დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 1-7 ოქტომბერი, 2018

ვითარება ავღანეთში – წინასაარჩევნო აქციაზე მომხდარი აფეთქების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა. ინციდენტი აღმოსავლეთ ავღანეთში, ნანგარჰარის პროვინციაში, კამას დასახლებაში მოხდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ აამოქმედა, როცა საპარლამენტო არჩევნებისთვის დეპუტატობის კანდიდატი აბდულ ნასირი ამომრჩეველს ხვდებოდა. დაშავდა 30-მდე ადამიანი. ავღანეთში 20 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები იმართება. ბოლოდროინდელ აფეთქებებს უკვე 5 კანდიდატი ემსხვერპლა. თალიბები და ისლამური სახელმწიფო არჩევნების ჩაშლით იმუქრებიან.[1]

10 პოლიციელი დაიღუპა თალიბანთან შეტაკებას. ინციდენტი პროვინცია ვარდაკში მოხდა. ერთერთი ადგილობრივი გამოცემის ინფორმაციით, თალიბანის მიერ გახშირებული თავდასხმები იმაზე მეტყველებს, რომ დაჯგუფებისთვის რამდენიმე პროვინციაზე ზეგავლენის მოპოვება არჩევნების წინ უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.[2]

ერაყის პრეზიდენტი ბარჰამ სალიჰი გახდა – ქვეყნის კანონმდებლებმა ვეტერანი ქურთი პოლიტიკოსი, 58 წლის ბარჰამ სალიჰი პრეზიდენტად აირჩიეს. ის სადამ ჰუსეინის დროს ოპოზიციური საქმიანობისთვის ორჯერ დააკავეს. ჰუსეინის ჩამოგდების შემდეგ კი ერაყის ქურთისტანის პრემიერ-მინისტრი და ფედერალური მთავრობის პრემიერის მოადგილე იყო.სალიჰს 329 დეპუტატიდან 219-მა მისცა ხმა. ახალმა პრეზიდენტმა ქვეყნის პრემიერად შიიტი პოლიტიკოსი ადელ აბდულ მაჰდი დაასახელა.[3]

მუსლიმთა საძმოს ლიდერს მუჰამედ ბადის შესაძლოა სამუდამო პატიმრობა სხვა სასჯელით შეუცვალონ – ეგვიპტის სასამართლო თანახმაა, განმეორებით განიხილოს მუსლიმთა საძმოს ლიდერის, მუჰამედ ბადის საქმე და შესაძლოა, მას სამუდამო პატიმრობაც სხვა სასჯელით შეუცვალონ. სასამართლო ბადისა და საძმოს სხვა წევრების საქმეებს 7 ოქტომბრიდან განიხილავს. უცნობია, რატომ გადაწყვიტეს საქმეების ხელახალი გამოძიება, თუმცა ეგვიპტის კანონმდებლობით, სასჯელი შეიძლება შეიცვალოს, თუ ახალი მტკიცებულებები გამოიკვეთება. აგვისტოში ეგვიპტის სასამართლომ მუსლიმთა საძმოს ხუთ ლიდერს, მათ შორის 75 წლის მუჰამედ ბადის, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. მათ ბრალი ხუთი წლის წინ ეგვიპტეში საპროტესტო გამოსვლებისას, მკვლელობებსა და ძალადობაში დასდეს. საძმოს ყველაზე ცნობილი სულიერი ლიდერი, მუჰამედ ბადი 2013 წლის აგვისტოში, საკუთარ ბინაში დააპატიმრეს. 8 სექტემბერს ეგვიპტეში სასამართლომ მუსლიმთა საძმოს 75 წევრს სასჯელის უმაღლესი ზომა, სიკვდილი მიუსაჯ. მათ შორის არიან საძმოს ლიდერები, ესამ ელ ერიანი და მუჰამედ ბელთაგი.[4]

საუდის არაბეთის კრიტიკით გამორჩეული ჟურნალისტი თურქეთში გაუჩინარდა – ამერიკული გამოცემის „The Washington Post“ მიმომხილველი ჯამალ ჰაშაღი სტამბოლში, საუდის არაბეთის გენერალურ საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს ის სტამბოლში საუდის არაბეთის გენერალურ საკონსულოში მივიდა, მას შემდეგ რაც საკონსულოს თანამშრომლები მას ტელეფონით დაუკავშირდნენ და გარკვეული დოკუმენტების ხელმოწერის მიზნით საკონსულოში მისვლა სთხოვეს. ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება. წარმოშობით საუდელი ჟურნალისტი ერ-რიადის მიმართ კრიტიკული განცხადებებით არის ცნობილი. 2017 წელს მან სამშობლო დატოვა და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა.[5]

საუდის არაბეთში ქალი პირველად დაინიშნა ბანკის მმართველად – ლუბნა ალ ოლაიანი პირველი ქალია საუდის არაბეთში, რომელიც ბანკს უხელმძღვანელებს. ის ორი ბანკის, „Saudi British Bank“ და „Alawwal Bank“ გაერთიანების შემდეგ შექმნილ ახალ ბანკს მართავს. ბანკის კაპიტალი $17.2 მილიარდია. ლუბნა ოლაიანი „Forbes“-ის მიერ ბოლო რამდენიმე წელია, არაბული სამყაროს ყველაზე გავლენიან  ქალად სახელდება, მისი ოჯახის მფლობელობაშია „Olayan Group“, რომლის  კაპიტალიც 8 მილიარდი აშშ დოლარია.[6]

[1] BBC; Afghan election rally hit by suicide bomber, killing at least 13; 2 October, 2018; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-45718603

[2] Reuters; Taliban kill at least 10 police in central Afghanistan clashes; 7 October, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-afghanistan-attack-taliban/taliban-kill-at-least-10-police-in-central-afghanistan-officials-say-idUSKCN1MH07V?il=0

[3] Al Jazeera; Iraq: Parliament elects Barham Salih as new president; 3 October, 2018; available at: https://www.aljazeera.com/news/2018/10/iraq-parliament-elects-barham-salih-president-181002182042929.html

[4] Al Jazeera; Egypt court orders retrial of Muslim Brotherhood’s Mohamed Badie; 30 September, 2018; available at: https://www.aljazeera.com/news/2018/09/egypt-court-orders-retrial-muslim-brotherhood-mohamed-badie-180930144849347.html

[5] The Washington Post; Saudi contributor to Washington Post goes missing in Turkey; 2 October, 2018; available at: https://www.seattletimes.com/business/washington-post-worried-about-saudi-writer-missing-in-turkey/

[6] BBC; Lubna Al Olayan appointed as first woman Saudi bank head; 5 October, 2018; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-45763656