დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 24-31 ივლისი, 2018

ვითარება ავღანეთში – ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში სამედიცინო სასწავლო დაწესებულებას თავს დაესხნენ, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. სროლის ხმა მეანი ქალების სასწავლო დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე ორ საათზე მეტ ხანს ისმოდა. განხორციელდა სტუდენტების ევაკუაცია. მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ ექტრემისტულ დაჯგუფებას არ აუღია. რამდენიმე კვირის წინ ჯალალაბადში აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა მაშინ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ქალების 50%-ზე მეტი ავღანეთში ბავშვებს მეანი ქალების გარეშე აჩენს.[1]

კიდევ ერთი აფეთქება მოხდა ჯალალაბადში – თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი, რის შედეგადაც დაიღუპა სულ მცირე 4 ადამიანი; მათგან ერთი პოლიციის უფროსი იყო. ინფორმაცია ადგილობრივი მთავრობის სპიკერმა გაავრცელა. შემთხვევა ნანგარჰარის პროვინციაში მოხდა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. ნანგარჰარის პროვინციას ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ თავს 2014 წლიდან ესხმის. პროვინცია პაკისტანის საზღვართან ახლოს მდებარეობს.[2]

ავღანეთის პროვინცია ფარაჰში ტერორისტულ აქტს 11 ადამიანი ემსხვერპლა, 40 – დაშავდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა გზაზე იყო დამონტაჟებული. ტერაქტზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტერაქტში „თალიბანი“ დაადანაშაულა. დაღუპულებს შორის ქალები და ბავშვებიც არიან.[3]

კონგოში ებოლას ეპიდემია დასრულდა – განცხადება ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ოლი ილუნგამ გააკეთა. სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალური განცხადების გაკეთება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც 42 დღის განმავლობაში, დავირუსების შესახებ მათთან არცერთი შეტყობინება არ შესულა. ეპიდემია კონგოში 8 მაისს გამოცხადდა. ის რიგით მეცხრე იყო. ვირუსი ქვეყნის ჩრდილოდასავლეთით გავრცელდა. ებოლათი კონგოში 33 ადამიანი დაიღუპა.[4]

სამხრეთ სირიაში ტერაქტების სერიას 221 ადამიანი ემსხვერპლა – სირიის სამხრეთ ნაწილში ტერორისტების თავდასხმის შედეგად 221 ადამიანი დაიღუპა. ოთხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ქალაქ სვიდეაში სხვადასხვა ადგილას აიფეთქა. კიდევ რამდენიმე ტერორისტი თავს ქალაქის სხვადასხვა უბანში დაესხა ხალხს. სვიდეაში ქვეყნის პრეზიდენტის ბაშარ ასადის მხარდამჭერი მებრძოლები ჩავიდნენ; მათთან შეტაკებების დროს 38 ტერორისტი მოკლეს. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ეს ყველაზე დიდი მსხვერპლია მას შემდეგ, რაც სვიდეაში შეტაკებები დაიწყო. მანამდე მხოლოდ ბოლო ერთ თვეში სირიაში ტერორისტული დაჯგუფება ISIS-ის თავდასხმებს 150-მდე ადამიანი ემსხვერპლა.[5]

პაკისტანის არჩევნებში ცენტრისტულმა „ტეჰრიკ-ე-ინსაფმა“ გაიმარჯვა – პაკისტანის საარჩევნო კომიტეტმა უკვე ყველა ბიულეტინი დაითვალა და არჩევნების საბოლოო შედეგებიც დაადგინა. როგორც გაირკვა გამარჯვებულია ცენტრისტული პარტია „ტეჰრიკ-ე-ინსაფი“ (Tehreek-e-Insaf PTI), რომელსაც პაკისტანის კრიკეტის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, იმრან ხანი ხელმძღვანელობს. მან ქვეყნის ეროვნულ ასამბლეაში 272 ადგილიდან 116 მოიპოვა. მეორე ადგილზე გავიდა პაკისტანის მუსლიმური ლიგა (Pakistan Muslim League-Nawaz PML-N). მას საკანონმდებლო ორგანოში 64 ადგილი ერგო. პაკისტანში საყოველთაო არჩევნები 25 ივლისს გაიმართა, რომელშიც ათობით მილიონი ადამიანი მონაწილეობდა. არჩევნების პროცესს მშვიდად არ ჩაუვლია – ქალაქ კვეტაში კენჭისყრის დღეს, ბომბის აფეთქების შედეგად, 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. კიდევ ერთ რაიონში პარტიული აქტივისტების შეიარაღებულ დაპირისპირებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და რამდენიმე დაშავდა. ქვეყნის სხვადასხვა ადგილას შედარებით პატარა აფეთქებები მოხდა და დაპირისპირებული პარტიების ფუნქციონერებს შორის შეტაკებების გამო ორი ადამიანი დაიღუპა და ათამდე დაშავდა. წინასაარჩევნო პერიოდის ბოლო კვირებში მოკლეს 180 ადამიანი, მათ შორის პარლამენტის დეპუტატობის სამი კანდიდატი.[6]

ეგვიპტეში „მუსლიმთა საძმოს“ 75 წევრს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს – 44 მათგანი პატიმრობაში იმყოფება, 31 პირის მიმართ კი განაჩენი დაუსწრებლად გამოცხადდა. მათ 2013 წლის საპროტესტო აქციების დროს სისხლის ღვრაში ედებათ ბრალი, რასაც 800-მდე ადამიანი ემსხვერპლა. 2013 წელს, „მუსლიმთა საძმოს“ ასობით მხარდამჭერი, ისევე როგორც ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი მუჰამედ მორსი, სიკვდილით დასაჯეს.[7]

[1] BBC; Midwife training centre attacked in Afghanistan’s Jalalabad; 28 July, 2018; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-44991470

[2] Euronews; Suicide bomber kills prominent Afghan militia commander; 30 July, 2018; available at: http://www.euronews.com/2018/07/30/suicide-bomber-kills-prominent-afghan-militia-commander

[3] Radio Liberty / Radio Free Europe; Bomb kills at least 11 in western Afghanistan; 31 July, 2018; available at: https://www.rferl.org/a/roadside-bomb-kills-at-least-11-in-western-afghanistan/29400553.html

[4] იმედის ახალი ამბები; კონგოში ებოლას ეპიდემია დასრულდა; 24 ივლისი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/71471/kongoshi-ebolas-epidemia-dasrulda

[5] იმედის ახალი ამბები; სამხრეთ სირიაში ტერაქტებს 221 ადამიანი ემსხვერპლა; 26 ივლისი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/71672/samkhret-siriashi-teraqtebis-serias-221-adamiani-emskhverpla

[6] The Guardian; EU piles pressure on Imran Khan after Pakistan election; By Memphis Barker; 27 July, 2018; available at: https://www.theguardian.com/world/2018/jul/27/pakistan-election-imran-khan-official-results-win-coalition

[7] BBC; Egypt court sentences 75 to death over 2013 pro-Morsi protests; 28 July, 2018; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-44993661