პაკისტანი. აჰმადიაზე კონვერტირებულთა მიმართ დამოკიდებულება. ივლისი, 2018

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „Freedom House“ თავის 2018 წლის ანგარიშში პაკისტანის შესახებ წერს, რომ კონსტიტუციური გარანტიები რელიგიური უმცირესობებისთვის ვერ უზრუნველყოფდნენ დისკრიმინაციული კანონმდებლობისგან, სოციალური შეზღუდვებისა და კონფესიათაშორისი ძალადობისგან მათ ეფექტურ დაცვას. 2017 წელს გაიზარდა კონფესიათაშორისი ძალადობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა – 231 მოკლულს შორის უმეტესობა შიიტი მუსლიმი იყო. ინდუისტები კვლავ მოწყვლადები არიან გატაცებისა და იძულებითი გათხოვების პრაქტიკის მიმართ. განსაკუთრებით დისკრიმინაციულია კანონმდებლობა აჰმადიას მიმდევრების მიმართ, რომელთაც ეკრძალებათ, საკუთარ თავს მუსლიმების უწოდონ. აჰმადიას მიმდევრები ასევე აწყდებიან პოლიტიკურ დისკრიმინაციას და მათთვის არჩევნებში ხმის მიცემის განსხვავებული წესები მოქმედებს.[1]

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „Human Rights Watch“ თავის 2018 წლის ანგარიშში პაკისტანის შესახებ წერს, რომ ქალები, რელიგიური უმცირესობები და ტრანსგენდერები აწყდებიან დისკრიმინაციას, ძალადობას და მთავრობის მხრიდან დევნას, რასაც თან სდევს იმს, რომ ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს მათ ადეკვატურ დაცვასა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას. ჩანაწერები პაკისტანის სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც დისკრიმინაციულია აჰმადიას მიმდევრების მიმართ, კვლავ უცვლელია – კანონი უკრძალავს აჰმადიას მიმდევრებს, პირდაპირ ან ირიბად, მოიხსენიონ საკუთარი თავი მუსლიმად, განაცხადონ ან იქადაგონ საკუთარი რწმენა საჯაროდ, ააშენონ მეჩეთები ან საჯაროდ მოიწვიონ ხალხი სალოცავად.[2]

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი 2018 წლის ანგარიშში პაკისტანში აჰმადიების შესახებ წერს, რომ სანდო სტატისტიკური მონაცემები იმი შესახებ თუ რამდენი აჰმადიაა პაკისტანში, არ არსებობს. ეროვნული მონაცემთა ბაზის სარეგისტრაციო სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის მარტის მდგომარეობით, 167 ათასზე მეტი აჰმადიაა რეგისტრირებული. იქიდან გამომდინარე, რომ აჰმადიები ბოიკოტს უცხადებენ ხელისუფლების მიერ დაწესებულ რეგისტრაციის წესებს, მათი რაოდენობა შეიძლება იყოს 400-დან 600 ათასამდე; ზოგიერთი წყარო 2-5 მილიონსაც ასახელებს. ასეთი სხვაობა იმითაა გამოწვეული, რომ აჰმადიები ამჯობინებენ არ დარეგისტრირდნენ ოფიციალურად, რადგან აჰმადიად რეგისტრაციის შემთხვევაში მათ არეგისტრირებენ როგორც არა-მუსლიმებს.

ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ პაკისტანში პირი, რომელიც ისლამიდან სხვა რელიგიაზე კონვერტირდება ან უარყოფს ისლამს ნებისმიერი სხვა ფორმით, შეიძლება ღვთისგმობის კანონის მიხედვით დაისაჯოს; აღნიშნული კანონი სიკვდილით დასჯასაც ითვალისწინებს. პაკისტანის საზოგადოება განსაკუთრებით მტრულადაა განწყობილი კონვერტირებულების მიმართ და ხშირია ინფორმაცია კონვერტირებულების მიმართ ძალადობის, თავდასხმების და წამების ფაქტების შესახებ. განსაკუთრებით რთული და საშიშია აჰმადიაზე კონვერტირებულთა მდგომარეობა. თუ პირის ისლამიდან აჰმადიაზე კონვერტაცია საჯარო გახდება, ის ოფიციალურად გამოცხადდება არა-მუსლიმად და შესაძლოა ის მოკლან ღვთისგმობის კანონის სახელით. იმ შემთხვევაში თუ აჰმადიაზე კონვერტაცია დარჩება საიდუმლოდ, პირმა შეიძლება თავი დააღწიოს სამართლებრივად დასჯას, მაგრამ ის კვლავ იქნება სოციალური განდევნის, მენტალური წამებისა და დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი. რელიგიური კონვერტაცია, თავისთავად, არ არის უკანონო ქმედება, მაგრამ ის შეიძლება განხილული იყოს როგორც ღვთისმგმობი საქციელი და გამოიწვიოს ან ღვთისგმობის კანონის მიხედვით გასამართლება ან ძალადობა საზოგადოებისა და ოჯახის მხრიდან ან ორივე.[3]

ამერიკის შეერთებული შტატების კომისია რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების შესახებ 2018 წლის ანგარიშში პაკისტანის შესახებ წერს, რომ აჰმადიას მიმდევრები აწყდებიან პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ დისკრიმინაციას და ასევე, არიან საჯაროდ ღვთისგმობის ბრალდების მსხვერპლნი.[4]

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში პაკისტანში ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკის შესახებ (საანგარიშო პერიოდი 2017 წელს) წერს, რომ აჰმადიათა მუსლიმური თემის ლიდერები და ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები კვლავ გამოხატავდნენ შეშფოთებას დისკრიმინაციული მიდგომების და მთავრობის მხრიდან აჰმადიების ღვთისგმობის კანონის გამოყენებით დევნის გამო. 2017 წლის 2 ოქტომბერს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საარჩევნო რეგისტრაციისას აჰმადიებისთვის ცალკე ხმის მიცემის სიას აუქმებდა და ცვლიდა ფიცის ტექსტს. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ საპროტესტო აქციები გამოიწვია და საბოლოოდ პარლამენტმა ცვლილებები გააუქმა და ძალაში დარჩა ფიცის ტექსტიც და ცალკე საარჩევნო სიებიც აჰმადიებისთვის. მთელი 2017 წლის განმავლობაში მთავრობის წარმომადგენლები იყენებდნენ ანტი-აჰმადიურ რიტორიკას და მონაწილეობდნენ ისეთ აქტივობებში, რომელიც აჰმადიების თქმით, აქეზებდა მათ მიმართ ძალადობას.[5]

[1] Freedom House, Freedom in the World 2018 – Pakistan, 28 May 2018, available at:

[accessed 30 July 2018]

[2] Human Rights Watch, World Report 2018 – Pakistan, 18 January 2018, available at:

[accessed 30 July 2018]

[3] United Kingdom: Home Office, Country Information and Guidance – Pakistan: Ahmadis, June 2018, Version 3.0, available at:

[accessed 30 July 2018]

[4] United States Commission on International Religious Freedom, USCIRF Annual Report 2018 – Tier 1: USCIRF-recommended Countries of Particular Concern (CPC) – Pakistan, 25 April 2018, available at:

[accessed 30 July 2018]

[5] USDOS – US Department of State: 2017 Report on International Religious Freedom – Pakistan, 29 May 2018

 (accessed on 30 July 2018)