დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 1-7 აგვისტო, 2018

ვითარება ავღანეთში – ქაბულში შეიარაღებულმა პირებმა 3 უცხოელი გაიტაცეს და მოკლეს. მოკლულები არიან ინდოეთის, მალაიზიისა და მაკედონიის მოქალაქეები. მათი ცხედრები მუსაჰის რაიონში იპოვეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.[1]

პაქტიის პროვინციაში, შიიტურ მეჩეთზე თავდასხმის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა და 40-მდე დაშავდა. პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელმა თავი მეჩეთში აიფეთქა. მეორე თავდამსხმელი იქამდე მოკლეს, სანამ ის ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედებას მოასწრებდა. პოლიცია ვარაუდობს, რომ ტერაქტის უკან დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ დგას.[2]

იემენის კრიზისი – იემენში, საპორტო ქალაქ ჰოდეიდაში სამთავრობო ძალებისა და შიიტ მეამბოხეებს შორის დაპირისპირებას, ბოლო დღეებში, 80-მდე ადამიანი ემსხვერპლა. სამთავრობო ძალები, რომელსაც მხარს უჭერენ არაბული კოალიციის წევრები, ბოლო რამდენიმე კვირაა, ცდილობენ, დაიბრუნონ კონტროლი ჰოდეიდაზე, რათა პორტის მეშვეობით ადგილობრივებმა მიიღონ ჰუმანიტარული დახმარება. რამდენიმე დღის განმავლობაში 100-ზე მეტი ადამიანია დაჭრილი. იემენში სამხედრო კონფლიქტი 2014 წელს დაიწყო.[3]

პაკისტანში ტერორისტებმა 12 სკოლა დაბომბეს – პაკისტანში, გოგოების 8 და ბიჭების 4-სკოლას თავს ესქტრემისტები დაესხნენ. ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე სასწავლო დაწესებულებებში ისმოდა აფეთქებების ხმაც. თავდასხმა „თალიბანთან“ დაკავშირებულმა ტერორისტულმა ჯგუფებმა განახორციელეს. პოლიციის განმარტებით, ისინი გოგოებს დაუპირისპირდნენ. დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არავის აუღია. პაკისტანელი „თალიბები“ და მასთან დაკავშირებული ჯგუფები, რომლებიც გოგოების განათლებას ეწინააღმდეგებიან და ანტი-ისლამურ ქმედებად მიიჩნევენ, ახალგაზრდა ქალებს  თავს ხშირად ესხმიან.[4]

ნიგერიაში ქოლერამ უკვე 11 ადამიანი იმსხვერპლა – 47 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. ეპიდემია უბალის შტატის 3 სოფელში გავრცელდა. ნიგერიის ხელისუფლებამ აღნიშნული ოფიციალურად არ დაადასტურა, თუმცა უბალაში ჩასვლის და ვითარების ადგილზე შესწავლის პირობა დადო. ივნისში ქოლერამ ნიგერიაში 3 ბავშვი იმსხვერპლა, აპრილში კი 30 ადამიანი გარდაიცვალა.[5]

[1] Tolo News; Three foreigners killed after being kidnapped in Kabul; 2 August, 2018; available at: https://www.tolonews.com/afghanistan/three-foreigners-killed-after-being-kidnapped-kabul

[2] Tolo News; Suicide bombers target mosque in Paktia; 25 killed; 3 August, 2018; available at: https://www.tolonews.com/afghanistan/explosion-reported-paktia-casualties-feared

[3] Fox News; Officials: Heavy fighting near Yemen’s Hodeida kills 80; By Ahmed Al-Haj; 6 August, 2018; available at: http://www.foxnews.com/world/2018/08/05/officials-heavy-fighting-near-yemens-hodeida-kills-80.html

[4] Reuters; Twelve schools bombed, burned in northern Pakistan; By Jibran Ahmad; 3 August, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-pakistan-blast-schools/twelve-schools-bombed-burned-by-taliban-in-northern-pakistan-idUSKBN1KO1TV?il=0

[5] TV 360 Nigeria; Cholera outbreak kills 11 in Kano; By Okponyia Onyedikachi; 6 August, 2018; available at: https://www.tv360nigeria.com/cholera-outbreak-kills-11-in-kano/