დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 8-15 აგვისტო, 2018

იემენის კრიზისი – გაეროს უშიშროების საბჭო იემენში მოწყობილი ავიაიერიშის გამოძიებას მოითხოვს. გაეროში ბრიტანეთის ელჩის, კარენ პირსის განცხადებით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოხატეს შეშფოთება იემენში ამ და სხვა ბოლოდროინდელი თავდასხმების გამო და მოითხოვეს გამოძიების ჩატარება. აღნიშნულ განცხადებამდე საუდის არაბეთის საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კოალიცია აპირებს გამოიძიოს ინციდენტები, რომლებიც უკავშირდება შეცდომებისა თუ საერთაშორისო სამართლის დარღვევის შესახებ ბრალდებებს და პასუხი აგებინოს დამნაშავეებს. 9 აგვისტოს ჩრდილოეთ იემენში მდებარე საადის პროვინციაში ავიაიერიშისას დაიბომბა სკოლის ავტობუსი. საჰაერო თავდასხმამ, რომელიც საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ განახორციელა, სულ ცოტა, 43 ბავშვის სიცოცხლე შეიწირა.[1]

ვითარება ავღანეთში – ავღანეთის სამთავრობო ჯარებისა და თალიბების რაზმების ბრძოლა ღაზნის პროვინციის დედაქალაქ ღაზნიში, რომლის ცენტრშიც ექსტრემისტებმა მანამდე რამდენიმე სამთავრობო შენობაზე მიიტანეს იერიში, კვლავ გრძელდება. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეტაკებისას დაიღუპა 25 ავღანელი ჯარისკაცი და ერთი ადგილობრივი რეპორტიორი. განადგურებულია 150 თალიბი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ნაჯიბ დანიშის ინფორმაციით, შეტაკებების მიუხედავად „ვითარება კონტროლს ექვემდებარება და არ არსებობს სერიოზული საფრთხე“. ღაზნიზე იერიში არის ბოლო მცდელობა თალიბების მიერ წარმოებული კამპანიისა, რომელიც მიზნად ისახავს ქალაქის ცენტრების დაკავებას. მაისში თალიბებმა შეუტიეს დასავლეთ ქალაქ ფარას. ერთდღიანი ბრძოლის შემდეგ ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა, რომელსაც მხარს უჭერდა აშშ-ის ავიცია, ექტრემისტები ქალაქის ცენტრიდან განდევნეს. თალიბებმა ავღანეთის მთავრობის შეთავაზება პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე არ მიიღეს.[2]

თალიბანსა და სახელისუფლებო ძალებს შორის ფარიაბის პროვინციაში მდებარე სამხედრო ბაზაზე მომხდარ შეტაკებას სულ მცირე 17 ავღანელი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. რადიკალებმა რამდენიმე პუნქტის დაკავება მოახერხეს. ინციდენტისას 25 პირი დაშავდა.[3]

ქაბულში, საარჩევნო კომისიის შენობასთან თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. ინციდენტის შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა და ერთი დაშავდა. მანამდე, სარაკეტო დარტყმის შედგად, ტაჰარის პროვინციაში 5 ადამიანი დაიყუპა და რამდენიმე დაშავდა.[4]

ჩრდილოეთ ავღანეთში, ფარიაბის პროვინციაში თალიბანმა ავღანეთის ეროვნული არმიის სამხედრო ბაზა დაიკავა. თალიბებმა გორმაჰის რაიონში მდებარე სამხედრო ბაზა 13 აგვისტოს საღამოს დაიკავეს. იერიშისას სამხედრო ბაზაზე, სადაც 100 ავღანელი ჯარისკაცი იყო, თავდამსხმელებმა დახოცეს 17 სამხედრო მოსამსახურე, 19 კი დაიჭრა; რამდენიმე ჯარისკაცი თალიბებმა ტყვედ აიყვანეს. ფარიაბის პროვინციიდან ჯამში ტყვედ ჩავარდა 40 ავღანელი ჯარისკაცი. თალიბანმა გაავრცელა ცნობა, რომ იარაღი დაყარა 57-მა ავღანელმა ჯარისკაცმა, ტყვედ კი ჩაბარდა 17. თავდამსხმელებმა ხელთ იგდეს ასევე ბაზაზე არსებული სამხედრო ტექნიკა. როგორც ფარიაბის პროვინციის საბჭოს თავმჯდომარემ, ტაჰირ რაჰმანიმ უთხრა ადგილობრივ მედიას, ავღანელმა სამხედროებმა, რომლებსაც გამოელიათ ტყვია-წამალი, სასმელი წყალი და საკვები, ვერ მიიღეს დახმარება.[5]

ქაბულის სასწავლო ცენტრთან აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 48 ადამიანი დაიღუპა და 67 დაშავდა. ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. ავღანეთის დედაქალაქში, სასწავლო ცენტრთან ასაფეთქებელი ნივთიერება თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[6]

სირიაში საჰაერო იერიშებს მშვიდობინი მოსახლეობა ეწირება – ჩრდილოეთ სირიაში, იდლიბისა და ალეპოს პროვინციებში საჰაერო თავდასხმებს 30 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. იდლიბი ყველაზე დიდი პროვინციაა, რომელიც ამ დრომდე, მეამბოხეთა კონტროლს ექვემდებარება. სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის თქმით, იდლიბი მისი მხარდამჭერი ძალების მთავარი სამიზნეა. ეს ბოლო წლის განმავლობაში, იდლიბის ყველაზე მასშტაბური დაბომბვაა.[7]

ერაყსა და სირიაში ბრძოლას 30 ათასამდე ექსტრემისტი განაგრძობს – ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური  სახელმწიფოს“ დაახლოებით 20-30 ათასი მეომარი განაგრძობს ბრძოლას სირიასა და ერაყში. გაეროს ანგარიშის თანახმად, ციფრები ეყრდნობა სამთავრობო უწყებების მონაცემებს. თავად ინფორმაციის წყაროები ანგარიშში იდენტიფიცირებული არ არიან. უცხოელი მებრძოლები ერაყსა და სირიაში დაახლოებით თანაბარი რაოდენობით არიან. გაეროს უშიშროების საბჭოს ანგარიშის თანახმად, ნაწილი ექსტრემისტებისა ასევე გადავიდა ავღანეთში, სადაც ამჟამად „ისლამური სახელმწიფოს“ დაახლოებით 4 ათასი მებრძოლია და მათი რაოდენობა სულ უფრო იზრდება. ექსტრემისტულ დაჯგუფებას მძლავრი ქვედანაყოფები აქვს ასევე ლიბიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და დასავლეთ აფრიკაში. 2014 წელს „ისლამურმა სახელმწიფომ“ თავის კონტროლს დაუქვემდებარა სირიისა და ერაყის მნიშვნელოვანი ტერიტორიები. მაგრამ 2018 წლის იანვრისათვის, გაეროს ანგარიშის თანახმად, ექსტრემისტები მხოლოდ სირიის უმნიშვნელო ნაწილში ინარჩუნებენ პოზიციებს.[8]

ეგვიპტეში ტერორისტი ეკლესიაზე თავდასხმისას მოკლეს – ისლამური სახელმწიფო მებრძოლმა თავის აფეთქება კაიროსთან ახლოს, შუბრა-ელ-ჰეიმას ეკლესიაში სხადა, თუმცა ეგვიპტის უშიშროების ძალებმა მისი ლიკვიდიაცია მოახერხეს. ტერორისტს ქამარზე ჰქონდა დამონტაჟებული ასაფეთებელი მოწყობილობა. მისი ლიკვიდაციისას ორი ადამიანი დაშავდა. ეგვპტური ტაძრები ბოლო დროს ისლამური სახელმწიფოს თავდასხმების სამიზნეებს წარმოადგენს. რამდენიმე დღის წინ ეგვიპტის სამხედროებმა ტერორისტული დაჯგუფების ხუთი წევრი მოკლეს. ისინი, მუსლიმთა საძმოსთან იყვნენ კავშირში და ასევე, ტერაქტების განხორციელებას გეგმავდნენ.[9]

მუსლიმთა საძმოს ლიდერებს ეგვიპტეში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს – ეგვიპტის სასამართლომ მუსლიმთა საძმოს ხუთ ლიდერს, მათ შორის 75 წლის მუჰამედ ბადის, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. მათ ბრალი ხუთი წლის წინ ეგვიპტეში საპროტესტო გამოსვლებისას, მკვლელობებსა და ძალადობაში დასდეს. საძმოს ყველაზე ცნობილი ლიდერი, მუჰამედ ბადი 2013 წლის აგვისტოში, საკუთარ ბინაში დააპატიმრეს. ეგვიპტის პრეზიდენტის, მუჰამედ მორსის გადაგდების შემდეგ, მუსლიმთა საძმო ხალხს ქუჩებში გამოსვლისა და პროტესტისაკენ მოუწოდებდა. პოლიციასა და მორსის მხარდამჭერებს შორის შეტაკებებს ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მუსლიმთა საძმო მიჩნეულია ტერორისტული ორგანიზაციების მხარდამჭერად და შეყვანილია ტერორისტული ორგანიზაციების სიაში ბაჰრეინის, ეგვიპტის, რუსეთის, სირიის, საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მიერ. ორგანიზაცია თავს მშვიდობიან, დემოკრატიულ ორგანიზაციად მიიჩნევს და მისი ლიდერები გმობენ ძალადობასა და ძალადობრივ აქტებს.[10]

[1] იმედის ახალი ამბები; გაერო იემენში სკოლის ავტობუსის დაბომბვას გმობს; 11 აგვისტო, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/73599/gaero-iemenshi-skolis-avtobusis-dabombvas-gmobs

[2] იმედის ახალი ამბები; ავღანეთში თალიბების თავდასხმისას ადგილობრივი რეპორტიორი დაიღუპა; 12 აგვისტო, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/73710/avganetshi-talibebis-tavdaskhmisas-adgilobrivi-reportiori-daigupa

[3] Tolo News; 17 soldiers killed in Faryab army base attack; by GulabuddinGhubar; 12 August, 2018; available at: https://www.tolonews.com/afghanistan/17-soldiers-killed-faryab%C2%A0army-base-attack

[4] Tolo News; Explosion reported close to IEC offices in Kabul; 13 August, 2018; available at: https://www.tolonews.com/afghanistan/explosion-reported-close-iec-offices-kabul

[5] იმედის ახალია ამბები; თალიბებმა ავღანეთის ეროვნული არმიის ერთერთი სამხედრო ბაზა დაიკავეს; 14 აგვისტო, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/73948/talibebma-avganetis-erovnuli-armiis-erterti-samkhedro-baza-daikaves

[6] Reuters; Scores killed in Kabul blast as Afghanistan reels from attacks; By Abdul Qadir Sediqi, Sayed Hassib; 15 August, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-afghanistan-blast/death-toll-from-afghan-blast-reaches-48-health-ministry-idUSKBN1L017W?il=0

[7] Arab News; Nearly 30 civilians dead in heavy bombing on north Syria: monitor; 10 August, 2018; available at: http://www.arabnews.com/node/1354221/middle-east

[8] იმედის ახალია ამბები; გაერო: ერაყსა და სირიაში ბრძოლას 30 ათასამდე ექსტრემისტი განაგრძობს; 14 აგვისტო, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/73958/gaero-eraksa-da-siriashi-brdzolas-30-atasamde-eqstremisti-ganagrdzobs

[9] Al Arabiya; Egypt security forces thwart a cuicide attack at church near Cairo; 16 August, 2018; available at: http://english.alarabiya.net/en/News/middle-east/2018/08/11/Egypt-security-forces-thwart-a-suicide-attack-at-church-near-Cairo.html

[10] Reuters; Court jails Egyptian Muslim Brothrhood leader for life: sources; 12 August, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-egypt-court/court-jails-egyptian-muslim-brotherhood-leader-for-life-sources-idUSKBN1KX0I0