ეგვიპტე. შურისძიების და სისხლის აღების ტრადიცია. ივლისი, 2018

ირლანდიის ლტოლვილთა საკითხების დოკუმენტირების ცენტრი 2011 წელს მომზადებულ ანგარიშში სისხლის აღების ტრადიციის შესახებ, მედია საშუალებებში გამოქვეყნებულ სტატიებზე დაყრდნობით, წერს, რომ ზემო ეგვიპტეში (Upper Egypt) დიდი მნიშვნელობა ენიჭება წინაპრებს, ნათესაურ და კლანურ კავშირებს; ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ღირსების განცდის ხარისხი და სისხლის აღების თუ შურისძიების შინაარსი. სისხლის აღების ტრადიციას, ზოგადად, პოზიტიური გავლენის მქონედ მიიჩნევენ ზემო ეგვიპტეში. აღნიშნული ტრადიცია, ერთგვარად, ძალადობის არიდებას ახდენს და კოლექტიურ უსაფრთხოებას ადგენს, რადგან არ აქვს მნიშვნელობა, მდიდარია ადამიანი თუ ღარიბი, მან იცის, რომ აგრესიას აუცილებლად მოჰყვება ძალადობრივი რეაქცია. ყველა კამათი აუცილებლად არ გადაიზრდება ძალადობაში. ჩვეულებით სამართალს ზემო ეგვიპტეში დიდი ფესვები აქვს და მომრიგებელი საბჭოები დიდი გავლენით სარგებლობენ. ძალადობა ზემო ეგვიპტეში პროგნოზირებადია, განსხვავებით კაიროს გარეუბნებისგან, სადაც შემთხვევით ძალადობას აქვს ხშირად ადგილი. ზემო ეგვიპტეში სისხლის აღების ტრადიციას არ მიიჩნევენ არაბუნებრივად. კაიროს გაზეთები ვენდეტაზე წერენ შოკით და გაოგნებით – ზემო ეგვიპტეში ამ ტრადიციაში ნეგატიურს ვერაფერს ხედავენ, პირიქით, პოზიტიურად აფასებენ. მათი აზრით ესაა ტრადიცია, რომელსაც პატივი უნდა სცენ.

ვენდეტა გავრცელებული ტრადიციაა კლანებს შორის სამხრეთ ეგვიპტეში; რელიგიურ თემებს შორის, როგორიცაა ქრისტიანები და მუსლიმები. სისხლის აღება და ღირსების აღდგენის მიზნით ჩადენილი მკვლელობები დამახასიათებელია არაბული სამყაროს რიგი ნაწილისთვის. ვენდეტა, რომელსაც „ალ-ტარს“ უწოდებენ, ღრმადაა ფესვგადგმული სამხრეთ ეგვიპტურ ტრადიციებში; სისხლის აღება ძირითადად ფულისა და მიწის გარშემო დავას მოყვება ხოლმე და ხშირად ათწლეულების გრძელდება. ვენდეტა ასევე ხშირია ზემო ეგვიპტეში.

ანგარიშში მოთხრობილია სისხლის აღების ტრადიციის პრაქტიკაში განხორციელების სხვადასხვა მაგალითის შესახებ. მაგალითად, სოფელ ბეით ალამის მკვიდრი ორი ოჯახი ათწლეულების განმავლობაში ჩაება სისხლის აღებაში; ყველაფერი კი ბავშვებს შორის ჩხუბს მოყვა. 4 ფერმერი შეეწირა სამხრეთ ეგვიპტეში 5-საათიან შეიარაღებულ დაპირისპირებას, რომელიც წყალზე უფლების გამო დაიწყო. პოლიციამ კომენდანტის საათი შემოიღო და მონაწილეებზე ძებნა გამოაცხადა. ასეთი ინციდენტები არაა იშვიათი სამხრეთ ეგვიპტეში, სადაც მძიმედ შეიარაღებული კლანები დომინირებენ, რომლებიც ხშირად ერთვებიან ვენდეტაში. 2010 წელს, ორი ქრისტიანი კაცის სისხლის აღების მიზნით მკვლელობისთვის, ეგვიპტის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა 5 მუსლიმს.[1]

„Los Angeles Times“ 2012 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ თემის სამართალი კვლავ მართველია ეგვიპტის ზოგიერთ ნაწილში. ღარიბ პროვინციებში ეგვიპტელები მისდევენ საუკუნოვან წესებსა და კანონებს, რაც ასევე მოიცავს ღირსების აღდგენის მიზნით მკვლელობებს.[2]

„Daily Beast“ 2013 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს ეგვიპტელ ისლამისტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის ძველ ვენდეტაზე, რომელმაც უკვე სერიოზული ხასიათი მიიღო. სტატიის ავტორები წერენ, რომ ქვეყანაში შეიძლება არასდროს იყოს მშვიდობა, ვიდრე ეს არ დასრულდება. სტატიაში ნათქვამია, რომ ეგვიპტეში არ ივიწყებენ და არ პატიობენ.[3]

„Ahram Online“ 2013 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ სამხრეთ ეგვიპტეში შურისძიებას 9 ადამიანის მკვლელობა მოჰყვა. სტატიაში ნათქვამია, რომ ჩხუბი, რომელსაც საბოლოოდ 9 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, დაიწყო იმაზე კამათით თუ ვინ იყო პურის რიგში პირველი.[4]

ზემო ეგვიპტეში შურისძიების მიზნით მკვლელობის ტრადიციაზე წერს ზემო ეგვიპტის სოფელ კოშეჰის მკვიდრი იოზეფ ნაზირი 2016 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ ბლოგში. სტატიაში ნათქვამია, რომ ზემო ეგვიპტეში იარაღი ჩვეულებრივი და ნორმალური რამაა – ყველა სახლში არის იარაღი; არა მარტო ყველა სახლში, ყველა ბავშვმა იცის, როგორ გამოიყენოს იარაღი და ზოგიერთს საკუთარიც კი აქვს. რეგიონში ტრადიციაა, თუ ვინმე მოკლავს კაცს, მოკლულის ოჯახმა მკვლელის ოჯახიდან 2 კაცი უნდა მოკლას. შემდეგ უკვე პირველმა ოჯახმა უნდა მოკლას მეორე ოჯახის 4 წევრი და ასე შეიძლება გაგრძელდეს ათწლეულების განმავლობაში. სტატიაში, ასევე, ნათქვამია, რომ სისხლის აღება და შურისძიება ზემო ეგვიპტის გარეთ, ეგვიპტის დანარჩენ ნაწილში არ ხდება; და თუ ხდება – პროვინციებში. მსგავს შემთხვევებს ადგილი არ აქვს ტურისტულ სივრცეებში.[5]

[1] Ireland: Refugee Documentation Centre, Egypt: Information on blood feuds, including information on any police protection available., 12 December 2011, Q14802, available at:

[accessed 24 July 2018]

[2] Los Angeles Times; Tribal justice still rules in parts of Egypt; By Jeffrey Fleishman; 31 March, 2012; available at: http://articles.latimes.com/2012/mar/31/world/la-fg-egypt-tribal-justice-20120401 [accessed 24 July 2018]

[3] The Daily Beast; In Egypt’s Countryside, Vendettas Between Police and Islamists Simmer; By Christopher Dickey, Mike GiGlio; 28 October, 2013; available at: https://www.thedailybeast.com/in-egypts-countryside-vendettas-between-police-and-islamists-simmer [accessed 24 July 2018]

[4] Ahram Online; Revenge killings in South Egypt leave 9 dead; AP; 2 November, 2013; available at: http://english.ahram.org.eg/NewsContent/1/64/85446/Egypt/Politics-/Revenge-killings-in-south-Egypt-leave–dead.aspx [accessed 24 July 2018]

[5] Connect the Cultures; Blog; The tradition of family revenge killings in Upper Egypt; 19 September, 2016; available at: https://www.connectthecultures.com/revenge-killings-upper-egypt/ [accessed 24 July 2018]