად უცხოელები არიან დასაქმებულები.
როდესაც საქმე ეხება იძულებით გადაადგილებულ პირებს, სამი სხვადასხვა წყარო იუწყება, რომ დევნილები, რომლებიც ახერხებენ დასაქმებას, ისინი ძირითადად საქმდებიან დაბალი კვალიფიკაციის საჭიროების მქონე სფეროებში, მაგალითად მშენებლობებზე, სასოფლო სამეურნეო ან სარესტორნო სფეროში. ხოლო იმ დევნილებს, რომლებსაც განათლება აქვთ მიღებული, შეუძლიათ დასაქმდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებში. თუმცა, ამ სფეროში სამუშაო ადგილების რაოდენობა დაბალია. სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, ცხადი ხდება, რომ საჯარო სექტორში არ ემატება ახალი სამსახურები და ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქურთისტანის რეგიონულ მთავრობას, 2015 წლის ივნისიდან მოყოლებული, არ გადაუხდია ხელფასები მთავრობაში მომუშავე ადამიანებისთვის. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებით, შეუძლებელია ქურთისტანის რეგიონული მთავრობის ადმინისტრაციაში მომუშავე საჯარო მოხელის ხელფასით ცხოვრება. სხვადასხვა წყარო იუწყება, რომ საჯარო სამსახურში მომუშავე დევნილები თავიანთ ხელფასებს ცენტრალური მთავრობიდან, ბაღდადიდან იღებენ. უმუშევრობის მაჩვენებელი მერყეობს 6.5% და 35%-ს შორის. დასაქმების კუთხით ერთმანეთის კონკურენტები არიან, ადგილობრივი მოსახლეობა, იძულებით გადაადგილებული პირები და სირიელი ლტოლვილები. სხვადასხვა წყარო იუწყება, რომ ადგილობრივი მოსახლეობისგან განსხვავებით, იძულებით გადაადგილებული პირები, როგორც წესი თანახმა არიან დაბალი შემოსავლის მქონე სამსახურებში დასაქმებაზე. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თქმით, ორგანიზაცია მნიშვნელოვან პრობლემებს აწყდება ევროპიდან ქურთისტანის რეგიონში დაბრუნებული ქურთების დასაქმების კუთხით, რადგან ბევრი კომპანია მნიშვნელოვნად ამცირებს შტატებს.
განათლებაზე წვდომა
სამი წყარო იუწყება, რომ ქურთისტანის რეგიონში განათლება საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია. დასავლელი დიპლომატის თქმით, ქურთისტანის რეგიონში მოქმედ სკოლებზე არსებული დიდი წნეხის ფონზე, რომელიც გამომდინარეობს იძულებით გადაადგილებულ პირთა დიდი რაოდენობით, ბავშვების დიდი უმეტესობა არ დადის სკოლაში. მისივე თქმით, დევნილთა ბავშვების უმეტესობა წელიწადზე მეტია, რაც არ ყოფილა სკოლაში. შინაგან საქმეთა მინისტრის კარიმ სინჯარის თქმით, დევნილ ბავშვთა 80% სკოლაში არ დადის. ზოგიერთი წყარო იუწყება, რომ არსებობს ენობრივი ბარიერი, რადგან ქურთისტანის სკოლებში სწავლება ქურთულ ენაზე მიმდინარეობს, ხოლო დევნილები მხოლოდ არაბულად საუბრობენ და არ ფლობენ ქურთულ ენას.
დაწყებითი განათლება თითქმის ყველასთვისაა ხელმისაწვდომი, თუმცა მშობლები ჩივიან რომ მათი შვილები ვერაფერს ვერ სწავლობენ სკოლებში. რესურსების სიმცირიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს როგორც დაწესებულებების, ასევე მასწავლებელთა სიმცირეს, ერთ კლასში დაახლოებით სამოცამდე ბავშვია და სკოლები სამ სმენად მუშაობენ.
დევნილებისთვის არ არის ხელმისაწვდომი საჯარო უნივერსიტეტები. არსებობს კერძო უნივერსიტეტები, რომლებიც დევნილებისთვის ფინანსურად არ არის ხელმისაწვდომი.
ჯანდაცვაზე წვდომა
კვლევების მიხედვით, იკვეთება, რომ ქურთისტანის რეგიონში ჯანდაცვის სისტემა სუსტია. დევნილებს ისეთივე წვდომა აქვთ ჯანდაცვის სერვისებზე, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, თუმცა საჭიროებებიდან გამომდინარე რესურსების სიმცირე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. ამჯერად, ხალხს უწევს გარკვეული თანხის გადახდა, რომ მომსახურება მიიღონ კერძო კლინიკებსა და საავადმყოფოებში.
არსებობს წამლებზე წვდომის პრობლემაც. ზოგიერთი წამალი შეიძლება არც მოიპოვებოდეს ქურთისტანის რეგიონში. ქრონიკული ან სხვა სახის დაავადებების მქონე დევნილების, რომლებიც მუდმივად საჭიროებენ მკურნალობას, ტრანსპორტირების პრობლემაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გამუდმებით არსებობს ქოლერის პრობლემა დევნილთა ბანაკებში. ქურთისტანის რეგიონის სამხრეთით მდებარე ბანაკი ჰიგიენასთან დაკავშირებული პრობლემების გამო დაიხურა.[5]
[1] United Kingdom: Home Office Country Policy and Information Note Iraq: Return/Internal relocation; September 2017
[accessed July 17, 2018][2] Kurdistan24: UN: Up to 2 million Iraqi IDPs to return in 2018, almost 9 million to need aid; March 07-2018 http://www.kurdistan24.net/en/news/710930d0-247b-4c34-a9a2-9f440d92c7f8 [accessed July 19, 2018]
[3] Rudaw Media Network: Erbil, Baghdad agree to coordinate IDP returns; 28/6/2018 http://www.rudaw.net/english/kurdistan/280620182 [accessed July 19, 2018]
[4] Radio activité: Refugees and IDPs in Iraqi Kurdistan; 19 September 2017 https://radio-activite.fr/iraqi-kurdistan-the-world-of-camps/ [accessed July 20, 2018]
[5] Danish Immigration Service: The Kurdistan Region of Iraq (KRI) Access, Possibility of Protection, Security and Humanitarian Situation; April 2016
[accessed July 20, 2018]