ავღანეთი. ამერიკელებთან მომუშავე პირების მდგომარეობა. აგვისტო, 2018

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისის (EASO) მიერ ავღანეთის შესახებ 2018 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ანგარიშში „სახელმძღვანელო შენიშვნები და საერთო ანალიზი“ საუბარია სხვადასხვა რისკ ჯგუფის, მათ შორის იმ ინდივიდების შესახებ, რომლებიც ასოცირებულნი არიან ავღანეთში დისლოცირებულ უცხოელ მებრძოლებთან, მაგალითად, იგულისხმებიან თარჯიმნები, დაცვის თანამშრომლები, სამოქალაქო კონტრაქტორები, ადმინისტრატორები და ლოგისტიკის მიმართულებით მომუშავე პირები.

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოკლე შეჯამება

პერსონალი, ვინც უცხოეთის სამხედრო ძალებთან მუშაობს, კონკრეტულად კი თარჯიმნები და დაცვის თანამშრომლები, თალიბანის მხრიდან პრიორიტეტულ სამიზნეებად მოიაზრებიან. თალიბანი ასევე აიძულებს ადგილობრივ მოსახლეობას, რომ განდევნონ გარკვეული ოჯახები, რომლებიც განიხილებიან რომ საერთაშორისო ძალებთან თანამშრომლობენ. ინდივიდები, რომლებიც უშუალოდ ხელფასს არ იღებენ უცხოური ძალების მხრიდან, მაგრამ გარკვეულწილად მხარდამჭერ საქმიანობას ეწევიან, არ წარმოადგენენ სისტემატური თავდასხმის სამიზნეებს, თუმცა მათზე თავდასხმას მაინც აქვს ადგილი.

რისკის ანალიზი

აღნიშნული კატეგორიის პირთა მიმართ შეიძლება ჰქონდეს ადგილი დევნის ფაქტს (მკვლელობას). თუმცა, აღნიშნული პროფილის მქონე ყველა პირი შეიძლება არ დაექვემდებაროს იმ დონის რისკს, რომელზე დაყრდნობითაც დადგინდება დევნის საფუძვლიანი შიშის არსებობა. თარჯიმნები და დაცვის თანამშრომლები განიხილებიან პრიორიტეტულ სამიზნეებად და დევნის საფუძვლიანი შიშიც დასაბუთებული იქნება. აღნიშნული პროფილის ქვეშ მოაზრებული სხვა პირების მდგომარეობის ინდივიდუალური შეფასებებით უნდა დადგინდეს ესა თუ ის პირი დაექვემდებარება თუ არა დევნას სხვადასხვა რისკ-ფაქტორის გათვალისწინებით, მაგალითად შესაფასებელია: განმცხადებლის კონკრეტული როლი, უცხოურ ჯარებს უწევს თუ არა ანაზღაურებად სამსახურს, მისი წარმოშობის ადგილი მიეკუთვნება თუ არა სადავო ტერიტორიებს, ან ამბოხებულები იმყოფებიან თუ არა აღნიშნულ ტერიტორიებზე და ა.შ. აღნიშნული პროფილის მქონე პირთა ოჯახის წევრებიც ასევე შეიძლება დაექვემდებარონ მოპყრობის იმ რისკს, რაც შეიძლება დევნის შემცველი იყოს.

ინდივიდები, რომლებიც „პრო-დასავლელებად“ აღიქმებიან

აღნიშნული პროფილი მოიცავს იმ პირებს, რომლებიც „პრო-დასავლელებად“ აღიქმებიან,  ისინი თავიანთი ქცევით, გარეგნული მახასიათებლებით ან აზრის გამოხატვის მიხედვით, არა ავღანელებად მოიაზრებიან. ამ ჯგუფში შეიძლება იგულისხმებოდნენ ის პირებიც, რომლებიც დასავლეთის ქვეყნებში გარკვეული პერიოდის გატარების შემდეგ ავღანეთში დაბრუნდნენ.

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოკლე შეჯამება

ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ ავღანელები რომელთა იდენტობაც დასავლური ღირებულებების მატარებელია, შესაძლებელია ამბოხებული ჯგუფების სამიზნეები გახდნენ, ისინი შეიძლება მიჩნეულები იყვნენ როგორც არა მუსლიმები, ან მთავრობის მომხრები, ან შესაძლებელია აღიქმებოდნენ ჯაშუშებად.

რაც შეეხება საზოგადოებას, უნდა მოხდეს განსხვავება დამოკიდებულებებს შორის ერთი მხრივ მამაკაცთა, ხოლო, მეორე მხრივ ქალთა მიმართ. ავღანელი ქალები და ბავშვები, რომლებიც მიჩვეულები არიან იმ თავისუფლებებსა და დამოუკიდებლობას, რაც დასავლეთში არსებობს, აწყდებიან გარკვეულ პრობლემებს ავღანეთის სოციალურ შეზღუდვებთან ადაპტაციის პროცესში. ქალები შეიძლება „პრო-დასავლელებად“ მიიჩნიონ, იმ შემთხვევაში თუ ის სახლს გარეთ მუშაობს ან უმაღლესი განათლება აქვს მიღებული. ქალები, რომლებიც „პრო-დასავლელებად“ აღიქმებიან, შესაძლოა, მიიჩნიონ კულტურული, სოციალური, და რელიგიური ნორმების მოწინააღმდეგეებად და შესაძლოა ოჯახის წევრების, საზოგადოების კონსერვატიული ნაწილის ან ამბოხებულთა მხრიდან ძალადობის სამიზნე გახდნენ.

რაც შეეხება მამაკაცებს, საზოგადოების დამოკიდებულებები „პრო-დასავლურ“ ინდივიდებთან მიმართებაში სხვადასხვაგვარია. „დასავლური მიმართულების აღების“ ძალიან მცირე რაოდენობის შემთხვევებია დაფიქსირებული. საზოგადოების გარკვეული ნაწილი, განსაკუთრებით ქალაქებში (მაგალითად ქაბულში), დასავლური ღირებულებებისთვის ღიაა, ნაწილი კი, განსაკუთრებით სოფლად ან კონსერვატიულ გარემოში მისი მოწინააღმდეგეები არიან.

რისკის ანალიზი

აღნიშნული პროფილის მქონე ინდივიდების მიმართ ქმედებები, კერძოდ კი ქალთა მიმართ, შესაძლოა მოიცავდეს დევნას (ძალადობას ოჯახის წევრების, საზოგადოების კონსერვატიული ნაწილის და ამბოხებულთა მხრიდან). აღნიშნული პროფილის მქონე ყველა პირი არ ექვემდებარება იმ დონის რისკს, რომელიც საკმარისი იქნებოდა დევნის საფუძვლიანი შიშის დასადგენად. აღნიშნული პროფილის ქვეშ მოაზრებული პირების ინდივიდუალური შეფასებებით უნდა დადგინდეს ესა თუ ის პირი დაექვემდებარება თუ არა დევნას სხვადასხვა რისკ-ფაქტორის გათვალისწინებით, მაგალითად: გენდერის (რისკი მაღალია ქალებთან მიმართებით), განმცხადებლის ქცევის, წარმოშობის ადგილის, კონსერვატიული გარემოს, ოჯახის მხრიდან ტრადიციული გენდერული როლის აღქმის, ასაკის (შეიძლება რთული იყოს ბავშვებისთვის ავღანეთის სოციალური შეზღუდვებთან შეჩვევა) მიხედვით.

ზოგადად, დევნის რისკი იმ მამაკაცთა მიმართ, რომელთაც „პრო-დასავლელებად“ მიიჩნევენ,  მინიმალურია და დამოკიდებულია სპეციფიკურ ინდივიდუალურ გარემოებებზე.

კავშირი დევნის მიზეზთან

არსებული ინფორმაცია ცხადს ხდის, რომ ზემოთ აღნიშნული პროფილის მქონე პირების ინდივიდუალური გარემოებები უნდა იქნას შესწავლილი იმის დასადგენად დასაბუთებული იქნება თუ არა კავშირი დევნის მიზეზთან. ცალკეულ შემთხვევებში, შეიძლება დადგინდეს კავშირი რელიგიასთან და/ან პოლიტიკურ შეხედულებებთან, ან გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილებასთან  (მაგალითად, „პრო-დასავლელი“ ქალები შეიძლება განიხილებოდეს, როგორც სოციალური ჯგუფი).[1]

[1] European Asylum Support Office:Country Guidance: Afghanistan- Guidance note and common analysis; June 2018

[accessed August 2, 2018]