ეგვიპტე. ეთნიკურად ნუბიელების მიმართ დამოკიდებულება. სექტემბერი, 2018

საერთაშორისო ორგანიზაცია „Minority Rights Group International“ 2017 წლის ოქტომბერში ეგვიპტის უმცირესობების შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ ნუბიელები ზემო ნილოსის რეგიონში ცხოვრობენ. სტატისტიკური მონაცემები სხვადასხვა ციფრს ასახელებენ; ვარაუდობენ, რომ მათი რაოდენობა, დაახლოებით 3-4 მილიონია. 1899 წლის შეთანხმების შემდეგ, რომლის მიხედვითაც ეგვიპტემ და სუდანმა სახელმწიფო საზღვრები დაადგინეს, ნუბიელების ერთი ნაწილი ეგვიპტის შემადგენლობაში აღმოჩნდა, მეორე – სუდანის. კულტურულმა, ენობრივმა და ნათესაურმა კავშირებმა განაპირობა ის, რომ ნუბიელები ახლო კონტაქტს და მიმოსვლას ინარჩუნებდნენ საზღვრის ორივე მხარეს. ასეთი მდგომარეობა გრძელდებოდა 1964 წლის ევაკუაციამდე, რასაც ასვანის დიდი დამბის მშენებლობა ახლდა თან. ეგვიპტური ნუბია ასვანის პროვინციის ნაწილია; აღნიშნული პროვინცია მოიცავს ასევე ხალხმრავალ ტერიტორიებს, სადაც არა ნუბიელები ბინადრობენ. შედეგად, ეთნიკურად ნუბიელები, თავიანთ მშობლიურ პროვინციაში, უმცირესობაში არიან.

მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტე დიდ ძალას წარმოადგენდა დინასტიური მმართველობის თითქმის მთელი პერიოდის განმავლობაში, მათ არასდროს გაუნადგურებიათ სამხრეთელი მეზობელი ნუბია; არც ნუბიელები, რომლებმაც მიიღეს ეგვიპტური ღმერთები და მმართველობის იდეები, სრულად არ დამდგარან ჩრდილოელი მეზობლის გზაზე. ნუბიელთა ქალაქი მეროა ნილოსის 200-კილომეტრიალ სანაპიროზე იყო გადაჭიმული (დღევანდელი ხართუმი) და ნილოსზე ვაჭრობის კონტროლით მდიდრდებოდა. როდესაც ეგვიპტე ბიზანტიის შემადგენლობაში შევიდა, ნილოსის რეგიონში ქრისტიანობა შევიდა. კოპტური ქრისტიანობა გავრცელდა ნუბიაშიც, სადაც ქრისტიანული სამეფო არსებობდა მეთოთხმეტე საუკუნემდე. ამ დროს ნუბიამ ისლამი მიიღო – 7 საუკუნით გვიან, ვიდრე ეს ეგვიპტემ გააკეთა. ამის შემდეგ ძალიან ბევრი ეკლესია მეჩეთად გადაკეთდა.

სოფლად მცხოვრები ნუბიელები მეოცე საუკუნის უმეტესი ნაწილის განმავლობაში იყვნენ უგულებელყოფილები და ექსპლოატაციის ობიექტები. 1910 წლიდან 1960 წლამდე, ნუბიელთა სოფლებში (ვიდრე ეს სოფლები სრულად არ განადგურდა), ძირითადად, ქალები, ბავშვები და მოხუცები ცხოვრობდნენ; შრომისუნარიანი მამაკაცები სამსახურის საძებნად ემიგრაციაში მიდიოდნენ. ნუბიელთა სოფლები სამშენებლო პროექტებმა, მათ შორის დამბების მშენებლობამ შეიწირა. დაახლოებით 70 წლის განმავლობაში, ნუბიელებმა თავიანთი მიწების 60%-მდე დაკარგეს – ეს მიწები ან განადგურდა ან საცხოვრებლად უვარგისად გამოცხადდა. ასობით წლის განმავლობაში ეგვიპტურ აზროვნებაში სიტყვები „ნუბიელი“ და „ტყვე“ სინონიმები იყო. ნუბიელები ახლად, დიდწილად, გამოთიშული არიან ეგვიპტის ეროვნული ცხოვრებიდან. 2002 წლის ოქტომბერში ნუბიელებმა მოიწვიეს ნუბიელთა პირველი კონგრესი, სადაც დაკარგული მიწების სანაცვლოდ, მთავრობისგან უფრო მეტი კომპენსაცია მოითხოვეს. ნუბიელები კვლავ დაზარალებულები არიან დამბების მშენებლობებით და მათ კვლავ არ მიუღიათ ადეკვატური კომპენსაცია დაკარგული მიწების სანაცვლოდ. დამბები ეგვიპტის განვითარებას ემსახურება და ნუბიელების თქმით, მთავრობა კვლავ უგულებელყოფს მათ საჭიროებებს.

2005 წლიდან ნუბიელები გახდნენ უფრო აქტიურები ცვლილებების მოთხოვნის მხრივ და შეიქმნა სხვადასხვა ახალგაზრდული მოძრაობა, რომლებიც აქტიურები იყვნენ 2008 წლის პურის კრიზისის დროს. ახალგზარდა ნუბიელების პოლიტიკური აქტივობები უფრო გაძლიერდა 2011 წლის მოვლენების დროს, როდესაც დიდ მობილიზაციას ჰქონდა ადგილი.

2014 წელს, ქვეყნის ახალი კონსტიტუციის განხილვის პერიოდში, ნუბიელებს მიეცათ საშუალება საკონსტიტუციო ცვლილებების კომიტეტს შეხვედროდნენ და გარკვეული ცვლილებების ინიცირება მოეხდინათ. 2012 წლის კონსტიტუცია წინა პრეზიდენტის მორსის მიერ იყო მიღებული და ამ დოკუმენტს ძალიან ბევრი ადამიანი და ორგანიზაცია აკრიტიკებდა. უფლებადამცველების თქმით, 2012 წლის კონსტიტუცია ლახავდა ყველა უმცირესობის უფლებებს. ახალი კონსტიტუციით დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო ნუბიელთა დაბრუნების უფლების აღიარება, რაც პირველად მოხდა. კონსტიტუციის 236-ე მუხლი ადგენდა, რომ სახელმწიფოს უნდა გადაედგა ნაბიჯები ნუბიელთა თავიანთ მიწაზე დაბრუნების უფლების აღსასრულებლად; გარდა ამისა, დოკუმენტის რატიფიცირებიდან ათი წლის ვადაში უნდა მომხდარიყო ამ მიწების განვითარება; კონსტიტუცია ასევე ავალებდა სახელმწიფოს ისეთი ღონისძიებების გატარებას, რომელიც  უზრუნველყოფდა ნუბიელთა კულტურის შენარჩუნებას. მიუხედავად ამისა, რამდენიმე თვის შემდეგ, პრეზიდენტმა სისიმ გამოსცა 444-ე განკარგულება, რომლითაც სასაზღვრო ტერიტორიები სამხედრო ზონებად, შესაბამისად არა საცხოვრებელ ზონებად გამოაცხადა. პრეზიდენტის გადაწყვეტილება ნუბიელთა ბევრ სოფელს შეეხო.

2015 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ახალმა ნუბიამ“ თავისი მანდატი მოიპოვა – იასინ აბდელ საბური ეგვიპტის პარლამენტის პირველი ნუბიელი დეპუტატი გახდა. აღნიშნული ფაქტი პოზიტიურად იქნა შეფასებული; ამასთან, ბევრი სკეპტიკურად უყურებდა იმ საკითხს თუ რამდენად მოხდებოდა ნუბიელთა თემისთვის ყველაზე აქტუალური საკითხების გადაწყვეტა. ეს საკითხები იყო მშობლიურ მიწებზე დაბრუნება, უმუშევრობის შემცირება, სერვისების მიწოდების გამართვა და ნუბიელთა ენისა და კულტურის დაცვა. აბდელ საბურმა პირობა დადო, რომ ხელისუფლებას 2014 წლის კონსტიტუციის 47-ე და 50-ე მუხლების აღსრულებისკენ უბიძგებდა; აღნიშნული მუხლები სხვადასხვა ჯგუფის კულტურული იდენტობისა და მემკვიდრეობის დაცვას ეხებოდა.

იმედგაცრუებამ ზღვარს მიაღწია 2016 წელს. კულმინაცია დადგა 2017 წლის 2 იანვარს, როდესაც პირველად ნუბიელი აქტივისტები დააპატიმრეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მათი პროტესტის გამო. ექვს პირს ბრალი წაუყენეს უკანონო შეკრების, საფუძვლის გარეშე პროტესტის და უსაფრთხოების ძალებზე თავდასხმის მუხლებით, მას შემდეგ, რაც ისინი პოლიციამ დააპატიმრა იმ დროს, როდესაც ისინი მიწის ფლობის შესახებ პრეზიდენტის დადგენილების გასაპროტესტებლად მიდიოდნენ. პრეზიდენტის 355-ე და 498-ე დადგენილებებით, რომლებიც 2016 წლის აგვისტოსა და ნოემბერში იქნა მიღებული, ხდება 1100 აკრი მიწის კონფისკაცია, რის შედეგადაც ნუბიელები, რომლებიც ისედაც იძულებით გაიყვანეს მშობლიური მიწებიდან, კვლავ უნდა გადაადგილდნენ. ნოემბერში დემონსტრანტებმა მთავრობას მოლაპარაკებების დაწყება მოსთხოვეს; ნუბიელი აქტივისტები და სამოქალაქო საზოგადოება საერთაშორისო არბიტრაჟით იმუქრებოდა; თუმცა, მოგვიანებით მათ თავიანთი კამპანია შეაჩერეს და სახელმწიფოსგან ელიან პრობლემის მოგვარებას.[1]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ კანონმდებლობა კრძალავს ნებისმიერი საფუძვლით დისკრიმინაციას. მიუხედავად ამისა, მუქი ფერის კანის მქონე ეგვიპტელები და სუბსაჰარელი აფრიკელები აწყდებიან დისკრიმინაციას და შევიწროვებას. კერძოდ, ნუბიელები ზემო ეგვიპტიდან განიცდიან დისკრიმინაციას მათი კანის ფერის გამო ან იმის გამო, რომ საზოგადოება მათ სუბსაჰარელ აფრიკელ მიგრანტებად ან ლტოლვილებად მიიჩნევს. ქვეყნის 2014 წლის კონსტიტუციის მიხედვით, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ნუბიელების მშობლიურ რეგიონში დაბრუნება და რეგიონის განვითარება დოკუმენტის რატიფიკაციიდან 10 წლის ვადაში.

2016 წლის აგვისტოში პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება და სახელმწიფო საკუთრებაში მყოფ დაახლოებით 1000 აკრზე ახალი სასოფლო-სამეურნეო პროექტი დაამტკიცა. ამან ნუბიელთა პროტესტი გამოიწვია, მათი თქმით, აღნიშნული ნაბიჯები მათ ართმევს მშობლიურ მიწაზე დაბრუნების საშუალებას. ასობით ნუბიელი ჩაება საპროტესტო მსვლელობაში; მათ სახელმწიფო პროექტის ტერიტორიაზე მოხვედრილ ნუბიელთა ისტორიულ სოფელში შესვლა სცადეს. 19 ნოემბერს მსვლელობა ქალაქ ასვანის ავტობანზე უსაფრთხოების ძალებმა შეაჩერეს, რასაც დაპირისპირება მოყვა. დემონსტრანტებმა ქალაქში გზების გადაკეტვა და საბურავების დაწვა დაიწყეს. საპასუხოდ, უსაფრთხოების ძალებმა ისინი ალყაში მოაქციეს და საკვებსა და წყალზე წვდომა შეუზღუდეს. საბოლოოდ, მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის პრემიერი ჩაერთო მოლაპარაკებებში და გავრცელებული ინფორმაციით, ნუბიელებს დაპირდა, რომ ისინი სახელმწიფო პროექტში არსებულ მიწაზე პრიორიტეტული უფლებით ისარგებლებდნენ.[2]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ 2017 წლის 3 სექტემბერს უსაფრთხოების ძალებმა ასვანში 25 ნუბიელი დააპატიმრეს – ისინი 2011 წელს დაკავებული ნუბიელებისადმი მიძღვნილ საპროტესტო აქციაში მონაწილებდნენ. მათთვის წაყენებულ ბრალდებებს შორის იყო უკანონო შეკრება და უცხოური ორგანიზაციებისგან დაფინანსების მიღება. ზოგიერთმა დაკავებულმა შიმშილობა დაიწყო, მათ შორის აქტივისტმა გამალ სორორმა, რომელიც დიაბეტურ კომაში ჩავარდა და 6 ნოემბერს გარდაიცვალა. სორორის სიკვდილმა ნუბიელთა პროტესტის ახალი ტალღა ააგორა. 9 ნოემბერს ციხესთან გამართული აქციისას პოლიციამ კიდევ 13 დემონსტრანტი დააკავა. 12 ნოემბერს სასამართლომ თავდაპირველად დაკავებული 24 პირი გაათავისუფლა და მათი საქმის განხილვა 2018 წლისთვის გადადო.[3]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ 2017/2018 წლების ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლის კონსტიტუცია აღიარებს ძირძველი ნუბიელი ხალხის მშობლიურ მიწაზე დაბრუნების უფლებას, მთავრობა კვლავ არ აძლევს იძლებით გადაადგილებულ ნუბიელებს თავიანთ მიწაზე დაბრუნების საშუალებას, რითიც საფრთხეს უქმნის მათ კულტურულ, ისტორიულ და ენობრივ იდენტობას. 2017 წლის 3 სექტემბერს ნუბიელმა აქტივისტებმა გააპროტესტეს პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ნუბიელთა 16 სოფელი სამხედრო ზონად გამოცხადდა და იქ ცხოვრება აიკრძალა. პოლიციამ 25 დემონსტრანტი 3 თვის ვადით დააკავა.[4]

[1] Minority Rights Group International, World Directory of Minorities and Indigenous Peoples – Egypt : Nubians, October 2017, available at:

[accessed 5 September 2018]

[2] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Egypt, 3 March 2017, available at:

[accessed 5 September 2018]

[3] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2017 – Egypt, 20 April 2018

 (accessed on 5 September 2018)

[4] Amnesty International, Amnesty International Report 2017/18 – Egypt, 22 February 2018, available at:

[accessed 5 September 2018]