ინდოეთში 11 წლის გოგოს გაუპატიურებისთვის 17 ბიჭი დააკავეს – ტამილნადუს შტატში, ქალაქ ჩენაიში 17 ბიჭი 11 წლის გოგოს რამდენჯერმე გაუპატიურებისთვის დააკავეს. ცნობილია, რომ ისინი მიმდინარე წლის იანვრიდან არაერთხელ დაესხნენ თავს არასრულწლოვანს და ჯგუფურად გააუპატიურეს. ბრალდებულთა უმეტესობა სკოლის მოსწავლეა. ბრალდებულები სასამართლოს შენობაში გაძლიერებული დაცვის თანხლებით შეიყვანეს, რადგან შენობასთან გოგოს ათობით ნათესავი და უცხო ადამიანები იყვნენ შეკრებილნი. პოლიცია არ გამორიცხავს, რომ ბავშვის გაუპატიურების საქმეზე ეჭვმიტანილთა რაოდენობა გაიზარდოს. დაკავებულთაგან 4-მა ბრალი უკვე აღიარა. ერთი თვის წინ ინდოეთი ქალებისთვის ყველაზე საშიშ ქვეყნად დასახელდა. აქ გაუპატიურების შესახებ ყოველდღიურად ასობით განცხადება რეგისტრირდება, თუმცა რამდენ მსხვერპლს ეშინია ამის გაცხადება, უცნობია.[1]
ეთიოპიასა და ერიტრეას შორის პირველი ავიარეისი შესრულდა – ეთიოპიასა და ერიტრეას შორის 20 წლის შემდეგ პირველად, ავიარეისი შესრულდა. ორ ქვეყანას შორის საომარი მდგომარეობა ცოტა ხნის წინ გაუქმდა. პირველი რეისის მგზავრებს შამპანურები და ვარდები დაურიგეს. ეთიოპიის ავიახაზების წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ „ერიტრეაში მშვიდობის მტრედი გაფრინდა“. რამდენიმე დღის წინ ერიტრეას პრეზიდენტი ქვეყნებს შორის კონფლიქტის დასრულების შემდეგ ეთიოპიაში პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა.
ქვეყნებს შორის ყველა დიპლომატიური კავშირი ჯერ კიდევ 1998 წელს გაწყდა. მაშინ, როცა ეთიოპიასა და ერიტრეას შორის ომი დაიწყო. ორი წლის განმავლობაში, 2000 წლამდე ომს ათობით ათასი სამხედრო და სამოქალაქო პირი დაიღუპა. სამხედრო კონფლიქტი ტერიტორიების კონტროლის მოსაპოვებლად მიმდინარეობდა. ომი 1998 წლის 6 მაისს დაიწყო. 12 მაისს ერიტრეის შეიარაღებულმა ჯარებმა ბადმა დაიკავეს. ამას მოჰყვა ერიტრეის ტერიტორიაზე მასირებული ავიადარტყმები. ერიტრეელებმა ფრონტის გარღვევა შეაჩერეს, მაგრამ, დაბომბვას ათასობით ჯარისკაცი ემსხვერპლა. 2000 წლის მაისსა და ივნისში ეთიოპიის ძალებმა ერიტრეელები გააძევეს კონფლიქტური ზონებიდან. მიუხედავად იმისა, რომ ომი ეთიოპიის სამხედრო გამარჯვებით დასრულდა, საერთაშორისო სასამართლოში გამარჯვება ერიტრეამ მოიპოვა. ეთიოპიაში 30-დან 42 ათასამდე ერიტრიელი ლტოლვილი ცხოვრობს.[2]
საუდის არაბეთში ავიაციის აკადემია პირველად მიიღებს ქალ სტუდენტებს – საუდის არაბეთში ქალებს ავტომობილების მართვის შემდეგ, უკვე საჰაერო საშუალებების მართვის სწავლის საშუალებაც მიეცათ. ქალაქ დამამში ავიაციის აკადემიამ უკვე დაიწყო განაცხადების მიღება. აკადემიაში მოსახვედრად განაცხადი უკვე ასობით ქალმა შეავსო. ისინი სწავლას სექტემბრიდან დაიწყებენ. „Oxford Aviation Academy“ საუდის არაბეთში $300 მილიონად შეფასებულ პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივები თანამედროვე სიმულაციური ტექნიკით თვითმფრინავების მართვას სწავლობენ.[3]
ირანში განხორციელებულ თავდასხმას 10 სამხედრო ემსხვერპლა – 10 ირანელი მესაზღვრე ერაყის საზღვართან ახლოს მოკლეს. ინფორმაციას ირანის ერთ-ერთი ახალი ამბების სააგენტო ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, თავდასხმელების ვინაობა უცნობია. ქურთისტანის პროვინციაში ირანელი სამხედროების განეიტრალების შემდეგ თავდამსხმელებმა ტყვია-წამალის საწყობი ააფეთქეს. ერაყის საზღვარზე, ბოლო წლების განმავლობაში თავდასხმების დროს დაღუპული ირანელი ჯარისკაცების რიცხვმა შემაშფოთებელ ნიშნულს მიაღწია. მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.[4]
პაკისტანში პოლიტიკური პარტიის კანდიდატი აფეთქებას ემსხვერპლა – პაკისტანში არჩევნებამდე რამდენიმე დღე რჩება და დაძაბულობა პიკს აღწევს. კრიკეტის ყოფილი მოთამაშე და ერთერთი პოლიტიკური პარტიის კანდიდატი იმრან ხანი აფეთქებას ემსხვერპლა. ინციდენტის დროს დაშავდა ოთხი ადამიანი. უბედური შემთხვევა ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ხუბერ-პახტუნხვას პროვინციაში, პოლიტიკური მსვლელობის დროს მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ ექსტრემისტულ დაჯგუფებას არ აუღია. ივლისში, წინასაარჩევნო კამპანიისას განხორციელებულ აფეთქებებს სულ 149 ადამიანი ემსხვერპლა. პაკისტანში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 25 ივლისს არის დაგეგმილი.[5]
ქაბულის აეროპორტში ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო – ქაბულში, ჰამიდ კარზაის სახელობის აეროპორტის შესასვლელთან აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც აეროპორტში ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტი აბდულ-რაშიდ დუსტუმი ჩამოვიდა, რომელიც მანამდე ქვეყნიდან ადამიანების წამებისა და გატაცებაში ბრალდების გამო გაიქცა. თვითმკვლელი ტერორისტი აეროპორტის დაცვამ შენიშნა და მას ვიცეპრეზიდენტამდე მისვლის საშუალება აღარ მისცა, ამ დროს კი ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აამუშავა. აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა. შემთხვევა 22 ივლისს მოხდა.[6]
ერაყში ისლამური სახელმწიფო მებრძოლები სამთავრობო შენობას თავს დაესხნენ – ერაყის ქურთისტანის ქალაქ ერბილში 3 შეიარაღებული მებრძოლი ადმინისტრაციულ შენობას თავს დაესხა. ამ დროისთვის სამივე თავდამსხმელი მოკლულია, შენობის შტურმი კი დასრულებული. ოპერაციისას 1 მძევალი დაიღუპა, 1 სამართალდამცველი და სპეცსამსახურების 3 თანამშრომელი კი დაშავდნენ. მთავრობის ცნობით, თავდამსხმელები დაჯგუფება ისლამურ სახელწმიფოსთან იყვნენ დაკავშირებულები.[7]
სომალიში სამხედრო ბაზაზე თავდასხმას 15 ადამიანი ემსხვერპლა – სომალიში ტერორისტული დაჯგუფება ალ შაბაბი ქვეყნის სამხრეთით, საპორტო ქალაქ კისმაიოსტან მდებარე სამხედრო ბაზას თავს დაესხა. შემთხვევას ტერორისტული დაჯგუფების 10 მებრძოლი და 5 სომალელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. თავდასხმა სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ტერორისტი მებრძოლის დანაღმული ავტომობილით შეჭრით დაიწყო. მას რამდენიმე მხრიდან შეუერთდნენ მძიმედ შეიარაღებული სხვა მებრძოლები. ალ შაბაბის დაჯგუფების ინფორმაციით, დაღუპულია არა 15, არამედ – 27 ჯარისკაცი. ალ შაბაბი არის ალ ქაიდასთან დაკავშირებული დაჯგუფება, რომელიც ქვეყანაში გაეროს მიერ მხარდაჭერილი სომალის მთავრობის დამხობისთვის იბრძვის. სომალიში ამჟამად აფრიკის კავშირის სამხედრო ძალების 22 ათასი მებრძოლია, რომლებიც ქვეყნის მთავრობას ტერორისტებთან ბრძოლაში ეხმარებიან.[8]
[1] BBC; India rape: 17 man accused of multiple attacks on 11-year-old girl in Chennai; 18 July, 2018; available at: https://www.bbc.co.uk/news/world-asia-india-44877729
[2] BBC; Ethiopian Airlines makes historic flight to Eritrea; 18 July, 2018; available at: https://www.bbc.co.uk/news/world-africa-44870778
[3] The National; Saudi aviation academy to train first women pilots; 18 July, 2018; available at: https://www.thenational.ae/world/gcc/saudi-aviation-academy-to-train-first-women-pilots-1.751643
[4] Times of Islamabad; Iraian military 10 soldiers killed in a deadly border attack; 21 July, 2018; available at: https://timesofislamabad.com/21-Jul-2018/iranian-military-10-soldiers-killed-in-a-deadly-border-attack
[5] Reuters; Candidate of Imran Khan’s party killed in bombing days before Pakistan election; By Saud Mehsud; 22 July, 2018; available at: https://uk.reuters.com/article/uk-pakistan-election-attack/candidate-of-pakistani-political-party-killed-in-suicide-attack-at-rally-idUKKBN1KC0DU
[6] Reuters; Islamic State claims suicide bombing targeting Afghan vice president Amaq; 22 July, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-afghanistan-dostum-claim/islamic-state-claims-suicide-bombing-targeting-afghan-vice-president-amaq-idUSKBN1KC0Q4?il=0
[7] Al Jazeera; Iraq: Deadly standoff in Erbil governorate building ends; 23 July, 2018; available at: https://www.aljazeera.com/news/2018/07/gunmen-storm-governorate-building-iraq-erbil-official-180723065501918.html
[8] Daily Sabah Africa; 15 killed after al-Shabaab militants storm Somali military base; 23 July, 2018; availbale at: https://www.dailysabah.com/africa/2018/07/23/15-killed-after-al-shabaab-militants-storm-somali-military-base