ეგვიპტე. კონვერტირებული შიიტების მიმართ დამოკიდებულება. სექტემბერი, 2018

„Freedom House“ 2018 წლის ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ ქვეყნის კონსტიტუციისა და კანონების მიხედვით, ყველა მოქალაქე, განურჩევლად რელიგიური კუთვნილებისა, გენდერული იდენტობისა, რასის, ეთნიკურობის თუ სხვა ნიშნით განსხვავებისა, სარგებლობს პოლიტიკური უფლებებით. მიუხედავად ამისა, ქალები, ქრისტიანები, შიიტი მუსლიმები, სხვა რასის წარმომადგენლები და ლგბტ თემი აწყდება დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმით გამოხატულებას, რაც ზღუდავს მათ პოლიტიკურ ჩართულობას. 2014 წლის კონსტიტუციის მეორე მუხლი ადგენს, რომ ისლამი ქვეყნის ოფიციალური რელიგიაა, თუმცა 64-ე მუხლით გარანტირებულია რელიგიის თავისუფლება. ეგვიპტელთა სრული უმრავლესობა სუნიტი მუსლიმია. დიდ უმცირესობას შეადგენენ კოპტი ქრისტიანები. ასევე, უმცირესობებს წარმოადგენენ შიიტი მუსლიმები, სხვა ქრისტიანული დენომინაციები და სხვა რელიგიური ჯგუფები. რელიგიური უმცირესობები და ათეისტები აწყდებიან დევნასა და ძალადობას, კერძოდ კოპტები წლების მანძილზე არიან იძულებითი გადაადგილების, ფიზიკური თავდასხმების, აფეთქებების მსხვერპლნი; ასევე, წლების განმავლობაში მათ ხელს უშლიან ეკლესიების მშენებლობის პროცესში.[1]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ეგვიპტეში რელიგიის თავისუფლების შესახებ (საანგარიშო პერიოდი 2017 წელი) წერს, რომ ქვეყნის მოსახლეობა დაახლოებით 97 მილიონია. მოსახლეობის თითქმის 90% სუნიტი მუსლიმია. დაახლოებით 10% – კოპტი ქრისტიანი. ქვეყანაში შიიტი მუსლიმების რაოდენობა 800 ათასიდან 2 მილიონამდე მერყეობს. შიიტი მუსლიმების უფლება აღასრულონ თავიანთი რელიგიური რიტუალები ხშირად იზღუდება. კვლავ ვრცელდება ინფორმაცია რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის და იუდეველების, ქრისტიანებისა და შიიტების მიმართ რეპუტაციის შემლახავი და ცილისმწამებლური ენის გამოყენების ფაქტების შესახებ.

ანგარიშში ნათქვამია, რომ გასულ წელს, აშურას სამდღიანი დღესასწაულის დროს, მთავრობამ დახურა ძველ ქაიროში, ალ-ჰუსეინის მეჩეთის ტერიტორიაზე მდებარე იმამ ალ-ჰუსეინის (მოციქულ მუჰამედის შვილთაშვილი, რომელიც შიიტებისთვის დიად საპატივსაცემო პირია) საფლავი. აღნიშნული ქმედება მედიაში შეფასდა როგორც შიიტი მუსლიმების შეკრების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. მეჩეთის ძირითადი ტერიტორია ღია იყო; დაიხურა მხოლოდ ის ადგილი, სადაც სალოცავი აკლდამაა განთავსებული.

გარდა ამისა, გრძელდებოდა ანტი-შიიტური რიტორიკა. 2017 წლის 11 თებერვალს ერთერთმა სასულიერო პირმა ტელევიზიით ინტერვიუს დროს შიიტების შესახებ თქვა, რომ ისინი გარყვნილი ხალხია. მისი მტკიცებით, აიათოლა ჰომეინის 5 წლის ბავშვთან ჰქონდა სექსუალური კავშირი, რაც შემდეგ იმით ახსნა, თითქოს ეს ისლამში დაშვებული იყოს.

სუნიტი სასულიერო პირი სამეჰ აბდელ ჰამეედ ჰამოუდა მთავრობას ალ-ჰუსეინის მეჩეთის დანგრევისკენ მოუწოდებდა. ის ადანაშაულებდა შიიტებს, რომ ისინი იტყუებიან მეჩეთში ალ-ჰუსეინის თავის ქალის არსებობის შესახებ, რათა შეინარჩუნონ მეჩეთი და განაგრძონ იქ შიიზმის პროპაგანდა.[2]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Minority Rights Group International“ 2017 წლის ოქტომბერს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ეგვიპტელი შიიტების შესახებ წერს, რომ ეგვიპტეში შიიტური უმცირესობის ზუსტი სიდიდე უცნობია. ოფიციალური სტატისტიკა მუსლიმებს არ განასხვავებს სექტების მიხედვით და ეგვიპტელი შიიტები, დევნის შიშის გამო, ფრთხილი და თავშეკავებულები არიან, როდესაც საქმე ეხება რწმენას. დაახლოებითი მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა თითქმის 90 მილიონია, 800 ათასიდან 2 მილიონამდე შიიტია.

ისლამის შიიტურ მიმდინარეობას ეგვიპტეში ღრმა ფესვები აქვს. თავად დედაქალაქი კაირო 969 წელს დაარსებულია და დედაქალაქის სტატუსი მინიჭებული აქვს შიიტური დინასტიის ფატიმიდის მიერ. აღნიშნული დინასტია ეგვიპტეს 200 წლის განმავლობაში მართავდა. ალ-აზარის უნივერსიტეტი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტი და ისლამური სწავლების წამყვანი ცენტრია, თავდაპირველად დაარსდა როგორც შიიტური უნივერსიტეტი.

შიიტი მუსლიმები ეგვიპტეში არასასურველ უმცირესობას წარმოადგენენ და აწყდებიან მტრულ დამოკიდებულებას თავიანთი რწმენის გამო როგორც საზოგადოებრივ, ასევე ინსტიტუციურ დონეზე. ასეთი დამოკიდებულება უფრო მეტად თანამედროვე პოლიტიკის ბრალია, ვიდრე ოდითგან მოყოლებული მტრობისა. კონფესიათაშორისი დაძაბულობა დიდწილად 1979 წლის ირანის ისლამურ რევოლუციასთან არის დაკავშირებული, როდესაც შიიტურ ირანთან ეგვიპტემ გაწყვიტა დიმპლომატიური ურთიერთობა და თავშესაფარი მისცა ირანის გაქცეულ შაჰს რეზა ფაჰლავი. ასევე, ეგვიპტემ სამშვიდობო ხელშეკრულება გააფორმა ისრაელთან. რეგიონული გეოპოლიტიკის ჭრილში ყურებისას, და არა მხოლოდ, შიიტური ისლამის პრაქტიკა ეგვიპტეში ხშირად შეზღუდული იყო და მთავრობისა და რელიგიური ინსტიტუტების მიერ აღიქმებოდა საფრთხედ ეროვნული სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის.

ასეთი დამოკიდებულების დადასტურება გახდა 2007 წლის აგვისტოსა და ოქტომბერში უსაფრთხოების სამსახურების მიერ ორი შიიტი აქტივისტის დაკავება. მათ ბრალი წაუყენეს ექსტრემისტული შიიტური რწმენის პროპაგანდისა და უსაფრთხოების სამსახურების დისკრედიტაციის მიზნით ცრუ ჭორების გავრცელებაში, რომ პატიმრების და დაკავებულები ციხეებში იხოცებიან იმის გამო, რომ მათ იქ აწამებენ. 2009 წელს დაახლოებით 300 შიიტი დააპატიმრეს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. 2009-2010 წლების ყოველწლიურ ანგარიშში ადამიანის უფლებათა ეროვნული საბჭო ხაზგასმით აღნიშნავდა კონფესიათაშორისი დაძაბულობის მატებას შიიტების წინააღმდეგ.

ანტი-შიიტური მიდგომა კვლავ ძლიერი დარჩა რევოლუციის შემდეგომ ეგვიპტეშიც. ირანთან მიმდინარე დაპირისპირებამ და სირიაში მზარდმა კონფლიქტმა გამოიწვია შიიტური რწმენის გავრცელების შიში, რამაც, თავის მხრივ, გამოიწვია სუნიტი სასულიერო პირებისა და პოლიტიკური ფიგურების მხრიდან სიძულვილის ენისა და რიტორიკის ესკალაცია. ყოველივე ამან კულმინაციას მიაღწია 2013 წლის ივნისში, როდესაც ბრბო, რომელსაც სალაფიტი შეიხები ლიდერობდნენ, თავს დაესხნენ შიიტების ჯგუფს გიზას პროვინციის სოფელ აბუ მუსალიმში, სადაც ისინი თავისთვის აღნიშნავდნენ რელიგიურ დღესასწაულს. შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ცნობილი შიიტი ფიგურა შეიხ ჰასან შეჰატა. ბრბომ, ასევე, სხვა შიიტების სახლებიც გადაწვა. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ არაფერი გააკეთა თავდასხმის თავიდან ასაცილებლად. მომხდარის შემდეგ რამდენიმე კვირის განმავლობაში ადგილობრივ მეჩეთებში სალაფიტი მოძღვრები ძალადობრივ რიტორიკას განაგრძობდნენ.

რელიგიის თავისუფლების პრინციპების საწინააღმდეგოდ და მიუხედავად იმისა, რომ შიიტური მიმდინარეობა 1959 წელს ალ-აზარის მიერ კანონიერ კონფესიადაა აღიარებული, ამჟამინდელი რელიგიური ელიტა შიიტურ რიტუალებს ისლამის პრინციპების დარღვევად მიიჩნევს. დიდი იმამი აჰმედ ალ-ტაიბი იყენებს სატელევიზიო მიმართვებს იმისთვის, რომ მოუწოდოს ხალხს, უფრთხილდნენ შიიტ მქადაგებლებს. რელიგიურ საკითხთა სამინისტრო მეჩეთებს სუნიტური დოქტრინით მართავს და არ აღიარებს შიიტურ მეჩეთებსა და რიტუალებს. 2015 წლის მაისში შიიტ დანტისტს დაქალიას პროვინციიდან მიუსაჯეს 6-თვიანი პატიმრობა მას შემდეგ, რაც მის სახლში შიიტური რელიგიური რიტუალებისთვის საჭირო წიგნები და სხვა ნივთები იპოვეს. ერთი კვირის შემდეგ დააპატიმრეს შიიტი სასულიერო პირი ტაჰერ ალ-ჰაშიმი და უსაფრთხოების სამსახურმა მისი სახლიდან წაიღო წიგნების და სხვა ნივთები.

ღვთისგმობის კანონის გამოყენებით, 2016 წლის ოქტომბერში, ისლამის შეურაცხყოფისთვის ორი წლით პატიმრობა მიუსაჯეს შიიტ კაცს, რომელსაც კაფრ შაკრში თანასოფლელებმა ბრალად დასდეს ბავშვებისთვის შიიტური ისლამის სწავლება. მოგვიანებით, რელიგიის სამინისტრომ კონფესიათაშორისი შეტაკებების თავიდან აცილების მოტივით, დახურა ალ-ჰუსეინის მეჩეთი კაიროში და ხელი შეუშალა აშურას დღესასწაულის აღნიშვნის ცერემონიის გამართვას.[3]

[1] Freedom House, Freedom in the World 2018 – Egypt, 16 February 2018, available at:

[accessed 10 July 2018]

[2] USDOS – US Department of State: 2017 Report on International Religious Freedom – Egypt, 29 May 2018

 (accessed on 10 July 2018)

[3] Minority Rights Group International, World Directory of Minorities and Indigenous Peoples – Egypt : Shi’a of Egypt, October 2017, available at:

[accessed 17 September 2018]